რატომ მიიჩნეოდა და მიიჩნევა საქართველოში კარგ ტონად უცხო ენაზე ლაპარაკი და რატომ არის ქართული ჟარგონი მწირი
tbiliარავინ დავობს, რომ ქართულ ენას ყველა იმ იმპერიამ დაამჩნია თავისი კვალი, რომლებმაც ამ ხანგრძლივი და ავბედითი ისტორიული ქარტეხილების პერიოდში გადაგვიარ-გადმოგვიარეს. მეორე მხრივ, ჩვენს მეხსიერებას ისიც შემორჩა, რომ საბჭოთა ბნელეთისას შვილების რუსულ ბაღებსა და სკოლებში მიყვანა კარგ ტონად მიიჩნეოდა. მაგრამ, რაკი დრონი მეფობენ, ახლა მოდური ინგლისურენოვანი ბაღები და სკოლებია. პატარა ერის კომპლექსია, რომ მასზე ძლიერსა და დიდს, მათ შორის, ენობრივადაც, გაეფინოს თუ ეს გადარჩენის აუცილებელი პირობაა? – ამ არცთუ იოლ საკითხს ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე განგვიმარტავს.
გაგა ნიჟარაძე: უცხო ენის გავლენა მშობლიურ ენაზე ჩვეულებრივი რამაა მთელი მსოფლიოსთვის. მაგალითად, ინგლისურ ენაში დიდი რაოდენობით სიტყვებია შესული ფრანგულიდან, ფრანგულში უკვე შემდეგ – ინგლისურიდან და გერმანულიდან. რუსულ ენაში ძალიან დიდია პლასტი პოლონურის, ფრანგულის. იმ კულტურიდან და ენიდან, რომელიც არის წამყვანი რეგიონულ თუ, თუნდაც, მსოფლიო მიმართებაში, ბუნებრივად ითვისებ ახალ სიტყვებს. ქართულ ენაში არის ბერძნული, არაბული, თურქული, სპარსული და რუსული პლასტი. მაგალითად, „პეჩატ“ და ბეჭედი, ორივე ეს სიტყვა მონღოლურიდანაა ნაწარმოები. ასე რომ, ამაში კატასტროფული არაფერია. მთავარია, რომ გრამატიკა ნარჩუნდება. მაგალითად, ქართულ ენას შეუძლია, გააქართულოს ბარბარიზმები: „საპოჟნიკი პერეულკაში პოლსაპოჟკებს აპაჩინკებს“. ეს არის ქართული წინადადება, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ქართული სიტყვა არ არის გამოყენებული. ის, რომ ბევრი პარაზიტი სიტყვა გვაქვს, ესეც ჩვეულებრივი რამაა, მაგალითად, „ტოსა“ და „კაროჩეს“ საყველპუროდ ვხმარობთ.
– ახლა „შოთლის“ ვიხმართ „კაროჩეს“ ნაცვლად.
– შეიძლება, მალე ჩინურიც შემოვიდეს.
– ინგლისური ჯობია, ჩინურ იეროგლიფებს რა ისწავლის?!
– არც ისე რთულია. ტონალური ენაა. ყოველ შემთხვევაში, ქართულმა ენამ შეინარჩუნა თავისი ქართულობა 15 საუკუნის განმავლობაში, მიუხედავად ბევრად უფრო გამანადგურებელი შემოტევებისა და დაპყრობებისა, ვიდრე დღევანდელი გლობალიზაციის პროცესია. მოგეხსენებათ, გლობალიზაციის პროცესი ახალი არ არის. გლობალიზაციის პირველი ტალღა იყო ელინიზმი, შემდეგ – მონღოლიზმი.
– რა თქმა უნდა, ყველა ეპოქას ჰყავდა თავისი გლობალისტები.
– და ეს ყოველთვის აჩენს კვალს ენობრივ სივრცეს. უფრო სამწუხარო ჩემთვის არის ის, რომ ქართული ჟარგონი ძალიან მწირია. საერთოდ, მიიჩნევა, რომ, როდესაც რაღაც სფეროს გაუჩნდება თავისი ჟარგონი, ესე იგი, ეს სფერო დამკვიდრებულია. ჩვენთან კი, ძირითადად, რუსული და ინგლისური ჟარგონია და ისიც ძალიან მწირი. ეს არ არის მონური ფსიქოლოგია, ეს უბრალოდ ბუნებრივი პროცესია. ისევ ბეჭდის მაგალითს რომ დავუბრუნდე: ის უცხო სიტყვა იყო, მაგრამ შემდეგ გაქართულდა. დღეს კი ქართული ლიტერატურული სიტყვაა და ასეთი სიტყვა უამრავია. ერთი ამერიკელი ირანელი გავიცანი, რომელიც ქართულს სწავლობდა და მან აღნიშნა, რომ ქართული არსებითი სახელი ძალიან ცოტაა, ძირითადად, სპარსული სიტყვებია, სხვათა შორის, თურქულიდან შემოსული სპარსული სიტყვები, რადგან თურქულმა სპარსულის ძალიან დიდი გავლენა განიცადა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ის ქვეყანა, სადაც უფრო მაღალგანვითარებულია კულტურა, განათლება და ტექნოლოგია, ძალაუნებურად გკარნახობს თავის წესებს. როგორც წესი, ძალით ამას არავინ ამკვიდრებს, თუმცა რუსებს ჰქონდათ მცდელობა, რომ აეკრძალათ ქართული ენა, მაგრამ არ გამოვიდა და არც გამოვა. მაგალითად, უელსში მოისპო გელური ენა, მაგრამ შემდეგ აღადგინეს, ისევე, როგორც ებრაელებმა აღადგინეს ივრითი. ჩვენ არ გვაქვს ასეთი საშიშროება, რადგან ქართული გრამატიკა ძლიერია და ნებისმიერ ჟარგონს გადაამუშავებს. მაგალითად, როგორ გინდა, გადმოაქართულო როუმინგი?! თუმცა არის ამის მაგალითები: ისლანდიაში და, თუ არ ვცდები, ჩეხეთში, სპეციალური კომისიაა, რომელიც ნებისმიერ ახალ სიტყვას უძებნის ადგილობრივ შესატყვისს, მათ შორის, ხელოვნურსაც.
– ასე ხელოვნურად არ შეიქმნა სიტყვა „ლიანდაგი“?
– „ლიანდაგი“ ნიკო ნიკოლაძის მოგონილია, „მივლინება“ – ილია ჭავჭავაძის, მაგრამ ზმნები, ძირითადად, ქართულია. ამიტომ მგონია, რომ უცხო სიტყვების შემოსვლა ბუნებრივი პროცესია, თუმცა, კაცმა რომ თქვას, როდესაც საჯაროდ გამოდიხარ, სასურველია, ენის ნორმები დაიცვა. მაგალითად, სიტყვა „შაყირი“ ჯერჯერობით არ არის ლიტერატურული ფორმა, თუმცა პირადად მე მომხრე ვარ, რომ გახდეს ლიტერატურული. ქართული ენისადმი, როგორც წმიდა ძროხისადმი, დამოკიდებულება მეცხრამეტე საუკუნიდან მოდის. ჩემი აზრით, ქართული ინტელიგენციის თავდაცვითი რეაქცია იყო ლიტერატურული ენისადმი ზედმეტად სათაყვანო დამოკიდებულება. არადა ენა ცოცხალი ფენომენია და ის მუდმივად ვითარდება. სნობიზმად „ყელფანდურის“ ხმარება უფრო მიმაჩნია „ვიოლინოს“ ნაცვლად.
– ქართული გრამატიკა, მართლაც, აქართულებს არაქართულ სიტყვებს. მაგალითად, გვაქვს ბევრი კალკირებულად თარგმნილი სიტყვა, რომელიც დღეს ქართულია…
– „ასე ვთქვათ“, მაგალითად, ფრანგულიდანაა წამოსული.
– „პირველ რიგში“, თუმცა რიგში მხოლოდ თუ ვიჯდები, ან „სახეზეა“, მაშინ, როდსაც სახეზე შეიძლება, ლაქა ან ფერისმჭამელა გქონდეს.
– „ანა კარენინას“ პირველი თავი იწყება იმით, რომ სალონში სხედან და მსჯელობენ, უნდა იხმარონ თუ არა „იმეეტ მესტო“, იმიტომ რომ ეს არის ფრანგული კალკი. ქართულად ეს გამონათქვამი ცოტა ხელოვნურად ჟღერს, მაგრამ დაიმკვიდრა ადგილი და იყოს.
– დავასრულებ შეკითხვას: ქართული გრამატიკა გადახარშავს უცხო სიტყვებსო, მაგრამ შემოდის „ადით“ ნაწარმოები სიტყვები, რომლებსაც ვერ მიუსადაგებ ვერც ერთ მეტყველების ნაწილს?
– ეგ უკვე მეცნიერების პრობლემაა და არა ენის.
– მისაღებ გამოცდებზე, სადაც ჯერჯერობით ქართული ენა კვლავ ბარდება, ეს ფორმები: ადგილი აქვს, მოახდინა გასროლა, სახეზეა, ანაზღაურებადია, შეცდომებად მიიჩნევა და აბიტურიენტს ქულა აკლდება. ქართული გრამატიკის იგნორირების ტენდენციაც არ არის საშიში?
– „ადი“ მალე გახდება სავსებით ლიტერატურული, მაგრამ არის მეორე პრობლემა: სალაპარაკო ენაში და საჯარო ენაშიც შემოდის ისეთი სიტყვები, რომელთა ორიგინალსაც არაფერი აქვს საერთო ქართულ თარგმანთან. ამის ყველაზე კარგი მაგალითებია: პოზიცია და ოპოზიცია. რაზეც მე მაჟრიალებს, იმიტომ რომ ეს არის უმეცრებისა და გაუნათლებლობის ზეიმი. სხვათა შორის, ისეთმა ადამიანებმა იხმარეს თავდაპირველად, რომლებსაც ჭკუა მოეკითხებათ.
– გასაგებია, აწარმოეს სიტყვა „ოპოზიციიდან“.
– ბორტი და აბორტიც ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ანტონიმები არ არის. კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ კრებითი სახელები ისმება მრავლობითში და ვიღებთ: მუსიკებს, ხასიათებს, წვიმები, ამინდები და სხვა. ეს მაფიქრებს, რადგან მგონია, რომ ენისადმი მგრძნობელობა იკლებს, იმიტომ რომ, ასეთი რამ არ არის შემთხვევითი: ხდება ენის გაპრიმიტიულება და ვეღარ ხვდები, რას ამბობ.
– მეტიც, უცხოური სიტყვები სულ სხვა მნიშვნელობით იხმარება.
– გაპრიმიტიულების მაგალითია, როდესაც ადამიანზე ამბობენ, კოლორიტიაო. თუმცა ადამიანი კოლორიტი ვერ იქნება, ის შეიძლება, იყოს კოლორიტული. ასეთი უამრავი მაგალითის დასახელება შეიძლება, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ენა ამას გადაამუშავებს.
– მხოლოდ იმ ერთადერთ შემთხვევაში, თუ გრამატიკა გვეცოდინება.
– სხვათა შორის, ამ გრამატიკასაც ჩახედვა უნდა, რადგან სპეციალისტებისგან გამიგია, რომ აკაკი შანიძის მიერ გაწეული უზარმაზარი შრომის მიუხედავად, ზმნის სქემაში რაღაც ზმნები არ ჯდება.
– მიმიხვდებოდით, რომ მე არ დამისვამს აგრესიულად კითხვა ინგლისურის სავალდებულოობის შესახებ, უბრალოდ მცირე ერობის ტვირთი დაგვიმძიმდა და ინგლისურიც დაგვემატა. იყო პერიოდი, როდესაც რუსულ ბაღებში შეჰყავდათ ბავშვები, ახლა ინგლისურენოვან ბაღებში შეჰყავთ. როგორ ფიქრობთ, ეს რა მიზნით ხდება: ინგლისურის ცოდნა კარგ ტონად მიიჩნევა, როგორც ადრე რუსულის ცოდნა იყო თუ განვითარებისთვის? თუმცა ისიცაა, რა ინგლისურით ვლაპარაკობთ?
– რა თქმა უნდა, ინგლისურიცაა და ინგლისურიც. რაღაცნაირად ეს მაინც გარემოსთან ადაპტაციის საშუალებაა. კანონი, სანამ შენ არ შეგეხება, თუ სპეციალისტი არ ხარ, არ ჩახედავ; თაგვები თუ არ შემოგესია, არ ისწავლი, როგორ უნდა მოიშორო თავიდან. ამ შემთხვევაში, დაახლოებით, ასევეა: ვიღაც როუმინგსა და მონიტორინგს ამბობს და ვიღაც, უფრო უარესს. ერთხელ ასეთი გენიალური ფრაზა მოვისმინე ერთ-ერთი პარლამენტარისგან: „ამ გარიგების უკან დიდი ლობი მუსირებს“. არ იცის სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ თავის გამოჩენა უნდა. აი, ეს არის სნობური, როდესაც სპეციალურად ამბობ რაღაცას შთაბეჭდილების მოსახდენად. ერთ-ერთ ძალიან ცნობილ რუსულ რომანში „თორმეტ სკამში“, იპოლიტ ვორობიანინოვის სიდედრი, იპოლიტს ეძახის: „ეპოლეეტ“, რადგან ჰგონია, რომ ასე ამბობენ საფრანგეთში. აი, ეს არის ტიპური ქაჯური სნობიზმი, რაც ჩვენთანაც გვხვდება. ისევ უცხო სიტყვებს რომ დავუბრუნდეთ: ქართულში სომხურიდანაც არის შემოსული უამრავი სიტყვა, თუმცა ვერ იტყვი, რომ სომხები დომინანტური ჯგუფი იყო, მაგრამ გავლენა იქონიეს, რადგან გვქონდა ურთიერთობა. მაგალითად, „სიფთა“ ჩვენთან სომხურიდან შემოვიდა, თუმცა შესაძლოა, სპარსული ან არაბული სიტყვაა. ენის სიწმიდის სადარაჯოზე ჯოხით დადგომა არ არის პროდუქციული, რადგან ჟარგონს ვერ გააკონტროლებ. ძალიან კარგ ამბავს მოვყვები: ერთი ცნობილ მეცნიერს, ფიზიკოსს, ხელში ჩაუვარდა გენეტიკის სახელმძღვანელო და იქ ამოიკითხა ასეთი ფრაზა: „რეცესიული ალელი გენოტიპში ექსპონირდება მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც გენოტიპი ჰომოზიგოტურია“. გაიგეთ რამე?
– ვერა. ერთი ის ვიცი, რომ ალელი გენების წყვილია.
– ასევე ვერ გაიგო ამ ფიზიკოსმაც და თქვა, რომ მეცნიერი, რომელიც ასეთი გაუგებარი სიტყვებით ოპერირებს, არ შეიძლება, იყოს მართალი. ამიტომ ჩაუღრმავდა გენეტიკას, მიიღო ნობელის პრემია გენეტიკაში და თქვა: აი, ამ ფრაზის უკეთესად გადმოცემა შეუძლებელიაო.
– მცირერიცხოვან ერებს, რომლებსაც უდგათ იმის აუცილებლობა, რომ გარე სამყაროსთან დაამყარონ ურთიერთობა, რამდენი ენის ფლობა მოეთხოვებათ, რომ მეტ-ნაკლებად ღირსეული ადგილი დაიკავონ მსოფლიოში, ოღონდ არა მხოლოდ იმიტომ, რომ გაქცეული ტურისტი გააჩერონ?
– ძალიან ძნელი სათქმელია. მე ვიცი გოეთეს ნათქვამი, რომ ადამიანში იმდენი პიროვნებაა, რამდენი ენაც იცისო, რადგან მით უფრო მდიდარი სამყარო გაქვს. საყველპურო სომხური, რუსული, ინგლისური და თურქული რომ იცოდე, კარგია, საყველპუროზე მეტი თუ გეცოდინება, მთლად უკეთესი. მეორე მხრივ, შესაძლოა, საერთოდაც არ იყოს აუცილებელი არც ერთი უცხო ენის ცოდნა. არის ისეთი სოფლები საქართველოში, სადაც საერთოდ არაფერი იციან, ქართულის გარდა. მაგრამ, თუ ქვეყანა ჩაბმულია საერთაშორისო ვაჭრობაში, ურთიერთობებში, ტურიზმში, ცხადია, უცხო ენების ცოდნა საჭიროა. თუ გინდა, რომ სასტუმრო გახსნა, ოფიციანტს უნდა ასწავლო ინლისური მაინც, თუ გერმანულსაც ასწავლი, ეს ნიშნავს, რომ გერმანელიც სტუმარიც ჩამოგივა. უპირველესად, ბიზნესია ცხოვრების წინ წარმმართველი. მაგალითად, თუ მეცნიერი ხარ, შეუძლებელია, ინგლისური არ იცოდე. თუ ფილოსოფიას სწავლობ, აუცილებელია გერმანულიც იცოდე, რომ გერმანელი ავტორებიც გაიცნო. საბჭოთა დროს კარგ ტონად მიიჩნეოდა გერმანულის ცოდნა, მხოლოდ გერმანულს სწავლობდნენ და ინგლისურენოვანი ფილოსოფოსები უკანა პლანზე ჰყავდათ. ახლა პირიქითაა, გერმანულენოვანი ფილოსოფოსები არიან მეორე პლანზე.
– ჩვენთან ბევრი წარწერა ინგლისური ენის გრამატიკის სრული იგნორირებითაა გაკეთებული, მათ შორის, ქალაქ სიღნაღის წარწერაც...
– გენიალური წარწერა ვნახე ერთ-ერთი რესტორნის მენიუში: „ბოლდ ლენგვიჯ“. ეტყობა, ლექსიკონში ნახა, რომ „ლენგვიჯ“ ნიშნავს ენას, მაგრამ ანატომიურ ენას რომ სხვა სიტყვა გამოხატავს, ეს აღარ იცოდა. ასეთი შემთხვევებიც ბევრია. თავის დროზე რუსულ წარწერებშიც ბევრი იყო. ერთ ეპიზოდს მოგიყვებით: არის აზერბაიჯანული კერძი, რომელსაც ჰქვია: „ჯზბზ“ და საბჭოთა დროს იყო ერთადერთი დაწესებულება, სადაც აი, ამ „ჯზბზს“ აკეთებდნენ. ბატკნის კუჭმაჭისგან მზადდება და აზერბაიჯანელებს ძალიან უყვართ. მივიდა კომისია იმ დაწესებულებაში და თქვა, მხოლოდ აზერბაიჯანულად აწერია „ჯზბზხანა“, რუსულადაც უნდა ეწეროსო და დააწერეს „ჯზბზჩნაია“. აშკარაა, რომ ვერც ერთი რუსი ამ სიტყვას ვერასდროს გამოთქვამდა და ვერც გაიგებდა, რას ნიშნავდა, მაგრამ მაინც გაუკეთეს რუსული წარწერაც. მახსოვს ერთხელ, მოსკოვის ერთ-ერთ გასტრონომში გამაჩერა რუსის ქალმა, ბოთლი მაჩვენა და მკითხა, რას ნიშნავს ეს წარწერაო. ბოთლს ეწერა: „საცებელი იზ ტკემალი“.
– გულწრფელად უნდა გითხრათ, ძალიან დამამშვიდეთ, რომ ეს ჩვენი მიდრეკილებები ამა თუ იმ ეპოქაში აქტუალური დამპყრობლის, უფროსი ძმის თუ სტრატეგიული პარტნიორის ენის თაყვანისცემისა, არ არის მონური ფსიქოლოგიის ნიშანი, იმიტომ რომ ნახევრად მშიერი მონები ვერაფერს ქმნიან ღირებულს.
– და, როგორც ირკვევა, მონებს არასდროს არაფერი აუშენებიათ. არც ეგვიპტეში აუშენებიათ მონებს პირამიდები. მათ კარგადაც აჭმევდნენ და კარგადაც უხდიდნენ.