კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იმუშავეს ნახევარი საათი შემოქმედებითად ჩუბიკამ და პიერ კარდენმა

მასზე ხშირად ამბობენ, რომ გენიოსია. ის არ ქმნის სამოსს, მისი დიზაინი მხატვრობაა – სხეულზე გადმოტანილი ნაფიქრი... არ ვიცი, რამდენად ზუსტად ხვდებიან ნინო ჩუბინიშვილის – ჩუბიკას შემფასებლები მის გენიალურობას, მისი ნიჭის მასშტაბებს, მაგრამ ნამდვილი გენიოსი ნამდვილად მიხვდა ამას. რამდენიმე დღის წინ, ჩუბიკა პიერ კარდენს შეხვდა, რომელმაც მისი ნამუშევრების ნახვის შემდეგ, თავად გამოთქვა, დიზაინერის გაცნობის სურვილი.

ნინო ჩუბინიშვილი: ქართული თეატრალური ხელოვნების დღეები იყო პარიზში. გამოფენები პიერ კარდენის ცენტრში მოეწყო, სადაც ჩემი ორი კაბაც გამოიტანეს. ამ საგამოფენო სივრცეში გამოფენილი იყო სოლიკო ვირსალაძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, მურაზ მურვანიძე და სხვა თეატრალური მხატვრები. რადგან თეატრთან საქმე მქონდა, პროფესიით თეატრის მხატვარი ვარ და თან, ეს კაბებიც რაღაც მხრივ თეატრალურებია, შემომთავაზეს პარიზში გამომეფინა. ეს მოდა ერთმნიშვნელოვნად არ არის. როგორც გადმოცემით ვიცი, პიერ კარდენმა დაათვალიერა გამოფენა, ძალიან ბევრი რაღაც მოეწონა და მათ შორის ჩემი კაბებიც. მათთან გაჩერებულა, აღფრთოვანება გამოუხატავს და უკითხავს ვისიაო. კულტურის სამინისტრომ გადმომცა ეს ინფორმაცია და შემდეგ უკვე ძალიან დამეხმარა, რომ პიერ კარდენს შევხვედროდი და მისთვის უშუალოდ მეჩვენებინა ჩემი ნამუშევრები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პიერ კარდენთან შეხვედრა, მისი შეფასებების მოსმენა, რადგან პროფესიონალურად ამაზე მაღალი რანგის შემფასებელს მართლა ვერ ნახავ, გენიოსია, რომელმაც ეპოქა შექმნა. ორმოცდაათიან წლებში იწინასწარმეტყველა ის, რაც მომდევნო სამოცი წელი დიზაინშია – იქნება ეს სამოსის დიზაინი, არქიტექტურა, ინტერიერი თუ სხვა.

– როგორი იყო თვითონ შეხვედრა?

– გავემგზავრე პარიზში. ძალიან დაგვეხმარა საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობა. მართლა ურთულესია ამ ადამიანთან მოხვედრა. ფრანგს რომ ჰკითხოთ, მისთვის უფრო გაუგებარია, როგორ შეიძლება, ასე სპონტანურად, მსგავსი რანგის ადამიანთან მოხვდე. ჩვენ უფრო მიჩვეულები ვართ, რომ სასწაულები ხდება. შეიძლება, ვიღაცას სახლში პიკასო ეკიდოს. იქ ასე რომ არ ხდება ყველაფერი იმდენად ლოგიკური და ეტაპობრივია, რომ მსგავსი საჩუქრები ცხოვრებისგან ძალიან ძნელად მოდის. რთული მისაღწევია ყველაფერი. ერთი სიტყვით ჩავედი და შევხვდი. ეს არის არაჩვეულებრივი ბაბუა. ასეთი მომხიბლავი ადამიანი საერთოდ არ მინახავს. არის უკეთილშობილესი, უჭკვიანესი დღესაც, როდესაც ოთხმოცს გადაცილებულია. უშუალო ადამიანი, რომელთანაც კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ იქმნება, მას უკვე ყველაფერი აქვს ცხოვრებისგან მიღებული – ფაქტობრივად, მოდის მაიკლ ჯექსონია, და შენგან აღარაფერი სჭირდება. ყველა ამბიცია დაკმაყოფილებული აქვს და ერთადერთი, რაც უნდა, ეს უშუალო კონტაქტია. ამიტომ, ურჩევნია, მარტივი ურთიერთობები.

– რაზე ისაუბრეთ?

– დავათვალიერებინე ჩემი ნამუშევრები. არ მინდა, საკუთარი თავის ქება და კომპლიმენტები გამომივიდეს, მაგრამ ერთს გეტყვით, მსგავსი კომპლიმენტი არასდროს არავისგან მიმიღია. ამ თხუთმეტწლიანი მუშაობის განმავლობაში მართლა მილიონი აღფრთოვანებული შეფასება მომისმენია. მაგრამ, იმ ადამიანის შეფასებაში მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ვიცოდი, ზუსტად ხედავდა იმას, რა იყო კარგი. ეს არ გახლდათ ქართული ვარიანტი, იოლად რომ ვარიგებთ გენიოსის ეპითეტებს. არა! ეს იყო ზუსტი შეფასება იმისა, რასაც ხედავდა. და, მე მისგან უმაღლესი შეფასება მივიღე. ჩემს ცხოვრებაში ამაზე მაგარი სიტყვები არ მომისმენია.

– იყავი ამაყი, ცოტა მაინც.

– უფრო, ბედნიერი ვიყავი. მთავარი და ყველაზე მაგარი ის იყო, რომ დავიწყეთ უბრალოდ საუბარი და მსჯელობა იმაზე თუ რა შეიძლება, აქედან გაკეთდეს. ჩემი ნამუშევრებიდან მას იდეები გაუჩნდა. ანუ, მე და პიერ კარდენმა ნახევარი საათი ერთად ვიმუშავეთ შემოქმედებითად. ეს იყო, უბრალოდ, ფანტასტიკა, ყველანაირ კომპლიმენტზე მეტი.

– რა გქონდა წაღებული, რა აჩვენე?

– ჩემი ტყავის კაბები, რომლებიც ადრეც მქონდა და ახლაც გავაკეთე. თბილისის მოდის კვირეულზე რაც მქონდა გამოტანილი, იქიდან რაღაცეები ვაჩვენე. ორი წიგნია ჩემი გრაფიკით გაფორმებული და ისინიც ვაჩვენე. აბსოლუტურად აღფრთოვანებული იყო. დაუძახა მთელ სახლს, ყველა შემოვიდა და ამბობდნენ, რომ ეს არის საოცრებაო. მოკლედ, სრული სიგიჟე ხდებოდა ჩემ გარშემო. შემოქმედებითმა მუშაობამ ძალიან დიდი სტიმული მომცა. ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი შეხვედრა იყო. თან, ყველაზე კარგი რა არის იცით, შემოქმედებითი მუშაობა ხომ უმარტივესი ენაა, იქ გავიწყდება, რომ ის პიერ კარდენია და შენ ვიღაცა ხარ. ბავშვებივით ხდებით და ისეთი ურთიერთობა ყალიბდება, როგორც ბავშვები „პასკა-პასკას” რომ აკეთებენ. ამიტომ, მინდა, თამამად ვთქვა, რომ ამ ადამიანთან დავმეგობრდი.

– რამე კონკრეტული წინადადება იყო?

– არა, კონკრეტულზე არაფერზე ყოფილა საუბარი. ჯერ ერთი, ეს ძალიან ადრეა. იქ ასე უცებ არაფერი ხდება. უბრალოდ, ეს იყო არაჩვეულებრივი კონტაქტი ჩემთვის. მომავალში შეიძლება შევხვდე, შეიძლება არც შევხვდე, არ ვიცი.

– ეს გამოიწვევს თუ არა შენ შემოქმედებით გააქტიურებას, რადგან მაინც იშვიათად ჩნდები.

– მე რეალურად ძალიან ბევრს ვმუშაობ. ჩემი პრობლემა ტრივიალურია, რომელიც ყველა დიზაინერს, ყველა ადამიანს აქვს ამ ქვეყანაში და მსოფლიოში. ეს არის პირობები. არ მაქვს არც ჩემი მაღაზია, არც სახელოსნო. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ არ ვმუშაობ, ქრონიკულად ვმუშაობ. არ არის მომენტი, თუნდაც მეგობართან უბრალოდ საუბრის დრო, რომ არ ვმუშაობდე. ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, სტიმული იქნება.

– ვინ არის კიდევ შენთვის ასეთივე გენიოსი?

– ივ სენ ლორანი, კოკო შანელი. ახლებიდან, ჩემი აზრით, მაკქუინი იყო ნამდვილი გენიოსი, რომელიც არც კი ვიცი, ვის შევადარო. ის დიზაინზე ბევრად მაღლა იდგა – პოეტი იყო თუ რაღაც ამდაგვარი, ნამდვილი საოცრება, რომელმაც ძალიან ცუდად დაასრულა ცხოვრება. საოცარი მიგნებები აქვს ჰუსეინ ჩალაიანს, ასევე კომ დე გაღსონს და იოჯი იამამოტოს. ვიღაცეები, ნამდვილ მოდას რომ ქმნიან და მომწონს, ჭკვიანურ რაღაცეებს აკეთებენ. მაგალითად, მარჯიელა, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს გენიარულია.

– შენი პერფორმანსებიც ძალიან შორს არის მოდისგან.

– ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე გენიალურს ვაკეთებ, მაგრამ ნამდვილად ამ მიმართულებით მივდივარ. ეს არის ჩემი ბუნება. გარემო სულ პირიქით გელაპარაკება და გეუბნება, რომ ეს ყველაფერი არ არის კომერციული, ფულს ვერ მოგიტანს, პოპულარულს ვერ გაგხდის. ასე იჯდები და ვერაფერს გააკეთებ... მაგრამ, ამასთან ვარ კომფორტული, სხვანაირად არ შემიძლია.

– ნოემბერში, როგორც ვიცი, თბილისის მოდის კვირეულზე ისევ გამოდიხართ და ეჭვი მაქვს, არც ის ჩვენება იქნება გაზაფხული-ზაფხულის.

– რა თქმა უნდა, არ იქნება. არ ვიცი, ზუსტად რას გავაკეთებთ. ვგეგმავთ, რომ ისევ პერფორმანსით მივიღოთ კვირეულში მონაწილეობა. მე, ჩემი და, ტუსია ბერიძე და ნიკა მაჩაიძე ვმუშაობთ ერთად. მაგრამ: რა იქნება, ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა.


скачать dle 11.3