„ფეის“- უკონტროლო
ფრანგული კვალი
ჩვენი სამშობლო განა მხოლოდ ესპანელ არქიტექტორებს აღიარებს, ძველ თბილისს კვალს ფრანგი არქიტექტორიც დაამჩნევს, იმ მარტივი მიზეზით, რომ ამ ჩვენს მრავალტანჯულ დედაქალაქში სულ მალე (უკვე მომავალი წლიდან) მსოფლიოში ცნობილი „ბუდა ბარი“ ამოქმედდება („ამ დღეს ველოდი, მოვესწარ, ვიცინი, აღარ ვტირი მე!“). სამუშაოები უკვე დაწყებულია და, თუ ჩვენს ელმედიას ვერწმუნებით, ეს თბილისური „ბუდა“ უცხოური ანალოგების ალი-კვალი იქნება: ექსტერიერ-ინტერიერით დაწყებული (თუმცა ისიცაა, რომ თბილისურის ექსტერიერს ბუდას მაღალ-მაღალი ქანდაკება დაამშვენებს, რომელიც, თურმე პირველსა და მეორე სართულებს დააკავშირებს) და მომსახურებით დამთავრებული. მეტიც, „თბილისის წყლის“ ყოფილმა გენდირექტორმა, ბ-ნმა ქელბაქიანმა, რომელიც ამჟამად ამ პროექტითაა დაკავებული, განგვიმარტა, რომ, თუ ჩვენებურ „ბუდაში“ მოთხოვნები არ იქნება დაცული, მაშინვე დაგვიხურავენ, ახსნა-განმარტების გარეშეო (მაგ დღეს ნუ მოგვასწროს გამჩენმა!).
თბილისური „ბუდა ბარი“ რიყეზე განთავსდება, სადაც სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და, როგორც გვარწმუნებენ, ახალი რესტორნის არქიტექტურა ბუნებრივად შეერწყმება ძველი თბილისის ხედებს (მეორე მხრივ, ერთი შუშის ხიდისა ერწყმის და, მეორე – „ბუდა ბარისა“ შეერწყმება).
ასეა თუ ისე, მომავალ წელს თბილისი მეთექვსმეტედ ჩაეწერება იმ ქალაქთა შორის, რომლებსაც „ბუდა ბარი“ ამშვენებს. ჩვენ არ ვიცით, რა ეღირება ამ ნანინანატრ რესტორანში მოხვედრა, მაგრამ, რაკი არ დაგვიმალეს, რომ შიგ მოხვედრის მსურველებს „ფეისკონტროლის“ გავლა მოუწევთ, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ არცთუ იაფი. შესაბამისად, გული იმით დავიმშვიდოთ, რომ, ყოველ შემთხვევაში, „ბუდა ბარის“ ნაგვის კონტეინერებთან მოხვედრა ყოველგვარი „ფეისკონტროლის“ გარეშეც იქნება შესაძლებელი! და, როგორც ოკუპანტები იტყოდნენ: „ი ტო ხლებ“!