ერაყი ნავთობის მოპოვებას გაზრდის
ერაყში ნავთობის მოპოვების განახლება მსოფლიოს ნავთობის ბაზარზე არსებულ სურათს შეცვლის. ერაყი სხვა მსხვილი ნავთობმომპოვებელი ქვეყნების, უპირველესად, საუდის არაბეთის უმთავრესი კონკურენტი გახდება, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უპირველესი მომპოვებელი და ექსპორტიორია. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა. სააგენტოს გათვლებით, 20 წლის შემდეგ ერაყი ორჯერ ან სამჯერ მეტ ნავთობს მოიპოვებს, ვიდრე ამჟამად. დღესდღეობით ერაყში დღეში 2,5 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებენ. ენერგეტიკის სააგენტოს აზრით, მსოფლიომ აღარ უნდა ინერვიულოს იმაზე, ეყოფა თუ არა ნავთობი. იმისთვის, რათა ნავთობმოპოვება გაიზარდოს, ერაყმა საკუთარი ინფრასტრუქტურა უნდა განავითაროს, აღმოფხვრას წყლის დეფიციტი და განამტკიცოს უსაფრთხოების სისტემა. იმ შემთხვევაში, თუ ერაყი არსებულ პრობლემებს მოაგვარებს, ნავთობის მოპოვება საგრძნობლად გაიზრდება, – აცხადებენ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში. ომების შემდეგ ერაყის მდგომარეობა გართულდა, თუმცა ამ ქვეყანას მომავალში შეუძლია, დაიბრუნოს ნავთობის ერთ-ერთი უმთავრესი ექსპორტიორის ფუნქცია.