ქალისპროფილიანი პალტოები – სამოსი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ
ის იყო პირველი, ვინც მსოფლიო, უფრო სწორად, მოდური მსოფლიო, იაპონურ ფილოსოფიურ მოდაზე აალაპარაკა. არიან „ფერადი“, ლამაზი, „პაპსა“ დიზაინერები, რომლებსაც პოდიუმზე გემრიელი, ოდნავ ხორციანი, გარუჯული მოდელები გამოჰყავთ. არსებობს ინტელექტუალური მოდა გეომეტრიული შტრიხებით, სადა, მაგრამ ძალიან რთული კონსტრუქციებით, ფერმკრთალი და სევდიანი სახით პოდიუმზე მძიმედ მოსიარულე მოდელები, რომლებიც მაკიაჟით ავადმყოფებს არიან დამსგავსებულნი და, არსებობს ფილოსოფიური მოდა, რომლის ფუძემდებლებიც აუცილებლად იაპონელები არიან და მათი ყველაზე კაშკაშა, მაგრამ უკვე კარგად გაჭაღარავებული სახე – იოჯი იამამოტოა.
გაირკვა, რომ იოჯი იამამოტოს მოდის სახლს გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს, ის გაკოტრების პირასაა და ამიტომ მან ნიუ-იორკის მაღაზია დახურა. მაგრამ ეს არ გამხდარა მიზეზი, რომ მას საუკეთესო კოლექციები არ წარმოედგინა მოდის კვირეულებზე. იამამოტო ყოველთვის ცნობილი იყო თავისი ავანგარდული სულით, რომელიც იოლად გადმოჰქონდა ტანსაცმელში; მისი წარმოდგენები საინტერესო იყო და არის მთელი მსოფლიოს მოდის კრიტიკოსებისთვის, მას ყოველთვის შეუძლია, არც ერთი მოდის ტენდენცია, არანაირი ტრენდი არ გაითვალისწინოს და ახალი კოლექცია ტენდენციური გახადოს. შავი – იამამოტოს ძირითადი ფერია, ის აქცენტს აკეთებს დრაპირებულ, დაპლისულ ქსოვილებზე და ხშირად ურევს მას სხვადასხვა ტექსტურაში. იოჯი იამამოტოს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა თანამშრომლობამ, როდესაც მისმა მეორე ხაზმა – „Y-მ“ და „ადიდასმა“ ერთობლივი სპორტული კოლექცია გამოუშვა. ამ სპორტული ხაზით შეიმოსა მთელი მსოფლიო – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და არანაკლებ პოპულარული იყო საქართველოში.
იამამოტოს 2010-2011 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ჩვეულ და საყვარელ შავ ფერშია გადაწყვეტილი. დიზაინერს ყურადღებაც კი არ მიუქცევია იმ ფაქტისთვის, რომ წელს საოცრად ტენდენციურია კანისფერი, კაკაოსფერი და მათი გრადაციები. არ იყო ადვილი გაყინული ადამიანების ყურადღების მიპყრობა, რომლებიც პლედების ბოლოებსაც კი ტანზე იხვევდნენ – იოჯიმ კოლექციის სანახავად მისულ სტუმრებს სიცივე დაახვედრა. მაგრამ დიზაინერმა აბსოლუტურად დააკმაყოფილა ყველას მოლოდინი – მან „გამოუშვა“ ულამაზესი კოლექცია, სამხედრო-საზღვაო სტილში, რომელიც შავსა და სპილოსძვლისფერში იყო გადაწყვეტილი.
პოდიუმზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ კონცეპტუალური მოდელები, თუმცა აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ კონცეპტუალურობისა და ფილოსოფიურობის გამო მათი ჩაცმულობა არ კნინდებოდა. პირიქით, კოლექცია თავიდან ბოლომდე გათვლილი იყო ჩვეულებრივ ქალბატონზე, რომელიც არ გიჟდება მაღალ მოდაზე, ძალიან მაღალ ქუსლებზე, ასე აქტუალურ ლეოპარდის ბეწვის ფერებზე და ურჩევნია, საინტერესო კონსტრუქციის, უცნაური, მაგრამ ძალიან კომფორტული კაბები და პალტოები ჩაიცვას. პალტოები მართლაც რომ, უნიკალური იყო. ქვემოთ ნაჩვენები ფოტოებიდან კიდევ ძნელია იმის აღქმა, რამდენად რთულად არის შეკერილი თითოეული მათგანი, როგორ ახერხებს სქელი შალი განიერი ქვედაბოლოსავით დგომას. ულამაზესი იყო პალტო, რომელსაც თითქოს დაპლისული ქვედაბოლო ჰქონდა მიკერებული, თანაც, თეძოს ქვემოთ. მამაკაცის პერანგები გადაქცეული იყო საოცრად რომანტიკულ კაბებად, ხოლო ნაქსოვი მამაკაცის ჟაკეტებს, ალბათ დაახლოებით ოთხი ზომით დიდს, იატაკზე მიახახუნებდნენ არცთუ დაბალი მოდელები. ჩვენების ბოლოს დიზაინერმა წარმოადგინა ულამაზესი ქალისპროფილიანი პალტოები, რომლის აღწერაც ძალიან რთული იქნება. როგორც ჩანს, გაკოტრების პირას მისულ დიზაინერს იუმორის გრძნობა მოწყენის საშუალებას არ აძლევს, ჩვენება მან შავი საქორწილო კაბით დაასრულა.
ანა სარალიძე