კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მდგომარეობამდე მიიყვანა ნოდიკო ტატიშვილი ვალებმა

არც ისე დიდი ხანია, რაც შოუ-ბიზნესში ერთი არაჩვეულებრივი და საინტერესო ადამიანი გამოჩნდა. არ ვიცი, ვინ როგორ, მაგრამ პირადად მე, მის თვალებში თავიდანვე სევდა და ნაღველი ამოვიკითხე და არც შევმცდარვარ. ნოდიკო ტატიშვილი ჯერ სულ ოცდასამი წლისაა, მაგრამ ცხოვრებამ უკვე მოუწყო მძიმე გამოცდა. დღეს ის იმას გიამბობთ, რაზეც ასე ხმამაღლა არავისთან ულაპარაკია.

– სიმპათიური, წარმატებული, ყველასთვის საყვარელი მომღერალი ხარ, მაგრამ არ ვიცით, როგორია შენი ცხოვრება ამ „ბრჭყვიალა ფარდის“ უკან. მოდი, იმაზე ვისაუბროთ, რაზეც ჯერ არსად გილაპარაკია.

– საერთოდ, ვფიქრობ, რომ ასე უფრო საინტერესოა ცხოვრება, ვიდრე, როცა ყველაფერი დალაგებული გაქვს. რაღაც პრობლემას ყოველთვის რაღაც დადებითი მოსდევს, მერე ისევ ჩნდება პრობლემა, ისევ პოზიტიური ანაცვლებს და ასე შემდეგ. როცა პატარა ვიყავი, ყველაფერს ვარდისფრად ვხედავდი, ყველაფერი კარგი მეჩვენებოდა. როგორც კი წამოვიზარდე, გათვითცნობიერება დავიწყე. ოჯახის წევრი, პაპა გარდამეცვალა, ვისი მოსახელეც ვარ და ეს იყო ჩემთვის დიდი ტრაგედია. დიდხანს ვერ ვუმკლავდებოდი ამ ტკივილს. თან, ვაცნობიერებდი, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა არაფრის გამოსწორება არ შეიძლება. დავკარგე ადამიანი, რომელიც ჩემი დაბადების დღიდან ცდილობდა, ყოველი წუთი და წამი ჩემთვის ბედნიერი ყოფილიყო. მისი შიშით სახლში ხმას ვერავინ მიწევდა და რასაც მოვინდომებდი, ყველაფერი მქონდა. საერთოდ, ვცდილობდი, ყოველგვარ ცუდს და ნეგატიურს ავრიდებოდი, მაგრამ რთული პერიოდები მაინც იჩენს თავს. ოჯახს საშინელი ეკონომიკური პრობლემა ჰქონდა, იმდენად, რომ ამაზე მეტი არც შეიძლება, ვინმეს ჰქონოდა. საკმაოდ წესიერი და პატიოსანი ოჯახი მაქვს. ჩემმა მშობლებმა უცხოეთში დაამთავრეს უმაღლესი, მერე – მაგისტრატურა. დედამ აქ მეორე უმაღლესიც დაამთავრა, პედაგოგია. ოჯახში მხოლოდ ის მუშაობდა და კარგად იცი, მაშინ პედაგოგის ხელფასი როგორიც იყო. ამიტომ, ძალიან ცუდად ვცხოვრობდით, ყველაფერი გვაკლდა. იმის გამო, რომ მე და ჩემს დას ელემენტარულად საჭმელი არ მოგვკლებოდა, სამკაულებიც კი გაყიდეს. ისეთი სირთულეები გამოვიარეთ, ძალიან კარგად მესმის, რა არის გაჭირვება. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ჩემი და – სტუდენტი და ხშირად ყოფილა ისეთი მომენტები, რომ ჩემი და ინსტიტუტში ვერ წასულა, იმიტომ რომ არ ჰქონდა გზის ფული. არ მინდა, ვიღაცამ სხვანაირად აღიქვას ჩემი პრობლემები, მაგრამ მართლა მძიმედ მახსენდება, თითქოს შავი ლაქასავით დარჩა. იმ დროს დედაც ვერ იყო კარგად ჯანმრთელობის მხრივ. ოჯახს იმის საშუალება არ ჰქონდა, მისთვის ემკურნალა და ოპერაცია გაეკეთებინა. ახლა, ქუჩაში ვიღაც ხელგაწვდილს რომ დავინახავ, ან რომელიმე ჩემი ახლობლის გაჭირვებას ვიგებ – არ შეუძლია, წესიერად იკვებოს ან წამლის საყიდელი ფული არ აქვსო, ჩემზე არანორმალურად ცუდად მოქმედებს. ჩვენც არ ვყოფილვართ ჭირვეული ბავშვები, ვხედავდით, ოჯახს უჭირდა და არაფერს ვითხოვდით. აბსოლუტურად არაპრეტენზიულები ვიყავით. ისე ჩავაბარე უმაღლესში, რომ ვერ მომამზადეს. არ იყო საშუალება, თუმცა, მადლობა ღმერთს, ჩავირიცხე და დავამთავრე სახელმწიფო მართვის მოხელისა და საბიუჯეტო ფაკულტეტი. მე და ჩემმა დამ თავიდანვე კარგად ვიცოდით, რომ უსწავლელობას შეიძლებოდა, იგივე მოეტანა, რაც იმ მომენტში გვჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მშობლები განათლებულები არიან. ვფიქრობდი, რომ ამ ორმა ადამიანმა ამდენი იწვალა, ისწავლა, იციან და მაინც ამხელა პრობლემების წინაშე დგანან და ხომ შეიძლება, ჩვენც ასე დაგვემართოს-მეთქი. სიმღერა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების თანმდევი ნაწილი და სულ ასე იქნება, მაგრამ მას ვერ ვუყურებ, როგორც შემოსავლის წყაროს. ვერ აღვიქვამ, რომ ამით ფული უნდა ვაკეთო. აქ ცოტა სხვა ღირებულებებია. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, კარგად ვიმღერო, ვიდრე მერე ამან ფული მომიტანოს. პირიქით, რასაც იღებ, ათჯერ მეტს დებ იმ სიმღერაში, ჩაწერაა თუ ალბომის გამოშვება. ბავშვობიდან ვმუშაობ. ვცდილობდი, ჩემი შემოსავალი მქონოდა.

– ადრე სად მუშაობდი?

– 39-ე სკოლა დავამთავრე. მე და ჩემმა მეგობარმა – ზიკომ გავაკეთეთ სასკოლო გაზეთი, „აურზაური ¹39“. მე ვიყავი მთავარი რედაქტორი. სკოლაში ძალიან უყვარდათ ეს გაზეთი და მოუთმენლად ელოდნენ მის გამოსვლას. საინტერესო მასალები იბეჭდებოდა მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე, ცნობილ ადამიანებზე. ერთ-ერთმა გაზეთის რედაქტორმა ნახა ეს გაზეთი და თავისთან მიმიწვია სამუშაოდ. საყმაწვილო გვერდი უნდა წამეყვანა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ნათელი წერტილი. ორ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. თავიდან ორმოცდაათ ლარს ვიღებდი, მერე – სამოცდაათს. ძალიან მიხაროდა და ვამაყობდი. ჩემი თავი დიდი კაცი მეგონა და სახლში წელგამართული მივდიოდი, მშობლებს აღარ ვთხოვდი ფულს. იმდენად გამიტაცა ჟურნალისტურმა საქმიანობამ, საყმაწვილო თემებიდან საზოგადოებრივზე გადავედი. რედაქტორს მოეწონა და ხელფასი ასი ლარი დამინიშნა. ისეთ ასაკში ვიყავი, მეგონა, მომწონდა, მაგრამ მერე მივხვდი, ეს ის არ იყო, რაც სინამდვილეში მინდოდა და მალევე დავანებე თავი.

ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემ უკან ოჯახი დგას და არ მქონდა ცუდის გაკეთების უფლება. ისეთი ოჯახი მაქვს, ყველა ძალიან ვუფრთხილდებით ერთმანეთს. დღეს ისე აღარ მიჭირს. შემიძლია, ჩემს თავს და ოჯახს რაღაცეებით პატარა კომფორტი შევუქმნა. სახლიდან რომ გამოვდივარ, სხვას არ ვუყურებ ხელებში.

– ყველაზე ცუდად მაინც როდის გიგრძნია თავი?

– იმის გამო, რომ ოჯახს სჭირდებოდა, ბევრი ვალი დამიგროვდა. რაღაც მომენტში, სიცოცხლე აღარ მინდოდა. საიდან რის პროცენტს და როგორ ვიხდიდი, არ ვიცი. დღესაც მიკვირს და გაოგნებული ვარ, თანაც, არასდროს არავისთვის დამიგვიანია ვალი. ჩემს თავმოყვარეობაზე მოქმედებდა, რომ ოჯახს ბევრი რაღაც სჭირდებოდა და არ ჰქონდა. ვცდილობდი, რაღაც გამოსავალი მეპოვა, რომ მერე მშვიდად ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, ჩემებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. დედაჩემმა რომ გაიგოს, ალბათ ნერვიულობით მოკვდება. იცოდნენ ის, რომ ძალიან მინიმალური ვალი მქონდა. ეს არ იყო ათი და თხუთმეტი ათასები, მაგრამ ჩემთვის ძალიან სერიოზული იყო. მაშინ ქიაჩელზე, ერთ-ერთ ბარში ვმღეროდი, მერე პეროვსკაიაზე. ძალიან განვიცდიდი. ბევრჯერ ისიც კი მიფიქრია, – რა მოხდებოდა, თავი რომ ამერიდებინა პასუხისმგებლობისთვის. ჩემთვის მიუღებელი და დამამძიმებელი იყო თვრამეტი, ცხრამეტი, ოცი წლის ბიჭს ამდენი ვალი რომ მქონდა. თან, ამ დროს სტუდენტი ვიყავი. ეს ის პერიოდია, როცა ყველაზე მეტი გინდა. ამ დროს, მხოლოდ სწავლაზე უნდა ფიქრობდე. მიუხედავად იმისა, რომ ერთდროულად ამდენ ფრონტზე ვიბრძოდი, ვცდილობდი, ზედმიწევნით ყველაფერი თავის დროზე გამეკეთებინა. დღემდე არის მძიმე და უიღბლო პერიოდები, რაც ძალიან მიშლის ხელს რაღაცეებში. მაგრამ, ამასაც მოვაგვარებ, ოღონდ ეს არ ეხება ჩემს კარიერას. ბავშვობაში ცუდი არაფერი ხდებოდა, მერე კი რაღაც ისეთი მოხდებოდა, რაც შინაგანად მანგრევდა და ვამბობდი, – რა უბედური ვყოფილვარ-მეთქი. მერე ისევ გამოანათებდა. ეშმაკი სულ ებრძვის ადამიანს. მეც ასე ვარ, მაგრამ აუცილებლად დავამარცხებ. როგორი პირადული და ფინანსური პრობლემებიც არ უნდა გქონდეს, აუცილებლად მოგვარდება. მთავარია, გწამდეს და გჯეროდეს. ღმერთმა გაგვაჩინა და სრული თავისუფლება მოგვცა. მან თქვა: მთხოვეთ და ყველაფერი მოგეცემათო და მოგვცა კიდეც. ჩემ ირგვლივ ისეთი რაღაცეები ხდება და მესმის, გაოგნებული ვარ. ეს არის მთელი საზოგადოების უიღბლობა, რომ ადამიანები ასე შეიცვალნენ.

– უიღბლობა შეიძლება იმასაც დავარქვათ, როცა ვიღაცასთან შენი ურთიერთობა არ ეწყობა, ვიღაცას შენი არ ესმის და ეს მუდმივად გრძელდება.

– ასეთ ადამიანთან ურთიერთობას ვწყვეტ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ. უმჯობესია, მალევე შეწყვიტო ურთიერთობა, ვიდრე ცუდად გაგრძელდეს და ამისგან გულისტკენა მიიღო. ადამიანს, რომელსაც არ ენდობი, შენი არანაირად არ ესმის, ატყობ, რომ ბევრი უარყოფითი თვისება აქვს, რომელიც მერე შენ გამძიმებს, უნდა ჩამოშორდე. ვერ ვიტან ყალბ ურთიერთობებს. ნამდვილად არ არის მოსაწონი, პირში რომ გიცინიან და ზურგს უკან გაქილიკებენ, შენს ცხოვრებაში ერევიან. ეს ის კატეგორიაა, რომელსაც არავითარი მორალი და ღირებულება არ გააჩნია.

– მეჩვენება, თუ რაღაცის თქმა გინდა?

– ძალიან საზიზღარი ჭორი გავიგე ჩემზე, რამაც თავიდან გამაგიჟა და ვინერვიულე. თქვეს, ვითომ აყვანილი ვარ. პირდაპირ და ცუდად ერეოდნენ ჩემი ოჯახის საქმეში. მოცლილები არიან, სხედან და ფიქრობენ, რით გაამწარონ სხვები. ისეთი მარტივიც არ ვარ, რომ ჭორებს ავყვე და რაღაცეების ქექვა დავიწყო. ამ ჭორებმა იმდენად არ გამაღიზიანა, რამდენადაც დამოკიდებულებამ ჩემსა და ჩემი ოჯახის მიმართ. მე თვითონ ისეთი ვარ, სხვისი ცხოვრებით არ ვინტერესდები. თავისთავად, მეგობრების ვალია, ერთმანეთს მოუსმინონ და დაეხმარონ, მაგრამ თუ ჩემი მეგობარი თვითონ არ მოვა და დამელაპარაკება თავის პრობლემებზე, მის ცხოვრებაში ცხვირს არ ჩავყოფ.

– თავის დარდს და ტკივილს ყველა სხვადასხვაგვარად გამოხატავს. შენ?

– ამ დროს ჩაკეტილი ვარ, მიჭირს საუბარი, კონტაქტი. მირჩევნია, საკუთარ თავთან მარტო დავრჩე და მუსიკას ვუსმინო. საერთოდ, მნიშვნელობა არ აქვს, ცუდ ხასიათზე ვარ თუ კარგზე, ჩემთვის უფრო მისაღები მშვიდი გარემოა. როცა ნევროზული და დეპრესიული ფონი მაქვს, ორმაგად ვცდილობ, საკუთარ თავთან მარტო დარჩენას. მაგრამ, ყოველთვის არ გამომდის. ძალიან კარგი მეგობრები მყავს და მარტო არ მტოვებენ. საკუთარი თავის ხელში აყვანა უნდა შეგეძლოს. ჩემზე უკეთ ჩემს პრობლემას, ვერავინ მოაგვარებს. მთავარი ჯანმრთელობაა. დედაჩემი რომ ცუდად იყო, ძალიან უბედური ვიყავი. ახლაც, რომ იტყვის კარგად ვერ ვარო, ლამის მოვკვდე, აღარაფერი მინდა. ღვთისმშობელს ვთხოვ ხოლმე დახმარებას და არ არსებობს, არ დამეხმაროს.

– ამ დროს არ გინდება, ვინმეს დაელაპარაკო, გული გადაუხსნა?

– მთელი გულით მწამს და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ უფლის მფარველობას. არსებობენ ჩემს ცხოვრებაში ადამიანები, სასულიერო პირები, ვისთანაც ვმეგობრობ. მათთან ურთიერთობამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. რაღაც მომენტში, უფრო მშვიდიც გავხდი, თუმცა გაწონასწორებული ყოველთვის ვიყავი. როცა პრობლემა გაქვს, შეიძლება, აიღო ტელეფონი, შენს საყვარელ მოძღვარს დაურეკო და უთხრა, რომ მასთან საუბარი გინდა. ისინი ყოველთვის მზად არიან, მოგისმინონ. სწორედ ამიტომაა საჭირო, გყავდეს მოძღვარი. ის არის შუამავალი უფალთან. ამას რომ ვაკეთებ, მერე ცხოვრებაც მიმარტივდება, უფრო ადვილად ვუყურებ ყველაფერს.

– ბევრი დეპრესიას მონასტრის კართან მიჰყავს. ამაზეც ხომ არ გიფიქრია?

– მინდოდა, კი. მაშინ 16 წლის ვიყავი და ვიცხოვრე კიდეც მონასტერში ორი კვირა. პეტრეპავლობის დიდ მარხვაზე წავედი. მივხვდი, რომ ის იყო სიმშვიდის პიკი, ისე გამოვეთიშე რეალურ სამყაროს. ყველაფერი კარგი, თუ შეიძლება რამე იყოს ამ ცხოვრებაში, იქ არის. მაშინ ჩემმა მშობლებმა ძალიან ინერვიულეს ამაზე. იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ძალიან პატარა ხარო. მათ იცოდნენ, რომ ბავშვობიდან ვგიჟდებოდი სცენაზე და უცებ ასეთ რაღაცას იგებენ. თუმცა, ხვდებოდნენ, რომ ამ კუთხითაც შეიძლებოდა, საკუთარი თავის რეალიზება მომეხდინა. დღესაც გულით გადავდგამდი ამ ნაბიჯს, მაგრამ ამას სხვანაირი მომზადება უნდა. ჩემნაირი ადამიანი ვერაფრით ვერ იცხოვრებს მონასტერში. აქტიურ ცხოვრებას ვარ მიჩვეული, სიმღერა, ჩაწერა... მიმაჩნია, რომ კარგი ვქენი, ეს ნაბიჯი რომ არ გადავდგი და მშობლებს დავუჯერე. უფრო დიდ ცოდვას ჩავიდენდი, რაღაც პერიოდი რომ გავჩერებულიყავი და მერე წამოვსულიყავი.

– მართალია, წარმატებული მომღერალი ხარ, მაგრამ კარიერის დასაწყისში ყველას უწევს რაღაც ბარიერის გადალახვა. ალბათ, არც შენ იყავი გამონაკლისი?

– „იურმალაზე“ არ გამიმართლა, ძალიან ცუდი რაღაცეების გამო. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს იყო ჩემთვის სერიოზული უიღბლობა კარიერაში. დღეს კი ვხვდები, რომ „იურმალა“ არ იყო ჩემი ცხოვრების ამოსავალი წერტილი. უბრალოდ, მაშინ პატარა ვიყავი და მინდოდა გასვლა. მაგრამ, არ ვიცოდი, თუ ასეთი სიბინძურეები ხდებოდა და ამაზე მტკიოდა გული. პირველად მოვხვდი ასეთ საშინელ სიტუაციაში. თითქოს ხელიც ჩავიქნიე ყველაფერზე, აღარაფერი მინდოდა. საერთოდ, რომ წამოვიზარდე, მიჭირდა რაღაცეები. ვაკვირდები, რომ ადამიანები თამაშობენ. ვიზუალური სახის უკან რაღაც სხვას მალავენ და ძირს გითხრიან. ჩემს წარუმატებლობას და დეპრესიას მალე ნათელი პერიოდი მოჰყვა, როცა ყაზახეთში „აზიის ხმების“ საერთაშორისო კონკურსზე წავედი და გრან-პრი ავიღე. ასე რომ, უარყოფითი რაღაცეები ჩემთვის ყოველთვის მაგალითი იყო. დღეს ძალიან დაკვირვებული ვარ ყველაფერში. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული და ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ, მაინც ვცდები ადამიანებში.


скачать dle 11.3