როგორ ავიცილოთ ანგინა და რას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა ლარინგიტის დროს
ანგინა ხახის ტონზილების მწვავე ანთებაა. მისი გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად არის A ტიპის B ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. თუმცა, შეიძლება, ხახის ნაცხში ბევრი სხვა მიკრობიც შეიჭრას, მათ შორის: სტაფილოკოკი, სოკო, ნაწლავის ჩხირი, ვირუსები და ასე შემდეგ.
ანგინები, განვითარების, კლინიკური ნიშნებისა და სიმძიმის მიხედვით, სხვადასხვა ტიპისაა, თუმცა ჩივილები კლინიკურად თითქმის ერთნაირად გამოვლინდება ხოლმე. ეს კი არის, ყელის ძლიერი ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ყლაპვის გაძნელება, საერთო სისუსტე; ამ დროს ხშირად იჩენს თავს ზოგადი ინტოქსიკაციის გამოვლინებები, ასევე, უძილობა, მადის დაკარგვა, სახსრების ტკივილი და ასე შემდეგ.
ანგინის მკურნალობის მეთოდები ინდივიდუალურია, თუმცა, ყველა შემთხვევაში აუცილებელია ანტიბიოტიკები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ადგილობრივი ზემოქმედების საშუალებები, მაგალითად: სავლებები, აეროზოლები, საწუწნი ამბები, ამოსაწმენდი ხსნარები და სხვა. ასევე, საჭიროა სიმპტომური მკურნალობა, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატების მიღება.
რაც შეეხება პროფილაქტიკას, ამ დროს უნდა მოერიდოთ დაავადებული ადამიანისგან ინფიცირებას. ბევრ ადამიანს სუსტი იმუნიტეტი აქვს და ანგინით ხშირად ავადდება. სასურველია, მათ იმუნოსტიმულატორები მიიღონ და ამით ორგანიზმის იმუნიტეტი გააძლიერონ.
ლარინგიტი ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის, ძირითადად ზემო სასუნთქი გზების მწვავე ანთების შედეგად ვითარდება. მისი გამომწვევი მიზეზებია: ინფექცია, ვირუსი, მტვერი, სიგარეტის კვამლი.
ასევე, ლარინგიტი, შესაძლოა, გამოიწვიოს ხმის დაძაბვამ, ნერვიულობამ, სტრესმა და გადაღლამ. ამ დროს აღინიშნება ხმის ჩახლეჩა, უსიამოვნო შეგრძნება ყლაპვის დროს, მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება. მკურნალობა, ძირითადად, აეროზოლებითა და ინჰალაციით ხდება. ამ დროს, ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიეტასა და ცხოვრების რეჟიმს. აუცილებელია ხმის დაზოგვა, სიგარეტსა და ალკოჰოლზე უარის თქმა, უნდა მოერიდოთ ტკბილეულს, გაზიან სასმელებსა და ცივი საკვების მიღებას.