ოცდამეერთე საუკუნის სამი ძირითადი ნივთი
ბრიტანეთის მუზეუმმა დაასახელა ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებიც დღეს კაცობრიობის ყოფიერებას განსაზღვრავენ და ჩვენი დროის საილუსტრაციოდაც გამოდგება: იაფი ჩინური ნაწარმი, ნათურა, რომელიც მზის სინათლის მეშვეობით მუშაობს, დასატენი მოწყობილობა და მობილური ტელეფონი.
ბრიტანეთის მუზეუმში შედგენილ სიაში ის ასი ნივთია შეტანილი, რომლებიც კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიას ახასიათებენ. სია იწყება იმ ნივთებით, რომლებიც გამოჩნდნენ ჯერ კიდევ ორი მილიონი წლის წინათ ჩვენს ერამდე და მთავრდება იმ ნათურით, რომელიც მზის ბატარეით არის აღჭურვილი. მასში შესულია, აგრეთვე, ძველეგვიპტური სარკოფაგი; ქანდაკება აღდგომის კუნძულებიდან; ჩინეთში, მინის დინასტიის დროს გამოშვებული ბანკნოტი; ანგლოსაქსური შლემი, რომელიც სატონ-ჰუს ნეკროპოლშია ნაპოვნი. კურიოზად იქცა ყველაზე გამორჩეულ ნივთთა სიაში ფეხბურთის გუნდ, „ჩელსის“ მოთამაშის მაისურის შეტანა. სიის ავტორებმა განმარტეს, რომ ის სიმბოლოა გლობალური ეკონომიკისა, რომელიც ერთმანეთთან აერთიანებს მოთამაშე მულტიმილიონერს ღარიბი ქვეყნიდან – კოტ-დივუარიდან, ბრიტანეთის გუნდს, რომელიც რუსეთის ოლიგარქს ეკუთვნის და გერმანულ კომპანიას, რომელიც სპორტულ ტანსაცმელს აწარმოებს, თუმცა, თვით მაისური ჩინეთშია შეკერილი.
ოცდამეერთე საუკუნის სიმბოლოები გახდა, აგრეთვე, ფილთაქვა როდინით და ანტარქტიდის კვლევისთვის საჭირო კოსტიუმი.
უძველეს ობიექტთა შორისაა ქვების სათლელი ინსტრუმენტი, რომელიც ტანზანიაშია ნაპოვნი და ორ მილიონ წელს ითვლის. „ტექნოლოგია – აი რა ცვლის მსოფლიოს დღეს და, ვინაიდან ჩვენ დავიწყეთ სია ინსტრუმენტით, რომელიც ადამიანს ძლევამოსილების შეგრძნებასა და გარემო პირობების შეცვლის საშუალებას აძლევდა, გადავწყვიტეთ, ასეთივე ნივთით დაგვესრულებინა“, – განმარტა ბრიტანეთის მუზეუმის დირექტორმა ნილ მაკგრეგორმა.
ნათურა, რომელიც მზის ბატარეით არის აღჭურვილი, დაახლოებით 6 ფუნტი სტერლინგი ღირს, ხოლო, თუ მას დასამუხტი მოწყობილობაც ახლავს, ფასი 30 ფუნტამდე იზრდება. ეს მარტივი მოწყობილობები ძვირფასია მსოფლიოს 1,6 მილიარდი ადამიანისთვის, რომლებიც დღემდე მოკლებულნი არიან სტაციონარულ ელექტრომომარაგებას.
ფართო საზოგადოებისთვის ამ სიის დემონსტრირება იანვარში დაიწყო.