როგორ აღმოჩნდა პარიზში რობერტო კავალის იუბილეზე თაკო ჩხეიძე
წარმატებული და საქმიანი თაკო ჩხეიძე, რომელიც ამჟამად „თბილისის ფეშენ-ვიქის“ საქმეებშია აქტიურად ჩაფლული, ახლახან ჩამოვიდა პარიზიდან, ის დაესწრო პარიზის მოდის კვირეულს, რობერტო კავალის იუბილეზეც იმყოფებოდა და საქმიანი შეხვედრებიც ჰქონდა.
– ჩამოხვედი თბილისში და ბევრი საქმე დაგხვდა, მით უმეტეს, რომ თბილისის მოდის კვირეულისთვის ემზადებით...
– დიახ, თბილისის მოდის კვირეული გაიმართება 20 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით და დიდ მზადებაში ვართ – საორგანიზაციო საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი და მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებთ. ცოტა ხნით ვიყავი საქართველოდან წასული, ახლახან დავბრუნდი თბილისში და მალე ისევ მიწევს გამგზავრება. ასე რომ, სულ გადაფრენა-გადმოფრენაში ვარ.
– ეს უკვე შენი ცხოვრების ჩვეული სტილია.
– სულ წასვლა-ჩამოსვლაში ვარ და მომწონს ცხოვრების ასეთი სტილი. იმდენად აქტიურად ვარ ჩართული მოდის სფეროში, თანაც, დიდი ხანია, რომ ვეღარ წარმომიდგენია სხვანაირად ჩემი თავი. რაც მთავარია, ვემსახურები იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელიც კარგად ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ეს გარემო ჩემთვის უცხო არ არის.
– მომიყევი პარიზის მოდის კვირეულის შესახებ.
– სექტემბერში ვიყავი პარიზის მოდის კვირეულზე და ეს არ იყო ჩემთვის პირველი, რადგან, როგორც მოდელს, ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ახლა სტუმრის სტატუსით ვიყავი წასული. პარიზის მოდის კვირეული – ეს არის ჩვეულებრივი მუშაობის პროცესი. ძალიან საინტერესო კურიოზიც შემემთხვა: სულ სხვა საქმეზე ვიყავი წასული და სამოდელო სააგენტო „ა-ემ-ჯიმ“, რომელთანაც 13 წლის წინ ვთანამშრომლობდი ნიუ-იორკში, კონტრაქტი დამიდო. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან საერთოდ აღარ მიფიქრია მოდელობაზე და სულ სხვა საკითხზე ვიყავი ჩასული. სააგენტო „ა-ემ-ჯისთან“ დიდი ხანია ვკონტაქტობ, ამჟამად ჩემს სააგენტოსთან დაკავშირებით მაქვს ურთიერთობა, მაგრამ მათ შემომთავაზეს ძალიან საინტერესო წინადადება (რაზეც ცოტა მერე ვისაუბრებ) და წასვლა მომიწევს. ასე რომ, სამოდელო საქმეს ისევ ვუბრუნდები. რაც შეეხება პარიზის მოდის კვირეულს, დავესწარი ძალიან საინტერესო ჩვენებებს. პარიზში თამუნა ინგოროყვაც ჩამოვიდა და ვიყავით ბევრ შეხვედრაზე, ბევრი საქმე გავაკეთეთ თბილისის მოდის კვირეულისთვის, ბევრ ადამიანს ვიწვევთ თბილისში. დავესწარი რობერტო კავალის სამოდელო სფეროში მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს, რომელიც ძალიან პომპეზურად აღნიშნეს მილანსა და პარიზში. მე პარიზში ვიყავი და ძალიან შთამბეჭდავი იყო.
თავად „ფეშენ-ვიქი“ არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთ ადგილზე გაჩერდე, ამიტომ მუდმივად ახალი კონტაქტების, სიახლეების ძიებაში ვარ როგორც სამოდელო სააგენტოს მფლობელი, „ფეშენ-ვიქის“ ორგანიზატორი, მოდელი – მოკლედ, ძალიან ბევრ ფლანგზე მიწევს მუშაობა. მინდა, საქართველო მოდის კუთხით ვაჩვენოთ უცხოელებს. წინა „ფეშენ ვიქზე“ მოწვეული გვყავდა ძალიან ცნობილი ფრანგული კომპანია, „ლე კლერეს“ ძალიან სერიოზული ბაიერი, რომელსაც პარიზში შევხვდი და ის ახლაც აპირებს ჩამოსვლას, ანუ, ახლაც ვაპირებთ ასეთი ხალხის ჩამოყვანას. ვიზიარებთ რჩევებს, კრიტიკას, შევეცდებით, შეცდომები გამოვასწოროთ და, რაც მთავარია, თბილისს ლამაზ კვირეულს ვპირდებით.
– როგორ აღნიშნა რობერტო კავალიმ იუბილე?
– რობერტო კავალის კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს. როგორც იცით, წინა „ფეშენ ვიქზე“ ის სტუმრის სტატუსით იყო მოწვეული და თავისი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად თბილისშიც იმყოფებოდა. ეს იყო ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი ეტაპი. იქ ჩემთვის ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. თუ ვინმე ცნობილი ტოპ-მოდელი ან „სელებრითი“ არსებობს, ყველა, წვეულებაზე იყო, რომელიც სამხატვრო აკადემიაში გაიმართა. ძალიან საინტერესო და გრანდიოზული სანახაობა იყო. კავალი თვითონაც იმყოფებოდა იუბილეზე. ყველაფერი ორიგინალური, განსაკუთრებული იყო: დაცვა, ლიმუზინები, გადაღებები... ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული სამყარო. ასეთ წვეულებაზე ბევრჯერ ვყოფილვარ და მიმუშავია კიდეც, მართლა აბსოლუტურად სხვა სამყაროა, სხვა განზომილება თავისი პლუსებით და მინუსებით. მე სამი წელი ვმუშაობდი საათების კომპანია „ზენიტთან“ – მათი ახალი საათების სახე ვიყავი. ისინი ყოველ წელს ატარებდნენ შვეიცარიაში ახალი საათების პრეზენტაციას, დიდ გალა-ჩვენებას. ერთ-ერთი მოეწყო ჟენევაში, დახურულ, აკადემიურ, საოცრად ლამაზ ადგილას, დიდი დადგმით. მე ვიყავი მთავარი სახე და იქ ყველაფერი ძალიან საოცარი იყო. შვეიცარიაში „ვესტვუდის“ ჩვენებაზეც და, პარიზის „ფეშენ-ვიქზეც“ რომ ვმონაწილეობდი როგორც მოდელი, ყველაფერი საოცრად ლამაზი და საინტერესო იყო.
– რობერტო კავალის იუბილეზე ქართველი დიზაინერი ჯაბა დიასამიძეც იყო.
– დიახ და, თანაც, მე მისი კაბა მეცვა, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. იუბილეზე პრესის ძალიან ბევრი წარმომადგენელი იყო მოსული, ინგლისურმა ჟურნალებმა გადამიღეს ფოტოები და ყოველთვის სიამოვნებით ვამბობდი, რომ მეცვა ქართველი დიზაინერის, ჯაბა დიასამიძის კაბა. რადგან ჩემი მეუღლე ელჩია უცხოეთში ხშირად მიწევს წვეულებებზე სიარული როგორც მოდის მხრივ, ასევე, ოფიციალურ შეხვედრებზე და ხშირად მაცვია ქართველი დიზაინერების სამოსი. ამ დროს ძალიან ამაყი ვარ, ხშირად ვიღებ კომპლიმენტებს და სულ ვპასუხობ, რომ ის ქართველ დიზაინერს ეკუთვნის, ანუ ვცდილობ, მათ პოპულარიზაცია გავუწიო და ძალიან გამიხარდება, თუ ქართველი დიზაინერის სამოსი შემხვდება უცხოეთში. წინა „ფეშენ-ვიქზე“ გიორგი შაღაშვილი იღებდა მონაწილეობას, ახლა ის დანიაში მოღვაწეობს და მონაწილეობა მიიღო კოპენჰაგენის „ფეშენ-ვიქის“ „შოუ-რუმში“. დაკვეთები მიიღო ძალიან ბევრი სერიოზული ბაიერისგან და ახალი წლიდან ბევრ ტოპ-მაღაზიაში გაიყიდება მისი სამოსი. ძალიან მიხარია, რომ თბილისის „ფეშენ-ვიქი“ ქართველი დიზაინერებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
– შენ თქვი, რომ პარიზში, როგორც მოდელს, მუშაობა შემოგთავაზეს.
– დიახ, „ა-ემ-ჯიში“ სულ სხვა რაღაცაზე მივედი და, უცებ, ფოტოგადაღება, ქასთინგი დამინიშნეს, მოკლედ, სერიოზული წინადადებები მაქვს. ვინც მუშაობა შემომთავაზა, ის ძალიან ცნობილი აგენტია და მას ვუთხარი, უკვე დავბერდი ამ საქმისთვის-მეთქი. არაო, პირიქით, შენნაირი ტიპაჟი გვჭირდებაო, მითხრა. რომ ჩავედი და გადაღება დამინიშნეს, ქასთინგზე ვიყავი. გამახსენდა ბავშვობა, „ბუქით“ ხელში რომ დავდიოდი ქასთინგებზე, ძველი დრო დამიტრიალდა თვალწინ, რაც ძალიან სასიამოვნო იყო, თუმცა, ვერ ვიტანდი. მოკლედ, რაღაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, მაგრამ ამჟამად მხოლოდ თბილისის მოდის კვირეულით ვარ დაკავებული, მერე კი უკვე განვიხილავ ჩემს საქმეებს, რომელიც ჯერჯერობით მეორე პლანზე გადავდე.
– ასეთი მოულოდნელი რაღაცეები ხშირად ხდება შენს ცხოვრებაში?
– ვერასდროს ვერაფერს წინასწარ ვერ ვგეგმავ, აზრი არ აქვს, რადგან ყველაფერი სპონტანურად ხდება – წავალ სადღაც და სულ სხვაგან აღმოვჩნდები. სულ მიკვირს და მშურს, უცხოელები რომ გეგმავენ ყველაფერს წინასწარ, მაგალითად, მარტში, 25-დან 29-მდე, იქ მივდივარო. სულ არ ვიცი, ამ დროს სად ვიქნები.