რატომ ვერ აგნებს ზაალ ჩიქობავა სახლში საწოლს და ვინ უწყობს მას ფოიერვერკებს
უკვე სამი წელია, რაც რუსთაველის თეატრის მართვა ზაალ ჩიქობავას ერგო და ის ამ საპატიო მისიას თავს არაჩვეულებრივად ართმევს – ყველასთვის საყვარელი თეატრი ძველ პოზიციას არ თმობს. თეატრის მმართველი ვერც ძველ და ყველაზე საყვარელ საქმეს ელევა – ადმინისტრაციულ საქმესთან ერთად არც როლებზე ამბობს უარს, თეატრს მიღმა ზაალ ჩიქობავას ცხოვრება ისევე მრავალფეროვანია, როგორც ძველ თეატრში. ეს მისი არაჩვეულებრივი მეუღლის, თათა სვანიძის დამსახურება გახლავთ, რომელიც უკვე 9 წელია, რაც ფოიერვერკებს და სიურპრიზებს არ აკლებს ქმარს.
– მალე სამი წელი შესრულდება, რაც რუსთაველის თეატრის მმართველი ხართ. ალბათ, შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც სახელოვნებო ჩინოვნიკი გახდით.
ზაალი: ჩინოვნიკობის რა მოგახსენოთ, არ შეცვლილა ჩემი ურთიერთობები არც მსახიობებთან, არც რეჟისორებთან, „ბატონი ზაალი“ არ გავხდი, ისევ ზაალი ვარ. თუმცა, მე ჩემს უფროს კოლეგებს თავად მივმართავ ბატონობით, ხანდახან ისინიც შემომაპარებენ ხოლმე. ამ სამსახურმა ჩემი ცხოვრება ნამდვილად ძალიან შეცვალა, ახლა ბევრად მეტი საფიქრალი გამიჩნდა, ჩემი პირადი პასუხისმგებლობაც ასმაგად გაიზარდა. რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, საქმის სიმძიმემ, ჩემმა პასუხისმგებლობამ და დამოკიდებულებამ თეატრის მიმართ, უფრო მეტი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა. დავიწყეთ იმ ტრადიციების აღდგენა, რაც იყო ძველი და დავიწყებული. გვაქვს სიახლეებიც, რაც აქამდე არ ყოფილა რუსთაველის თეატრში – დავიწყეთ საბავშვო და ახალგაზრდული პროგრამების გაკეთება, დავადექით საგამომცემლო გზას და ჩვენს მუზეუმთან ერთად, რამდენიმე წიგნი და კატალოგი დავბეჭდეთ, ყველამ იცის, რომ რუსთაველის თეატრს ძალიან საინტერესო მუზეუმი აქვს, რომელსაც მეტი მოვლა და მზრუნველობა სჭირდება.
– შემოქმედებითი წვის ნოსტალგია არ გაქვთ... თეატრის მმართველს როლს რომელი რეჟისორი არ მისცემს.
– ამ მხრივ დანაკლისი არ მაქვს, გასულ სეზონზე ორ პრემიერაში ვითამაშე. შემოთავაზებები საკმაოდ ხშირია როგორც თეატრში, ასევე კინოსა და სერიალებში. ადმინისტრაციული თვალსაზრისით, თეატრში იმდენი საქმეა, მე თვითონ გავურბივარ შემოქმედებით სამუშაოს – არ მინდა, საქმეს რამე დავაკლო, რადგან ჩემთვის ამ ეტაპზე თეატრის მართვაა პრიორიტეტული. როდესაც „გონზაგოს მკვლელობის“ პრემიერისთვის ვემზადებოდით, ერთ დღეს, რეპეტიციის დროს შუქი გაითიშა. დაკითხვის სცენა იყო, სიმაღლაზე, „შტანგაზე“ ვეკიდე. თვის ბოლო რიცხვები იყო, ატყდა ერთი ამბავი: ვაიმე, მმართველი გაგვეჭედა, ჩამოვიყვანოთო. ჯემალ ღაღანიძემ იხუმრა: უწყისებზე ხელი თუ აქვს მოწერილი, იყოს მანდო (იცინის). როცა სცენაზე შევდივარ, ბუღალტერიაც მავიწყდება, ადმინისტრაციაც და სანტექნიკაც. იმ დროს იმდენად სხვაგან ვარ გადართული, თავიდან ვერც ვხვდები ხოლმე, რატომ მკითხეს, ამაზე ჩემი თანამშრომლები კარგად „ღადაობენ“. უფრო მეტიც, მაგ დროს ვინმემ თუ მკითხა, წყალი რატომ არ მოდისო, ვბრაზდები.
– გაბრაზება სასტიკი იცით?
– სვანური. დედაჩემი იოსელიანის ქალი – გაიმერლებული სვანია. ჩემი გვარის მიუხედავად, მეგრელის ხასიათს საკუთარ თავში ყველაზე ნაკლებად ვგრძნობ. აფეთქება, რაც მე მჩვევია, სვანურია, თუმცა სვანეთში არასდროს მივლია – მთელი ბავშვობა იმერეთში, ბაღდათის ულამაზეს სოფელ, ფერსათში მაქვს გატარებული, სოფლის ბიჭიც ვყოფილვარ, მომითოხნია, დამიბარავს, გამისხლავს, მომიკრეფია, დამიწურავს და დამილევია კიდეც. დედას არ ეცალა სოფელში სასიარულოდ, ზაფხულობით გაგვამწესებდნენ ხოლმე ბებია-ბაბუასთან მე და ჩემს ძმებს. სოფელი ისე გვიყვარდა, სექტემბერში ჩვენი იქიდან წამოყვანა დიდი პრობლემა იყო. ბაბუა მაგრად გვამუშავებდა, ყველანაირი შრომის ფასი ვიცი. უკვე წლების შემდეგ წარმოიდგინეთ, იყო დრო, როცა 24-საათიან რეჟიმში მიწევდა მუშაობა: დილით თეატრში ვიყავი რეპეტიციებზე, მერე ტელევიზიაში მივრბოდი ფილმის გახმოვანებაზე, მერე იყო სპექტაკლი, რომლის შემდეგაც, დილის 5 საათამდე კლუბში ვმუშაობდი მენეჯერად. იმ პერიოდმა ძალიან გამომაწრთო, დღე-ღამეში ერთი საათი მეძინა ხოლმე, მაგრამ ეს არაა ჩემთვის პრობლემა. კისერი თუ მომწყდა, თხუთმეტი წუთი ყველგან შემიძლია, წავთვლიმო, კაბინეტშიც კი და ამას თათაც დამიდასტურებს.
– თათა, ზაალი სახლშიც მმართველია?
თათა: აქ ორივე მმართველი ვართ, ერთნაირი სტატუსით ვსარგებლობთ (იცინის). თეატრში ისეთი დაკავებულია, რომ ოჯახისთვის ვეღარ იცლის, ფაქტობრივად, დაკარგული გვყავს. ხანდახან ძალიან ვბრაზდები, როცა მირეკავს და მეუბნება სახლში მოვდივარო, მაგრამ როდის მოდის, ესაა საკითხავი. ვიცი, რომ ბევრი საქმე აქვს, ხან მმართველის როლშია, ხან – მსახიობის, მაგრამ მე ყველაზე მეტად სახლის როლში მომწონს, „ჩუსტებში,” თუმცა ჩუსტები არასდროს აცვია (იცინის).
– როგორც ამბობენ, სხვა პროფესიის ადამიანისთვის ხელოვანთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება რთულია.
– მე პირიქით ვფიქრობ. მართალია, რადიკალურად განსხვავებული, ბევრად უფრო პრაგმატული პროფესია მაქვს, მაგრამ მთლიანად ვარ ჩართული ზალიკოს რეჟიმში! ვიცი, რა ხდება თეატრში, როგორ ემზადებიან პრემიერისთვის, პიესებსაც კი გავდივართ ერთად. ხანდახან სამსახურში შევურბენ ხოლმე, რომ ხუთი წუთი გავესაუბრო და რაღაც ვუთხრა, რადგან ამას სახლში ვერ ვახერხებთ. როგორ მნიშვნელოვან საქმეზეც არ უნდა ვიყო მისული, თუ არ სცალია, ზედმეტად ერთ წუთს არ მითმობს და მოსაცდელში მიწევს ხოლმე ლოდინი, რაზეც სულ ვხუმრობ: „ბატონ ზაალს სცალია?“ – ასე ვკითხულობ ხოლმე, იქ მე მისთვის „ბაჭია“ აღარ ვარ. ხანდახან პრემიერის დღეს ადგილსაც ძლივს პოულობს ჩემთვის (იცინის). ამის მიუხედავად, მე ჩემს წრეში დიდი თეატრალის სახელი მაქვს. ძალიან მიყვარს ხელოვნება, ადრე ვცეკვავდი კიდეც. არა მხოლოდ რუსთაველის თეატრში, ყველა თეატრში დავდივარ.
– ზაალ, რატომ შეუშვით მეუღლე „მტრის ბანაკში“?
ზაალი: ეს აუცილებელია, ხანდახან თათამ უფრო მეტი იცის, რა ხდება სხვა თეატრებში, ვიდრე – მე. ყველა თეატრის მმართველებთან ძალიან კარგი მეგობრობა მაკავშირებს, ჩვენი ურთიერთობა ბოლო პერიოდში ნამდვილად არ დაწყებულა, ჩვენ რომ არ გვქონდეს ასეთი ახლო კავშირები, ერთობლივ პროექტებს წარმატებით ვერ განვახორციელებდით, მაგრამ, არსებობს კონკურენცია და, თუ ეს დაგავიწყდა, საქმეს სწორად ვერ წაიყვან.
– თათა, მეუღლე საოჯახო საქმისგან სრულიად გათავისუფლებული გყავთ?
თათა: არა, შევაქებ მეუღლეს და ვიტყვი, რომ ძალიან კარგი მეოჯახეა. რაც გინდა, დაავალე – სარეცხის ფხვნილით დაწყებული, შამპუნით დამთავრებული, ოღონდ, თან სიაც უნდა გავატანო. სახლში რემონტი გვქონდა და ზალიკო მთლიანად იყო ჩართული, დიზაინერიც თვითონ იყო და არქიტექტორიც.
ზაალი: ერთადერთი, „პრარაბი” არ ვიყავი, ეს ფუნქცია ჩემმა სიმამრმა აიღო თავის თავზე.
თათა: ჩვენი გემოვნება ძალიან ემთხვევა ერთმანეთს, როცა უცხოეთში მიდის, შეუძლია მიყიდოს ყველაფერი: პარფიუმერია, კრემი, პომადა, ფეხსაცმელი, კაბა, თან ისე, რომ ყველაფერი მომერგოს. ხანდახან ისეთ რამეებზე ვურეკავ ხოლმე, მერე საკუთარ თავზე ვბრაზდები. ამას წინათ, ფესტივალის გახსნის დღეს დავურეკე, რომ კაბის ფერი შემეთანხმებინა. მარტო კაბის ფერს კი არა, თმისა და ფრჩხილის ლაკის ფერსაც ვუთანხმებ ხოლმე.
– როგორც ჩანს, ზაალს პრეტენზიული ხასიათი აქვს.
– საერთოდ არაა პრეტენზიული, სუპსაც ჭამს, მაგრამ, რასაც ჭამს, კარგად უნდა იყოს გაფორმებული. კარგი „სერვიროვკის“ მოყვარულია – დანა-ჩანგალი თუ არ მოეწონა, შეუძლია, გამომაცვლევინოს, საჭმელს კი განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს, მთავარია ჰქონდეს ყველი – ყველის გარეშე ვერ ძლებს, მე კი ყველი არ მიყვარს და მისი სუფრასთან მიტანა სულ მავიწყდება.
ზაალი: თათა არ მაძლევს პრეტენზიის საბაბს. ასეთი რომ არ იყოს, ალბათ, მექნებოდა პრეტენზიები. საერთოდ, მიყვარს დაკვირვება, ყველაფერს ვამჩნევ, მათ შორის ფრჩხილის ლაკის ფერსაც კი. რთულია თათასთან ექსპერიმენტებს არ შეეჩვიო, ის ფოიერვერკების მოყვარულია, სულ მაოცებს, სულ მაბნევს და სულ მაცდუნებს (იცინის). დილით საძინებელში მის სხვა ფერის თმით ნახვასაც კი შეჩვეული ვარ. სახლის ინტერიერის შეცვლა ისე უყვარს, რომ რამდენჯერმე საწოლსაც კი ავცდი – სიბნელეში იქ დავწექი, სადაც მეგონა, რომ იდგა, მაგრამ გადაადგილებული აღმოჩნდა, როცა პლეხანოვზე ვცხოვრობდით, იქ ძალიან დიდი საძინებელი გვქონდა და უნდა გენახათ, რა სისწრაფით „დადიოდა” იქ ჩვენი საწოლი (იცინის). მრავალფეროვნება ცხოვრებას საინტერესოს ხდის. თუ პრობლემა არ მაქვს და არ ვაგვარებ, ვდუნდები, ამიტომ, სულ მაქვს პატარ-პატარა პრობლემები, რომ მუდმივად მობილიზებული ვიყო და თათაც ხელს მიწყობს ამაში.
თათა: მრავალფეროვნება მიყვარს დიზაინთან დაკავშირებით, სამაგიეროდ, ადამიანებთან ვარ სტაბილური: თუ მიყვარს ვინმე – მიყვარს, თუ ვმეგობრობ ვინმესთან – ვმეგობრობ, ორ დღეში არ ვიცვლი დამოკიდებულებას, საწოლის და მაგიდის ადგილის ხშირად შეცვლით კი არავის ვავნებ.
ზაალი: თათა ძალიან აქტიური ხასიათის ადამიანია, ნამდვილი ენერჯაიზერი, მაგის რიტმს ვერ აჰყვები. თათას შეუძლია, სამსახურშიც იაროს, სახლის საქმეც მოასწროს და კიდევ ასი საქმე დაიმატოს, თან, არ იღლება, ამიტომაც, ვერასდროს ვერ ხვდება, რატომ ვარ დაღლილი. ბავშვიც დედის კვალზე წავიდა – ნიცა ათას რამეზე დაგვყავს და კიდევ რაღაც-რაღაცეებს ითხოვს.
– თქვენი ინტერესები და გატაცებები ემთხვევა ერთმანეთს?
– თუ მოვახერხეთ, გვიყვარს ერთად დასვენება, გვიყვარს ზღვა; მართალია, თათა არ ცურავს და პლაჟიდან ვერ გამოგვყავს, მაგრამ, სამაგიეროდ, მე და ბავშვები ვერთობით კარგად. ამას წინათ თათამ მაგარი რაღაც მითხრა: მოდი, მანქანა გავყიდოთ და საახალწლოდ ესპანეთში წავიდეთო, თან, დააყოლა – ისე, რა გვინდა ესპანეთში, ამ სიცივეში ზღვაში რა შეცურავსო. მე ვუთხარი: ზაფხულში ხომ იჭრები ზღვაში და ზამთარი ძალიან შეგიშლის ხელს-მეთქი.
თათა: ზალიკო ძალიან კომფორტული ადამიანია დასვენების დროს, განსაკუთრებით კომფორტულია მეგობრებისთვის, მაგრამ, ჩემგან განსხვავებით უცხო ადამიანებთან ძნელად შედის კონტაქტში. მე ორი უკიდურესობა მაქვს, ზალიკო ძალიან ზომიერია.
ზაალი: ეს ხასიათის თვისებაა, რომელსაც ვერც დრო ცვლის და ვერც თათა. მაგრამ, არსებობს ჩემი ძალიან ახლო მეგობრების წრე, სადაც მიყვარს ყველაფერი: ჭამა, სმა, ქეიფი, მათთან ყირაზეც შემიძლია, გადავიდე, დავკარგო ჭკუა-გონება, ვიყო უკონტროლო და აბსოლუტურად თავისუფალი. ამ ბოლო დროს ეს იშვიათად ხდება, მაგრამ, როცა ასეთი მეგობრული შეკრებები გვაქვს, ძალიან ბედნიერი და თავდავიწყებული ვხდები.