ამერიკაში სერიოზული იპოთეკური დარღვევები აღმოაჩინეს
ამერიკის 50 შტატში ერთობლივი გამოძიება დაიწყო იპოთეკური კრედიტორების მიერ ათიათასობით ამერიკელისთვის ვალების გადაუხდელობის გამო სახლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. არსებული მონაცემებით, 2007 წლის დეკემბრიდან დღემდე, ამერიკაში 2,5 მილიონი სახლი და ბინა ჩამოართვეს მევალეებს. იპოთეკურ კომპანიებს იმაშიც ადანაშაულებენ, რომ მათ ასეთი ოპერაციების დროს არაერთხელ გააყალბეს დოკუმენტები. გამოძიების პროცესში ყველა შტატში შემოწმდება არსებული დოკუმენტაციის კანონიერება, რომლის მიხედვითაც იპოთეკურმა სააგენტოებმა მევალეები საკუთარი საცხოვრებლიდან გამოასახლეს. აიოვას გენერალური პროკურორის, ტომ მილერის განცხადებით, საუბარი მხოლოდ დოკუმენტებში არსებულ დარღვევებზე არაა. საქმე ის არის, რომ ბევრმა კომპანიამ თავად დაარღვია კანონი და ამის შედეგად მოქალაქეებმა საცხოვრებელი სახლები დაკარგეს. ოჰაიოს პროკურორის, რიჩარდ კორდრეის თქმით, საუბარია სახლების მეპატრონეებზე, რომელთა კერძო საკუთრების უფლებაც დაირღვა და მათ მიმართ სასამართლოს სამართლიანი განაჩენი არ განხორციელდა. ზოგიერთმა კრედიტორმა კი, მაგალითად, „ბენკ ოფ ამერიკამ“ და „მორგან ჩეისმა“, უკვე შეწყვიტეს სახლების ჩამორთმევა იმ შემთხვევაში, თუ საკითხი სადავოა.