ერთადერთი და განუმეორებელი
იმას გარდა, რომ ორიოდე კვირის წინათ პრეზიდენტმა თავად გახსნა „იბერმითი“ და დაგვარიგა, დროა, ხორცის დამუშავება ვისწავლოთო, გაირკვა, რომ საშუალო და დიდი ზომის სუპერმარკეტებში მხოლოდ ნატახტრის სასაკლაოზე დაკლული საქონლის ხორცი უნდა გაიყიდოს. მართალია, სასაკლაო ნატახტრის გარდა კიდევ ორ ადგილასაა, მაგრამ, რაკი თბილისთან ახლოს სწორედ „იბერმითია“, თბილისური სუპერმარკეტების მესვეურებს სწორედ მათგან მოუწევთ ახალი ხორცის შეძენა. „კომერსანტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხის თანახმად კი, ეს შეზღუდვა (გინდა თუ არა, სასაკლაოზე დაკლული ხორცი გაყიდეთო) ახალი ხორცის ფასს გააძვირებს (რაღა გააძვირებს, უკვე გააძვირა), რაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერი გაძვირდა, ჩვენი მომხმარებლების ჯიბეებს ორმაგად მძიმედ დააწვება. მეორე მხრივ, მეტად უცნაურია, რომ ლარი მყარდება, ხოლო საქონელი ძვირდება, მათ შორის, საწვავიც (არადა, საწვავზე მსოფლიო ფასებმაც დაიწია, მაგრამ, რაკი ქართველმა ნავთობიმპორტიორებმა ფასები მაინც გაზარდეს, სავარუდოა, რომ სარჩენი მოემატათ. ან კი რატომ არ უნდა გაეძვირებინათ, როდესაც მომხმარებელი ცხვარივით უწყინარია?!).
ერთი სიტყვით, ნატახტრის სასაკლაო კონკურენციის გარეშეა, იმ მარტივი მიზეზით, რომ შემოგარენში ერთადერთია. ამიტომაც, ბუნებრივია, ხორცზე იმ ფასს დააწესებს, რაც გაუხარდება. ასეა თუ ისე, სუპერმარკეტების მფლობელები ეჭვობენ, რომ ხორცის რეალიზაცია შეუმცირდებათ, იმიტომ რომ, მომხმარებლის ჯიბე ამდენს ვეღარ გასწვდება. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ვეგეტარიანელები ხორცს საერთოდაც არ მიირთმევენ, შესაძლოა, „იბერმითის“ წყალობით, ხორცის ჭამას ჩვენც გადავეჩვიოთ. შესაბამისად, ჰაეროვნებიც გავხდებით და იოლად სარჩენებიც.
ასე რომ, მივეძალოთ მწვანილს, ვიმგზავროთ ტრამვაით და ის მაინც გვეცოდინება, რომ ეკოლოგიურად სუფთანი წარვდგებით იმქვეყნიურ სამსჯავროზე!