რატომ ებრძვიან ქართული ოპოზიციური დაჯგუფებები ერთმანეთს და სად ცდილობენ პირველობის დაკავებას
საქართველოს შიდა პოლიტიკურ ფლანგზე ისეთი აქტიური ვითარებაა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ლამის თითქოს დაგვავიწყდა. ამის პარალელურად, „დუმელმა“ სერგეი მარკოვმა საქართველოს მინისტრების დონეზე რუსულ-ქართული დიალოგის გამართვა არ გამორიცხა. თბილისიდან კი მისმა ქართველმა კოლეგამ ნუგზარ წიკლაურმაც დააზუსტა, რუსეთიც ხვდება, რომ დიალოგი აუცილებელიაო. რა ფაზაში გადავიდა (თუ, რა თქმა უნდა, გადავიდა) ქართულ-რუსული ურთიერთობები, ეს ისევ ფარისევლობაა (გულუბრყვილო დასავლეთის თვალის ასახვევად) თუ აუცილებლობით ნაკარნახები გულწრფელი სურვილი? ამ კითხვებით ირინა სარიშვილს მივმართეთ, რომელიც არასდროს ამბობს უარს პოლიტიკური პროგნოზების გაკეთებაზე და არც პოლიტიკური თამაშების ცოდნის სიმწირეს უჩივის.
ერთობებში თუ ეს უბრალოდ სიტყვიერი პინგ-პონგია?
– რუსეთს იდეალური მდგომარეობა აქვს, რადგან ის საქართველოში აკეთებს ყველაფერს, რაც უნდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რუსეთს არ აქვს არანაირი ინტერესი საიმისოდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შეიცვალოს. რუსეთს არ სჭირდება აქ დაბალანსებული და სტაბილური ხელისუფლება და ნაკლებად აღელვებს, როგორი დამოკიდებულება ექნება მისადმი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. პირიქით, შესაძლოა, მას ხელს აძლევდეს აგრესია ქართული ხელისუფლების მხრიდან. ეს დადასტურდა აგვისტოს ომშიც, რადგან იქ, თუ ვინმემ მოიგო, ეს არის რუსეთი, თორემ საქართველოს არაფერი მოუგია.
– ერთ-ერთმა სომეხმა პოლიტოლოგმა მითხრა, რომ ის ოთხ-ნახევარი მილიარდი, რომელიც ომის შემდეგ მიიღო საქართველომ ამ გაქანებული ეკონომიკური კრიზისის დროს, ცოტა ხეირი არ არისო?
– სომხურ ლოგიკაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. მაგრამ რუსეთს ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება, დაუდგეს მომენტი, რომ ეძებოს სააკაშვილის შემცვლელი, თუ მას ამერიკელები დაუპირებენ შეცვლას. ამ შემთხვევაში რუსეთი, ბუნებრივია, დაიწყებს მისთვის უფრო ოპტიმალური კანდიდატურის მოძებნას, ოღონდ ეს არ მოხდება ამერიკის გარეშე. ამ ეტაპზე მე ვერც დასავლეთისგან ვხედავ იმ ინტერესს, რომ სააკაშვილი დროზე ადრე შეიცვალოს, პირიქით, ზრუნავენ იმაზე, თუ როგორ დარჩეს ის ხელისუფლებაში ვადის გასვლის შემდეგაც. ეს შეეტყო ოპოზიციის ლექსიკონსაც, რომლებიც ლაპარაკობენ არა სააკაშვილის ვადაზე ადრე წასვლაზე, არამედ იმაზე, როგორ მოვიქცეთ ისე, რომ მიშა ისევ არ დარჩეს ხელისუფლებაში ვადის გასვლის შემდეგაცო. საკონსტიტუციო ცვლილებების თემაც ამაზე მიუთითებს: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კონსტიტუციის შეცვლას იმისთვის, დარჩება თუ არა სააკაშვილი ხელისუფლებაში. სულ არ შეუცვლია რუსეთს კონსტიტუცია, მაგრამ პუტინმა ისე მოახერხა დარჩენა, რომ მედვედევი მხოლოდ ნომინალური პრეზიდენტია. ერთადერთი ცვლილება ისაა, რომ შეიცვალა ოპოზიციის ტერმინოლოგია.
– კონკრეტულად?
– თუ მანამდე იყო მუქარები: მიშა მოვდივართ; მიშა, წადი, ახლა არის: მიშა, მაშინ მაინც წადი, როცა ვადა გაგივა. არადა, როდესაც ადამიანი არ არის საპენსიო ასაკის და არის ხელისუფალი, მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ხელისუფლებაში დარჩენა. ისევ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას რომ დავუბრუნდეთ: ამ ურთიერთობას ჰყავს ერთადერთი დაზარალებული – საქართველო. არ მგონია, რომ მსოფლიომ რუსეთი ძალიან დასაჯა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების აქტის გამო. თავიდან იყო უფრო ლირიკაში გადასული განცხადებები, ღამესაც გვითენებდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები იმ მძიმე დღეებში, მაგრამ ისტორიას არ ახსოვს ისეთი რაოდენობის ხელშეკრულებები და კონტრაქტები, რაც ამერიკამ და ევროპამ დადო რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ. ძლიერს ყველა უწევს ანგარიშს. ასე რომ, რუსეთი რეალურად მაშინ დაიწყებს მიშას შემცვლელის ძებნას, თუ ეს ამერიკასთან იქნება შეთანხმებული, თუმცა არ ვიცი, სად დაიწყებს ძებნას, მოქმედ ხელისუფლებაში თუ ხელისუფლების გუშინდელ წევრებს შორის, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან. ხელისუფლებას კიდევ ერთი საშიში სატყუარაც აქვს გადაგდებული ოპოზიციისთვის.
– რას გულისხმობთ?
– დავაკვირდეთ, როგორ შეიცვალა ოპოზიციის ლექსიკონი იმ მიმართულებითაც, რომ ძალიან ბევრმა ოპოზიციონერმა ძალისმიერ მეთოდებზე დაიწყო ლაპარაკი. ეს ეხება ოქრუაშვილის დაჯგუფებას, ბურჯანაძის დაჯგუფებას.
– ნოღაიდელს, არა?
– ნოღაიდელის ხელ-ფეხის ქნევაზე ხომ საერთოდ არაფერს ვიტყვი. მრჩება შთაბეჭდილება და ამას არ ვამბობ მხოლოდ ლოგიკაზე დაყრდნობით, რომ ხელისუფლების ძალისხმევით ამ გულუბრყვილო თუ მავნებელ ოპოზიციაში, შესაძლოა, ორივე განსაზღვრებაც შეესაბამებოდეთ, გაჩნდა ილუზია, რომ ვანო მერაბიშვილმა შეიძლება, მონაწილეობა მიიღოს ამ ხელისუფლების დამხობაში და ახლა თითქოს კონკურენცია მიდის ოპოზიციონერებს შორის, რომელი გაერთიანება აეფარება ფარად ვანო მერაბიშვილს. ეს არის სრული სიგიჟე და მგონია, რომ ოპოზიციონერების რიხი სწორედ ამ ილუზიამ გამოიწვია. ეს არის სატყუარა, დაახლოებით იმდაგვარი, ტარაკნებით სავსე ჩაბნელებულ ოთახში უცბად რომ სინათლე აანთო და ერთბაშად დახოცო ყველა ტარაკანა. მიშასა და ვანოს ურთიერთობა არის ის ერთადერთი ურთიერთობა, რომელიც დღემდე მყარად დგას და არ შეცვლილა ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი დარტყმები სწორედ ვანო მერაბიშვილისკენ მიდიოდა. ყველა ოპოზიციონერი სოლიდარულად ურტყამდა მას, მაგრამ შეიცვალა თითქმის ყველა მინისტრი, მის გარდა. როგორ წარმოუდგენია რომელიმე ოპოზიციონერს, ვანო მერაბიშვილს, რომელსაც საკმაოდ დიდი ჭკუა აღმოაჩნდა, იმის ჭკუა არ ეყოფა, რომელიმე ოპოზიციონერს არ ენდოს იმ იმედით, რომ ისინი მას პოსტს შეუნახავენ?! ამიტომ მე ვაფრთხილებ ყველა ოპოზიციონერს, ამ სისულელეზე არ წამოეგონ.
– კონკრეტულად რა გაძლვთ ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს?
– რაც მთავარია, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ოპოზიციაში. აღარც მალავს ოპოზიცია, რომ ერთმანეთს ებრძვიან და დღეს ოპოზიციის გააქტიურება ძირითადად გამოიხატება არა ხელისუფლების, არამედ ერთმანეთის წინააღმდეგ გააქტიურებაში და ეს ხდება დაუფარავად. მეორე მხრივ, არც ერთი არ არის ისეთი უტვინო, ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს ცუდად იმოქმედებს მოსახლეობაზე, რომელიც ისედაც არ არის დიდი ნდობით გამსჭვალული მათდამი. ამიტომ ასეთი საქციელი შეიძლება, აიხსნას შემდეგნაირად: ისინი ცდილობენ, რომ სადღაც დაიკავონ პირველი ადგილი ერთმანეთს შორის. არც ბურჯანაძის ინტელექტზე ვარ დიდი აზრის, არც ირაკლი ალასანიას და მით უმეტეს, არც ოქრუაშვილისა და გაჩეჩილაძის, რომელიც აგერ უკვე მერამდენე გაუგებრობაში მოხვდა, მაგრამ ამდენი ნამდვილად ყველას ესმის. როგორ უნდა ველოდოთ ჩვენ მათგან რამის შეცვლას, როდესაც ოპოზიცია ერთმანეთს დაერია?! ყველა მათი შეკრება თითქოს იმისთვის იმართება, რომ კონკურენტებს გაუსწორდნენ. ერთი ქუჩის აქციებს 22 ოქტომბერს გეგმავს, მეორე – 25 ოქტომბერს და, 7 ნოემბერი უკვე ამოღებულია გრაფიკიდან. არადა, ამ დროს ყველაზე ლოგიკური იყო, თუკი ოპოზიციას მაინცდამაინც ნოემბერი უნდა, ეს თარიღი აერჩიათ, მაგრამ 7 ნოემბერს რომ დანიშნონ საპროტესტო აქცია, მაშინ ეს არავის ინიციატივა აღარ იქნება. შექმნილი მდგომარეობა კარგად იგრძნო ბევრმა და, უპირველესად, ეს დაეტყო ბურჯანაძეს, რომელიც ისე ილანძღება ოპოზიციის მისამართით, თითქოს მე ვიდექი ოპოზიციის აქციებზე მის ნაცვლად. როდესაც თავად ხარ მონაწილე ყველა იმ პროცესის, რომლის გამოყენებაც ვერ შეძლო ოპოზიციამ, რა უფლებით ლანძღავ, თითქოს შენ არაფერ შუაში იყო?! მსგავსი შინაარსის ტექსტები სხვებისგანაც წამოვა, უბრალოდ ბურჯანაძემ დანარჩენებს დაასწრო. საბოლოოდ, კონკრეტული ოპონენტების ლანძღვა-გინება, გადაიზრდება განზოგადებულ თემაში, რომ ზოგადად ოპოზიცია არ ვარგა და ამას გააკეთებენ თვითონ ოპოზიციონერები.
– ისე გამოვიდა, რომ ოპოზიციური სივრცე აითვისეს ხელისუფლების ადრინდელმა წევრებმა?
– რომელი მათგანი არ იყო ხელისუფლების წევრი?! დადებითი განწყობა მაქვს ერთადერთი „ეროვნული ფორუმის“ მიმართ, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. იქ არიან ძალიან კარგი ქართველები, რაც ჩვენ გვჭირდება, იმ ღირებულებების მქონე ადამიანები, უზომო პატივს ვცემ თითოეულ მათგანს, მაგრამ ისინი არ არიან პოლიტიკოსები. თუ შეამჩნიეთ, სწორედ „ეროვნულ ფორუმზე“ ნადირობენ ბურჯანაძეც და სხვებიც. არც ერთი პოლიტიკური მოძრაობა არ იტყვის უარს „ფორუმთან“ გაერთიანებაზე, რადგან მათ სწორედ ის აკლიათ, რაც აქვს „ფორუმს“. თუმცა ბურჯანაძემ უკვე იშოვა ცნობილი სახეები. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ამ ცნობილი სახეებისა და მართლაც სახელოვანი ადამიანების მიმართ, მაგრამ ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, ისევე, როგორც ისინი, ვინც ოქრუაშვილთან წავა, იმიტომ რომ სახელოვანი ადამიანები თვითონ უნდა იყენებდნენ პოლიტიკოსებს და არა პირიქით, როდესაც პოლიტიკოსები იყენებენ მათ.
– თეორიულად და პრაქტიკულადაც თუ არის შესაძლებელი, რომ ხელისუფლების ყოფილი წევრები ისევ დაუზავდნენ მოქმედ ხელისუფლებას და, მართლაც, გამოჰკრან ხელი შაჰის ცოლობას?
– ჩვენ ამ შესაძლებლობებზე ვერ ვილაპარაკებთ, რადგან ჯერჯერობით სააკაშვილს არ აქვს იმის აუცილებლობა, რომ ეს ადამიანები დააკმაყოფილოს. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ საერთოდ შაჰი მრავალცოლიანია, შესაძლებელია, ბევრი ცოლიც იყოლიოს ერთდროულად, თუ სააკაშვილს ამის აუცილებლობაზე თითს დაუქნევს ის ძალა, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა და, რომელიც ოპოზიციის უკანაც დგას. თუმცა ასეთი ნაბიჯი არ იქნება სასურველი არც ერთი მხარისთვის, იმიტომ რომ ოპოზიციას გაშიფვრა მოუწევს. მაგრამ ხელისუფლებას და ოპოზიციას ხანდახან უწევთ თავიანთთვის წამგებიან ნაბიჯებზე წასვლა, რამდენადაც არც ერთი არ მოქმედებს დამოუკიდებლად. არ იყო წამგებიანი, როდესაც ამ აგორებულ დემონსტრაციებს უკან აბრუნებდნენ?! წამგებიანი არ იყო, როდესაც უცნობის „საკანი“ ისე დასრულდა, როგორც დასრულდა?! ძალიან ბევრი წამგებიანი ნაბიჯი გადაიდგა სწორედ იმის გამო, რომ ასე იყო საჭირო. საკნების აღება იყო თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რასთან გვქონდა საქმე. საკნები დიდი ხნის განმავლობაში უქმნიდნენ დაბრკოლებას ჩვეულებრივ ადამიანებს, მაგრამ საკმარისი იყო, მომზადებულიყო ბაიდენის ჩამოსვლა, რომ ის საკნები თვითონ ოპოზიციონერებს აეღოთ. არადა ოპოზიცია მანამდე გვიმტკიცებდა, ბაიდენი ჩამოვა და ჩვენ მას უნდა დავანახვოთ, როგორი ტირანია მიშაო. თუ მართლაც ასეთი მიზანი ჰქონდათ, მაშინ ის საკნები უნდა დაეტოვებინათ. სად საკნებთან გამოსული ხალხი და სად ფილარმონიასთან კიბეებზე ბეღურებივით ჩამომსხდრები?! ეს გამოჩნდა მაშინაც, როდესაც ლევან გაჩეჩილაძე გამოცხადდა ნამდვილ პრეზიდენტად, შემდეგ კი ინაუგურაციის დროს შეთანხმდნენ გაჩეჩილაძე და სააკაშვილი და კიდევ კარგი, მეზობელ რესპუბლიკაში არ დაგეგმა მაშინ ოპოზიციამ ინაუგურაციის საპროტესტო მიტინგი. ანუ ყველა ვითარებაში, როდესაც ამ ხელისუფლებას შეიძლება, შექმნოდა პრობლემა, ოპოზიციამ უკან დაიხია.
– გარე ძალების კარნახით არაფერი ხდებაო, მაგრამ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჩვენი ახალი კონსტიტუცია ისევ შორს დგას დასავლური კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპებისგან, მაგრამ მაინც მიიღეს?
– რა მნიშვნელობა აქვს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს?!
– შესაძლოა, რეალურად არანაირი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება დასავლურ ფუნდამენტურ ღირებულებებს?
– აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ ყველაფერი უნდა იჯდეს დასავლურ ჩარჩოებში, არამედ მხოლოდ ის, რაც მნიშვნელოვანია. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი კონსტიტუცია გვექნება, მნიშვნელობა აქვს იმას, რომელი ძალა გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ აქამდე ვამბობდით, რომ გვჭირდებოდა დაბალანსებული ხელისუფლება; არ გვჭირდებოდა ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტი და სუსტი მთავრობა და სუსტი პარლამენტი. ახლა, რადგან გაგვახსენდა, რომ სააკაშვილი შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარედ ან პრემიერ-მინისტრად მოგვევლინოს, აღარ გვინდა დაბალანსებული ხელისუფლება. ახლა გვინდა უსუსტესი პრემიერ-მინისტრი და ნულს ქვემოთ ჩამოსული პარლამენტის უფლებამოსილება. ჯერ ერთი, თვითონ ასეთი დამოკიდებულებაა სასაცილო. არ ვარ მაღალი აზრის არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების ინტელექტზე, მაგრამ მათ ნამდვილად ესმით, რომ ეს არის თემა, რომელზეც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ და სააკაშვილის ხელისუფლების ინტერესებშიც შედის, რომ ოპოზიცია არ გაჩერდეს. რადგან საკმარისია, ოპოზიციამ შეწყვიტოს ლაპარაკი და ცრუ აქციები, მათ ადგილს, უნდათ თუ არა, დაიკავებს სხვა და ეს არ შედის არც ერთი მხარის ინტერესში. ის ადგილები დაკავებულია და ყველა ტელევიზია ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებასაც შეუნარჩუნდეს თავისი სკამი და ოპოზიციასაც, ანუ ხელისუფლების გუშინდელ წევრებს შეუნარჩუნდეთ ის მდგომარეობა, რომ ოპოზიციაში ვაკანსია არ გაჩნდეს და იქ ვინმე არ შეიპაროს, რომელსაც რადიკალურად სხვა ხედვა ექნება. დღეს ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა გამოყენებულია ყველაზე ცუდი მიზნით: ჩვენ, ერთი მხრივ, მომსახურე პერსონალად უნდა გადავიქცეთ და, მეორე მხრივ, პოლიგონად: სადაც შტატებს დასჭირდება – შტატების პოლიგონად და, სადაც რუსეთს დასჭირდება – რუსეთის პოლიგონად. აი, ასეთია რეალური სურათი.
– ხელისუფლების გუშინდელი წევრებისგან, ჯერჯერობით მხოლოდ ნოღაიდელი და ბურჯანაძე დადიან პუტინთან. შესაძლებელია, შეათავსო სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების და რუსეთის ხელისუფლებასთან დაძმობილების იმედები?
– ეს ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ძალიანაც ნუ ავყვებით იმას, თუ როგორ დითირამბებს უძღვნის პუტინს ნოღაიდელი და როგორ ლანძღავს მას სააკაშვილი. რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს უყურებს პრაგმატულად. რუსეთისთვის ერთიც ხელსაყრელია და მეორეც. მე არ ვიცი, რამდენად მოახერხებს საქართველო ამ ძალიან არასახარბიელო გეგმიდან ამოვარდნას, თუ ჩვენ უნდა გადავრჩეთ და ასეა ნათქვამი ყველგან, რომ საქართველო გადარჩება, საკამათო სწორედ ის არის, რას ნიშნავს გადარჩენა: იმას, რომ საქართველო კარგად იცხოვრებს თუ იმას, რომ ბევრი წამებული ეყოლება?! სულიერი საზომით, გადარჩენილი ჰქვია წმიდანს, რომელიც ისე იცხოვრებს, რომ სამოთხეში მოხვდება. ანუ მე არ ვიცი, რას ნიშნავს რელიგიურად ნათქვამი, საქართველო გაბრწყინდება: ბრწყინვალებას დედამიწაზე თუ ზეციურ ბრწყინვალებას?!