ჯანმრთელობის რა პრობლემაზე მიუთითებს თმის ცვენა და როგორ დავამარცხოთ ის
ადამიანი ყოველდღიურად კარგავს 40-100 თმის ღერს და ეს ნორმალური მდგომარეობაა, მაგრამ თუ შეამჩნევთ, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი თმა გცვივათ, ეს უკვე პრობლემაა და სათანადო ყურადღებას მოითხოვს. პრობლემა ერთბაშად არ ჩნდება, ის თანდათანობით იჩენს თავს. ყველაფერი კი იმით იწყება, რომ ადამიანი უფრო და უფრო ხშირად ამჩნევს ბალიშზე თმების საკმაო რაოდენობას. თუ თმის ცვენას სათანადოდ არ შევაფასებთ და შესაბამის ზომებს არ მივიღებთ, შესაძლოა, ბუდობრივ გამელოტებამდე მივიდეთ. პრობლემის შესახებ ვესაუბრეთ ტრიქოლოგ ტატო ნიკურაძეს.
– რამ შეიძლება, გამოიწვიოს თმის ცვენა?
– თმის ცვენა უმრავლეს შემთხვევაში ბუნებრივი პროცესია და ბევრმა ჩვენგანმა შეიძლება, არც აღიქვას საფრთხის მომასწავებლად. მაგრამ, რეალურად, ის მრავალი პათოლოგიური პროცესის საწყისი ეტაპი შეიძლება, იყოს. ფიზიკური პრობლემის გარდა, გამელოტება შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემის მიზეზიც გახდეს. ამიტომ, მისი თავიდან არიდება საკმაოდ პრობლემატურ საკითხად რჩება. თმის ცვენის მიზეზები მრავალგვარია, შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ერთდროულად აღინიშნებოდეს. თმების მდგომარეობა, მათი ელასტიკურობა, ბზინვარება და მოცულობა ორგანიზმის ჯანმრთელობის „სარკეა“. თმის ცვენის განვითარებაში გარკვეული როლი აქვს გენეტიკურ წინასწარგანწყობას, ჰორმონულ დარღვევებს, ორგანიზმის ზოგადი იმუნიტეტის დაქვეითებას, თავის კანის სხვადასხვა დაავადებას, თავის კანის და თმის ფესვების სისხლმომარაგების მოშლას. ის შეიძლება, შინაგანი ორგანოების მრავალი პათოლოგიის დროსაც განვითარდეს, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, რკინადეფიციტური ანემია, ჰეპატოპათიები და სხვა. თმის ცვენა მოსალოდნელია ზოგიერთი სამკურნალო ჩარევის შემდეგ. მაგალითად, ჰორმონალური პრეპარატების მიღება, ქიმიოთერაპია, ქირურგიული ოპერაცია ზოგადი ნარკოზით ხშირად იწვევს დროებით თმის ცვენას. პრობლემა ხშირია ორსულობის და მშობიარობის შემდეგაც და უკავშირდება ამ პერიოდში ჰორმონული ბალანსის ცვლილებას. თმის ცვენას ხშირად იწვევს ისეთი გარეგანი ფაქტორების ზემოქმედება, როგორიცაა თმის შეღებვა, ქიმიური დახვევა, თმის უთოს გამოყენება, ეკოლოგიური ფაქტორები. კიდევ ერთი ხშირი გამომწვევია არასწორი კვება და ცხოვრების დაძაბული რიტმი. გამუდმებული სტრესები, ნევროზული მდგომარეობა, ვიტამინებით არასაკმარისად გაჯერებული საკვები ორგანიზმის საერთო მდგომარეობას ასუსტებს და ამგვარად ხელს უწყობს თმის ცვენას.
– როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან თმის ცვენის ხასიათი?
– თმის ცვენის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ დროებით თმის ცვენას და პათოლოგიურს – გამელოტება, ალოპეცია. თუ თმის ცვენას მხოლოდ დროებითი ხასიათი აქვს, თმის ფოლიკული არ კვდება. ამიტომ, თუ დროულად დავიწყებთ მკურნალობას, ხშირ შემთხვევაში აღდგება თმის ზრდა. პათოლოგიური თმის ცვენის დროს მდგომარეობა გაცილებით სერიოზულადაა და პრობლემის წარმატებით გადასაწყვეტად აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. კაცებს ქალებზე ხშირად აწუხებთ ეს პრობლემა. მამაკაცებში ალოპეცია ყველაზე ხშირად აზიანებს შუბლის და საფეთქლების მონაკვეთს. მამაკაცებში თმის ცვენის მიზეზი უპირატესად გენეტიკურია, მაგრამ ამასთან ერთად დიდი როლი აქვს არასწორ კვებასაც. ძლიერი თმებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ორგანიზმში B ვიტამინის საკმარისი მიწოდება. აღსანიშნავია, რომ სიგარეტის მოწევა ხელს უშლის ორგანიზმის მიერ ვიტამინების ათვისებას. თმის ცვენაზე გავლენას ახდენს გარემოს ტემპერატურის ცვლილება – როგორც მომატება ასევე კლება. ამიტომ, სასურველია, შესაბამისი თავსაბურავის ტარება. ქალებში თმის ცვენის პროვოცირებას ხშირად იწვევს ჰორმონული ძვრები. ცნობილია, რომ ქალის ჰორმონი – ესტროგენი ზრდის თმის სიცოცხლის ციკლს, ხოლო მამაკაცური ჰორმონი ანდროგენი, პირიქით, ამცირებს მას. ქალის ორგანიზმში ეს ჰორმონები წონასწორობაშია. თუმცა, ჰორმონული სტრესების დროს, როგორიცაა მშობიარობა, მენოპაუზა, ჰორმონული პრეპარატების მიღება და სხვა, ეს ბალანსი ირღვევა. ორგანიზმში ესტროგენის რაოდენობა იკლებს, რის შედეგადაც იწყება თმის ცვენა.
– როგორია მკურნალობა პათოლოგიური თმის ცვენისას?
– დროებითი თმის ცვენა და გამელოტება განსხვავებულ მიდგომას და მკურნალობას საჭიროებს. ყველა სახის მკურნალობაში უდიდესი შეცდომაა სიმპტომების მოსპობა. სიმპტომები მხოლოდ დაავადებაზე მიუთითებს და დაავადების მიზეზის კვლევის საშუალებაა. იგივე შეიძლება, ითქვას თმის ცვენის მკურნალობაზეც. მთავარია, აღმოვაჩინოთ მიზეზი. სირთულეა, რომ თმის ცვენა იწყება ორგანიზმის მიერ გადატანილი სტრესიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ამიტომ საკმაოდ რთულია, ეს პრობლემა მივუსადაგოთ, ადამიანის ცხოვრებაში არსებულ რაიმე ფსიქოლოგიური სტრესს თუ ჯანმრთელობის პრობლემას. თუმცა, მიზეზის მოძიება აუცილებელია. მაგალითად, ორგანიზმისთვის ასეთი სტრესი შეიძლება, იყოს გარკვეული მედიკამენტების მიღება. ამ მიზეზის აღმოსაფხვრელად საჭიროა, ექიმთან კონსულტაცია, რათა დანიშნული პრეპარატები მოხსნას ან სხვებით შეცვალოს. შესაძლებელია, ისეთი შემთხვევაც, როდესაც თმის ცვენა იწყება რაიმე დაავადების გადატანის შემდეგ. ამ დროს, სანამ დაიწყებთ უშუალოდ თმის ცვენის მკურნალობას, ჯერ უნდა აღადგინოთ შესუსტებული იმუნიტეტი. თუკი აღინიშნება თავის კანის დაავადება, რამდენი მკვებავი ნიღაბიც არ უნდა გამოიყენოთ, პროცესი არ შეჩერდება, სანამ დაავადებას არ განკურნავთ. თუ ზამთარში მძიმე ქუდს ხმარობთ შეიძლება, დაირღვეს თმის ძირების სისხლმომარაგება. ამიტომ, ქუდი უნდა შეცვალოთ უფრო მსუბუქით და უკეთეს შემთხვევაში კაპიუშონით.
– როგორ ხდება დაკარგული თმის აღდგენა, პროცესის შეჩერების შემდეგ?
– თმის ცვენის მიზეზის მოსპობის შემდეგ, უკვე შეიძლება და აუცილებელიცაა თმის ზრდის აღდგენა. ამისათვის რამდენიმე გზა არსებობს. ერთ-ერთია თავის კანის მასაჟი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. თმის ფოლიკულს სისხლით მიეწოდება საკვები ნივთიერებები და ვიტამინები. თავის დაბანის დროს ჩაიტარეთ მასაჟი თითებით, ხოლო ყოველღამე, ძილის წინ, თმები დაივარცხნეთ სპეციალური ჯაგრისით რამდენიმე წუთის განმავლობაში. თმის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, შესაძლებელია, გამოიყენოთ სპეციალური ნიღბები. ზოგიერთი მათგანი გაკეთებულია რძემჟავა პროდუქტებით, რომლებიც მდიდარია B ვიტამინით, რაც აუცილებელია თმების ნორმალური ზრდისთვის. ამავე მიზნით, რეკომენდებულია თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნები. კოსმეტოლოგიური ფირმები გვთავაზობენ ამ ტიპის შამპუნებისა და ბალზამების დიდ არჩევანს. არ არის სასურველი სველი თმის დავარცხნა, ასევე ფენისა და თმის უთოს გამოყენება. მიზნის მისაღწევად აუცილებელია სწორი კვება. უნდა მიირთვათ B და C ვიტამინებით მდიდარი საკვები, მაგალითად, კივი, ციტრუსები, კურდღლისა და ბატკნის ხორცი. თუ თმის ცვენის მიზეზი ქალის ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული ცვლილებებია, როგორიცაა მშობიარობა და მენოპაუზა, მხოლოდ და მხოლოდ უნდა დავიცადოთ, სანამ ორგანიზმი აღიდგენს ბუნებრივ ჰორმონულ ფონს. მანამდე კი სასურველია, ზემოთ აღწერილი პროცედურების ჩატარება, რათა მაქსიმალურად შევამციროთ თმის ცვენა.
– როგორ მოვიქცეთ თუ თმის ცვენას შევამჩნევთ?
– თუ თმის ცვენას პათოლოგიური ხასიათი აქვს, ანუ იწყება გამელოტება, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მიმართოთ სპეციალურ კლინიკებს. იმისათვის, რომ გაარკვიოს გამელოტების მიზეზი, ტრიქოლოგი დანიშნავს გარკვეულ ანალიზებს, მათ შორის სისხლის გამოკვლევას ჰორმონებზე, სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს, ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას, თმის სპექტრულ და მიკროსკოპულ ანალიზებს. ანალიზების პასუხების საფუძველზე, ექიმი დაგინიშნავთ კომპლექსურ მკურნალობას. ხშირად თმის ცვენის პრობლემა წყდება გადანერგვის ოპერაციის გარეშე. აუცილებელია, დროულად მიმართოთ ექიმს და მკაცრად დაიცვათ მისი მითითებები. კლინიკური მკურნალობის პარალელურად, თქვენ შეგიძლიათ, მიმართოთ მკვებავ ნიღბებს, თვითმასაჟს, სწორად იკვებოთ და თავი აარიდოთ ცხოვრებისეულ სტრესებს.