ვინ ეძებს 21 წლის განმავლობაში თავის მეგობარს ყაზახეთიდან გორის სოფელ მეჯვრისციხეში და რა მიზეზით დაშორდნენ ერთმანეთს ახალგაზრდობის მეგობრები
49 წლის ტატიანა სტეფანეს ასული ბაზანოვა ეძებს 50 წლის ნიკოლოზ ზაქარიას ძე ბიბილაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 50 წლის ნიკოლოზ ზაქარიას ძე ბიბილაშვილს. მე და ნიკოლაიმ ერთმანეთი 1981 წელს გავიცანით, როდესაც ის ჩამოსული იყო ყაზახეთში, ქარხანაში პრაქტიკაზე. ჩვენ ძალიან დავმეგობრდით, მაგრამ რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური ვითარების დაძაბვის შემდეგ. ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთთან კონტაქტი. ძალიან გთხოვთ, მაპოვნინოთ ნიკოლაი.
– როგორც ვიცი, თქვენ ყაზახეთში ცხოვრობთ, გვიამბეთ, როგორ გაიცანით ერთმანეთი თქვენ და ნიკოლოზმა და რა მიზეზით ეძებთ თქვენს ქართველ მეგობარს?
– ერთმანეთი 1981 წელს გავიცანით, ყველაფერი კი ასე მოხდა: ჩვენთან ქალაქში ჩამოვიდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის იყო ნიკოლოზიც. მათ უნდა გაევლოთ სავალდებულო პრაქტიკა ყაზახეთის კომპრესორულ ქარხანაში. პირველად ქართველი სტუდენტები ჩემმა დაქალმა – გულიამ გაიცნო. ამ დროს მე სამსახურში ვიმყოფებოდი. გულია აღფრთოვანებული იყო ქართველი ბიჭების ზრდილობით, ვაჟკაცობით. მახსოვს, მთელი საათი მიყვებოდა, რამდენად განსხვავებული ხალხია ქართველები და მეხვეწებოდა, მეც გამეცნო ისინი. დღესაც გუშინდელივით მახსოვს, როგორ შემოვარდა ჩემი დაქალი ჩემთან სამსახურში და შემითანხმდა, რომ სამუშაო დღის შემდეგ აუცილებლად შევხვდებოდი მათ და გავიცნობდი. მაშინ სილამაზის სალონში ვმუშაობდი ქალების სტილისტად. მოკლედ, საღამოს პაემანზე გავეშურეთ. დრო და ადგილი დათქმული იყო. ჩვენ შევხვდით ნიკოლოზს და მის მეგობარს თეატრთან. მას შემდეგ ისე დავმეგობრდით, რომ თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. მართლაც საოცარი ბიჭები იყვნენ, ზედმეტს არასდროს კადრულობდნენ. ჩვენი ურთიერთობა მალე მეგობრობაში გადაიზარდა. სამწუხაროდ, როგორც ცხოვრებაში ხშირად ხდება, ყველაფერ კარგს თავისი ლოგიკური დასასრულიც აქვს: ნიკოლოზის პრაქტიკა დასრულდა და ის თავის სამშობლოში დაბრუნდა, მე კი სახსოვრად დამიტოვა ჩვენი შეხვედრები. მახსოვს, თითქმის ყოველდღე ვერთობოდით: ხან ლაშქრობაში მივდიოდით, ხან ექსკურსიაზე ბუნებაში. ზღაპარს ჰგავდა ეს ყველაფერი.
– ამასობაში, ხომ არ შეგიყვარდათ კიდეც ერთმანეთი? რა არის მიზეზი, რის გამოც იმ დროს ვერ ივიწყებთ?
– იცით რა, სიმართლე გითხრათ, მე დღემდე არ მინახავს ქალისა და კაცის ასეთი ლამაზი ურთიერთობა, გულახდილად გეუბნებით, ჩვენს გრძნობაში „ისეთი“ არაფერი ყოფილა და ჩვენი ურთიერთობა მეგობრობის საზღვრებს არ გასცილებია. უბრალოდ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ისეთი დრო, როდესაც აფასებ და გახსენდება შენი განვლილი დღეები, მით უმეტეს, რომ ეს ჩემს ახალგაზრდობასთანაა დაკავშირებული. ნიკოლოზი ჩამოსული იყო ჩემთან 1983 წელს და იმავე ქარხანაში ჰქონდა პრაქტიკა. ბოლოს კი 1989 წელს ჩამოვიდა. მაშინ მე უკვე იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჩვენი მეგობრული ურთიერთობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობა დაიძაბა, ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთთან კონტაქტი. ბუნებრივია, ჩასვლა-ჩამოსვლაც გაჭირდა. ასე დავკარგე ჩემი მეგობარი და დღემდე ძალიან მინდა მისი პოვნა.
– რა იცით მის შესახებ? ისტორიაში თქვით, რომ გორში ეძებდით. ხომ შეიძლება, ის სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და ამის გამო ვერ აგნებთ. ასეთი რამ ჩემი რესპონდენტების ისტორიებში ხშირად მომხდარა.
– ვიცი, რომ ნიკოლოზი დაიბადა გორში, მეჯვრისციხის დასახლებასა თუ სოფელში (ზუსტად არ ვიცი), შემდგომ კი ის ცხოვრობდა და მუშაობდა რუსთავში, მეტალურგიულ ქარხანაში. დარწმუნებული ვარ, რომ მას ამჟამად ეყოლება თავისი ოჯახი და შვილები. ძალიან მინდა, გავიგო, როგორ არის და რას საქმიანობს დღესდღეობით. გორში იმიტომ გადავწყვიტე მისი მოძებნა, რომ მისი მოძებნის ყველაზე დიდი შანსი მანდ მქონდა. სადაც ადამიანი იბადება და იზრდება, იქ უფრო მეტი ხალხი იცნობს მას. თუმცა, შეიძლება, ის ამჟამად სულაც არ იყოს არც გორში, არც რუსთავში, მაგრამ, საქართველოში რომ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ.
– როგორ ფიქრობთ, ის თუ გეძებდათ ან რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს მას, როდესაც გაიგებს, რომ ასეთი მონდომებით ეძებენ?
– მე ნამდვილად არ მინდა, რომ ამ ამბავმა დაამწუხროს, პირიქით, მინდა გაუხარდეს. ჩემთვის მისი პოვნის მთავარი მიზანი ისაა, რომ გავიგო, როგორ არის, რას საქმიანობს, როგორ აეწყო მისი პირადი ცხოვრება. ძალიან ბევრი პოზიტიური ენერგია დატოვა ამ ადამიანმა ჩემში და მე მისი მოძებნისთვის დრო არ მენანება. 2003 წლიდან მას ოფიციალურად ვეძებ, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ.