როგორ გაიქცნენ ბაჰამის კუნძულებზე ცნობილი ქართველი რეციდივისტი და მილიციის მაიორი, რომლებმაც თან 450 ათასი მანეთი წაიღეს
მკვლელობა
მამაკაცმა რკინის მასიური კარი გააღო, ბინაში შევიდა, შუქი აანთო და კარი მიიხურა. შემდეგ სასტუმრო ოთახში შედგა ფეხი, მაგრამ, სანამ იარაღს მოიხსნიდა, თავში მძიმე საგანი მოხვდა, იატაკზე დავარდა და გაითიშა. გონს რომ მოეგო, ხელ-ფეხი გაკოჭილი ჰქონდა და თავზე წვერულვაშიანი მამაკაცი ედგა, რომელმაც სახეზე დააშარდა და ცინიკურად უთხრა:
– გახსოვს, ალბათ, რომ შეგპირდი, დავბრუნდები და შენ სისხლს დავლევ-მეთქი! აი, მეც მოვედი. დადგა შენი აღსასრულის დრო, ძაღლივით ჩაგკლავ და შენი დამპალი ცხოვრება დასრულდება!
ხელფეხგაკოჭილს პირში ჩოგბურთის ბურთი ჰქონდა ჩაჩრილი და პასუხის გაცემა არ შეეძლო, თუმცა მიმიკებით აშკარად ჩანდა, რომ პატიებას ითხოვდა.
– გვიანია, გვიანი, ამაზე თავის დროზე უნდა გეფიქრა. ახლა კი წყეულიმც იყავ! – უთხრა გაკოჭილს წვერულვაშიანმა. შემდეგ მაყუჩიანი პისტოლეტი ამოაცურა და ორივე მუხლი გაუხვრიტა, თან გაკოჭილის ტანჯვით ტკბებოდა, რომელიც გველივით იკლაკნებოდა ტკივილისგან.
– ეს შენთვის ცოტაა, – კბილებში გამოსცრა წვერიანმა და ალესილი ხანჯალი ამოაცურა, შემდეგ, ჯერ მარცხენა ბარძაყში ჩაასო, მერე მარჯვენაში და კიდევ ნახევარი საათი ტკბებოდა გაკოჭილის ტანჯვით. ბოლოს კუჭის ქვემოთ ბოლომდე ჩაარჭო ხანჯალი და უკან რომ ამოაძრო, დაამატა: შენ ახლა საშინლად იტანჯები, მაგრამ უფრო რომ დაიტანჯო, მჟავასაც დაგიმატებ.
წვერიანმა გაკოჭილს ჭრილობაში, გოგირდმჟავა ჩაასხა, ხუთ წუთს უყურა მის ტანჯვას, შემდეგ სახეზე დააფურთხა და ბინიდან ფეხაკრეფით გავიდა. გაკოჭილი ათ წუთში გარდაიცვალა საშინელი ტანჯვისგან, ხოლო მისი აყროლებული ცხედარი, რომელსაც ვირთხები და მატლები ჰქონდა დასეული, მეზობლებმა რვა დღის შემდეგ აღმოაჩინეს. საბურთალოზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულის სამოთახიან ბინაში მისულ მილიციას და ექსპერტ კრიმინალისტებს იქ მილიციის პოლკოვნიკის – რამინ გელაშვილის გახრწნილი ცხედარი დახვდათ. იმავე დღეს ქალაქის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით.
ჭლექიანი
48 წლის რამინ გელაშვილი მილიციის სამმართველოში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და კოლეგებსაც კი, იგი საკმაოდ ოდიოზურ პიროვნებად მიაჩნდათ. პოლკოვნიკი ყოფილი „ომონელი“ იყო. მან თავისი კარიერა ჯერ კიდევ 30 წლის წინ, ქალაქ პერმში დაიწყო, სადაც ის ჯარში მსახურობდა. მან ჯერ როგორც წვევანდელმა გამოიჩინა თავი – სამი პატიმარი გამოასალმა სიცოცხლეს კოლონიის კოშკურიდან. შემდეგ კი ექვსი წელი ადგილობრივ „ომონში“ იმსახურა, გაქცეულ პატიმრებს დასდევდა და ექვსი ადამიანი ჰყავდა მოკლული.
თბილისში ჩამოსვლამდე, გელაშვილს ჯერ ლენინგრადის, შემდეგ კი მოსკოვის მილიციის სამმართველოებში ჰქონდა ნამუშევარი და სამშობლოში კაპიტნის ჩინით დაბრუნდა. კოლეგებმა მას „ჯალათი“ შეარქვეს და მისთვის გამარჯობის თქმასაც კი ერიდებოდნენ. თუმცა, ზუსტად არავინ იცოდა, თუ ვინ და რატომ შეარქვა მარტოსულ, უცოლშვილო გელაშვილს ეს მეტსახელი და რატომ დაბრუნდა კაპიტანი მოულოდნელად მოსკოვიდან თბილისში.
გელაშვილის მკვლელობის საქმეს მაიორი პეტრე კაპანაძე იძიებდა, რომელიც პირადად არ იცნობდა თავის კოლეგას, თუმცა, მის შესახებ მრავალი ცუდი ჰქონდა გაგებული. კაპანაძემ ყველა საგამოძიებო მოქმედება ზედმიწევნით ზუსტად ჩაატარა, დანაშაულის სურათი თითქმის ფოტოგრაფიული სიზუსტით აღადგინა და საგამოძიებო ჯგუფში შემავალ ხელქვეითებს სხვადასხვა დავალება მისცა. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაირკვა, რომ მკვლელი, რომლის ნერწყვიც იქნა შესწავლილი, ჭლექის მწვავე ფორმით იყო დაავადებული და დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. დამატებითი ინფორმაციისთვის კაპანაძე ექსპერტ ლევან გოცირიძეს ეწვია, რომელმაც მას უთხრა:
– ასეთი ავადმყოფები რვიდან თორმეტ თვემდე ცოცხლობენ და, თუ არ იჩქარე, ჭლექიან მკვლელს, შეიძლება, ცოცხალსაც ვერ მიუსწრო. ასეთ დაავადებას კი, ასიდან ოთხმოცდათხუთმეტ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირის ჩრდილოეთ საპატიმროებში იკიდებენ ადამიანები, ვინც იქ სამ წელიწადს და მეტხანს სხედან. ასე რომ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უნდა მოძებნო 35-40 წლის მამაკაცი, რომელსაც 3-5 წელი აქვს გატარებული იქ და გელაშვილის მკვლელობის მიზეზსაც მისგან გაიგებ.
გოცირიძის პროგნოზი ზუსტად ახდა: ერთ კვირაში, თბილისის ტუბდისპანსერში კაპანაძემ 39 წლის იოსებ ვაშაყმაძეს მიაგნო, რომელიც ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით იყო დაავადებული. მისი ნერწყვის ნიმუში გელაშვილის ბინაში ამოღებული ნერწყვის ნიმუშს დაემთხვა და შარდის იდენტიფიკაციამაც დადებითი შედეგი გამოიღო. პეტრე კაპანაძე გამოცდილი მაძებარი იყო, იცოდა, სად და ვინ უნდა ეძებნა და, როდესაც ის ვაშაყმაძეს პალატაში ეწვია, პირდაპირ უთხრა:
– ჩვენ თქვენ ორი დღეა, გითვალთვალებთ. თქვენი ნერწყვი და შარდი შემოწმებაზე გვაქვს გაშვებული. მართალია, შედეგები ჯერ არ ვიცი, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პოლკოვნიკი რამინ გელაშვილი თქვენ მოკალით.
იოსებ ვაშაყმაძემ ირონიულად ჩაიცინა და კაპანაძეს აუღელვებლად დაეთანხმა:
– დიახ, ეს მე ჩავიდინე.
„ბუმბერაზის” ნაამბობი
თბილისელი იოსებ ვაშაყმაძე, მეტსახელად „ბუმბერაზი”, ცნობილი ბანდიტი და რეციდივისტი იყო და ციხეში 16 წელი ჰქონდა გატარებული. იგი ოთხჯერ იყო ნასამართლევი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კაპანაძეს მისი დაპატიმრების სანქცია ჰქონდა, მაიორმა ბუმბერაზი ტუბდისპანსერში დატოვა სამკურნალოდ და მხოლოდ ორი მცველი დაუყენა. შემდეგ მთავარ ექიმს ეწვია კაბინეტში და პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ჰკითხა. მთავარმა ექიმმა უიმედოდ გააქნია თავი და კაპანაძეს უთხრა:
– პაციენტ ვაშაყმაძის მდგომარეობა კრიტიკულია და მიკვირს, დღემდე როგორ მოაღწია ცოცხალმა. თუმცა, მისი სიცოცხლის საათები დათვლილია და მაქსიმუმ ერთი კვირა გაძლოს. როგორც კი მას ეგრეთ წოდებული „ფანტანი“ დაარტყამს, მთელი მისი ფილტვები სისხლს პირიდან ამოჰყვება...
გამომძიებელი მთავარი ექიმის კაბინეტიდან ვაშაყმაძის პალატაში დაბრუნდა, ბუმბერაზის წინ დაჯდა და უთხრა:
– როგორ გრძნობთ თავს, საუბარი შეგიძლიათ? სურვილი თუ გაქვთ, რომ ჩვენება მომცეთ?
ბუმბერაზს ჩაეცინა და მაიორს უთხრა:
– ვიცი, რომ ჩემი ცხოვრების საათები დათვლილია და მალე უნდა მოვკვდე. თუმცა, სანამ ცოცხალი ვარ, სიკვდილზე არც კი ვფიქრობ, ჩვენებას კი სიამოვნებით მოგცემთ და თქვენ თვითონ განსაჯეთ, მართალი ვარ თუ მტყუანი.
კაპანაძემ ვაშაყმაძეს გაუღიმა და უთხრა:
– მიდით, გისმენთ!
ბუმბერაზმა ამოიხვნეშა და დაიწყო:
– თერთმეტი წლის წინ სროკიდან ახალი გამოსული ვიყავი და მოსკოვში შევჩერდი ჩემს ძველ ძმაკაცთან. გელაშვილი მაშინ „მურში” მუშაობდა და ერთმანეთს რესტორან „არაგვში“ შევხვდით. ჩემი ძმაკაცი მაგარი ჩალიჩა ვინმე იყო და ყოველთვის დიდ საქმეებზე ოცნებობდა. ერთი სიტყვით, მას და გელაშვილს მაგარი რამ ჰქონიათ მოფიქრებული და, როგორც პროფესიონალს, ყველაფერი დეტალებში ამიხსნეს.
– გელაშვილი მილიციელი იყო და თქვენთან რა საქმე ჰქონდა? – გაუკვირდა კაპანაძეს.
– მოთმინება, მაიორო, და ყველაფერს გაიგებთ, – თქვა ვაშაყმაძემ, – კაპიტანმა (მაშინ გელაშვილი კაპიტანი იყო), „მურის” ინკასაციის ზუსტი მარშრუტი და ეკიპაჟის შემადგენლობა გაგვაცნო, შემდეგ ოპერაციის დეტალები დავაზუსტეთ და ორ კვირაში 450 ათასი მანეთი ისე სუფთად წავიღეთ, რომ ერთი გასროლაც არ დაგვჭირვებია და განაკაწრიც არავის მიუღია.
– „მურის“ ხელფასი გაიტაცეთ?
– დიახ, მაიორო, „მურის“ ხელფასი, – თავი დააქნია ბუმბერაზმა, – ამ ამბავს არ ახმაურებდნენ, რადგან მილიციის პრესტიჟის საქმე იყო და იმიტომ არ გაგიგიათ. ერთი სიტყვით, ეს ფული ხუთ ნაწილად უნდა გაყოფილიყო და თითოეულს 90 ათასი რგებოდა. მაგრამ, გელაშვილს სიხარბემ სძლია და ჩვენი მოშორება განიზრახა – მან ჩვენ ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში შეგვკრიბა და მოწამლული კონიაკი დაგვალევინა. თვითონ კი წავიდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ყველა მოგვიშორა, თუმცა, მე გადავრჩი და იქაურობას გავეცალე, ერთი თვე ერთ ახლობელთან ვიმალებოდი და სრულად რომ გამოვჯანმრთელდი, გელაშვილს სახლში ვეწვიე. პრეტენზია წავუყენე და ფულიც მოვითხოვე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ ეშმაკის მოციქულმა დამარწმუნა, რომ ჩემი და-ძმა, რომლებიც მცირეწლოვნები იყვნენ და თბილისში ცხოვრობდნენ, მას გადამალული ჰყავდა და, თუ თავს არ დავანებებდი, მისი ხალხი მათ დახოცავდა. მოკლედ, მოვტყუვდი. მან კი ამით ისარგებლა, გამომისტუმრა, კუდზე კი მილიცია დამისვა. მათ იარაღი ჩამიდეს და გამსროკეს. ის ნაძირალაც იქ იყო და, იმის თქმა კი მოვასწარი, რომ აუცილებლად სამაგიეროს გადავუხდიდი. მან ჩაიხითხითა და მითხრა, რომ მოუსვლელში გამგზავნიდა.
მოსმენილით გაოცებულმა კაპანაძემ ბუმბერაზს ჰკითხა:
– ნუთუ მას არ ეშინოდა, რომ „მურის“ ინკასაციის ისტორიას გათქვამდი?
– არანაირად. ეს საქმე ისე იყო გაკეთებული, რომ ის ნაძირალა იქ არ ჩანდა, თანაც, არც მე მაწყობდა ამ ამბის ამოწევა, რადგან დანარჩენების მოწამვლას მე შემტენიდნენ და დახვრეტა არ ამცდებოდა. მოკლედ, სროკი მოვიხადე, რვა წელი „ოტ ზვანკა დო ზვანკა” ვიჯექი და გამოსვლისთანავე იმ ნაძირლის ძებნას შევუდექი, რომელიც თბილისში აღმოვაჩინე. მერე რაც მოხდა, ეს უკვე ჩემზე უკეთ იცით, – თქვა ბუმბერაზმა და ჯერ წამოწითლდა, მერე პირზე აიფარა ხელი და ღრმად ჩაისუნთქა, რომ არ დაეხველებინა, თან მარილიანი წყალი დააყოლა. სული რომ მოითქვა, ლაპარაკი განაგრძო – 450 ათასი მანეთი იმ ნაძირალას ხელუხლებლად ჰქონდა სახლში შენახული და ახლა ის ფული მე მაქვს საიმედოდ გადანახული. მე, ალბათ, დღეს ან ხვალ მოვკვდები და ვერ მოვასწარი, რომ ეს ფული ჩემი და-ძმისთვის მიმეცა. სხვა გზა არ მაქვს და თქვენ გეტყვით, სადაცაა შენახული, შემდეგ კი თავადვე გადაწყვიტეთ, რა უყოთ. თუ სახელმწიფოს არ დაუბრუნებთ, მაშინ სამ ნაწილად გაყავით და ერთი წილი ჩემს და-ძმასაც მიეცით – თითოეულს 150 ათასი გერგებათ, ეს კი დიდი თანხაა...
რამდენიმე წუთის შემდეგ იოსებ ვაშაყმაძეს საშინელი ხველა აუტყდა, თხუთმეტ წუთში კი მან სისხლის კოლტები ამოაღებინა. კაპანაძემ მთავარ ექიმს უხმო. მედპერსონალმა ყველა საჭირო, მანიპულაცია ჩაუტარა და თითქმის საიქიოს კარზე მისული ბუმბერაზი უკან მოაბრუნეს. მიუხედავად იმისა, რომ იოსებ ვაშაყმაძის გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა, იგი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ კი, რომელსაც მას ტუბდისპანსერში მილიციის ზედამხედველობით უტარებდნენ, ვაშაყმაძე გაიქცა, ხოლო ექვსი თვის შემდეგ ყოფილი მაიორი კაპანაძე და ბუმბერაზი ბაჰამის კუნძულებზე, სპეციალურ პანსიონატში ცხოვრობდნენ, სადაც მსოფლიოში ცნობილი ტუბცენტრი მდებარეობს.
ნიკა ლაშაური