კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და რატომ უგონებდა ქეთი ყიფშიძეს ფეხმძიმობას და რა შემთხვევაში გააჩენს ის ბევრ შვილს

ქეთი ყიფშიძე წლების განმავლობაში საკმაოდ ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი გახლდათ. ყველაზე დიდი ინტერესი და ყურადღება კი ქეთის მიმართ მაშინ იყო მიმართული, როცა მისი ფოტოები ქართულ „ფლეიბოიში“ დაიბეჭდა. გავიდა დრო და ჩვენმა რესპონდენტმა უარი თქვა ყოველგვარ ინტერვიუზე. ის ორ წელზე მეტხანს არ ჩანდა არც ტელევიზიით და არც პრესის ფურცლებზე დაბეჭდილა მისი ინტერვიუ. როგორც თავად ქეთიმ გვითხრა, ამ პერიოდში ის გაცილებით საინტერესო საქმით იყო დაკავებული. თუ რას უთმობდა თავის ძვირფას დროს და რატომ არჩია აქტიური „ნონსტოპი“, ამას უკვე თავად მისგან შეიტყობთ.

– საკმაოდ დიდი ხანია, არ გამოჩენილხარ პრესაში, ანუ ფართო მასისთვის ქეთი ყიფშიძე ცოტა არ იყოს მიმალული იყო. რატომ?

– ჩემი პატარა წლის და 4 თვისაა. თან, რაღაც ეტაპზე, გადავწყვიტე სხვა საქმეებისთვის დამეთმო დრო. ამ პერიოდში ავაწყვე ჩემი ბიზნესი, გავაკეთე საქსოვი და სამკერვალო სალონი. საქმე კარგად მიმდის. ასე რომ, მგონი გამოვდექი. როგორც მეგობრები მეუბნებიან, ბიზნესში ვივარგე. როგორც მივხვდი მაქვს იმის პოტენციალი, ბიზნესში წინ წავიდე. აღმოჩნდა, რომ საქმეში უკან დახევა არ ვიცი. ბუღალტერიაში, რომელიც ჩემგან ძალიან შორს იყო და ვერ ვიტანდი, ჩემდა საბედნიეროდ, გავერკვიე. ამ ყველაფრის პარალელურად, ვსწავლობ. ძალიან მინდოდა მაგისტრის ხარისხი. ამიტომ მაგისტრატურაზე კავკასიის უნივერსიტეტში ჩავაბარე.

– ხშირად ხალხი მოდელს არასერიოზულად აღიქვამს. მათთვის ის მხოლოდ ლამაზი ქალია და მეტი არაფერი. შენ კი, თითქოს ეს სტერეოტიპი დაამსხვრიე და ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი გახდი იმის, რომ მოდელებსაც აქვთ სხვა ინტერესები. მათაც უყვართ სწავლა და არიან ნიჭიერები.

– უბრალოდ, ეს აზრი საზოგადოებაშია დამკვიდრებული, თორემ ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოდელი ცხოვრობს საქართველოში. პირადად, მე ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და დღესაც, კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი ვარ. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მაღიზიანებდა მოდელებისადმი ხალხის ასეთი დამოკიდებულება და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ამ დამკვიდრებულ შეხედულებას დავარღვევ. ჩემი აზრით, პოტენციალი ლამაზ და შეუხედავ ქალს თანაბარი აქვს, მთავარია როგორ გამოიყენებ მას.

– ხარ მეუღლე, ორი შვილის დედა, მათ შორის უმცროსი წლის და 4 თვის არის. საოჯახო საქმეების და ბავშვების მოვლის პარალელურად, სწავლობ, გაქვს საკუთარი ბიზნესი. როგორ ახერხებ ამას, ანუ დროის გადანაწილებას ვგულისხმობ.

– მყავს ძიძა, ეკა, რომელსაც ძალიან ვენდობი. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ასეთი კარგი ადამიანი ვიპოვე. ჩემი უფროსი შვილი უკვე 10 წლისაა და პატარას მოვლაში ისიც გვეხმარება. ასევე, ჩემი დაც მეხმარება. სახლიდან ჩემი საქმის გამო დილით ადრე გამოვდივარ, საკუთარ საქმეს თავზე თუ არ ადგახარ, კარგად არ გამოდის. სახლი, სამსახური და უნივერსიტეტი ტერიტორიულად ახლოს არის ერთმანეთთან. ამიტომ, როცა ბავშვი იღვიძებს, ვცდილობ, ავიდე და მასთან ვიყო. მართალია, დროის გადანაწილებას რაღაცნაირად ვახერხებ, მაგრამ ვგრძნობ, რომ გადავიწვი. ისე ვიღლები, ხანდახან დილით თავს ვერ ვწევ. ამიტომ, გართობასა და დროის ფუჭად კარგვაზე, უარი ვთქვი. ისე, ერთ რამეში დავრწმუნდი, რაც მეტ საქმეს აკეთებ, მით უფრო ბევრს ასწრებ.

– ორი ულამაზესი ბავშვის დედა ხარ. მესამე შვილის გაჩენაზე ხომ არ ფიქრობ?

– ძალიან მინდა, მაგრამ ამ ეტაპზე – არა. ფეხმძიმობა 9-თვიანი რომ არ იყოს, ძალიან ბევრ შვილს გავაჩენდი.

– რამდენიმე წლის წინ, საკმაოდ დიდ სკანდალში მოყევი – ეს იყო „ფლეიბოის“ თემა. ყველა ამ თემაზე საუბრობდა, იყავი სულ ყურადღების ცენტრში, მაგრამ გავიდა წლები და რა ხდება დღეს? უცნობები თუ გცნობენ?

– „ფლეიბოიმდე“ ორწლიანი სატელევიზიო პირდაპირი ეთერი მქონდა „პირველ სტერეოზე“ და „202-ზე.“ მუსიკალურ არხებს თავისი მაყურებელი ჰყავდა, რომელთაც დღემდე ვახსოვარ. თან, პრესაში ვიყავი ძალიან აქტუალური, თითქმის ყოველ კვირას იბეჭდებოდა ჩემი ინტერვიუები. მიუხედავად ყველაფრისა, არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან ტელევიზიაში თუ ვმუშაობდი, ან მოდელი თუ ვიყავი.

– ადამიანზე, რომელიც ხშირად ხვდება პრესის ფურცლებზე ან ტელევიზიის ეკრანზე, უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება. მახსოვს, ჯერ კიდევ არ იყავი ფეხმძიმედ, როცა ხალხში ეს ხმა გავრცელდა.

– კი, ასე იყო. თუ ოდნავ მოვიმატებდი წონაში, ხალხის აზრით, ფეხმძიმედ ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ისეთი ჭორი არასდროს გამიგია, რომ ძალიან გავღიზიანებულიყავი. ალბათ, ხალხში აგრესიას არ ვიწვევდი. საერთოდ, თუ პოპულარობა გინდა, ჭორებსაც უნდა შეეგუო. როცა შენზე ჭორაობენ, ესე იგი ცნობილი ხარ და ხალხს აინტერესებ. უბრალოდ, მე თვითონ მოვერიდე რაღაც პერიოდი პრესაში დიდი დოზით გამოჩენას. უცხოეთში რომ ვცხოვრობდი, მაშინ ყველა ჟურნალის ყდაზე ვიქტორია ბექჰემის ფოტო იყო დაბეჭდილი. მართალია, ეს ადამიანი ძალიან მომწონდა, მაგრამ ყელში ამომივიდა და მომბეზრდა. ხალხისთვისაც მომაბეზრებელია სულ ერთი და იგივე სახის ყურება ყველგან. მართალია, ძალიან კარგი იყო ის წლები, როცა შოუ-ბიზნესში აქტიურად ვიყავი ჩართული, მაგრამ ამ გადასახედიდან მიმაჩნია, რომ ის დრო უაზროდ დავკარგე. ის პერიოდი შეიძლებოდა, გამომეყენებინა და მაგისტრატურაში მაშინ მესწავლა და არა ახლა.

– „ჯიპაშიც“ სწავლობდი, როგორც მახსოვს.

– კი „ჯიპა“ დავამთავრე. ასე რომ განათლებული ქალი ვარ 4 უმაღლესის დიპლომით. მიღებული მაქვს მთარგმნელ-რეფერენტის განათლება, მერე ბიზნესის კოლეჯი დავამთავრე უცხოეთში, მერე „ჯიპა“ – ფიარის განხრით და ახლა ევროპის მცოდნეობის განხრით ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში. სწავლა მართლა ყოველთვის მიყვარდა, თან ისიც მსიამოვნებს, ჩემს დიპლომებს რომ ვუყურებ. სამომავლოდ, დიდი სიამოვნებით გავივლიდი დოქტორანტურას, მაგრამ ამ ეტაპზე – არა.

– პირველი ქორწინებიდან მეორემდე საკმაო დრო იყო გასული. რთული იყო შენთვის ასეთი ნაბიჯის გადადგმა?

– პირად ცხოვრებაზე არ მიყვარს საუბარი, მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი. ხუთი წელი, სანამ მეორე ოჯახს შევქმნიდი, სწორედ ის პერიოდი იყო, ტელევიზიაში რომ ვმუშაობდი, ვიყავი მოდელი და არც ერთ პრეზენტაციას არ ვაკლდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში რაღაც-რაღაცეებიც ვისწავლე, მიმაჩნია, რომ ის დრო ფუჭად დავკარგე და შემეძლო უფრო კარგად გამომეყენებინა. მეორე ოჯახმა და ამ ადამიანმა კარგისკენ შეცვალა ჩემი ცხოვრება და ღირებული რაღაცეები დამანახვა. ამიტომ, ჩემთვის მეორე ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება, რთული არ ყოფილა. გართობაც კარგია, პრეზენტაციებზე სიარულიც, მაგრამ დრო გადის, რომელსაც უკან ვეღარ დააბრუნებ. წლები გავა და უკან რომ მოიხედავ, რაღაც ღირებული უნდა გქონდეს გაკეთებული. ამის უკვე აღარ მეშინია. საერთოდ ვთვლი, რომ ადამიანი, რაც არ უნდა შეძლებული ოჯახიდან იყოს, 17 წლიდან უნდა მუშაობდეს და საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს. თუმცა, ისეთი ნაცნობებიც მყავს, 35 წლის ასაკშიც, დედ-მამის კმაყოფაზე რომ არიან. ეს უკვე მარაზმია.

– იმ კატეგორიას ეკუთვნი, რომელიც საოჯახო საქმის გარდა, აქტიურად უნდა იყოს საკუთარი საქმით დაკავებული.

– მყავს ბევრი მეგობარი, რომელთაც სიამოვნებთ სახლში ყოფნა და შეუძლიათ, თვეების განმავლობაში არ გავიდნენ გარეთ. მეც მიყვარს სახლში ყოფნა, მაგრამ სულ რომ ამ პოზიციაში ვიყო, საკუთარი თავის რეალიზებას ვეღარ მოვახდენ. როცა დაკავებული ვარ, სახლში ყოფნაც გაცილებით მსიამოვნებს. მიუხედავად ბევრი საქმისა, საღამოს 8 საათის შემდეგ ბავშვებთან ვარ, რადგან ძიძა ამ დრომდე მყავს. მიმაჩნია, რომ დროს კარგად ვანაწილებ ყველაფრისთვის.

– რა გაქვს ისეთი თვისება, რომელიც არ მოგწონს და მის გამოსწორებას ცდილობ?

– არ ვარ მოწესრიგებული ადამიანი. მაგალითად, ჩემს მანქანაში ნახავთ ლექციების ჩანაწერებს, საბუთებს და კიდევ ბევრ სხვადასხვა რამეს ერთმანეთში არეულს. ასეთი ამბავი ხდება ჩემს გარდერობშიც. ვაღიარებ, რომ მოუწესრიგებელი ვარ, რის გამოც ოჯახის წევრებთან სულ პრობლემა მქონდა. კეთილი შურით მშურს იმ ადამიანების, რომლებიც შინიდან მაღაზიაშიც კი არ გავლენ მოუწესრიგებელი. როცა ვიცი, რომ ბევრი სასიარულო მაქვს, ძალიან მეზარება მაკიაჟის გაკეთება და მაღალ ქუსლებზე შედგომა. ეს ძალიან ცუდი თვისებაა, რომლის გამოსწორებასაც ვცდილობ, მაგრამ ვერ ვასწორებ. რა ვქნა? ამ ასაკში ადამიანის გამოსწორება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რასაც ვერ იგებენ, მაგრამ რა გავაკეთო? თუ რაიმე მნიშვნელოვან შეხვედრაზე არ მივდივარ, ჯინსს და კედებს არ ვიხდი.


скачать dle 11.3