პირველი ქართული მულტფილმი “3D-ში„
„ტრეილერმა“, რომელიც ვნახეთ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! სასიამოვნოდ გაოცება მსუბუქი ნათქვამია იმასთან, რასაც კინოთეატრ „რუსთაველში“ მისულ ჟურნალისტებს დაგვხვდა. საახალწლო ზღაპარი – ბრძოლა ნატვრისთვალისთვის – ახალი წლის წინ გამოვა ეკრანებზე. მულტფილმი თანამედროვე სისტემით, „3D-შია“ გადაღებული, თან – გადასარევი ხარისხით. ანიმაციურ ფილმს კინოთეატრ „რუსთაველის“ დაკვეთით იღებს სტუდია „7 ზეტი“. სცენარის ავტორი და რეჟისორი შალვა რამიშვილია, დამდგმელი მხატვარი კი – ზალიკო სულაკაური. ქართული ზღაპრების ტრადიციული გმირები, როგორებიც არიან დევი, ცეროდენა და სხვა, ასევე, ახალი გამოგონილი გმირები, იბრძვიან ნატვრისთვალისთვის მსოფლიოს გადასარჩენად. მოქმედება ძველ დროსა და ოცდამეორე საუკუნეში ხდება. გმირები ძალიან საყვარლები და ლამაზები არიან, სავსე ემოციებითა და საინტერესო ხასიათით. ასე რომ, დაველოდოთ ფილმს, რომელიც ყველა ბავშვისა და დიდისთვის საყვარელი გახდება.