კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ N30–41(511)

ზამთრის ერთ დღეს, უშიშროების აგენტი, ფსევდონიმით „მაგდა“, რომელსაც „კაგებეში“ მოგონილ ლეგენდაში იგივე სახელი დაუტოვეს, დედათა მონასტერს მიადგა, რომელსაც დედა მარინე წინამძღოლობდა, ეპარქიას კი, რომელშიც ეს მონასტერი შედიოდა – მეუფე გაბრიელი, დედა მარინე და მეუფე გაბრიელი ახალგაზრდა, პატიოსანი, განათლებული, უაღრესად მორწმუნე და პატრიოტი ადამიანები იყვნენ. სწორედ ამიტომ, ორივეს სახელი „კაგებეს“ შავი სიის პირველ ათეულში ეწერა, მათ თავებზე დამოკლეს მახვილი ეკიდა და საბჭოთა უშიშროება მათ წინააღმდეგ სერიოზულ პროვოკაციას ამზადებდა.

ეკლესიაში ჩაბუდებული უშიშროების აგენტები „კაგებეს“ მუდმივად აწვდიდნენ ინფორმაციებს ამ ორი სპეტაკი ადამიანის წინააღმდეგ და ყოველი ასეთი ინფორმაცია უკიდურესად უარყოფითი იყო. ამ „დანოსებში“ მეუფე გაბრიელი და დედა მარინე ანტისაბჭოელებად, უკიდურეს ნაციონალისტებად და რელიგიურ ფანატიკოსებად იყვნენ მოხსენიებულნი, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ძირს უთხრიდნენ საბჭოთა სოციალისტურ სახელმწიფოს. ზემოხსენებული სამი ბრალდებიდან, იმ პერიოდში, ერთიც კი საკმარისი იყო ადამიანის გასანადგურებლად, დედა მარინეს და მეფე გაბრიელს კი სამივე ბრალდება ერთდროულად მიაკერეს და „კაგებემ“ მათ წინააღმდეგ ჯოჯოხეთური პროვოკაცია ჩაიფიქრა.

უშიშროების იმ განყოფილებას, რომელსაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კონტროლი ჰქონდა დავალებული, პოდპოლკოვნიკი პეტრე გორსალია ხელმძღვანელობდა. გორსალია ახალგაზრდა, უცოლშვილო, ნიჭიერი, მაგრამ ათეისტი და უზნეო ადამიანი გახლდათ. მისთვის მთავარი ცხოვრებისეული მიზანი კარიერა და ძალაუფლება იყო, ადამიანი კი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდა. უცოლშვილო გორსალიამ 32 წლის ასაკში, „კაგებეს“ პოდპოლკოვნიკობასა და განყოფილების უფროსობას მიაღწია. ასეთი რამ კი, ამ უწყებაში ძალზე იშვიათად ხდებოდა – ასეთ სტატუსს ამ ასაკში მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანები აღწევდნენ. დამსახურებები გორსალიას მართლაც რომ, შთამბეჭდავი ჰქონდა, მის მთავარ წარმატებად კი ის მიაჩნდათ, რომ მან ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მძლავრი ჯაშუშური ქსელის ჩამოყალიბება მოახერხა. ამ ქსელის მეშვეობით „კაგებე“ სრულ ინფორმაციას იღებდა ქართულ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე და მათზე ზეგავლენის მნიშვნელოვან ბერკეტებსაც ფლობდა.

პოდპოლკოვნიკი გორსალია უშიშროების გენერლობასა და დიდ კარიერას უმიზნებდა, რომელიც, მისი გეგმით, მოსკოვში უნდა გაგრძელებულიყო. ამის განსახორციელებლად კი დაოჯახება იყო საჭირო, რადგან „კაგებეში“ მარტოხელები ცოლშვილიანებზე ნაკლები ნდობით სარგებლობდნენ. ასეთი რამ კი იმით იყო გამოწვეული, რომ, საბჭოთა უშიშროებაში არსებული დაუწერელი კანონის თანახმად, „კაგებეს“ დაოჯახებული თანამშრომელი ღალატისგან ცოლ-შვილის გამო შეიკავებდა თავს, ანუ, მოღალატის ცოლ-შვილი უწყების მძევლებად რჩებოდა, მძევლებს კი „კაგებე“ უსასტიკესად უსწორდებოდა. ეს ყველაფერი კარგად იცოდა გორსალიამ და კარიერულ წინსვლაში რომ არ შეშლოდა ხელი, 33 წლის ასაკში დაქორწინდა.

პოდპოლკოვნიკი ახალი დაოჯახებული იყო და მისი მეუღლე უკვე ბავშვს ელოდა, როდესაც პეტრე გორსალიამ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ახალი იერიში წამოიწყო. იგი ინტრიგების ხლართვის განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული და პროვოკაციების მოწყობის უნიკალური უნარი გააჩნდა. პეტრემ, როგორც გენიალურმა მოჭადრაკე-დიდოსტატმა, აბსოლუტურად ზუსტად იცოდა მის თამაშში მონაწილე ყველა ფიგურის ფუნქცია, თითოეული მათგანი საფუძვლიანად ჰყავდა შესწავლილი და ასეთ წარმატებებს ამიტომ აღწევდა.

– მდაა... – ჩაილაპარაკა პეტრე გორსალიამ, როდესაც მეუფე გაბრიელსა და დედა მარინეზე მიღებული ჯაშუშური ცნობები გააანალიზა, – ამათ ასე ადვილად, შიშველი ხელებით ვერ მოერევი, მათ დასამარცხებლად არაორდინარული, ძლიერმოქმედი იარაღია საჭირო. ვფიქრობ, რომ აქ მსხვერპლის გარეშე, ეგრეთ წოდებული უმანკო მსხვერპლის გარეშე, არაფერი გამოვა. დაე, იყოს მსხვერპლი, თუნდაც, ეგრეთ წოდებული უმანკო. როდესაც ეს ასეა, უმანკო მსხვერპლიც კი გამართლებულია დიადი მიზნის მისაღწევად.

თავის ხმამაღალ ფიქრებში პეტრე გორსალია „დიად მიზნად“ საკუთარ კარიერულ წინსვლას და რაც შეიძლება მეტი ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობდა. ამის მისაღწევად კი, ის ყოვლად უდანაშაულო ადამიანების გვამებზე გადავლასაც არ მოერიდებოდა. „რაც შეიძლება, მეტი ძალაუფლება“ კი პეტრე გორსალის თავისი ბავშვურ-ჭაბუკური შთაბეჭდილებების გადასაფარავად, გასანეიტრალებლად სჭირდებოდა. მისი ეს შთაბეჭდილებები იმდენად მძიმე და აუტანელი იყო, რომ მოწიფულ ასაკშიც იჩენდა თავს და მათ დასაძლევად, ისეთ ძლიერ პიროვნებასაც კი, როგორც პეტრე იყო, უდიდესი ძალისხმევა და ნებისყოფის სრული მობილიზება სჭირდებოდა.

პეტრე გორსალიას მამა, პავლე, მღვდლის შვილი, უაღრესად მორწმუნე, სათნო და კეთილი ადამიანი იყო. პავლემ თავის ერთადერთ ვაჟს მამის პატივსაცემად პეტრე დაარქვა და ისეთივე ღვთისმოსავ, პატიოსან კაცად ზრდიდა, როგორებიც მამამისი – მღვდელი პეტრე და თავად იყვნენ. მღვდელ პეტრეს მთელი, სამეგრელო-აფხაზეთში სცემდნენ პატივს და ილორის წმიდა გიორგის მონასტერში, სადაც ეს პატიოსანი მღვდელი მოღვაწეობდა, მისი ქადაგების მოსასმენად უამრავი ხალხი იყრიდა თავს. პატიოსანი მღვდელი პეტრე წითელ რეპრესიებს შეეწირა: ის ჯერ ციხეში ჩასვეს და უსასტიკესად აწამეს, შემდეგ კი ვაკის ხევში დახვრიტეს – შუბლი მას კოჭლმა ზახარამ გაუხვრიტა. მღვდელი პეტრე იყო ზახარას 666-ე მსხვერპლი და სწორედ ამ პატიოსანი მღვდლის დახვრეტის ღამეს გადახტა „ჩეკას“ ჯალათი ფანჯრიდან და თუჯის წვეტიან ღობეზე ჩამოეცვა.

დაობლებული პავლე წესიერ კაცად გაიზარდა, ბაბუის სეხნია პეტრესაც ამგვარად ზრდიდა და „მეორე ლოყის შეშვერის“ პრინციპს ასწავლიდა.

– დაიხსომე, შვილო, – ეტყოდა ხოლმე პავლე პეტრეს, – გიყვარდეს ღმერთი, მშვიდი და ლმობიერი იყავი, მრისხანება დაიოკე და შურისძიების ვნებას ნუ აჰყვები. ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ, მეორე ლოყა შეუშვირე და ძალას ძალას ნუ დაუპირისპირებ. გახსოვდეს, პეტრე, არ არსებობს ღმერთის ძალაზე უფრო დიდი ძალა და ყველაფერი უფალს მიანდე. უფალმა შენზე უკეთ იცის, ვის რა და როგორ მოსთხოვოსო.

პეტრე უაღრესად გონიერი და დამჯერი ბავშვი იყო, განსაკუთრებულად უყვარდა მამა და მის ყოველ შეგონებას ღრმად იბეჭდავდა სულსა და გონებაში. პავლესა და პეტრეს მამაშვილობა ყველასთვის სამაგალითო იყო და ასე გრძელდებოდა პავლეს გარდაცვალებამდე. იმქვეყნად წასვლამდე კი პავლე ექვსი თვე ლოგინს იყო მიჯაჭვული, რაც ერთმა ტრაგიკულმა შემთხვევამ გამოიწვია:

მაისის ერთ მზიან კვირა დღეს მამა-შვილი ვერის ბაღში მდებარე ლურჯი მონასტრიდან ბრუნდებოდა, სადაც საკვირაო წირვას დაესწრნენ, რომელიც ღრმა იატაკქვეშეთში ტარდებოდა. ლურჯი მონასტერი იმ პერიოდში საწყობად იყო გადაკეთებული და კომუნისტები იქ სხვადასხვა ძველმანს ინახავდნენ. საწყობის გამგედ დახვრეტილი მღვდელი პეტრეს დიაკვანი იობი მუშაობდა, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, თუმცა, სტალინურ ბანაკებში თხუთმეტი წელი გაატარა და საქართველოში დასნეულებული დაბრუნდა. სწორედ დიაკვანი იობი ატარებდა იატაკქვეშა წირვა-ლოცვებს და მისი მრევლი ოციოდე ადამიანისგან შედგებოდა, რომლებიც უდიდესი რისკის ფასად, მალულად იკრიბებოდნენ საწყობად გადაკეთებულ ტაძარში და მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ რიტუალში იღებდნენ მონაწილეობას.

– ქრისტე აღსდგა! – იტყოდა ხოლმე ყოველი ქადაგების ბოლოს იობი და შემდეგი სიტყვებით დაასრულებდა – ჭეშმარიტად აღსდგა და ასე სასწაულებრივად აღსდგება საქართველო! გჯეროდეთ, შვილნო ჩემნო, რომ სულ მალე დადგება ის დრო, როდესაც ამ უწმინდურ წითელ ეშმაკებს მესიის მახვილი განგმირავსო!

საწყობის გამგე დიაკვანი, „წითელ ეშმაკებში“, რა თქმა უნდა, კომუნისტურ ხელისუფლებას გულისხმობდა და დღედაღამ მათ დამხობას ევედრებოდა ღმერთს. მაისის იმ კვირა დღესაც, როდესაც იატაკქვეშა წირვა ტრადიციული ქადაგებით დასრულდა, ლურჯი მონასტრის მრევლი დაიშალა, ყველაზე ბოლოს კი მამა-შვილმა დატოვა ტაძარი-საწყობი. სანამ გარეთ გავიდოდნენ, იობმა პატარა პეტრე მიიხმო, თავზე ხელი დაადო და უთხრა:

– პეტრე, შვილო, აქ სიარულით შენ უდიდეს მადლს იღებ და, არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც ამ ტაძარს უკვე ოფიციალურად დაუბრუნდება თავისი ფუნქცია – ლეგალური წირვა-ლოცვა ჩატარდება და აქაურობას ზღვა ხალხი აავსებს. გახსოვდეს, ვისი ჯიშის ხარ, წმიდა კაცის სისხლი ჩქეფს შენს ძარღვებში, მისი სახელი გქვია და ამ სახელს ლაფში ნურასოდეს ამოსვრიო – შემდეგ თავზე გადაუსვა ხელი და მამა-შვილი გამოისტუმრა.

პავლე ცოლ-შვილთან ერთად პლეხანოვის გამზირზე, ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული იტალიური ეზოს ოროთახიან ბინაში ცხოვრბდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ ქუჩაზე ტრამვაი დადიოდა და მამა-შვილს ტრანსპორტით შეეძლო სახლში მისვლა, ისინი მაინც ფეხით სიარულს ამჯობინებდნენ: წირვიდან წამოსული პავლე და პეტრე ჯერ ვერის ხევში ეშვებოდნენ ფეხით, შემდეგ მოედანს გადაკვეთდნენ და ჩელიუსკინელების ხიდის გავლით პლეხანოვის გამზირზე გადიოდნენ, სადაც სულ რაღაც ორმოცდაათიოდე მეტრში მდებარეობდა მათი სახლი.

ლურჯი მონასტრიდან წამოსული მამა-შვილი, ტრადიციული მარშრუტით გაუდგა შინისაკენ გზას. ისინი ვერის ხევში ეშვებოდნენ და თითქმის შუამდე იყვნენ მისულები, როდესაც მათ ზემოდან მომავალმა ტრამვაიმ ჩაუქროლა გრიალით. ამ დროს მოედნის მხრიდან, ვერის უბნის მიმართულებით, ნახშირით დატვირთული უზარმაზარი რკინის ფურგონი მიემართებოდა, რომელშიც ორი ცხენი იყო შებმული. ნახშირის ფურგონი „მურიანი ბესოს“ საკუთრება იყო, ის დიდუბიდან თბილისის ძველ უბნებში ნახშირს ეზიდებოდა, რომ ვერის, მთაწმინდისა და სოლოლაკის მოსახლეობა საწვავით მოემარაგებინა. მურიან ბესოს სამი ობოლი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც, მცირეწლოვნობის მიუხედავად მამას ედგნენ გვერდით და მენახშირის მძიმე და უსუფთაო სამუშაოში ეხმარებოდნენ.

– ნახშირი, ნახშირიიი! – ხმამაღალი შეძახილებით მოედებოდნენ ხოლმე ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებს 10 წლის ავთანდილი, 11 წლის ტარიელი და 12 წლის ფრიდონი, რომლებსაც ნახშირით სავსე ხურჯინები ჰქონდათ მხარზე გადაკიდებული და, მიუხედავად იმისა, რომ არც წერა-კითხვა იცოდნენ და არც გამრავლების ტაბულა, ფულის ანგარიში არასდროს ეშლებოდათ და დღის ბოლოს გამოცდილი ბუღალტერივით შეეძლოთ დღიური ნავაჭრის ზუსტი ანგარიშის შედგენა. ბესოსა და მის „მურიანებს“ მთელი თბილისი იცნობდა, მათ გამოჩენას სიხარულით ხვდებოდნენ და ფურგონის კოფოზე ჩამწკრივებულ ოთხეულს ხელის აწევით ესალმებოდნენ.

მურიანების ოთხეული ფურგონის კოფოზე ისხდა, როდესაც მასში შებმული ორი ცხენი გრიალით ჩავლილი ტრამვაის ხმაურმა შეაშინა. დამფრთხალი ცხენები ადგილიდან მოწყდნენ, მარჯვნივ აიღეს გეზი და ხეობის ციცაბო კლდეებისკენ გაქანდნენ, რომლის ძირშიც მდინარე ვერე მიედინებოდა და სადაც მოგვიანებით თბილისის ზოოპარკი ააშენეს. ბესოს ხელიდან სადავეები გაექცა, ბიძგის ძალამ მამა და შვილები ფურგონში შეყარა და დამფრთხალი ცხენები კლდეზე გადაეშვნენ. მაგრამ, ფურგონი უზარმაზარ ლოდში ჩარჭობილ ფოლადის სოლს წამოედო და უფსკრულის თავზე დაეკიდა. ლოდის მარცხენა მხარეს, ხევის თავზე, გაგიჟებული ცხენები ეკიდნენ, რომლებიც საზარლად ჭიხვინებდნენ და ისე გაშმაგებული ფართხალებდნენ, რომ ცოტაც და ქამრებს გაწყვეტდნენ, ქვევით ჩაცვივდებოდნენ და ნახშირის ფურგონში ჩაყრილ ოთხეულსაც იმავე ბედს სწევდნენ. ბესო და მისი შვილები ფურგონიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებდნენ და განწირული ხმით ითხოვდნენ შველას. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, მათთან მიახლოებას და შველას ვერავინ ბედავდა, რადგან უფსკრულში გადაჩეხის ეშინოდათ.

პავლემ განსაცდელში ჩავარდნილი მურიანები რომ დაინახა, პეტრე ქუჩაში დატოვა, თავად კი ლოდისკენ გაქანდა, მარცხენა ხელი ფოლადის ძელს ჩაავლო, მარჯვენა კი ფურგონში ჩაყო და ჯერ 10 წლის ავთანდილი ამოიყვანა, შემდეგ – 11 წლის ტარიელი, რომელსაც 12 წლის ფრიდონი მოჰყვა და ბოლოს ბესოსაც დაეხმარა ფურგონიდან თავის დაღწევაში. მთელი ეს პროცესი, სულ რაღაც, ნახევარი წუთი გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში გაშმაგებულ ცხენებს ფართხალი და საზარელი ჭიხვინი არ შეუწყვეტიათ. პავლეს ბესო რომ ამოჰყავდა ფურგონიდან, სწორედ იმ დროს გაწყდა ფურგონისა და ცხენების დამაკავშირებელი ქამარ-სამაგრეები და ერთის მხრივ საზარლად მოჭიხვინე ცხენები, მეორე მხრივ კი ფოლადის მოგრუხუნე ფურგონი მდინარე ვერეში ჩაცვივდნენ. ხოლო, სანამ ეს მოხდებოდა, ფურგონის ფოლადის მარჯვენა შვერილი ლოდზე მდგარ პავლეს მარჯვენა ფეხში მოხვდა და კოჭები გადაუმსხვრია.

ტრავმულ შოკში ჩავარდნილი პავლე არამიანცის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მან ერთი კვირა დაყო, შემდეგ კი ექიმებმა თაბაშირდადებული გაწერეს სახლში, თან დააიმედეს, რომ მაქსიმუმ ორ თვეში აბსოლუტურად გამოჯანმრთელდებოდა. მაგრამ ექიმების პროგნოზი არ გამართლდა, პავლეს სწრაფად პროგრესირებადი განგრენა დაემართა და ექვს თვეში დალია სული, მანამდე კი ლოგინს იყო მიჯაჭვული და პეტრე გვერდიდან არ შორდებოდა საყვარელ მამას. ამის გამო პეტრემ სწავლას მოუკლო, ლოცვები გააძლიერა და ღმერთს დღე და ღამე მამის გადარჩენას სთხოვდა. ბავშვი ოთახის კუთხეში დასვენებული ხატების წინ მოიყრიდა ხოლმე მუხლს და დიდი ხნის განმავლობაში გულმხურვალედ ლოცულობდა. თავიანთ გადამრჩენელს არც მურიანები ივიწყებდნენ – ხშირად აკითხავდნენ სნეულს და ნახშირითაც ამარაგებდნენ, რადგან სიცივეები იდგა და ბინას გათბობა ესაჭიროებოდა. პავლეს იობიც აკითხავდა ყოველკვირა, რომელიც იატაკქვეშა წირვის შემდეგ საზიარებლად მოდიოდა მასთან და ამხნევებდა:

– გამაგრდი, პავლე! ამქვეყნად დროებით ვართ მოსულები და, თუკი უფალი წაგიყვანს, იცოდე, რომ უკეთეს სამყაროში მოხვდებიო, – ეტყოდა ხოლმე პავლეს იობი, ზეთს აცხებდა და მიდიოდა.

პატარა პეტრე იობის თითოეულ სიტყვას გაფაციცებით ისმენდა და უფალს გულში სთხოვდა, რომ მამამისის უკეთეს სამყაროში წაყვანა გადაედო.

დეკემბრის ერთ ცივ კვირა დღეს პავლემ პეტრე თავისთან მიიხმო, თავზე ხელი გადაუსვა, ლოყაზე აკოცა და უთხრა:

– დაბადების დღეს გილოცავ, შვილო. თერთმეტი წლის ვაჟკაცი გახდი, უკვე დიდი ბიჭი ხარ და გისურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და, რაც მთავარია, ღვთისმოშიშებას. გიყვარდეს ღმერთი, გეშინოდეს მისი და ცუდს არასოდეს ჩაიდენ. ღვთის მადლი გფარავდეს, შვილო, გაიხარე!

პეტრეს არც კი ახსოვდა საკუთარი დაბადების დღე, მამის მილოცვამ გაახარა და მიუგო:

– მადლობა, მამიკო, როგორ ხარ?

– არა მიშავს, შვილო. დედა სადაა?

– მაღაზიაში გავიდა ფქვილის საყიდლად, რომ პური გამოაცხოს, – უთხრა პეტრემ, მაგრამ, თვალებში რომ შეხედა, შეშინდა, რადგან იქ აუტანელი ტკივილი დაინახა და ჰკითხა, – ცუდად ხარ?

– არა, არა მიშავს, – გაიმეორა პავლემ, მაგრამ უცბად თვალები აემღვრა, გადაუბრუნდა და აკვნესდა.

– მამი, რა გჭირს, მამი, მამიკო? – იმეორებდა პეტრე და შეშლილი სახით უმზერდა აგონიაში მყოფ მამას.

პავლე სულს ღაფავდა და შვილის ხმა არ ესმოდა, თუმცა რამდენიმე წამით გონება გაუნათდა, პეტრეს მაჯებში ჩაავლო ხელები და უთხრა:

– ღმერთს მიენდე, შვილო, უფალს არასოდეს უღალატო და სწორ გზას ის განახვებს. მშვიდობით, მივდივარ, დალოცვილი იყავ... – პავლემ შვილს ხელები გაუშვა და აგონიაში ჩავარდა. პეტრე კი ოთახის კუთხისკენ გაიქცა, ხატების წინაშე მოიყარა მუხლი და ტირილით ევედრებოდა ღმერთს საყვარელი მამის გადარჩენას.

ლოცვა-ვედრება რომ დაასრულა, ბავშვი მამას მიუბრუნდა, მაგრამ გარდაცვლილი დახვდა. ცრემლიანი თვალებით, გაოგნებული დასცქეროდა მის უსულო სხეულს. ასეთ მდგომარეობაში მიუსწრო პეტრეს მაღაზიიდან დაბრუნებულმა დედამ და ჯერ შვილს ჩაეხუტა თვალცრემლიანი, შემდეგ მეუღლის ცხედარს მკერდზე დაადო თავი და მწარედ აქვითინდა. სულ მალე იობი მოვიდა პავლეს საზიარებლად და, გარდაცვლილი რომ ნახა, წესი აუგო, შემდეგ კი მის გაპატიოსნებას შეუდგა, რაშიც მას შემოსწრებული მურიანი ბესოც დაეხმარა.

პავლე კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს, ექვსი თვის შემდეგ კი, ცოლიც გვერდით მიუწვინეს. პეტრეს დედა მეუღლეზე დარდს გადაჰყვა და ასე დაობლდა ბავშვი, რომელსაც ერთადერთი ნათესავი – დედამისის ნახევარძმა დარჩა. სწორედ ეს ნათესავი დაუნიშნა მას მეურვედ სასამართლომ.

30 წლის მურადა პეტრეს დედის ნახევარძმა იყო – ისინი დედით ერთნი იყვნენ. უცოლშვილო მურადას პროფესია არ გააჩნდა, მუდმივი სამუშაო არ ჰქონდა და თავს შემთხვევითი შემოსავლით ირჩენდა, ამასთან, არც წვრილმან ქურდობებს თაკილობდა და ზოგჯერ მეძავების ხარჯითაც კი გაჰქონდა თავი, რომლებიც მას უამრავი ჰყავდა. მურადას არც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა და ხან ერთი მეძავის ჭერქვეშ აფარებდა თავს, ხან – მეორის. ნახევარდის გარდაცვალების ამბავი რომ შეიტყო, იმდენი იხლაფორთა, რომ სასამართლოს პეტრეს მეურვედ დაანიშნინა თავი და მის ბინაში გადასახლდა საცხოვრებლად.

პატარა პეტრე ზედმიწევნით ასრულებდა მამის დანაბარებს და ქრისტიანულად ცხოვრობდა, სკოლაში ფრიადებზე სწავლობდა და სამაგალითო მოსწავლედ ითვლებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა, რადგან მურადასთან ცხოვრებამ მის სულსა და ზნეობას წარუშლელი კვალი დააჩნია.

თავდაპირველად მურადა ნორმალურად იქცეოდა – პეტრესა და მეზობლების ნდობა და კეთილგანწყობა რომ მოეპოვებინა, ყველას დასანახავად ბავშვს თავაზიანად და ყურადღებით ექცეოდა. თუმცა, ეს ყველაფერი სულ რაღაც ორი თვე გაგრძელდა. შემდეგ კი მურადამ სახლი მეძავებით აავსო, მრუშობასა და ლოთობას მიჰყო ხელი და პატარა პეტრეს თავზე წამოაჯდა: უმიზეზოდ ლანძღავდა, აბუჩად იგდებდა, აშიმშილებდა და ნორმალური ძილის, დასვენებისა და მეცადინეობის საშუალებას არ აძლევდა. სახლიდან გამოგდებულ პეტრეს ხშირად გაუტარებია ღამე გაყინულ ქუჩაში და მხოლოდ მას მერე დაბრუნებულა სახლში, როდესაც მრუშობითა და ლოთობით დაღლილ მურადასა და მის კომპანიონ მეძავებს ჩაეძინებოდათ ხოლმე.

– ღმერთო, რატომ მწირავ? შენ მიშველე და დამიფარე ამ ბილწებისგან! – შესთხოვდა ხოლმე მურადასგან ნაცემი ბიჭი ღმერთს და, თუ ამ დროს მურადა წამოადგებოდა თავზე, ახალი ცემა-ტყეპა და ლანძღვა-გინება გამოწერილი ჰქონდა.

ერთხელ ქუჩაში თეთრად გათენებული ცივი ღამის შემდეგ, როდესაც მურადასა და მეძავებს გამთენიისას ჩაეძინათ, გათოშილი პეტრე სახლში უჩუმრად შეიპარა და საწოლისკენ გაემართა, რომ ცოტა ხნით მაინც დაეძინა, მაგრამ იატაკზე დაგდებულ მამის პორტრეტს მოჰკრა თვალი, რომელიც დამსხვრეული და დასვრილი იყო. ბავშვმა სურათი აიღო, ჩარჩოს შუშის ნამსხვრევები მოაშორა და წმენდას შეუდგა, მაგრამ უცებ მურადა წამოადგა თავზე, ერთი ხელით პავლეს პორტრეტი გამოჰგლიჯა, მეორით ყურში სწვდა და ნამთვრალები ხმით გინება დაუწყო.

– სურათი დამიბრუნე! – იღრიალა ბავშვმა, რომელიც მანამდე სიტყვასაც კი არ უბრუნებდა მურადას და უსიტყვოდ იტანდა ყველა დამცირებას.

– რად გინდა სურათი, უკანალში უნდა ამოისვა? – უთხრა პეტრეს მურადამ და გადაიხარხარა.

– სურათი დამიბრუნე! – უფრო გააფთრებით თქვა პეტრემ, მურადას ხელიდან დაუსხლტა და მამის სურათის წართმევა სცადა, მაგრამ, მურადამ ჯერ წიხლი ჩააზილა ბავშვს და იატაკზე გააგორა, შემდეგ სურათი ჩარჩოდან გამოიღო, შუაზე გადაფხრიწა და პეტრეს სარკასტულად უთხრა:

– აი, შენი სურათი, უბორნიაში დადე გამოგადგება.

მამის გადაფრხეწილი სურათის დანახვამ პეტრეს გონება გადაუკეტა, მთელი ქრისტიანული მორალი წამში დაავიწყდა, მურადას ბილწად შეაგინა, კბილები მძლავრად ჩაასო მარჯვენა ხელში და მთელი ძალით მოუჭირა.

– მომკლა ამ დედმამააძაღლებულმა! – იღრიალა გამწარებულმა მურადამ და პეტრეს ბასრი კბილებისგან ხელის გათავისუფლებას შეეცადა. მურადა მარცხენა ხელს თავში ურტყამდა ბავშვს, ფეხებს – სხეულში, ხოლო კბილებჩავლებულ მარჯვენას კი გაშმაგებით იქნევდა აქეთ-იქით, რომ პეტრე როგორმე მოეშორებინა, რაც საბოლოოდ მაინც მოახერხა და ბიჭი ძირს დაახეთქა. პეტრე უგონოდ ეგდო იატაკზე და კბილებში ჩარჩენილი მურადას მარჯვენა ხელის ხორცის ნაგლეჯიდან გამოჟონილი სისხლით მთელი სახე და სხეული წითლად ჰქონდა შეღებილი.

ხორცამოგლეჯილმა მურადამ წიხლი ორიოდეჯერ მიარტყა გონებამიხდილ პეტრეს. შემდეგ ხელი რაღაც ნაჭრით მჭიდროდ გადაიხვია, არყით სავსე ნახევარლიტრიანი ბოთლი პირზე მოიყუდა, თითქმის სულმოუთქმელად გამოცალა და ორიოდე წუთში გამობრუჟულმა იქვე მიიძინა.

მურადა ნახევარი საათის ჩაძინებული იქნებოდა, როდესაც პეტრემ თვალი გაახილა. თენდებოდა ბავშვს საშინლად სტკიოდა თავი. გონება უკიდურესად ამღვრეული ჰქონდა, მაგრამ მაინც თვალწინ ედგა, თუ როგორ გადაფხრიწა მურადამ მამამისის პორტრეტი შუაზე და უთხრა – „ამოისვიო“. პეტრემ მურადას მარჯვენა ხელიდან ამოგლეჯილი ხორცი იატაკზე გადააფურთხა და რის ვაი-ვაგლახით წამოდგა, რადგან ტვინის შერყევის უმძიმესი ფორმა ჰქონდა, გული ერეოდა და ყველაფერს, რასაც უყურებდა, გაორებულს ხედავდა.

– მა-მი-კო... – დამარცვლით წარმოთქვა ბიჭმა, როდესაც იატაკზე დაყრილი მამის პორტრეტის ნახევები დაინახა და ასაღებად დაიხარა, მაგრამ წონასწორობა დაკარგა, წაიქცა და არყით გალეშილ მურადას მუცელზე დაეცა. მურადას არ გაუღვიძია, გვერდზე გადაბრუნდა და ძილი განაგრძო. პეტრე კი მძიმედ წამოიმართა და ჯერ მურადას დააფურთხა სახეზე, შემდეგ მამის პორტრეტის ნაკუწები ჩაიხუტა გულში და აქვითინდა. ბოლოს ხატების კუთხესთან მიბობღდა, ფეხზე ძლივს წამოდგა, მაცხოვრის ხატი ხელში აიღო, იატაკზე დაანარცხა და ფეხებით დატკეპნა. იგივე გაიმეორა ღვთისმშობლის ხატის მიმართაც, თან დააყოლა, – აღარ მწამხარ, ღმერთო, აღარა! თუ ხარ, უსამართლო ხარ, ჩემთვის არ ხარ და მიმიფურთხებია შენთვის! მა-მი-კო, რატომ დამტოვე! სად ხარ, მა-მი-კო!..

პეტრემ ანთებულ კანდელს ხელი ჰკრა, და გასასვლელისკენ გაემართა, გარეთ გავიდა, კიბე რის ვაი-ვაგლახით ჩაათავა და ეზოს შუაგულში უგონოდ დაეცა. ამასობაში, წაქცეული კანდელიდან გაჩაღებული ცეცხლი მყისვე მოედო გამომშრალ ხის ოთახს და გალეშილი მურადა და ორიოდე მეძავი იქვე ჩანახშირდნენ. ხოლო, როდესაც მეზობლებმა გაიღვიძეს და ცეცხლის ჩაქრობა დაიწყეს, ხანძარი უკვე მთელ სახლზე იყო მოდებული. თუმცა, სხვა ეზოებიდან მოსული ხალხის დახმარებით და ოპერატიულად მისული მეხანძრეების მოქმედებების შედეგად, ხანძრის ჩაქრობა და ნახევარი სახლის გადარჩენა მაინც მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მილიციამ მოკვლევა დაიწყო. გონწასული პეტრე კი საავადმყოფოში წაიყვანეს და ბავშვს მძიმე ტვინის შერყევა ჰქონდა. ამ მდგომარეობაში შეხვდა ის თავის მეთორმეტე დაბადების დღეს – იმ დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა პავლეს გარდაცვალებიდან.

საავადმყოფოში პეტრემ ექვსი თვე დაყო. ექიმებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ მის გამოსაჯანმრთელებლად და ფეხზე დასაყენებლად. მთელი ამ დროის განმავლობაში, ტვინშერყეულ ბავშვს მილიციის გამომძიებელი, იობი და მურიანები აკითხავდნენ. გამომძიებელს ხანძრის დეტალები აინტერესებდა, იობი ამხნევებდა მურიანებს კი თავი ვალდებულად მიაჩნდათ, პავლეს შვილს, რითაც შეეძლოთ დახმარებოდნენ – საკვები მიჰქონდათ მასთან და მზად იყვნენ, პეტრეს ნებისმიერი სურვილი შეესრულებინათ. პეტრე კი, რომელიც თავისი უბედურების მთავარ მიზეზად მურიანებს თვლიდა, გამოჯანმრთელებას ელოდა, რომ მათთვის სამაგიერო გადაეხადა. თუმცა, ავ ზრახვებს მოხერხებულად ნიღბავდა და მურიანებს კეთილგანწყობილად ხვდებოდა. ერთ დროს ღრმად მორწმუნე პეტრეს ღმერთზეც აცრუებული ჰქონდა გული, მის არსებობას უარყოფდა და მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ყველა ხერხითა და საშუალებით შებრძოლებოდა მას. ამიტომ, გასამხნევებლად მოსულ იობს გულში დასცინოდა, „უგუნურ შეშლილს“ უწოდებდა და მის წინააღმდეგ საშინელ გეგმებს აწყობდა. გამომძიებელს კი, რომელსაც ხანძრის გაჩენის დეტალები აინტერესებდა, რომ ძიება ბოლომდე მიეყვანა, მოხერხებულად ატყუებდა – მისი თქმით, ხანძარი სანთლიდან გაჩნდა, რომელსაც მურადა ანთებდა ხოლმე ოთახში.

– ამხანაგო გამომძიებელო, – მოუთხრობდა ბავშვი მილიციელს, – ბიძია მურადას ქალები მოჰყავდა ხოლმე სახლში და არაყს სვამდნენ. შემდეგ ცალკე ოთახში ჩაიკეტებოდნენ, შუქს ჩააქრობდნენ, სანთლებს აანთებდნენ და, რას აკეთებდნენ, არ ვიცი. იმ დღესაც ბევრი დალიეს და, ოთახში რომ ჩაიკეტნენ და სანთლები აანთეს, მე დასაძინებლად დავწექი. სიცხემ გამაღვიძა. თვალი რომ გავახილე, წამოვხტი, რადგან სახლს ცეცხლი ეკიდა და გარეთ გავვარდი. კიბეზე რომ ჩავრბოდი, რათა მეზობლები გამეღვიძებინა და საშველად მომეხმო, ფეხი დამიცურდა, ჩავგორდი და გავითიშეო.

პეტრეს ეს ვერსია საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა, თანაც, მილიციელს არც ერთხელ არაფერი შეშლია. ამიტომ, გამომძიებელმა ამ ხანძარს „უბედური შემთხვევის“ კვალიფიკაცია მიანიჭა, საქმე დახურა და არქივში გადაგზავნა.

გამოჯანმრთელებული და საავადმყოფოდან გაწერილი არასრულწლოვანი პეტრე უსახლკაროდ დარჩა, თანაც, მეურვის გარეშე. ამიტომ ბიჭი უპატრონოთა სკოლა-ინტერნატში გაამწესა სახელმწიფომ და იობსაც და მურიან ბესოსაც მის მეურვეობაზე უარი უთხრეს. იმჟამინდელი კანონების თანახმად, უნათესაოდ დარჩენილი ბავშვი სახელმწიფოს უნდა აღეზარდა და არც პეტრეს გააჩნდა სურვილი, რომ იობს ან მურიანებს შეჰკედლებოდა.

სწავლას ჩამორჩენილმა პეტრემ ნიჭის წყალობით სწრაფად მოახერხა, თანატოლებს დასწეოდა და სულ მალე სკოლა-ინტერნატის წარჩინებული მოსწავლე გახდა. პეტრე ყოფაქცევითაც პირველი იყო და პედაგოგების მიმართ ზრდილობასა და მორჩილებას იჩენდა. ეს კი მას მომავალი კარიერისთვის სჭირდებოდა, რათა ძალაუფლება მოეპოვებინა, ადამიანებზე ებატონა და, თავის ჭკუაზე ემართა ისინი. ასეთი სურვილი კი პეტრეს მურადასთან ურთიერთობამ აღუძრა, რადგან დედის ნახევარძმისგან დამცირებულ მოზარდს ადამიანები შესძულდა, ყველა მტრად მიაჩნდა და მათთვის სამაგიეროს გადახდის სურვილი არ ასვენებდა. პეტრემ ჯერ კიდევ სკოლა-ინტერნატში სწავლის დროს დაისახა ის მიზანი, რომელსაც მისთვის დიდი ძალაუფლება უნდა მოეტანა და თანმიმდევრულად, დიდი მონდომებითა და სიბეჯითით შეუდგა ამ მიზნისკენ მიმავალი გეგმის განხორციელებას.

„დედას გიტირებთ, ადამიანებო! ჩემს ჭკუაზე გატარებთ და თუ არ გაივლით ჩემს ჭკუაზე, მოგსპობთ, გაგანადგურებთ“! – მაშინაც კი ასე ფიქრობდა პეტრე, როდესაც მოღიმარი სახით შესცქეროდა საძულველ თანატოლს, პედაგოგს ან ნებისმიერ ადამიანს. პეტრეს ადამიანები სძულდა და ამ სიძულვილს დაყენებული ღიმილითა და მოჩვენებითი კეთილგანწყობით ნიღბავდა. ამას კი, ისე ოსტატურად აკეთებდა, რომ აზრადაც არავის მოსდიოდა, რომ ამ თვინიერი, ზრდილობიანი და კეთილგანწყობილი მოზარდის სულში საშინელი მონსტრი იმალებოდა, რომელიც ღმერთსა და ადამიანებზე შურისძიებისთვის ემზადებოდა.

პირველად 13 წლის პეტრემ იობსა და მრევლზე იძია შური – ლურჯ მონასტერში შეკრებილი მართლმადიდებელი ქრისტიანები უშიშროებაში ანონიმურად დააბეზღა. ბავშვმა მარცხენა ხელით დაწერილ წერილში საკმაოდ ჩამოყალიბებულად აღწერა, თუ როგორ იკრიბებოდა კვირაობით საწყობად გადაკეთებულ ტაძარში ხალხი და რას ქადაგებდა დიაკვანყოფილი იობი. შემდეგ ეს წერილი ქუჩის ფოსტის ყუთში ჩააგდო და მოთმინებით დაელოდა, თუ რა შედეგს მოიტანდა მისი დასმენა. უშიშროებამ მათთვის ჩვეული გულმოდგინებით დაიწყო ფაქტების გადამოწმება და, სულ რაღაც, სამი კვირის მერე ლურჯი მონასტრის იატაკქვეშა წინამძღოლი და მისი ოცკაციანი მრევლი ტაძარშივე დააპატიმრეს. პარალელურად კი „კაგებე“ „დანოსის“ ავტორის ძებნას შეუდგა, მაგრამ, უშედეგოდ – რას წარმოიდგენდნენ, თუ ამ სიბილწის ავტორი 13 წლის ბავშვი იყო. ძიებამ უშედეგოდ ჩაიარა, „ანონიმკის“ ავტორი ვერ დაადგინეს. მხოლოდ იობი მიხვდა, რომ ისინი პეტრემ დააბეზღა, თუმცა ეს ყველაფერი გულში ჩაიმარხა და თავის ყოველდღიურ ლოცვებში უფალს პეტრეს სულის გადარჩენას ევედრებოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3