როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ავტომობილი არ დაიქოქა
ალბათ, ყველა მძღოლს ექნება გამოცდილი საღამოს ჩვეულებრივად გაჩერებული ავტომობილის დილით ვერდაქოქვის სიმწარე, რაც მათ პანიკაში აგდებთ და ფიქრობენ, რომ რაღაც კატასტროფა მოხდა. ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელთა შესახებაც დღეს ვისაუბრებთ.
მევლუდ მელაძე: ავტომობილის არდაქოქვა ძირითადად ზამთარში ან ზამთრისგან მიყენებული ზიანის შედეგად ხდება. ყინვა და სიცივე ავტომობილისთვის უჩვეულოა და მომავალშიც ბევრ პრობლემას იწვევს, რომელთა შორის ერთ-ერთია აკუმულატორის გაფუჭება. ვთქვათ, დილით ჩავჯექით ავტომობილში გადავწიეთ გასაღები, აინთო ხელსაწყოების დაფა, წითელი ნიშნულებიც, მაგრამ ის არ იქოქება. თუ როგორ არ იქოქება ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიზეზის დასადგენად. პირველი – ოდნავ გაიბჟუტებს შუქი ხელსაწყოების დაფაზე და თითქოს შეიფრთხიალებს; ძრავა გაიწკრიალებს და მორჩა, მეტი რეაგირება არ აქვს, არ იქოქება. მეორე – როდესაც წითელი ნიშნულები ანთია, გასაღებს ვწევთ და ამ დროს ერთს გაიტკაცუნებს, მაგრამ არ იქოქება. მესამე – გასაღები გადავწიეთ და წითელი ნიშნულები კი არ აინთო. მეოთხე – ძრავა იწყებს ტრიალს, უბრალოდ ძალიან ნელა და არ იქოქება. მეხუთე – ძრავა ტრიალებს, მაგრამ მაინც არ იქოქება...
თუ პირველი შემთხვევაა, ანუ გადავწიეთ გასაღები, წითელი ნიშნულები ოდნავ აინთო, მერე ჩაქრა, ავტომობილმა თითქოს შეიჟრიალა, მაგრამ მაინც არ იქოქება, ამ შემთხვევაში ან აკუმულატორი აფერხებს დაქოქვას ან რომელიმე „კლემაა“ სუსტად მოჭერილი. „კლემა“ არის აკუმულატორთან მიერთებული სადენები, რომელმაც ეგრეთ წოდებული „აკისლენიე“ გაიკეთა და ავტომობილს საკმარისი დენი არ მიეწოდება.
– რა ვქნათ ამ დროს? აკუმულატორი შევცვალოთ?
– ზოგადად კი, მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში გამოსავალი არსებობს. უპირველესად „კლემა“ შევარხიოთ და კარგად მოვუჭიროთ. თუ მჟავისგან გადათეთრებულია, შეგიძლიათ „კოკა-კოლაც“ კი დაასხათ, რომელიც ერთ წუთში აცილებს მოკიდებულ მჟავას და ასუფთავებს აკუმულატორის ზედაპირს. თუ მაინც არ დაიქოქა, ეს ნიშნავს, რომ აკუმულატორი დასუსტდა. აკუმულატორის დასუსტება კი, ძალიან ბევრ რამეს შეუძლია გამოიწვიოს, გადაამოწმეთ ხომ არ დაგრჩათ ფარები ანთებული ან სალონში შუქი ჩართული. თუ აკუმულატორი დამჯდარია, მაშინ სხვისი დახმარება დაგვჭირდება. სხვა ავტომობილიდან „პერემიჩკებით“ მოგვიწევს მისი დაქოქვა. ათი-თხუთმეტი წუთის დამუხტვის შემდეგ ავტომობილი უნდა დაიქოქოს, მაგრამ თუ მეორე დღესაც იგივე პრობლემა განმეორდა, მაშინ ახალი აკუმულატორი გექნებათ შესაძენი. რაც შეეხება მეორე მიზეზს, როდესაც წითელი ნიშნულები აინთო, ერთ „ტკაპს“ იზამს, ავტომობილმა, გაიტკაცუნა მაგრამ არ იქოქება. ამ შემთხვევაში გაფუჭებულია სტარტერის ღილაკი. დამქოქი, ანუ სტარტერი ორი მოწყობილობისგან შედგება: ერთია სტარტერის ღილაკი, გასაღების გადატრიალების შემთხვევაში, მექანიკური ჩამრთველის პრინციპით იწყებს მუშაობას, თითქოს იწებებს რაღაც დეტალს და იწყებს ავტომობილის დაქოქვას. გატკაცუნების ხმა თუ გავიგეთ, ეს ნიშნავს, რომ სწორედ ის დეტალი მიიწება სტარტერის ღილაკმა. მიწებების დროს ორი სადენი უნდა გადაერთდეს, რომ ელექტროძრავას დენი მიეწოდოს, ის კი თავის მხრივ დაქოქავს ძრავას. ამ შემთხვევაში ხდება მხოლოდ მიწებება, მაგრამ სადენების ერთმანეთთან დაკავშირება – არა. ანუ, შესაძლოა, ეს უკვე სტარტერის, კონკრეტულად ღილაკის ბრალი იყოს. შეიძლება ისიც, რომ სტარტერზე ეგრეთ წოდებული ჯაგრისებია გამოსაცვლელი. ანუ, სადენებმა გაატარა, მაგრამ ნახშირის ჯაგრისები, რომელსაც უშუალოდ ძრავის შიგნით მიეწოდება დენი და ხშირად ცვდება, გამოსაცვლელია. აქედან გამომდინარე პრობლემა სტარტერია, შეგიძლიათ თამამად მიხვიდეთ ხელოსანთან და დრო არ დახარჯოთ დიაგნოსტირებასა და ხელოსნებთან სირბილში. კიდევ ერთი, შესაძლოა, ის მსხვილი სადენი, რომელიც აკუმულატორიდან სტარტერთან მიდის, დაზიანებულია ან კარგად არ არის მიერთებული. ამიტომ ესეც გადაამოწმეთ. მესამე – როდესაც საერთოდ არ ინთება არც ერთი შუქი. ამ შემთხვევაშიც აკუმულატორის, „კლემების“ და სადენის პრობლემა შეიძლება იყოს, ან რომელიმე მცველია დამწვარი, რომელიც უზრუნველყოფს დენის მოწოდებას ხელსაწყოების დაფასთან. ანუ, ჯერ ისევ აკუმულატორი გადაამოწმეთ. იქნებ, ის ისეა დამჯდარი, რომ წითელი ნიშნულების ოდნავ ანთებასაც ვერ ახერხებს, შემდეგ მიხედეთ მცველებს. ისე, რეალური მიზეზის დადგენა სხვანაირადაც შეგიძლიათ. ჩართეთ ავარიული, თუ არ ჩაირთო, დენი საერთოდ არ მიეწოდება, ან ბოლომდეა დამჯდარი აკუმულატორი. თუ ჩაირთო და ხელსაწყოების დაფა არ ინთება, ეს ნიშნავს, რომ მცველია დამწვარი.