მეცნიერები – მეცნიერების წინააღმდეგ
იაპონელმა და კანადელმა სწავლულებმა ჩაატარეს გამოკვლევები, დაედგინათ ადამიანისთვის მისაღები წონა, რომელიც ყველაზე ხანგრძლივ სიცოცხლეს უზრუნველყოფს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხანგრძლივად ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ჭარბი წონა აქვთ.
კანადის პორტლენდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს მასის ინდექსისა და სიკვდილიანობას შორის შეფარდება 11 300 ადამიანის მაგალითზე. კვლევები 1994 წლიდან 2007 წლის ჩათვლით მიმდინარეობდა. გაირკვა, რომ გამხდარ ადამიანებს 70 პროცენტით ნაკლები შანსი აქვთ, ხანგრძლივად იცოცხლონ, ვიდრე ნორმალური წონის ადამიანებს, მაშინ როდესაც მსუქანი ადამიანები მათ მხოლოდ 36 პროცენტით ჩამორჩებიან. ამ დროს, იმ ადამიანების შანსი, რომელთაც მცირე ჭარბი წონა აქვთ, შანსი, იცხოვრონ სხვებზე ხანგრძლივად, 17 პროცენტით იზრდება. თუმცა კვლევები აღწერენ მხოლოდ სიკვდილიანობას და არა სიცოცხლის ხარისხს. სპეციალისტები გვახსენებენ სიმსუქნის უამრავ ნეგატიურ შედეგებსაც: მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები...
მსგავს კვლევებს იაპონიის ქალაქ ტოხოკუს უნივერსიტეტის მედიცინის უმაღლესი სკოლის სწავლულები 12 წლის განმავლობაში ატარებდნენ. ისინი აკვირდებოდნენ 40 წლიდან 79 წლის ასაკის 50 ადამიანს და გამოარკვიეს, რომ ის ადამიანები, რომელთაც 40 წლის ასაკისთვის აქვთ მცირე ზედმეტი წონა, ცოცხლობენ საშუალოდ ექვსი-შვიდი წლით მეტხანს, ვიდრე ძალზე გამხდრები. ხოლო ადამიანები, რომლებიც სიმსუქნით იტანჯებიან, გამხდრებზე ხუთი წლით მეტხანს ცოცხლობენ.
გამხდრებად ითვლებიან ადამიანები, რომელთაც მასის ინდექსი (სხეულის მასა კილოგრამებში გაყოფილი სიმაღლის კვადრატზე მეტრებში) 18,5-ის ტოლი აქვთ. ნორმალური წონა აქვთ ადამიანებს, რომელთა მასის ინდექსი 18,5-25 დიაპაზონშია; ინდექსი 25-30 – ესაა ადამიანები მცირე ჭარბი წონით, ხოლო ის ადამიანები, რომელთა მასის ინდექსი 30-ზე მეტია, სიმსუქნით იტანჯებიან.
მსგავს დასკვნამდე 2007 წელს ამერიკელი სწავლულებიც მივიდნენ.