როგორ მოახერხა გიორგი გურგულიას „კრიშობით” მიშა მესხმა რუსეთში მილიონი ევროს მოპარვა და სად აპირებენ მის ტერორისტად მონათვლას
ყველასთვის საყვარელი მსახიობი გიორგი გურგულია ახლახან დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც მას რუსმა კინემატოგრაფისტებმა ქართველი მაფიის „კრიშის” როლი მოარგეს. როგორც თავად ამბობს, დიდი ხნის განშორების შემდეგ, რუს მსახიობებთან ურთიერთობა სულაც არ გაუჭირდა, თავიც კარგად გაართვა დაკისრებულ მოვალეობას და ახალი შემოთავაზებებიც მიიღო.
გიორგიმ უახლოეს წარსულში ქართულ პოლიტიკაშიც სცადა ბედი. თუ როდის მოგვევლინება ის საკრებულოს წევრად, ვინ აპირებს მის მუსლიმან ტერორისტად მონათვლას და გაივლის თუ არა წითელ ხალიჩაზე მოსკოვში, ამაზე მსახიობი თავად მოგვიყვება.
– გიორგი, ახლახან დაბრუნდი რუსეთიდან, სადაც ფილმში გადაგიღეს. როგორც ვიცი, საკმაოდ საპასუხისმგებლო, მთავარი როლი შემოგთავაზეს და ისე მოიხიბლნენ შენით, რომ ახალი შემოთავაზებებიც მიიღე. როგორ მოხვდი ამ ფილმზე?
– აგვისტოში, ჩამოვიდა რამდენიმე რუსი რეჟისორი და პროდიუსერი, რომ ფილმისთვის მსახიობი შეერჩიათ. „ჯი-არტიში” ჩემი მონაცემები ნახეს და მოეწონათ. დამამტკიცეს როლზე და მეც დავთანხმდი. საკმაოდ საინტერესო ფილმია, „ბაბლო” ჰქვია, „ბაბკისგან“ მოდის ეს სახელი და კომედიური ჟანრისაა. ჩემ გარდა ამ ფილმში მონაწილეობენ მიშა მესხი და გია გოგიშვილი, რომელსაც ყველა „გია-ლიათი“ იცნობს. ფილმზე რომ დამამტკიცეს, ნიუ-იორკში ვიყავი, ჩამოვფრინდი, 26 საათი ვიფრინე. 14 აგვისტოს ჩამოვედი. ერთი დღე მოვუნდი საელჩოში სირბილს, რომ ვიზა მომეწესრიგებინა. არ მიძინია, ისე გადავფრინდი მინსკში, იქიდან გადავფრინდი მოსკოვში და გამოვიდა, რომ საერთო ჯამში, 40 საათი დავყავი ცაში. წარმოიდგინეთ, როგორი ჩავიდოდი რუსეთში. ისეთი გადაღლილი და „გადაძონძილი” ვიყავი, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი.
– როგორც ვიცი, დიდი ზარ-ზეიმით დაგხვდნენ რუსეთში, არა?
– 14 აგვისტოს დაბადების დღე მაქვს. უფრო სწორად, 4 აგვისტოს მაქვს დაბადების დღე, პასპორტი დავკარგე და, ახალი რომ ავიღე, დაბადების რიცხვი შეცვლილი იყო. აღარ გამოვეკიდე და დავტოვე ასე. მოკლედ, რომ ჩავედი მოსკოვში და ასეთი გადაღლილ-გადაქანცული დამინახეს, გადაირივნენ. ვუთხარი, 40 საათია, გზაში ვარ და, აბა რას ელოდით-მეთქი (იცინის). რაც შეეხება შეხვედრას, ზარ-ზეიმით იმიტომ შემხვდნენ, რომ ჩემი დაბადების დღე ეგონათ, რა იცოდნენ, რომ სინამდვილეში ოთხში ვარ დაბადებული. მეც აღარ დამიწყია ახსნა-განმარტება. (იცინის). საჩუქრებით დამხვდნენ და, ხომ არ ვიტყოდი, არ მაქვს დაბადების დღე-მეთქი. მოკლედ, დამახვედრეს ვისკები, უამრავი საჩუქარი და ქსელში ჩართული მობილური ტელეფონი. უნდა გენახათ, როგორ მიგვიღეს რუსებმა. გამყიდველებიც კი გვეფერებოდნენ. ყველა იმას ამბობდა, გვიყვარხართ ქართველები, გვენატრება თქვენი ღვინო, თქვენი წყლები, „ბორჯომი”, თქვენი ქვეყანა და გვინდა, ხშირად ჩამოვიდეთო. როგორც შევატყვე, რუს ქალბატონებს ძალიან აკლიათ ქართველი მამაკაცების სითბო და ყურადღება. წარმოიდგინეთ, აზიელი მამაკაცი ქალს ცხენის დონეზე აყენებს – მიაჩნია, რომ ქალი მისი საკუთრებაა, შეუძლია მისი ყიდვა; შეიძლება, უყვარს კიდეც, მაგრამ ნივთად აღიქვამს. აზიელი კაცის ცხოვრებაში ქალი არ ერევა. ამიტომ, მის გვერდით რუსი ქალი დისკომფორტს განიცდის. ევროპელი კაცი, მართალია, არ აგრძნობინებს, რომ ქალი მასზე სუსტია, მასზე დაბალ საფეხურზე დგას, მაგრამ რესტორანში სუფრის ნახევარ ფულს ქალს ახდევინებს; ასე რომ, რუსი ქალი ევროპელ კაცთანაც დისკომფორტშია. აი, ქართველი მამაკაცები კი აზიელებისა და ევროპელების გასაყარზე ვდგავართ: ვიცით ქალის პატივისცემა, ვექცევით როგორც ცოტა აზიელი, ცოტა ევროპელი. ქართველი მამაკაცი საჩუქრებსაც სჩუქნის ქალს, რესტორანშიც თავად იხდის თანხას და ამაზე რუსი ქალები მთლად გიჟდებიან.
– თავად გრძნობდი რუსი ქალბატონების ყურადღებას?
– როგორ არა. ფილმში ორი მთავარი გმირი ქალია და, ისეთი ლამაზი მოდელი გოგონები იყვნენ, ვერ აგიწერთ. მათ სიმპათიას მარტო მე კი არა, მიშაც და გიაც გრძნობდნენ. მე ერთგული კაცი აღმოვჩნდი და მეუღლე გადასაღები მოედნის რომანზე არ გავცვალე. „ადნალუბი” ადამიანი ვარ და რა ვქნა! (იცინის). ადრე მეპატიებოდა ქალებისკენ „გადახრა”, ახლა კი ცხოვრებამ სხვა თვალით შემახედა ქალთან ურთიერთობაზე. სხვათა შორის, რაღაცეებიც მაჩუქეს. მაგალითად, ფილმის კოსტიუმების მხატვარმა მაგარი ქამარი მაჩუქა და ასე გამოხატა ჩემდამი სიმპათია. როლისთვის ისეთი ტანსაცმელი ჩამაცვეს, რომელიც შვიდი ათასი დოლარი ღირდა. მაგარი გამოწკეპილი ვიყავი (იცინის). ერთი სიტყვით, პოლიტიკისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ხალხში დიდი ნოსტალგიაა. ჩვენ რუსი ხალხი გვიყვარს, მათაც ვუყვარვართ და, პოლიტიკურად თუ ვერ ვიყოფთ რამეს, ეს სხვა საკითხია: ჩვენ მათი პოლიტიკა არ მოგვწონს, მათ კი – ჩვენი.
– პოლიტიკას შევეხეთ. ჩემდა გასაკვირად, თავადაც სცადე პოლიტიკაში წასვლა, თუმცა, მერე გადაიფიქრე. საერთოდ, რატომ გადაწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა და იყო თუ არა ეს შენი არჩევანი?
– მართალია, ბოლო მომენტში უარი ვთქვი არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა პოლიტიკაში მოსვლა ჩემი გადაწყვეტილება, გეტყვით რომ, ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს, ხალხს უყვარხარ და იქნებ სცადო ბედიო. რომ მივედი, იმდენი ნაცნობი დამხვდა ოფისში, უარი ვეღარ ვთქვი (იცინის). ვაკის მაჟორიტარობაზე დამითანხმეს. ვიფიქრე, საკრებულოში შევალ და მეც შევიტან წვლილს თბილისის აღმშენებლობაში-მეთქი, მაგრამ, ბოლო მომენტში, გარკვეული მიზეზების გამო, უარი ვთქვი. არ ვიცი, სამომავლოდ რას ვიზამ, თუმცა ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ: თუ შეგიძლია, პოლიტიკაში მოსვლით დაეხმარო ხალხს და შემოქმედ ადამიანებს, ამაზე უარი არ უნდა თქვა. მიმაჩნია, რომ პარლამენტში ხალხის საყვარელი ადამიანები, კერძოდ, ხელოვანი ადამიანები, ბევრნი უნდა იყვნენ.
– ესე იგი, პარლამენტარობას უმიზნებ?
– (იცინის) რომ გითხრათ, ის კაცი ვარ, სხდომებზე ვიარო, ვიჯდე და შვიდას მილიონ ჩემთვის არასაინტერესო საკითხზე ვიმსჯელო-მეთქი, მოგატყუებთ. ვფიქრობ, საკრებულოში უფრო გავაკეთებდი საქმეს. ვნახოთ, ჯერ ყველაფერი წინაა.
– მოდი, ფილმს დავუბრუნდეთ. როგორც ვიცი, ქართული მაფიის „მამის” როლი მოგცეს.
– იცით, როგორი სცენარია? პოლიციას ჰპარავენ ფულს ქართველები, მთელი რუსული პოლიცია და ბანდა დასდევს მათ, მე კი ამ ქართული მაფიის „კრიშა” ვარ. მიშა და გია „ბასეჩიკები” არიან და მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებთან ერთად იპარავენ ფულს მანქანებიდან. გადაღებები მოსკოვის ცენტრში მიმდინარეობდა. ერთ-ერთი ჩანთის მოპარვის დროს, აღმოაჩენენ, რომ მილიონი ევრო იპოვეს. მერე, პოლიციელი ართმევს ამ ჩანთას და იპარება; მერე იმ პოლიციელს დავდევთ ჩვენ და ვერ ვიბრუნებთ საბოლოოდ ამ ფულს. ისე მთავრდება ფილმი, რომ ის ფული სულ სხვას რჩება. მოკლედ, მთლიანად დეტალებში ვერ მოგიყვებით მთელი ფილმის სცენარს და, საერთოდ, ნახავს თუ არა ქართველი მაყურებელი მას, ესეც პოლიტიკის საკითხია. ვფიქრობ, ნაბიჯი წინ – გადადგმულია: ჩვენ პირველი მსახიობები ვართ, ვინც დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, მაინც მიგვიწვიეს. არ დაგიმალავთ, ვიზებზე ძალიან გაწვალდნენ, დაახლოებით ერთი თვე მოუნდნენ, მაგრამ, სანამ პრეზიდენტი მედვედევი არ ჩაერია, მანამ ვერ მოხერხდა ჩვენი მოსკოვში ჩაყვანა. აი, მედვედევის „უკაზით” კი ჩავედით დიდ რუსეთში და ჩვენი სათქმელიც ვთქვით. (იცინის). ადრე ნათამაშები მაქვს რუსულ ფილმში „ომი” და იქიდან ვახსოვარ რუს მაყურებელს კარგად. შემომთავაზეს კიდეც, აქ დარჩიო, „მოსფილმმა” კი, ჩემი ფოტოები და ბიოგრაფია დაიტოვა. აკლიათ და უნდათ ქართველი მსახიობები, ეს აშკარაა. მოსკოვში რომ ვიყავი, შემთხვევით გაიგეს ლენინგრადელებმა. ფილმს იღებდნენ და ქართველი მსახიობი უნდოდათ. დარეკეს და უთხრეს, აგერ არის გიორგი გურგულიაო. ისინიც ფილმ „ომიდან” მიცნობდნენ და დამამტკიცეს ერთ-ერთ როლზე. ფილმში რუსი მეგობარი მყავს, ჩინელებთან ვარჩევთ საქმეს, გადაგვაგდეს, მომიკლეს ეს რუსი ძმაკაცი, მისი ფეხმძიმე ცოლი კი ჩემი საპატრონებელი გახდა და ასე შემდეგ. მოკლედ, ორი დღე იქ ვიყავი და მერე ისევ დავბრუნდი უკან. რომ იტყვიან, მათაც დაიჭირეს ორი კურდღელი და მეც. ისეთ კომპლიმენტებს მეუბნებოდნენ, მსიამოვნებდა, აქ ასეთ რამეს არავინ გეტყვის. ძალიან უნდათ, ფილმის პრემიერაზე ჩავიდე მოსკოვში და წითელ ხალიჩაზე მეც გავიარო. იმედია, ვიზაზე არ გამაწვალებენ და ისევ მედვედევის ჩარევა არ მომიწევს. (იცინის).
– თუმცა, საქართველოში დაბრუნებული უკვე დაგამტკიცეს ახალ ქართულ სერიალზე.
– მართალია, გიორგი კიკალიშვილი, იგივე კიკალა, იღებს სერიალს „შპიონებზე“ და ტერორისტებზე, ძალიან საინტერესო სერიალია, რომელშიც მე ავღანელი ტერორისტების მეთაური ვარ. თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ და ისეთ ტერაქტებს ვგეგმავ, მტრისას (იცინის). აი, ჩეჩენ ტერორისტებს კი უარს ვეუბნები თანამშრომლობაზე და მათთანაც შეტაკება მიწევს. მოკლედ, ამ ბოლო დროს დიდ ამბებში ვარ. (იცინის).