“სეზონი„ მალე ეკრანებზე გამოვა
28 ოქტომბერს თბილისის კინოთეატრებში ახალი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის – „სეზონის“ პრემიერა შედგება, რომელსაც „მეტრო სტუდია“ გვთავაზობს. გასულ ნომერში ფილმის სიუჟეტზე გესაუბრეთ და შემქმნელებთან დაკავშირებითაც მოგაწოდეთ ინფორმაცია. ეს არის ფილმი, რომლის ჯერ მარტო „ტრეილერმა“ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ფილმის გადაღებები სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საკმაოდ მასშტაბური სახე მიიღო. იმისთვის, რომ სიცარიელის ეფექტი შექმნილიყო, ბათუმის ქუჩები გადაიკეტა. აღსანიშნავია, რომ გადამღები ჯგუფის მთელ შემადგენლობაში არავინ იყო 26 წელზე უფროსი ასაკის. ასაკობრივი შეზღუდვა პროდიუსერებს დაგეგმილი არ ჰქონიათ, უბრალოდ, ასეთი იყო დამთხვევა და, შედეგად მივიღეთ პირველი ქართული ახალგაზრდული პროექტი. ამ ჰარმონიაში მხოლოდ მე შევიტანე ნონსენსი, – ნიუსს ამ ფილმზე 27 წლის ჟურნალისტი ვწერ. ფილმის მთავარი გმირები – ოთხი ბიჭი საზოგადოებისთვის უცნობები არიან. ისინი ტიპაჟების მიხედვით აირჩიეს ქასთინგზე, მათ შორის მხოლოდ ერთია პროფესიონალი მსახიობი. გოგონებიდან კი ფილმში ლიკა ქორქია და სალომე ბეზარაშვილი მონაწილეობენ. პირველი მისტიკური ფილმისთვის გამოყენებულია ისეთი სპეცეფექტები, რაც ჯერ ქართულ კინოში არასდროს ყოფილა.