რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: 1993 წლის. რომელიც აღჭურვილია გადაცემათა მექანიკური მართვის კოლოფით. დილით, სანამ ავტომობილი გახურდება, მაშინაც კი, როდესაც ნეიტრალურ სიჩქარეშია, დაქოქვისთანავე ნელი ტემპით წინსვლას იწყებს. სიჩქარეში ჩაგდებაც უჭირს. გახურების შემდეგ კი, პრობლემა იმდენად არ ემჩნევა. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: სავარაუდოდ, ამ ავტომობილის სიჩქარეთა კოლოფი ერთხელ უკვე დაშლილი და აწყობილია. შეცდომაც სწორედ ამ პროცესშია დაშვებული. დეტალები ერთმანეთთან მჭიდროდაა განთავსებული. თუმცა, „ოპელების“ საერთო პრობლემა ისაა, რომ სიჩქარეებში გადართვა და, მით უმეტეს, პირველ სიჩქარეში ჩაგდება უჭირთ და ეს უფრო ცივი ავტომობილის შემთხვევაში იჩენს თავს. მეორე მიზეზი, შესაძლოა, ის იყოს, რომ სიჩქარეთა კოლოფში ზეთი არასდროს შეცვლილა, რამაც მისი გასქელება გამოიწვია, ეს კი დეტალების შემჭიდროებასა და ავტომობილის წინსვლას იწვევს. პრობლემა მანამ იქნება, სანამ ის არ გათბება და, შესაბამისად, სათანადო დონემდე არ გათხელდება. მესამე სავარაუდო მიზეზი კი შემდეგია: შეიძლება, სიჩქარეთა კოლოფში ზეთის დონემ იმდენად დაიწია, რომ შეზეთვისთვის საკმარისი არ არის და დეტალები მჭიდროდ ბრუნავენ. ბოლო ორ შემთხვევაში ზეთის შეცვლა პრობლემას გადაჭრის და, უმჯობესია, შეცვლის დროს სინთეთიკური, სპეციალურად გადაცემათა კოლოფისთვის განკუთვნილი ზეთი გამოვიყენოთ, რადგან ის ცივზეც და ცხელზეც ერთნაირად თხელია და შეზეთვის ერთნაირ უნარს ინარჩუნებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრობლემის მიზეზი მისი არასწორი აწყობაა, არ არის გამორიცხული რომ, ასეთი ზეთის გამოყენებამ ამ პრობლემასაც უშველოს.
კითხვა: სურვილი მაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიყვანო მანქანა, 7 000 დოლარის ფარგლებში. შერჩეული მყავს ორი მოდელი: „მერსედესი 210-ე-320” ან „ბეემვე 530”. ორივე 1998 წლის გამოშვებაა. რა პლუს-მინუსები აქვთ მათ და რომლის შეძენას მირჩევთ? პირადად მაინც ვფიქრობ, რომ „მერსედესი” შევიძინო.
პასუხი: ეს ავტომობილები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და ორივეს აქვს თავისი უამრავი პლუსი და მინუსი, რაზეც უკვე ძალიან ბევრი გვისაუბრია ჩვენი რუბრიკის საშუალებით. თუმცა კითხვიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, თქვენი სტილის გაგება იოლია და, ალბათ, თქვენც კარგად იცით, რომ, თუ თქვენს სტილსა და ხასიათს ყველაზე მეტად „მერსედესი” შეეფერება, ერთმნიშვნელოვანია, რომ „მერსედესი” უნდა შეიძინოთ.