კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროგრესი, როგორც სამხილი



ის როგორც ყოველთვის აგვიანებდა. გარდნერს სახე უკმაყოფილოდ დაეღრიჯა: „ამ ქალს შეუძლია საკუთარ გასვენებაშიც დააგვიანოს. აუტანელია“. ღამის პირველი საათისთვის მუხრუჭების ხმა გაიგო. სინათლე არ აუნთია და კარიც უხმაუროდ გააღო, სანამ ზარს დარეკავდნენ. ქალი ვესტიბიულში გაჩერდა. გარდნერს არც უცდია მისი სასტუმრო ოთახში შეპატიჟება.

– ყველაფერი მზად გაქვთ? – იკითხა ქალმა მკაცრი ტონით.

– თქვენ? – კითხვას კითხვითვე უპასუხა „მასპინძელმა“. ქალმა გაიღიმა:

– ფულს გულისხმობთ? თან მაქვს... ნახევარი ახლა, ნახევარი – მერე, როცა ყველაფერი მოთავდება.

გარდნერი შეყოყმანდა.

– ჩვენ ასე არ მოგვილაპარაკებია, მადამ. თქვენ ყიდულობთ იმას, რისი მოყიდვაც თქვენთვის შემიძლია. ჩემი რომ არ გჯეროდეთ, აქ არ მოხვიდოდით. ხვალ დილით ჩემს ხალხს უნდა გადავუხადო. მომეცით მთელი ფული და ამით დავასრულოთ.

ქალმა უხალისოდ გახსნა ჩანთა. გარდნერმა ფული საგულდაგულოდ გადათვალა. შემდეგ შეკვრა მაგიდაზე მოისროლა და შემოსასვლელი კარი გამოაღო:

– ღამე მშვიდობისა, მადამ, ზეგ თქვენი ოცნებები ასრულდება. გულწრფელად გილოცავთ.

დილით საუზმეზე კაუტსიც და ფერგიუსონიც მის წინ ისხდნენ. კაუტსი, როგორც ყოველთვის, მშვიდი იყო. სამაგიეროდ, ფერგიუსონს ეტყობოდა ნერვიულობა. გარდნერმა თავისთვის მყარად გადაწყვიტა, რომ მას მომდევნო საქმეში აღარ გამოიყენებდა.

დრო თავზე საყრელად ჰქონდათ. ჯეიმს უორელდ ბლეინი სამსახურში თორმეტის ნახევარზე ადრე არასოდეს მიდიოდა.

– რა უნდა გააკეთოთ უკვე იცით, – მშრალად თქვა გარდნერმა, – შეკითხვები არის?

ფერგიუსონს ჭკუა არ ეყო საიმისოდ, რომ არ ამოეოხრა. გარდნერს ეჭვი აღარ შეჰპარვია იმაში, რომ მასთან საქმე უკანასკნელად ჰქონდა... შემდეგ მისი მოშორება გახდებოდა საჭირო. ასეთი წარსულის და გამოცდილების კაცი, უბრალოდ ჩრდილში ვერ გადაინაცვლებდა. გარდნერმა შეამჩნია, რომ კაუტსი მოიღუშა. ეტყობოდა, რომ ორივე ერთსა და იმავეს ფიქრობდა. ისე რომ, ფერგიუსონს არაფერი შეემჩნია, გარდნერმა ერთ-ერთ შეკვრას ფულის ბანკნოტები დაამატა და კაუტსს ჩუმად ანიშნა. კაუტსმა ძლივს შესამჩნევად დააქნია თავი.

– აი, თქვენი ფული, – თქვა გარდნერმა. – გადაითვალეთ და გაემგზავრეთ. მოქმედების გეგმა თქვენთვის ცნობილია. თვითმფრინავის ბილეთები იმედია უკვე იყიდეთ. ყველაფერი გასაგებია?

– კი, კი... – აფორიაქდა ფერგიუსონი და ისე, რომ არც გადაუთვლია, ფული ჯიბეში ჩაიტენა.

კაუტსმა ფული გულდასმით გადაითვალა და თავი თითქოს თანხმობის ნიშნად დააქნია. მშვიდობით, ფერგიუსონ! – გაიფიქრა გარდნერმა, – დღის დასასრულამდე შენ ჯეიმს უორელდ ბლეინს უკან გაჰყვები.

იმისთვის, რომ კარგი ფორმა შეენარჩუნებინა, აბსოლუტურად გასაგები სურვილია ორმოცდაოთხი წლის კაცის მხრიდან, რომელსაც ოცდაშვიდი წლის ცოლი ჰყავს – ბლეინი ყოველ დილით ფეხით გადიოდა ორ კილომეტრს სახლიდან სამსახურამდე. იგი ყოველთვის ერთი და იგივე მარშრუტით მიდიოდა, ფიქრებში ჩაფლული.

დღეს იმ ხელშეკრულებაზე ფიქრობდა, რომელიც ფირმის კონცერნ „მეტროპოლიტენთან“ გაერთიანებას ითვალისწინებდა. ხომ არ აჯობებდა, ახალი აპარატი უკვე შესვენებაზე გამოეცადა? ეს მოწყობილობა საკმარის მოგებას მოიტანდა. ბლეინმა ხელი პიჯაკის ჯიბეზე დაიდო და გაიფიქრა: „ტექნიკა სასწაულებს ახდენს!“

სწორედ იმ წუთს დაინახა ადამიანი, რომელიც მისკენ მოემართებოდა. შეწუხდა, რადგან ის კაცი საერთოდ ვერ იცნო. კაცმა კი გაუღიმა და ხელი გაუწოდა.

– ბატონო ბლეინ! – წამოიძახა გახარებულმა, – რა სასიამოვნოა თქვენი ნახვა!

მხოლოდ ზრდილობამ აიძულა უცნობის გამოწვდილი ხელისთვის ხელი შეეგებებინა.

– მეც მოხარული ვიქნებოდი, თქვენი ნახვის, რომ... ნება მომეცით... – დაიწყო ბლეინმა, მაგრამ პასუხის მაგივრად უცნობმა მამაკაცმა ხელი მძლავრად მოუჭირა და მისდა გასაკვირად ტროტუართან მდგარი მანქანისკენ გაიყოლა. გონზე მოსვლა ვერ მოასწრო, რომ სხვა მამაკაცმა მეორე ხელი დაუჭირა და ავტომობილში შეჩურთა. გონზე რომ მოვიდა, თვალები ახვეული ჰქონდა, ხელები შეკრული, მანქანის იატაკზე ეგდო და თავზე ტომარა ჰქონდა გადაფარებული.

მანქანა რომ დაიძრა, ბლეინმა წარმოიდგინა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მისი აზრით, შორს წაიყვანდნენ და სადმე ჩაკეტავდნენ. შემდეგ აირისს, ან მის რომელიმე კომპანიონს დაუკავშირდებოდნენ და ფულს მოსთხოვდნენ. თან აუცილებლად მოითხოვდნენ, რომ პოლიციაში არ დაერეკათ.

ბოლოს, მანქანა გაჩერდა.

– გადმოდი! – უბრძანა ერთ-ერთმა.

ბლეინი უხერხულად გადმოძვრა მანქანიდან და ფეხები მიწაზე დადგა. სხეული დაბუჟებული ჰქონდა. მოეჩვენა, რომ ირგვლივ ხეები იყო. ყოველი შემთხვევისთვის ერთ-ერთს მიეყუდა. ახლა უკვე ეჭვიც აღარ ჰქონდა, რომ ორი კილომეტრის რადიუსში ადამიანის ჭაჭანება არ იყო.

– მშვენიერია, – თქვა ფერგიუსონმა. – ახლა მოვრჩეთ საქმეს.

ასე მან მეორე გამტაცებელს მიმართა, რომელმაც ბლეინს მაშინვე ხელი გაუშვა. ფერგიუსონმა სამი ნაბიჯით უკან დაიხია და ბლეინს კეფაში ესროლა.

– ეი! – დაუძახა ფერგიუსონმა კაუტსს, – მომეხმარე გადავაბრუნოთ და ფული ამოვაცალოთ. ქალაქში მანქანას მოვიშორებთ და ცალ-ცალკე წავალთ აეროპორტში. იქიდან კი სხვადასხვა მხარეს გავემგზავრებით.

– ენა ჩაიგდე! – უთხრა კაუტსმა, რომელსაც ზედმეტი ლაყბობა არ უყვარდა.

– ვინ მისმენს, შენი და ჩვენი გარდაცვლილი მეგობრის გარდა? მთელი ეს ტრაგედია იმიტომ გათამაშდა, რომ ერთი მომხიბლავი არსება, ერთ წამში მდიდარ ქვრივად ქცეულიყო. საინტერესოა, როგორ დაამყარა იმ ქალმა ურთიერთობა გარდნერთან?

– ისევე როგორც ჩვენ. კარგი კონტაქტების საშუალებით. მე არ გამიკვირდება, თუ გავიგებ, რომ იგი ქმარს ქორწინების მეორე დღიდანვე ღალატობდა. ახლა კი, თუ გინდა...

– მაცალე, სული მოვითქვა. დარწმუნებული ვარ, გარდნერმა იმ ქალთან მცირე დეტალებიც კი შეათანხმა... შოკის მომგვრელი იდეაა – საკუთარ თავს გაუგზავნო გამოსასყიდის მოთხოვნა!... შემდეგ ქალბატონი ალბათ პოლიციას ეტყვის, რომ გამოსასყიდი თანხა მითითებულ მისამართზე იმავე დღესვე გააგზავნა... ჩვენ კარგად გადაგვიხადეს, მაგრამ ეს ნამცხვრის ნამცეცებია მხოლოდ...

კაუტსს უკვე ყელში ამოუვიდა მისი რატრატი.

– შეხედე! – იყვირა მან. – ეს რა არის?

ფერგიუსონი შეტრიალდა. ამ დროს კაუტსი, რომელიც მასზე მეტად ჩაფსკვნილი იყო, მივარდა, ხელიდან რევოლვერი წაგლიჯა და ვიდრე ფერგიუსონი მიხვდა, რა ხდებოდა, საფეთქელში ესროლა.

კაუტსმა საჩქაროდ ჩაუდო მკვდარს ხელში რევოლვერი. მანქანის ადგილზე დატოვება გადაწყვიტა, რათა იქ მესამის არსებობაზე ეჭვი არ გასჩენოდათ. მახლობელ ვაგზლამდე ფეხით მისვლა პრობლემა არ იყო. კიდევ რა? ჰო, ფული უნდა წაეღო, რომელიც ფერგიუსონმა გარდნერისგან მიიღო. ერთი მხრივ მან ის დაიმსახურა, მეორეც, თუ ფერგიუსონს ბევრ ფულს უპოვიდნენ, ეს ეჭვებს გამოიწვევდა. მხოლოდ ერთი საკითხი რჩებოდა გასარკვევი. საჭირო იყო, თუ არა, პოლიციაში ანონიმური ზარის განხორციელება და ამით გვამების აღმოჩენის დაჩქარება. გარდნერმა მკაცრად გააფრთხილა, რომ გვამები რაც შეიძლება მალე უნდა ეპოვნათ, რათა ანდერძი ძალაში სასწრაფოდ შესულიყო.

კაუტსი ჩქარა მიდოდა. ფერგიუსონის სახეზე გამოხატული საშინელი გამომეტყველება რომ ახსენდებოდა, ეღიმებოდა. პოლიციელებსაც თავსატეხი გაუჩინა: რატომ გადაწყვიტა გამტაცებელმა, რომელმაც მსხვერპლი მოკლა, შემდეგ თავიც მოეკლა. კმაყოფილი იყო ნამუშევრით!

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. აირის ბლეინი თითქმის არ ნერვიულობდა. როდესაც საქმე ისეთ შუამავალთან გაქვს, როგორიც გარდნერია, სანერვიულო რა შეიძლება გქონდეს. ვიღაცამ მისი დამქაშებიდან პოლიციას უკვე შეატყობინა და საცოდავი ჯეიმსის გვამი მზის ჩასვლამდე იპოვეს.

და აი, კარზეც დააკაკუნეს... ვიდრე მოსამსახურე კარს აღებდა, აირისმა პოლიციასთან პირველი შეხვედრისთვის შესაფერისი განწყობა შეიქმნა. სარკესთან უკვე შეიმუშავა გამომეტყველება, რომელსაც ცუდი ამბის გაგების დროს მიიღებდა. ალბათ, ერთი-ორი კვირა გაგრძელდებოდა ფორმალური საკითხების მოგვარება, თანაგრძნობის გამოხატვა, სამძიმრების მიღება და შემდეგ ცხოვრებას თავიდან დაიწყებდა, მშვენიერ და მდიდრულ ცხოვრებას.

ოთახში ორნი შემოვიდნენ. სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ, მაგრამ აირისი მაშინვე მიხვდა, რომ ისინი პოლიციიდან იყვნენ.

– რა ხდება. ჩემს ქმარს ხომ არაფერი შეემთხვა? – იკითხა მთრთოლვარე ხმით, თითქოს ჯერ ახალი ამბების გამოშვება ნანახი არ ჰქონდა. მაგრამ მოვლენები უცნაურად და მისთვის მოულოდნელად განვითარდა. ქალს ელდა ეცა, როდესაც ერთ-ერთმა მოსულმა იმ ფორმალობების ჩამოთვლა დაიწყო, რომელიც დამნაშავის დაკავებას უძღვის ხოლმე წინ.

– ეს რას ნიშნავს? – დაიწყო ქალმა და გაოგნებიდან შეტევაზე გადავიდა, – თქვენ რაღაც გეშლებათ. მე... მე... არაფერ შუაში ვარ...

– გეყოფათ, აირის, – გააწყვეტინა მეორე პოლიციელმა. – იცით, თქვენს მეუღლეს პიჯაკის ჯიბეში რა უპოვეს? მოსასმენი აპარატურის უახლესი მოდელი. როდესაც მკვლელმა ესროლა და მისტერ ბლეინი მიწაზე დავარდა, აპარატი თავისით ჩაირთო. სწორედ მისი წყალობით გავიგეთ ბევრი, ძალიან საინტერესო დეტალი.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3