კარგი დასაწყისი
მზიანი დილა კარგი დასაწყისია. კიდევ უფრო კარგი დასაწყისია ღიმილი: ადექით, ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით საკუთარ თავს, რომ დღეს განსაკუთრებით მომხიბვლელი და სექსუალური იქნებით, ყველაფერი გამოგივათ და დღე არაჩვეულებრივად ჩაივლის. ჩაიცვით ვიწრო ქვედაკაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ან – ჯინსი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ასეთ ფეხსაცმელს თავისი კონკრეტული დანიშნულება აქვს. თუ ქალს შეუძლია, მაღალ ქუსლებზე შემდგარმა მართოს საკუთარი სხეული და მოაგვაროს საქმეები დღის განმავლობაში, ის ადვილად მიაღწევს წარმატებას. შემოდგომა არ არის მიზეზი, რომ მოიწყინოთ ან არ გაიპრანჭოთ. ყველა სეზონს თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს, ზუსტად ისე, როგორც ქალს ყველა ასაკში.
შენ ქალი ხარ და ფლობ საიდუმლოს, რომელსაც ქალურობის მაგია ჰქვია. შეგიძლია, ქუჩაში გამვლელი მამაკაცების მზერა მარტო შენკენ მომართო, თუკი ჯერ თავად შეიცნობ საკუთარ ქალურობას. კარგი განწყობა ქალს სიარულზეც კი ეტყობა და ის ძალიან გადამდებია.
კარგი დასაწყისია კარგი კომპლიმენტი, რომელიც, შეგიძლიათ, თავად გამოითხოვოთ. არის ქალების კატეგორია, რომლებსაც არაფერი აქვთ განსაკუთრებული, მაგრამ მაინც განსაკუთრებულები არიან. მათ იციან, როგორ დაიწყონ დღე კარგად, რომ მერე ის ბოლომდე წარმატებული იყოს. მათ იციან, რატომ არ უნდა „ჩამოყარონ ყურები“ და არ აიღონ ხელი ბრძოლაზე, როცა წინააღმდეგობის დაძლევის შანსი კიდევ არსებობს. მათ იციან, რომ ყველაფერი მხოლოდ მათზეა დამოკიდებული და... მათ იციან, რომ, იყო ქალი – ეს უკვე კარგი დასაწყისია!