კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მშობლებს მეტი ჭკუა ჰმართებთ

ერთი ჩემი ნაცნობი გოგონას – ანას ისტორია უნდა გიამბოთ. შეიძლება, თვითონ ან მისმა მშობლებმა რომ წაიკითხონ ეს წერილი, ჩემზე გაბრაზდნენ კიდეც, მაგრამ, ამ ნაბიჯს იმიტომ ვდგამ, ჯერ ერთი, ანას ბედი მაღელვებს, მეორეც, იქნებ, დედამისი მაინც მოეგოს გონს, მიხედოს შვილს და თავი დაანებოს სულელურ პრინციპებს. არანაირი პრინციპი, არანაირი ტრადიციების დაცვა ან აკვიატებული – „ხალხი რას იტყვის“, არ ღირს შვილის სამუდამო უბედურებისთვის გასაწირავად და ამაზე ყველა მშობელი უნდა დაფიქრდეს.

ანა 17 წლის გოგოა. საავადმყოფოში გავიცანი. ერთ-ერთი რაიონიდან იყო. უმძიმეს მდგომარეობაში მოიყვანეს – ქმარმა ისე სცემა, რომ მუცელი მოეშალა. ხუთი თვის ფეხმძიმეს, გარდა იმისა, რომ ნაყოფი დაეღუპა, ცემისგან მთელი შიგნეულობა დაზიანებული ჰქონდა. ერთი თვე იწვა რეანიმაციაში, ერთი თვე კი – ჩვეულებრივ პალატაში და მთელი ამ ხნის განმავლობაში მის სანახავად არც დედ-მამა მოსულა და არც სხვა ვინმე ოჯახიდან. ქმარსა და მის ნათესავებზე აღარაფერს ვამბობ. ვიღაც შუახნის ქალმა მოიყვანა, მგონი, მეზობელმა, ის უთენებდა ღამეებსაც და ის იხდიდა ყველა ხარჯს. მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე, მეორედ იწვა საავადმყოფოში იმავე მიზეზით, ოღონდ, პირველ ჯერზე უფრო იოლად გადარჩა, მეორედ კი ისეთი მძიმე დაზიანებები ჰქონდა, ძლივს გადაარჩინეს, ექიმებმა კი საშინელი რამ უთხრეს, შვილი აღარ გეყოლებაო. სრული რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე კარგი მოვლა, სპეციალური კვება და ვარჯიშები სჭირდებოდა. იმ მეზობელმა ქალმა, ვინც ანა საავადმყოფოში მოიყვანა, ეს ყველაფერი გოგონას მშობლებს შეატყობინა და შეუთვალა, შეიძლება, თქვენი შვილი ვერ გადარჩეს, თქვენ გკითხულობთ და ერთხელ მაინც ინახულეთო. იმათ კი შემოუთვალეს, ჩვენ უკითხავად რომ გაეკიდა უცნობ კაცს, თავზე გადაგვახტა და მთელ სოფელში თავი მოგვჭრა, ახლა თვითონ მიხედოს თავის თავსო. პასუხი რომ გაიგო, საწყალი გოგო უარესად გახდა, კინაღამ ხელში ჩააკვდა ექიმს.

იმ მეზობელ ქალს თბილისის გარეუბანში ერთოთახიანი ბინა ჰქონდა გაქირავებული, სანამ ანა მკურნალობდა, მდგმურები გაუშვა და გოგონა საავადმყოფოდან რომ გაწერეს, იმ ბინაში წაიყვანა. ყველას გაუკვირდა მისი ასეთი საქციელი, მაგრამ მას უთქვამს, ისედაც ვაპირებდი თბილისში, ჩემს ბინაში გადასვლას, შვილი მე არ მყავს და მარტო ყოფნას, მირჩევნია, ამ ანგელოზივით ბავშვთან ერთად ვიცხოვროო.

ამ ამბიდან თითქმის წელიწადი გავიდა. მე ანასთან და მის მეურვესთან ხშირად დავდივარ – ჩვენ დავმეგობრდით. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ანა მშობლებს იქაც არ მოუნახულებიათ, არათუ წაეყვანათ და მიეხედათ. აი, ქმარი კი ძალიან ცდილობდა, შეერიგებინა, ბოდიშებს უთვლიდა და პატიებას სთხოვდა, რამდენჯერმე მიაკითხა კიდეც (საიდანღაც მისამართი გაიგო), მაგრამ ანამ სახლში არ შეუშვა. ერთ დღეს კი ვიღაცამ ამბავი მიუტანა, შენს ქმარს უთქვამს, შევირიგებ, მასთან გადავალ და მეც თბილისში ვიცხოვრებ, იმ ქალს კი რამეს მოვუხერხებ, ბოლოს და ბოლოს, ვაიძულებ, ისევ სოფელში დაბრუნდესო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდათ ანუკას და მის დედობილს ამ ამბის გაგების შემდეგ. საწყლები, ჭკუაზე არ არიან. ანუკას დედას კი უთქვამს, თავისი არჩეული ქმარი ეგ არის და ახლა როგორც უნდა, ისე მოიქცეს, მე მკითხა, რომ გაიპარაო? არადა, იმ ნაძირალამ ანა მართლაც მოიტაცა, ბავშვი სკოლას ამთავრებდა იმ წელიწადს და სულაც არ აპირებდა გათხოვებას. მით უმეტეს, უცნობ ბიჭზე, თანაც თავისზე ათი წლით უფროსზე, მაგრამ მშობლებმა არ დაუჯერეს და სამუდამოდ უარი თქვეს შვილზე.

ცირა, 42 წლის.



შვილმა გული მატკინა

არ ვიცი, რამდენად შეესაბამება თქვენს რუბრიკას ჩემი სატკივარი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, მომეწერა და, იმედია, დამიბეჭდავთ.

ქმარი ადრე გარდამეცვალა და დავრჩი 7 წლის ბავშვით აბსოლუტურად მარტო – არც დედ-მამა მყავდა, არც და-ძმა და არც დედამთილ-მამამთილი. რაც შეეხება ფინანსებს, ჩემს ქმარს ვალები არ დაუტოვებია, პატარა თანხაც გვქონდა გადანახული, მაგრამ, მთლიანად დასჭირდა დასაფლავებას, საფლავს, ორმოცსა და წლისთავს. დავრჩით ნულზე. ბავშვი არ დამეჩაგროს-მეთქი და, ორ სამსახურში ერთდროულად დავიწყე მუშაობა, თან ნამცხვრებს ვაცხობდი და ვაბარებდი. მოკლედ, წელებზე ფეხს ვიდგამდი, რომ ჩემს შვილს არაფერი მოჰკლებოდა და ობლობა არ ეგრძნო. იმისიც მეშინოდა, ბიჭი ხელიდან არ წამივიდეს-მეთქი და ძალიან მკაცრად ვზრდიდი, თან ათას რამეზე დამყავდა, რომ თავისუფალი დრო არ ჰქონოდა. შედეგიც შესაბამისი მივიღე – ისეთი შვილი გავზარდე, მთელი სკოლა და უბანი შემომნატროდა, მაგრამ ჩემი ლევანი რაღაცნაირი გულჩათხრობილი ბიჭი დადგა – 15 წლის ასაკში არ ჰქონდა ის სილაღე და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, რაც ამ ასაკისთვის არის დამახასიათებელი: სულ თავდახრილი დადიოდა, ქუჩაში არავის გაუჩერდებოდა სალაპარაკოდ, მეგობარიც ძალიან ცოტა ჰყავდა. სხვათა შორის, თავის კლასთან ერთად არ უყვარდა ექსკურსიაზე ან რამე კოლექტიურ ღონისძიებაზე სიარული, არც დაბადების დღეებზე წასვლისთვის იკლავდა თავს. თავიდან მომწონდა, ასეთი რომ იყო, მიმაჩნდა, რომ კაცს სერიოზულობა უხდება, მაგრამ, მერე და მერე მივხვდი, რომ ეს აშკარად კომპლექსი იყო, ან – ფობია: ლევანი აშკარად გაურბოდა თავისი თანატოლი ბიჭების საზოგადოებას. ჯერ მეგონა, უმამოდ რომ გაიზარდა, იმიტომ არის ასეთი-მეთქი, მაგრამ ერთხელ სასტიკად ნაცემი მოვიდა სახლში. მეზობელმა ქალმა მითხრა, უბნის ბიჭები აუშარდნენ რაღაცაზე და ოთხი სცემდა ერთდროულადო. შიშისა და სიბრაზისგან ავკივლდი – მაგათსავით ქუჩის ბიჭი რომ არ ხარ, შურთ შენი წარმატებები და იმიტომ გაგიმეტეს ასე. გავიგებ, ვინ იყო და ჩემი ხელით გამოვჩიჩქნი თვალებს-მეთქი (ზუსტად ასე ვუთხარი). ამ სიტყვების თქმა იყო, ეს ჩემი ნაცემ-ნაგვემი შვილი წამომიხტა და, მანამდე ჩემთვის უბატონოდ ხმა რომ არ გაუცია, თვალებგადმოქაჩულმა მუქარით მითხრა: არ გაბედო და ჩემს საქმეში ცხვირი არ ჩაყო! შენგან მჭირს, რაც მჭირს, შენ გამზარდე მთელი უბნის დასაცინი დედიკოს ბიჭიო. იმ მომენტში არაფერი მიპასუხია. ცოტა რომ მომჯობინდა, მაშინ კი გადავწყვიტე, სერიოზულად დავლაპარაკებოდი, მაგრამ ლევანმა ისე უხეშად შემაწყვეტინა, გაოცებისა და მოულოდნელობისგან ჯერ გავჩუმდი, მერე კი, გონს რომ მოვედი, ჩვეულებისამებრ, დავუტატანე: ვერ ავიტან, ასეთი წამებით გაზრდილმა შვილმა ხმას აუწიოს ჩემ წინაშე. ამ ოჯახში ჯერჯერობით მე ვარ უფროსი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი-მეთქი. ლევანმა კი მუშტი დამირტყა მაგიდაზე და მიყვირა – შენ, ეტყობა, თავში აგივარდა ჩემი მორჩილება, მაგრამ დამთავრდა შენი ბატონობა. ახლა ან ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი, ან მე შენთან აღარ ვიცხოვრებო. როგორია ამ სიტყვების მოსმენა დედისთვის 15-16 წლის შვილისგან? გაოგნებისგან სუნთქვა შემეკრა და გადავწყვიტე, არ დავნებებოდი, მაგრამ, არათუ არაფერი გამომივიდა, უარესი შედეგი მივიღე – იმ დღიდან ლევანი რადიკალურად შეიცვალა: უხეში და თავხედი გახდა. ყოველ სიტყვაზე მეჩხუბებოდა, სწავლასაც თავი დაანება და ქუჩის ბიჭებთან დაიწყო მეგობრობა. ჩემს შვილს ვეღარ ვცნობ. საშინლად განვიცდი, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიქცე. საერთოდ ვერ ვეგუებით ერთმანეთს. ამას წინათ ისიც კი მითხრა, მრცხვენია, შენნაირი დედა რომ მყავსო. ამ სიტყვებმა ისე მატკინა გული, კინაღამ სახლიდან წავედი. ყველა გაოცებულია ლევანის ასეთი ცვლილებით. ახლა ვზივარ, ვფიქრობ და ვერ გამიგია, სად დავუშვი შეცდომა. რაც ქმარი მომიკვდა, იმ დღიდან უარი ვთქვი საკუთარ თავზე, მთელი ცხოვრება შვილს შევალიე და ნუთუ, ამის ღირსი ვიყავი?!



ციცინო, 44 წლის.



შვილს პატიებას ვთხოვ

გწერთ ციხიდან. უფრო სწორად, ვწერ ჩემს შვილს, რომელსაც ჩემი უწესო ცხოვრებით მომავალი დავუნგრიე. ეს უბრალო წერილი კი არ არის, მონანიებაა, ოღონდ არა მოძღვართან თქმული, არამედ საქვეყნოდ გამოცხადებული. სხვათა შორის, რაც აქ ვარ, ყველაფერი სხვა თვალით დავინახე, სხვანაირად დავაფასე და შევაფასე. ციხემ მთლიანად შეცვალა ჩემი აზროვნება და მენტალიტეტი. დაჭერიდან ერთი წლის შემდეგ, ძალიან მორწმუნე გავხდი და ოცდაოთხი საათი ვევედრები ღმერთს, მეც მომიტევოს, და, რაც მთავარია, ჩემს შვილს არ დახვდეს წინ ჩემი ცოდვები.

საქმე ისაა, რომ ვიყავი ნარკომანი. შვილი უკვე მყავდა, ამ ჭაობში რომ ჩამითრიეს უბნის ბიჭებმა. კარგი სამსახური მქონდა, სოლიდური ხელფასით, ცოლიც მუშაობდა, მშობლებმაც ნორმალურად დაგვტოვეს. ერთი სიტყვით, საკმაოდ ძლიერი ოჯახი გვქონდა და ნარკომანები ხომ სულ იმას ცდილობენ, ვინმე ფულიანი ჩაითრიონ, რომ მერე „წველონ“. ასე მიქნეს მეც. როგორც კი გაიგეს, რომ ფული საძებარი არ მქონდა, დაიწყეს „ჩალიჩი“, რომ დამძმაკაცებოდნენ: ხან ერთმა დამპატიჟა, ხან – მეორემ, მერე ჩემთანაც დაიწყეს სიარული. სიმართლე გითხრათ, სულაც არ მსიამოვნებდა მათთან ურთიერთობა, მაგრამ, უბნელები იყვნენ, ზოგიერთი ჩემი თანაკლასელიც კი იყო, ერთად ვიყავით გაზრდილები და, რაღაცნაირად, უარს ვერ ვეუბნებოდი. ცოტა რომ შემიჩვიეს, მერე ნარკოტიკების შემოთავაზება დაიწყეს. ხუთჯერ ვუთხარი უარი, მეექვსედ კი ვეღარ გავუწიე წინააღმდეგობა თუ ცდუნებას ვერ გავუძელი, ვერ გეტყვით, მაგრამ, ფაქტია, რომ გავსინჯე. რადგან ერთხელ მაცდუნეს, მერე აღარ მომეშვნენ, ასე ნელ-ნელა შემაჩვიეს და ისეთი ნარკომანი გავხდი, მათაც კი „გავუსწარი“. ამ ყველაფერს კი სერიოზული თანხები სჭირდებოდა. მოკლედ რომ გითხრათ, თანდათანობით გამომაზიდვინეს სახლიდან ყველაფერი, მერე სამსახურიდანაც გამათავისუფლეს და დავრჩი ასე ცარიელ-ტარიელი. ძალიან მინდოდა, ამ მიქარვისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ თავს ვეღარ ვერეოდი. ბოლოს ისე წავედი ხელიდან, თუ რამეს ვიშოვიდი („წამალს“ ვგულისხმობ), სახლში, ცოლ-შვილის თვალწინ ვიკეთებდი. ცოლმაც ვეღარ აიტანა ამდენი, მოჰკიდა ხელი შვილს და მშობლებთან დაბრუნდა. მეც ეს მინდოდა, ავდექი და ბინა დავაგირავე. რა თქმა უნდა, გამოსყიდვა კი არა, პროცენტიც კი ვერ გადავიხადე, შესაბამისად, ბინაც დავკარგე და მთლად ქუჩაში დავრჩი. ავი ვიყავი თუ კარგი, არსებობა ხომ მინდოდა, სამსახურში კი ასეთს ვინ მიმიღებდა. ამიტომ, ხან ბოთლების ჩაბარება დავიწყე, ხან რაღაც მსგავსი სისულელეები, მაგრამ ამით თავს ვინ ირჩენს?! ხშირად მომხდარა, შიმშილისგან გული წამსვლია. ღამის სათევადაც, თავიდან ხან ერთმა ნაცნობმა შემიკედლა, ხან – მეორემ, მაგრამ, მთელი ცხოვრება ვინ გაცხოვრებს თავისთან, თანაც – უფულოს, გაღლეტილს და მუდმივად „კაიფში“ჭ მყოფს! ამიტომ, საბოლოო ჯამში, ყველამ ამიკრა გუდა-ნაბადი და დავრჩი მთლად ქუჩაში. ცოლთან სირცხვილით ვერ მივდიოდი და ღამეს ხან სკვერებში ვათევდი, ხან – სადგურზე, ხან – სად და ხან – სად. ბოლოს ერთმა ჩემნაირმა „ჩაშვებულმა“ მირჩია, მოდი, ბარიგობა დავიწყოთ და ცოტა სულს მოვითქვამთო. სხვა გზა არ მქონდა და დავეთანხმე. ერთი-ორი თვე კარგად წაგვივიდა საქმე – რაღაც პატარა თანხა ვიშოვეთ და ერთი ოთახი ვიქირავეთ, თან „წამალიც“ გვრჩებოდა, მაგრამ ერთ დღეს, როცა ყველაზე დიდი პარტია გვანდეს გასასაღებლად, პატრულმა ჩაგვავლო. დღესაც დარწმუნებული ვარ, ვიღაცამ „ჩაგვიშვა“. ერთი სიტყვით, ნივთმტკიცებით ხელში დაგვიჭირეს და ჩაგვაყუდეს.

თავიდან, როცა ციხეში შემიყვანეს, ერთი მომენტი გამიხარდა კიდეც – უფასო ჭერი და საჭმელი მაინც მექნება-მეთქი. თან, აქ „წამლის“ შემოტანა უკვე შეუძლებელია და, მინდოდა თუ არ მინდოდა, მართალია, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ძალაუნებურად, ნელ-ნელა გადავეჩვიე. მერე აქაურ სამლოცველოში დავიწყე სიარული და ახლა, მგონი, მთელ ციხეში ჩემნაირი მორწმუნე არ ზის. კიდევ რამდენიმე წელი დამრჩა და ბოლოს, ალბათ, მაინც გამოვალ და სადმე მონასტერს შევაფარებ თავს. საოცრად მენატრება ჩემი შვილი, მაგრამ მისი ნახვა ოცნებაშიც კი არ შეიძლება, წარმოვიდგინო: ვიცი, რომ ჩემი დანახვაც კი არ ენდომება და ვერც გავამტყუნებ – რაში სჭირდება მამა, რომელმაც ქონებაც დაუკარგა, ფსიქიკაც დაუმახინჯა და არც მასზე ზრუნვით მოუკლავს თავი?! მაგრამ, მაინც მინდა, პატიება ვთხოვო. ნუ მიმიღებს, ნუ მომივლის და მიპატრონებს, მაგრამ გულში მაინც შემინდოს ცოდვები, რადგან მთელი სულით და გულით ვინანიებ. ახლა სხვა ადამიანი ვარ და, თუ მართლა მეღირსა გამოსვლა, ცოლსაც და შვილსაც მუხლებზე დავუდგები, სიცოცხლეს არ დავიშურებ, ოღონდ მაპატიონ.

ოთარი, 39 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3