ვისი შვილი გახდა დათო დარჩია და საიდან გამოიქცა ის
ამჯერად „თბილისელები“ ერთი პატარა ოჯახის ისტორიას გიამბობთ. დათო დარჩია სულ რაღაც, 8 წლის იყო, როცა მსახიობმა გურამ ფირცხალავამ იშვილა: ქუჩაში საკუთარი მანქანით მიმავალმა მსახიობმა თავსხმა წვიმაში ბავშვიანი ქალი შეამჩნია და სახლამდე მიყვანა შესთავაზა. მანამდე ბატონი გურამი, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, რამდენჯერმე უკვე იყო დაქორწინებული. თურმე, ცოლის მოყვანაზე აღარც კი ფიქრობდა, მაგრამ, ყველაფერი უფლის ნებით მოხდა. ამ ორი მამაკაცის ცხოვრების საინტერესო და უცნაურ ისტორიას დათო დარჩიას დედა, თანგული სიხარულიძე გვიამბობს.
– თქვენ ორი ძალიან საინტერესო და წარმატებული მამაკაცის – რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობის, დათო დარჩიას დედა და მსახიობ გურამ ფირცხალავას მეუღლე ბრძანდებით. გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, როგორ აეწყო თქვენი ცხოვრება შვილთან ერთად, როცა პირველ მეუღლეს დაშორდით და მეორეს შეხვდით.
– მესამე კლასში იყო დათო, როცა მე და მამამისი ერთმანეთს დავშორდით (ის მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეჟისორი იყო). ცხრა წელი ვიყავით ერთად, ორივე ძალიან ვცდილობდით, ოჯახი არ დაგვენგრია, მაგრამ ვერ შევეწყვეთ – აბსოლუტურად სხვადასხვა ხასიათის აღმოვჩნდით, ერთმანეთის არაფერი გვესმოდა. ისეთი თავმოყვარე ვიყავი, არ მინდოდა, ჩემებს გაეგოთ და ბევრ რამეს ვითმენდი, თუნდაც ბავშვის გამო. ბოლოს, ისე მოხდა, რომ სახლიდან წამოვედი და ბავშვიც თან წამოვიყვანე. აღარ ვფიქრობდი გათხოვებაზე. რთული იყო ამის გადაწყვეტა, მაგრამ, მალევე გავიცანი გურამი. დათო პიონერთა სასახლეში, ცეკვის წრეზე დამყავდა. ერთხელ ქუჩაში მსახიობები შემხვდნენ – ლენინგრადის კინოსტუდიიდან იყვნენ ჩამოსულები და ბავშვი მოეწონათ. მიგვიწვიეს გადაღებებზე. კომედიურ ფილმს იღებდნენ. მერე რაღაც ჰონორარი გამოგვიწერეს და ამის ასაღებად რომ მივედით, მაშინ გავიცანი გურამი. იმ დღეს წვიმდა. გზაში დაგვეწია და მანქანა გაგვიჩერა. საჭეს თვითონ მართავდა, გვერდით ბაადურ წულაძე იჯდა, უკან კი – თემურ ჩიხლაძე. გადმოხტა მანქანიდან, მომკიდა ხელი, ბაადური უკან გადააჯინა და მე წინ დამსვა. სხვათა შორის, ახლაც აქვს ეს ჩვევა – რომ წვიმს და ბავშვიან ქალს დაინახავს, მანქანას უჩერებს. „ისეთი თვალით შემომხედავენ, გეგონება, „შებმას“ ვუპირებ. არადა, მეცოდებიან, წვიმაში რომ დგანანო“, – ამბობს ხოლმე. მე 32 წლის ვიყავი, გურამი – 31-ის. ოფიციალურად მესამე ცოლი ვიყავი. თვითონაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ცოლს აღარასდროს შეირთავდა. რა და როგორ მოხდა, არ ვიცი. სულ ხუმრობს – ამ გურულმა ქალმა რა გამიკეთა ისეთი, ცოლად რომ მოვიყვანეო. ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი. სხვათა შორის, მანამდე არ გვქონდა ურთიერთობა, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ხდება, სანამ არ შევუღლდით. თვითონ მოისურვა ასე. ვცხოვრობდით დიდუბეში, ნაქირავებ ბინაში. წელიწად-ნახევარში ბინა მიიღო ნუცუბიძეზე და გადავედით. ამ დროს „მიზნის“ გადაღებები დაიწყო და ფოთში წავედით. ექვსი თვე იქ ვიყავით. იმდენად მიყვარდა, ვფიქრობდი, ერთი წელიც რომ ვიყო მასთან, ესეც საკმარისი იქნება ჩემთვის-მეთქი. ამიტომ, წინ აღარ ვიყურებოდი. ძალიან გამიმართლა, რომ თბილი და კარგი ადამიანია. მართალია, ზოგჯერ მძიმეა, მაგრამ, გრძნობ, რომ გვერდით გყავს კაცი და არაფრის გეშინია. გვინდოდა, შვილი გვყოლოდა, მაგრამ არ გვეყოლა. 40 წლამდე ძალიან ვცდილობდი. მაშინ არ იყო ამდენი საშუალება, რაც დღეს არის, რომ რაღაც გვეღონა, თუმცა, არა უშავს, შვილიშვილები ხომ გვყავს.
– როგორ მიიღო ბავშვმა მამინაცვალი და მამინაცვალმა – გერი? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ეს თქვენთვის და ბატონი გურამისთვის ახალი ცხოვრების დაწყების მცდელობა იყო.
– გურამმა დიდი როლი ითამაშა დათოს აღზრდაში. არ მიაჩნდა, რომ ეს სხვისი შვილია. დათოც სხვანაირია. გურამის დიდი რიდი ჰქონდა და დღემდე ასეა. გურამი თან ჰყვებოდა ზედ. მან გამაზრდევინა ბავშვი. არასდროს შეაქებდა, სუფთა მამობრივი დამოკიდებულება ჰქონდა. მე რომ ვერ გავიტანდი დათოსთან ჩემსას, გურამი გვერდზე მოისვამდა, დინჯად და მშვიდად უხსნიდა. „მამას“ ვერ ეძახდა, „გურამი ბიძიას“ ეძახდა. ახლა, უბრალოდ, სახელით მიმართავს. მსახიობი რომ არის დათო, ეს გურამის დამსახურებაცაა. მოსწონდა, რომ უყურებდა ეკრანზე, სულ აკვირდებოდა, როგორ თამაშობდა გურამი. მეოთხე კლასამდე კარგად სწავლობდა, მერე დაიწყო ჩემი წამება. 58-ე სკოლიდან 101-ე სკოლაში გადავიყვანე, პავლოვზე, სადაც დიდი ბინა მქონდა. ახლა დათო იქ ცხოვრობს. გურამი არ შემოვიდა იმ სახლში – არ მინდა, ცოლის ბინაში ვიცხოვროო. პავლოვზე ჩემი მშობლები და ჩემი და ცხოვრობდნენ. იმ პერიოდში დათომ ისე „აუშვა“, კრებებზე ვერ მივდიოდი და ჩემს დას ვგზავნიდი. მეათე კლასში იყო, რომ გამოგვიცხადა, მსახიობობა მინდაო, მაგრამ, იმ წელს ვერ ჩააბარა: ვინაიდან ცუდად სწავლობდა, ბოლო წელს ატესტატი ვერ აიღო – გერმანულში საშემოდგომო გამოაყოლეს. წელიწადი გაუცდა. მერე ჯარში გამოიძახეს. გურამს ვუთხარი: ეს რომ ჯარში წავიდეს, ალბათ, გავგიჟდები, როგორც გინდა, ისე დატოვე-მეთქი. სადღაც ავლაბარში წაიყვანა და საავადმყოფოში დააწვინა, ვითომ ჯანმრთელი არ იყო. ექიმმა თქვა, აქ ერთი სამი დღე მაინც უნდა იწვესო. მეორე დილით რომ მივედი, დათო მეუბნება, კამჩატკაზე წავალ და აქ არ დავრჩები; ისეთი ავადმყოფები წვანან, არ შემიძლიაო – და გამოიქცა. მერე მაინც დავტოვეთ ჯარიდან. ამასობაში დროც გავიდა და მისაღები გამოცდები ჩააბარა.
– ბატონი გურამი როგორ შეხვდა დათოს არჩევანს?
– სხვათა შორის, არ აღფრთოვანდა, თუმცა, მაინც მიიყვანა გიზო ჟორდანიასთან – აინტერესებდა, აქვს თუ არა რამე მონაცემებიო. გიზომ რაღაც ეტიუდი მისცა გასაკეთებლად და მერე გურამს უთხრა, ძალიან ნიჭიერი ბიჭიაო. სახლში რომ მოვიდა, თქვა: თუ ბავშვს უნდა, ჩააბაროს, ხელს ნუ შევუშლითო. ინსტიტუტში რაღაც სპექტაკლი დადგეს და ძალიან კარგი იყო დათო იმ სპექტაკლში. მერე, ინსტიტუტი რომ დაამთავრა, რუსთაველის თეატრში მოინდომა თამაში – სიგიჟემდე უნდოდა, ამ თეატრში მოხვედრილიყო. რობიკო სტურუას ერთ-ერთ სპექტაკლში უნახავს დათო და მოსწონებია. რობიკო ასე ადვილად არ იღებდა მსახიობებს, მაგრამ რომ მივუყვანეთ, შეგვპირდა, ვნახავო. ორი თვის შემდეგ კი, კონტრაქტი გაუფორმა.
– დათოს მომხიბვლელი მეუღლე ჰყავს. მათ შეუღლებაზეც გვიამბეთ.
– თეატრალურს რომ ამთავრებდა, მაშინ გაიცნო მომავალი მეუღლე – ვიკა. ვიკას ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. სულ შაყირობს – მე ვიაქტიურეო. ერთ დღეს მოვიდა დათო და მეუბნება: ერთი გოგო მიყვარსო. კარგია, რომ გიყვარს, მაგრამ, ჯერ კარგად გაიცანით ერთმანეთი, გაიარეთ, გამოიარეთ, რა გეჩქარება-მეთქი. ერთი წელი დამიჯერა. ვიკა „ვოგის“ კონკურსის ლაურეატი იყო, ფოტომოდელი. საფრანგეთში მიიწვიეს. წასვლამდე დათოსთვის უთქვამს, თუ შევუღლდებით, დავრჩები, თუ არადა მივდივარო. ჯერ მოსკოვში უნდა ჩასულიყო, მერე – პარიზში. დათომ დაურეკა და უთხრა: თუ პარიზში წახვალ, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდებაო. მერე სამსახურში მომაკითხა – დღეს ვიკა ჩამოდის და აეროპორტში უნდა დავხვდეო. დახვდა და სახლში მოიყვანა. ქორწილი აქ გადავუხადეთ. ძალიან გაუმართლა დათოს – ყველანაირად უდგას ვიკა ქმარს მხარში. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ, დათოზე უკეთ მისი მესმის. ხუთი წელი არ ჰყავდათ შვილი, არ უნდოდათ – ჯერ კარგად გავერკვეთ ჩვენს ურთიერთობებში, როგორ შევეწყობით ერთმანეთსო. ძალიან ჭკვიანი გოგოა. საკონდიტრო გახსნა, ფრანგული კონდიტერია შეისწავლა, მასტერ-კლასები გაიარა. მისი დიზაინით შექმნილი საქორწილო ტორტები ცნობილია თბილისში. სამხატვროზეც სწავლობდა და ეს ნიჭი აქვს.
– აწმყომ წარსული სულ დაგავიწყათ, რაც დათოს მამასთან გქონდათ?
– იცით რა, არც მახსოვს, თუ ოდესღაც სხვა ქმარი მყავდა. დღესაც რომ წარმოვიდგენ ხოლმე, არაფერი მახსოვს, ვერც კი ვიხსენებ, ვისთან ვცხოვრობდი, რატომ ვცხოვრობდი, რომ მასთან შვილი მყავს. მგონია, რომ დათო გურამის შვილია. გურამი ყველანაირად ძლიერი მამაკაცია, კარგად იცის ქალის ფასიც და შვილისაც. ერთხელ, მე, ჩემი მული და მამამთილი წავედით საავადმყოფოში. მამამთილს სიმსივნე ჰქონდა და ჩემი მული შეიყვანეს, რომ ეს ამბავი ეთქვათ. იმდენად ვგავდით მე და გურამი ერთმანეთს, რომ ის ეგონათ ცოლი. ასე შევაბერდით ერთმანეთს.
– დათო როგორ მოერგო ოჯახურ ცხოვრებას?
– ძალიან თვისუფალი აზროვნების ადამიანია, თან, ცოლის გვერდში დგომა იცის. იმაზე აღარ ვილაპარაკებ, როგორი მამაა. მახსოვს, ბავშვები პატარები რომ იყვნენ, სანამ ვიკა გაიღვიძებდა, დათო დილით ადრე დგებოდა, მიხედავდა, ბაღშიც წაიყვანდა და მერე მიდიოდა თეატრში. შვილიც არაჩვეულებრივია. 42 წლის არის, მაგრამ, დღესაც, რაღაცას რომ ვეტყვი ან შენიშვნას მივცემ, თვალს ვერ მისწორებს. ყოველთვის მკაცრი დედა ვიყავი. ხომ ერთი შვილი მყავდა და თან ვყვებოდი, მაგრამ, მაინც მკაცრი ვიყავი. ზოგჯერ რომ მოვეფერები, ეცინება.
– დათო რობიკო სტურუას ერთ-ერთი რჩეული მსახიობია, ალბათ, ამიტომაც გახდა მისი შვილის ნათლია.
– დათომ ჯერ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ითამაშა დათო დოიაშვილის „თავისუფალ პეპლებში“, შემდეგ კი – დათო საყვარელიძის სპექტაკლში „პირდაღებული“. მაშინ ნახა რობიკომ და მოეწონა. მას შემდეგ წავიდა და წავიდა დათო წინ. რობიკოს ძალიან უყვარს და დათოც დიდ პატივს სცემს. ბედნიერია, რომ ასეთ რეჟისორთან მოხვდა. ხუთი წელი ხომ არ ჰყავდათ შვილი დათოს და ვიკას. მერე, რობიკომ რომ გაიგო, ვიკა ორსულად იყო, ძალიან გაუხარდა და დათოს უთხრა, მე ვიქნები თქვენი შვილის ნათლიაო. ასე გახდა გუგას ნათლია რობიკო სტურუა, გოგონას ნათლია კი დათო საყვარელიძეა.