კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცდილობდა სტალინი საქართველოსთვის მიწების დაბრუნებას

საქართველოს ძალზე ბევრი მიწები აქვს დასაბრუნებელი უცხო ქვეყნებისგან. ამჟამად, ჩვენთვის დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოს საზღვრები („კასპიის ზღვიდან, შავი ზღვის იქით“...) უტოპიურ ნატვრად რჩება, მაგრამ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გადავხედოთ მდგომარეობას, თუ როგორ იპყრობდნენ და იტაცებდნენ საქართველოს ისტორიულად კუთვნილ მიწებს.

1838 წლის 21 აპრილს რუსეთის იმპერიამ დაიპყო საქართველოს ძირძველი ტერიტორია სოჭი-ტუაფსე. სწორედ მაშინ, რუსეთის დესანტმა მდინარე სოჭის შესართავთან დააარსა ციხესიმაგრე ალექსანდრია – პირველი რუსული დასახლება სოჭის შუაგულში, სადაც, რუსების გარდა დაიწყეს სხვა ეროვნების ხალხთა – სომხების, ბერძნების, მოლდოველების, გერმანელების, ესტონელების, პოლონელებისა და სხვათა დასახლება.

ივანე ჯავახიშვილი, წიგნში – „საქართველოს საზღვრები, ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“ წერს: „მიუხედავად ასეთი რუსული დამპყრობლური პოლიტიკისა, სოხუმისა და სოჭის ოლქებში, 1916 წლის აღწერით, 141 000 მცხოვრებიდან, 71 000 ქართველი და 42 000 აფხაზი იყო, 6 000 სომეხი და 21 000 სხვა ეროვნებისა“

შემდეგ: „საბჭოთა რუსეთის მთავრობის შეცდომა შესწორდეს და დვალეთი, ანუ არდინის ხეობა, ისევ აღმოსავლეთ საქართველოს, ტფილისს დაუბრუნდეს. მაშინ ამ ადგილას საქართველოს სახელმწიფო იმ ხაზს გაჰყვება, რომელიც ხოხის მთას (ადაიხოს) და ახოტის მთას (არხონს) შუა გაივლება“.

ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთის მხარესაა საინგილო-ზაქათალის ოლქი, რომ 1916 წელს ზაქათალის ოლქში მცხოვრებთა საერთო რიცხვი 76 000, აქედან 19 000 ქართველი და 45 000 ლეკია, ხოლო სპარსელები და თურქები 12 000 კაცია.

ივანე ჯავახიშვილი განაგრძობს, რომ „საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი ჭანებს, ანუ ლაზებს, უჭირავთ, რომ მათი ენა მეგრულთან ახლოსაა. ტრაპიზონსაც კი სცდებოდა და თვით ეს ქალაქიც და ოლქიც მათ ქვეყანას ეკუთვნოდა: ხოფა, არქაბე, ვიწე, არტაშენი, ათინა და ხეშინის უბნები – ეს ათინას ოლქში შედის (ახლანდელი ართვინი)“.

1989 წელს თბილისში პირველად დაიბეჭდა და გამოვიდა უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, ვიქტორ ნოზაძის წიგნი – „საქართველოს აღდგენისთვის ბრძოლა მესხეთის გამო“, რომელიც მთლიანად ეხება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ ამბებს. ვიქტორ ნოზაძე თავის წიგნში აღნიშნავს, რომ მადაგახსნილმა მეზობლებმა – სომხებმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა, დაიწყეს გააფთრებული შემოტევა საქართველოს კუთვნილი და ძირძველი მიწების მისატაცებლად. სომხებმა გაამზადეს გეოგრაფიული რუკა, რომელზეც აღნიშნული თბილისი, მცხეთა, ბორჩალოს მაზრა, გორი, ბათუმი და ბათუმის ოლქი, თითქოსდა სომხეთის კუთვნილი ტერიტორია იყო. სომხეთს აზერბაიჯანიც არ ჩამორჩა და, თავის მხრივ, საინგილო (ზაქათალა), ბორჩალოს მაზრა, ახალციხის მაზრა და ბათუმის ოლქი მოითხოვა.

საქართველოს საზღვრების შესახებ საუბრის გასაგრძელებლად მოგვყავს ნაწყვეტი ცნობილი ქართველი მსახიობის, აკაკი ვასაძის მოგონებებიდან – „სტუმრად სტალინთან“, რომელიც 1990 წელს გამოვიდა:

1946 წლის 8-10 ოქტომბერს, სოჭში, აგარაკ „ზოლოტოი გრებეშოკში“ იოსებ სტალინს ეწვივნენ მისი სიყრმის მეგობრები: პეტრე კაპანაძე, სოსო ცერაძე და მიხეილ ტიტვინიძე, აგრეთვე ხელოვნების მოღვაწენი და იმჟამინდელი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, კანდიდ ჩარკვიანი.

ერთ-ერთი საუბრისას სტალინმა მრგვალ მაგიდაზე ამიერკავკასიის რუკა გაშალა და კანდიდ ჩარკვიანს მიმართა: „აბა, კანდიდ, აგერ ფანქარი და მოხაზე ახლანდელი საქართველოს საზღვრები“! ჩარკვიანმა აიღო ფანქარი და რუკაზე აღნიშნულ ჩრდილოეთის საზღვრებს იქით დააპირა ზოლის გატარება, მაგრამ შეყოვნდა და ფანქარი მხოლოდ ჰაერში გაავლო. „ნუ გეშინია, მოხაზე, მოხაზე ფანქრით, რუკას კიდევ ვიშოვი“, გაამხნევა სტალინმა და კანდიდმა ფანქრით ზუსტად და მკაფიოდ შემოხაზა ომის შემდეგ საქართველოსთვის შემომატებული ჩრდილოეთის ტერიტორია.

– აი, ეს მესმის! ქლუხორის მხარეც საქართველოს საზღვრებში მოექცა – ესეც პასუხად იმათ, ვინც ჩვენშიც და უცხოეთშიც გვსაყვედურობდა, საბჭოთა კავშირმა საქართველოს ტერიტორია შეამცირაო.

– რამდენი უნდა ებრძოლა ერეკლე მეფეს, ამოდენა ტერიტორია რომ შემოეერთებინა საქართველოს?

თურქეთის მიერ მიტაცებული მიწების შესახებ სტალინი ამბობდა: „საბაბს არ გვაძლევს, მიტაცებული ჩვენი მიწები რომ დავიბრუნოთ. საბაბი რომ იყოს, ყარსსა და არდაგანს ტრაპიზონამდე, მთელ მიწებს უკან ჩავიბარებდით“...

შემდეგ: „ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების დადების პერიოდში კავკასიის ფრონტის ჯარებს ერზრუმი არ ჰქონდათ დატოვებული, საბჭოთა რუსეთის კონსულტანტად ლენინმა მე მიმავლინა, როგორც ეროვნულ საქმეთა კომისარი. ამიერკავკასიის მთავრობებმა ჩვენს მიმართვაზე, თავიანთი წარმომადგენლები გამოეგზავნათ და მონაწილეობა მიეღოთ საზავო ხელშეკრულების განხილვაში, დუმილით გვიპასუხა. ამავე დროს, ბრესტის ხელშეკრულება ვერ შედგებოდა, საომარი მდგომარეობა არ განიმუხტებოდა, საზღვრების საკითხის შეთანხმებული და სამართლიანი გადაწყვეტით. ამ იურიდიული კაზუსით ჩემს თავზე ავიღე ამიერკავკასიის რესპუბლიკების მოლაპარაკება ოსმალეთის დელეგაციასთან, როგორც საბჭოთა რუსეთის დაინტერესებულმა წარმომადგენელმა და ამიერკავკასიის ქვეყნების საზღვრების მცოდნემ. თუ არ ვცდები, თურქეთის დელეგაციის მეთაურმა ქიაზიმ-ბეიმ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ისეთი პრეტენზიები წამოაყენა, რომ მათი უარყოფა და დარღვევა არ გამჭირვებია. ყარსი და არდაგანი რა საკითხავია, ბათუმიც თავიანთ საზღვრებში მოიყოლეს. მათი პროექტით, ახალქალაქიდან ყაზახზე უნდა გასულიყო საზღვარი და ასე შემდეგ. ქიაზიმ-ბეიმ საზღვრების გადასინჯვაც კი არ ისურვა და მოლაპარაკებისა და დიპლომატიური მსჯელობის შეწყვეტითაც დაგვემუქრა. მაშინვე ფრიად მნიშვნელოვნად განვუცხადე: როგორც გენებოთ, მაგრამ საზღვარზე საუბრის გაგრძელება, იქნება, ერზრუმში მოგვიხდეს-მეთქი და წამოვდექი. მაშინ კი იკადრა უკან დაბრუნება და განაცხადა, რომ სულაც არ უნდოდა ჩემი დამდურება და დაამატა, რომ რუსეთთან მხოლოდ კარგი დამოკიდებულებით ვარ დაინტერესებულიო. მე მოკლედ ვუთხარი: დამარცხებული ქვეყნისთვის სასირცხვილო როდია, თუ თავისი ძველი საზღვრების შენარჩუნებას მოინდომებს-მეთქი. თანახმა ვარო, – დამყვა ქიაზიმ-ბეი და დასრულებულად ჩავთვალე ჩემი მისია, მოსკოვში მოვემზადე წასასვლელად“...

1919 წლის 19 ივნისს, ვერსალის საზავო ხელშეკრულებით გაუქმდა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, რის შედეგადაც თურქეთმა დათმო მესხეთი. ბათუმის ოლქის მუსლიმანური მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებდა, რომ ისინი ისტორიულად, კულტურით, ეკონომიკით, ტერიტორიულად და, რაც მთავარია, სისხლითა და ხორცით წარმოადგენენ დედასამშობლოს – საქართველოს განუყოფელ ნაწილს.

თუ 1919 წლის ბოლოსთვის, საქართველოს ბრძოლა მესხეთის დაბრუნებისთვის, გამარჯვებით დამთავრდა, ბათუმი გარკვეული ხნით ინგლისელებს ეკავათ (სხვათა შორის, „ბათუმი“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ღრმა ნავსადგურს“ – გურამ ჩხიკვაძე), მაგრამ, აქაც გონიერებამ გაიმარჯვა – ინგლისელებმა დატოვეს ბათუმი და ის საქართველომ ჩაიბარა.

ასე იყო თუ ისე, ბევრი მოლაპარაკებისა და შეხლა-შემოხლის შემდეგ, როგორც იქნა, 1920 წლის დასასრულისთვის საქართველოს ტერიტორიები გაერთიანდა თავის ძველ საზღვრებში და შეიქმნა დიდი საქართველო, აღდგა საქართველო თავისი მესხეთით. თურქეთის სამფლობელოში კი დარჩა ლაზისტანი. სწორედ ამ საზღვრებში ცნო ერთა ლიგამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მაგრამ, რომ იტყვიან, „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“, გავიდა ხანი და, 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთმა დაიკავა თბილისი, ხოლო თურქეთმა (კუმ ფეხი გამოყო – მეც ნახირ-ნახირაო) 10 მარტს დაიკავა ჯერ ხულო და ქედა, ხოლო შემდეგ, 17 მარტს – ბათუმი. 21 მარტს კი რუსეთის ჯარებმა დაამარცხეს თურქეთის ჯარები.

თუ აღმოსავლეთიდან შემოვიდა საბჭოთა ნაწილების მე-11 არმიის ჯარები ორჯონიკიძისა და კიროვის მეთაურობით, დასავლეთიდან შემოიჭრა მე-9 არმია ტუხაჩევსკის მეთაურობით და მოხდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრული ანექსია. აქვე, ცნობისთვის, დავუმატებთ, რომ ჯერ კიდევ 1918 წელს, ლენინმა წინასწარ განსაზღვრა საქართველოს ბედი, როდესაც ხელი მოაწერა „გოელროს“ გეგმას, რაც აგრეთვე ითვალისწინებდა საქართველოს ელექტრიფიკაციას, ესე იგი, გამოდის, რომ ილიჩმა საქართველო სამი წლით ადრე აქცია რუსეთის საკუთრებად.

განვაგრძობთ სტალინის სიტყვების ციტირებას აკაკი ვასაძის მოგონებებიდან – „სტუმრად სტალინთან“:

„ერის ტერიტორიის დათმობისა და გაჩუქების უფლება არავის აქვს, ერის ტერიტორია ხელშეუხებელია. ომის შემდეგაც გადავუკარი ერთი-ორი სიტყვა და ზუსტად მივანიშნე ოსმალებს, საზღვრების ამბავი არ დამვიწყებია-მეთქი. საპასუხოდ ხმას არ იღებენ. მაგრამ, ისიც ცხადია, რომ ჩვენი ევროპული და ოკეანის გადაღმელი „ძმები“ მხარს მათ უჭერენ, თუმცა, ამაზე აშკარად არაფერს ამბობენ. საქართველოსა და სომხეთის მიწების დაბრუნება საბჭოთა კავშირის ინტერესებშიც შედის და ჯერჯერობით არ ვაპირებ არც პოზიციების დათმობას და არც დადუმებას. ვნახოთ, ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს გზასაც და გამოსავალსაც“...

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გაეროს გენერალური ასამბლეის პირველსავე სხდომაზე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის გამოსვლისას, მისი მოხსენების ერთ-ერთ საკითხად იდგა თურქეთის მიერ ადრე საქართველოსგან მიტაცებული მიწების დაბრუნება, მაგრამ ეს ყოველივე ამაო გამოდგა.

გავიდა ცოტა ხანი და, 1946 წლის 5 იანვარს გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა საქართველოს პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის წერილი: „გთხოვთ, მომცეთ საშუალება, ჩემი ხმა შევუერთო ქართველი ერის სამართლიან მოთხოვნას, რომელიც წამოყენებული იყო თურქეთის მიმართ... თავისუფალ ერთა გაერთიანების წევრმა ოსმალეთმა საქართველოს უნდა დაუბრუნოს ქართული მიწა-წყალი: არტაანის, ართვინის, ოლთისის, თორნის, გირესუნის ჩათვლით“.

თურქეთის მიერ მიტაცებულ ქართულ მიწა-წყალს მიეძღვნა მწერალ ილო მოსაშვილის დრამა – „ჩაძირული ქვები“, რომელიც დიდი წარმატებით დაიდგა რუსთაველის თეატრში, ხოლო ავტორი სტალინური პრემიის ლაურეატი გახდა.

თითქმის იმავე პერიოდში, სტალინის ბრძანებით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლად დაინიშნა მარშალი კონსტანტინე როკოსოვსკი. თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ თურქეთთან ომი გარდაუვალი ხდებოდა, მაგრამ, დასავლეთის ქვეყნებმა, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხმა აიმაღლეს თურქეთის დასაცავად. უფრო მეტიც, თურქეთი სასწრაფო წესით ნატოს წევრად იქნა მიღებული. ამგვარად, მიტაცებული მიწების დაბრუნება განუხორციელებელ ოცნებად დარჩა...

გარდაიცვალა სტალინი და კონსტიტუციური უფლების უხეში დარღვევით წაგვართვეს 632 ათასი ჰექტარი მიწა, რომელთა ფართობი აჭარისა და სამაჩაბლოს საერთო ტერიტორიების ფართობთა ჯამის ტოლია. გავიდა ხანი და, ახლა რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო, უფრო მეტიც – ორივე დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა.

ამჟამად რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობს ბრძოლა თავიანთი ზეგავლენის სფეროების შესაქმნელად. თუ პირველი ამას ცდილობს ძირითადად ფიზიკური ძალის გამოყენებით, მეორის უფრო ეკონომიკურ-ფინანსური დაკაბალების პოლიტიკაზე აქვს ორიენტაცია აღებული.


скачать dle 11.3