როგორ შექმნეს ქართველებმა ცნობილი სოლნცევოს კრიმინალური დაჯგუფება
დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში მოხდა და მისი მონაწილეთა უმრავლესობა დღესაც ცოცხალია. ამიტომ, მათი ვინაობები შევცვალეთ და ვინმესთან მსგავსება შემთხვევითობა იქნება, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
გაქცევა
უზარმაზარი სანაგვე სატვირთო მანქანა ¹8 მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიის გამშვები პუნქტის წინ შეჩერდა და სანამ წვეტიანი რკინის ჯოხებით შეიარაღებული, ავტომატგადაკიდებული, ვიწროთვალება ჯარისკაცი საბარგულს ჩხვლეტა-ჩხვლეტით ამოწმებდა, მანქანის მძღოლმა სიგარეტი გააბოლა.
– ყველაფერი სუფთაა, შეგიძლია, გაიარო! – დაუყვირა ჯარისკაცმა მძღოლს, უზარმაზარი კარი გაუღო და სანაგვე მანქანა კოლონიიდან გაუშვა.
ტყავის, ბურბუშელის, მუყაოს და ნაჭრის ნარჩენებით სავსე სანაგვე მანქანა (კოლონიის პატიმრები სხვადასხვა სახის ჩექმებს კერავდნენ) მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გამოვიდა, რომელიც მოსკოვის სამხრეთი გზატკეცილის 101-ე კილომეტრზე მდებარეობდა და უახლოესი ნაგავსაყრელისკენ აიღო გეზი. ნაგავსაყრელი კი კოლონიიდან 15 კილომეტრში იყო.
ნაგვით დატვირთული მანქანა უდაბური ნაგავსაყრელის სიღრმეში შევიდა, გაჩერდა, საბარგული ავტომატურად აიწია და ნაგავი ჩამოიცალა. ნაგავს პატიმრის ზოლიან უნიფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ჩამოჰყვა. მან ჯერ სხეულზე აკრული ტყავები მოიშორა, შემდეგ იქვე დაგდებულ რკინის ჯოხს დასწვდა, ხელში მოხერხებულად მოიმარჯვა, კაბინას ფეხაკრეფით მიეპარა და მძღოლს თავში ჩასცხო. სანაგვე მანქანის მძღოლს თავი გაუტყდა და გაითიშა, ხოლო თავდამსხმელმა მამაკაცმა ის მანქანიდან გადააგდო. შემდეგ საბარგული საწყის მდგომარეობაში დააბრუნა, მანქანა დაქოქა და ჯერ ნელი სვლით გამოვიდა ნაგავსაყრელიდან, ხოლო გზატკეცილზე რომ გავიდა, სიჩქარეს უმატა და მოსკოვისკენ აიღო გეზი. ცარიელი სანაგვე მანქანა საბჭოთა კავშირის დედაქალაქში სამხრეთიდან შევიდა. უკვე საღამოს 21 საათი სრულდებოდა და ბნელოდა, როდესაც მამაკაცმა მანქანა ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე გააჩერა, გადმოვიდა და, მძღოლის სამოსში გამოწყობილი, სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას.
მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაქცეული მამაკაცი 40 წლის ნოდარ ცინცაძე იყო, რომელსაც 16 წელიწადი ციხეში ჰქონდა გატარებული, ოთხჯერ იყო ნასამართლევი თაღლითობის, ქურდობის, ძარცვისა და გამოძალვისთვის. ცინცაძე თბილისელი იყო, თუმცა რუსეთში ადრეულ ასაკშივე გადაიხვეწა და იქ კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდა, სამშობლოში კი იშვიათად ჩამოდიოდა, თანაც, ძალიან მცირე ხნით. „ნოდარ ტბილისსკი“ – ასე უწოდებდნენ მას კრიმინალურ სამყაროში. სტატუსით კანონიერი ქურდი არ იყო, მაგრამ ქურდებზე არანაკლები გავლენით სარგებლობდა შავ სამყაროში. მის სახელთანაა დაკავშირებული სოლნცევოს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა – სხვა ქართველებთან ერთად ის ამ სინდიკატის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი იყო. „ნოდარ ტბილისსკის“ გაქცევამ ააფორიაქა როგორც მილიცია, ასევე მასთან დაპირისპირებული სხვა დაჯგუფების ლიდერები. ცინცაძეზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა და მისი სურათები საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა დიდი თუ პატარა ქალაქის მრავალ ადგილას იყო გაკრული.
დასახიჩრებული გვამები
მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისი იყო, კომუნისტები მყარად ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და მათი ძალაუფლების შესუსტებაზე ფიქრიც კი სასაცილო იყო. უკვე ნელ-ნელა, მაგრამ საკმაოდ თანმიმდევრულად ყალიბდებოდა პარალელური იატაკქვეშა-დანაშაულებრივი სტრუქტურები, სადაც უზარმაზარი ფული, შეიარაღება და ადამიანური რესურსები იყო თავმოყრილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს იყო ქურდული მაფია, რომელსაც მთელი საბჭოეთის მასშტაბით ჰქონდა გადგმული ფესვები. მაფიის შემქმნელები და მმართველები ქართველები იყვნენ. სწორედ ნოდარ ცინცაძე იყო ერთ-ერთი ასეთი უგვირგვინო „ნათლიმამა“ და მისმა გაქცევამ იმიტომ ააფორიაქა მისი კონკურენტები, რომ იცოდნენ, სულ მალე მთელი საბჭოეთის მასშტაბით დაიწყებოდა კრიმინალური ომი.
არაქართული, კრიმინალური დაჯგუფებების ლიდერების შიში გამართლდა: „ნოდარ ტბილისსკის“ გაქცევიდან სულ რაღაც სამი კვირა იყო გასული, რომ ერთმანეთის მიყოლებით მოსკოვში გაიტაცეს რუსული, სომხური და უზბეკური დაჯგუფებების ლიდერები: ივანე რიჟოვი, მეტსახელად „რიჟიკი“, ავეტიკ პოღოსიანი, მეტსახელად „ავო ერევანსკი“ და უსმან უსმანოვი, მეტსახელად „ჩუი“. სამივე გატაცებული კანონიერი ქურდი იყო და მილიციამ მათი გატაცებიდან ორი დღის მერე ისინი დახოცილები და დასახიჩრებულები აღმოაჩინა – გვამებს ხელები და ენები ჰქონდათ მოკვეთილი, შემთხვევის ადგილზე კი ბარათები იპოვეს, რომლებშიც ეწერა: „ასე დაემართება ყველას, ვინც ხელს აღმართავს პატიოსანი კაცის სიცოცხლესა და ქონებაზე და დამპალ ძაღლებთან იყბედებს“.
ბარათების შინაარსი მილიციამაც გაშიფრა და დახოცილი ქურდების კოლეგებმაც. „პატიოსან კაცებში“ ორი მოკლული ქართველი ქურდი – პეტრე მელია და გივი ლაღიძე იგულისხმებოდნენ, რომლებსაც, გავრცელებული ინფორმაციით, რიჟიკის, ერევანსკისა და ჩუის გადაწყვეტილებით გამოუტანეს განაჩენი. ხმების მიხედვით, ქართველ ქურდებს არაქურდულ საქციელში დასდეს ბრალი, სიკვდილი არ აკმარეს და მათი მფარველობის ქვეშ მყოფი სამი ოქროს საამქრო ჩამოართვეს, საიდანაც მათ სოლიდური წილი მისდიოდათ. „დამპალ ძაღლებთან ყბედობაში“ კი დახოცილი ქურდების მილიციასთან თანამშრომლობა იგულისხმებოდა.
სამი ქურდის საზარელმა მკვლელობამ მოსკოვი შეძრა. მილიცია საგონებელში იყო ჩავარდნილი, არაქართული კრიმინალური დაჯგუფებების სხვა ლიდერები კი შიშისაგან ძრწოდნენ, რადგან, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მკვლელობები კოლონიიდან გაქცეული ცინცაძის ორგანიზებული იყო, რომელმაც თავისი დახოცილი მეგობრების გამო შური იძია და კანკალით ელოდნენ, თუ ვინ იქნებოდა შემდეგი.
„სხოდკის“ გადაწყვეტილება
არაქართველმა ქურდებმა, რომლებსაც ქართველი კრიმინალების მიმართ პათოლოგიური ანტიპათია აერთიანებდათ, სასწრაფოდ ქურდული „სხოდკა“ შეკრიბეს, რომელზეც 19 კანონიერი ქურდი მივიდა და თავიანთი კოლეგების მკვლელობების განხილვას შეუდგნენ. „სხოდკის“ ორგანიზება ცნობილმა ქურდმა პავლე რიბკინმა, იგივე „რიბამ“ განახორციელა. მანვე ითავა მთავარი გამომძიებლისა და ბრალმდებლის როლი და კოლეგებს განუცხადა:
– რიჟიკი, ერევანსკი და ჩუი ჩვენი ძმები იყვნენ, პატიოსნად ემსახურებოდნენ ქურდულ საქმეს და „ბოზის“ გადაწყვეტილებითა და შეკვეთით უსამართლოდ დახოცეს. ალბათ, არავისთვის არაა ახალი ამბავი, რომ ჩვენი ძმების ასეთი საზარელი მკვლელობები ნოდარ ტბილისსკის გაჩალიჩებულია. ვინაა ეს კაცი? – არავინ! ის ქურდიც კი არაა, თუმცა ქურდების სიცოცხლეზე ასწია ხელი და ამით ჩვენს საძმოს უდიდესი შეურაცხყოფა და ზიანი მიაყენა. და საერთოდ, ვინ არიან ქართველი ქურდები? – აი, რა არის გასარკვევი. თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ეს ეგრეთ წოდებული ქურდები ბესპრიძელით არიან დაკავებულები და, იმის მაგივრად, რომ პატიოსანი ქურდობით ირჩინონ თავი და ობშჩიაკში წილი შემოიტანონ, ბანდიტიზმზე არიან გადასულები, საკუთარი ობშჩიაკი შექმნეს, ჩვენსას არ ცნობენ და, ვინც მათ პასუხის მოთხოვნას დაუპირებს, სასტიკად უსწორდებიან. ამის გამო შეგკრიბეთ, ძმებო, და გეკითხებით, რისი ღირსია ამ საქმის ჩამდენი? – რიბამ პაუზა გააკეთა, გასუსულ კოლეგებს თვალი გადაავლო და თავისსავე დასმულ შეკითხვას თვითონვე უპასუხა: სიკვდილის, სიკვდილის ღირსია ყველა, ვინც ჩვენს საქმეს დაუპირისპირდება, ფეხებზე დაგვიკიდებს და არაფრად ჩაგვაგდებს.
რიბა მშვენიერი ორატორი იყო, დიდი ამბიციები ჰქონდა და „სხოდკა“ იმიტომ შეკრიბა, რომ ქართველი ქურდების წინააღმდეგ აემხედრებინა დანარჩენი ქურდული სამყარო და მათი მეშვეობით გაენადგურებინა ისინი, შემდეგ კი თავად გამხდარიყო დანაშაულებრივი სინდიკატის მმართველი. რიბა არ იყო ტრადიციული, „ნეპმანური“ მიმართულების ქურდი, მას „ნეპმანობა“ მხოლოდ და მხოლოდ იმაში სჭირდებოდა, რომ ქართველი ქურდები ჯერ იდეოლოგიურად მოესპო, შემდეგ კი – ფიზიკურადაც. გარდა ამისა, იგი მილიციასთან თანამშრომლობდა და მისი პირადი კურატორი გენერალ-მაიორი იური სავინი იყო. სავინი კი „მურის“ უფროსის მოადგილედ მუშაობდა, სწორედ მისი მხარდაჭერით აპირებდა რიბა ქართველი ქურდების განადგურებას. სავინსა და რიბას შორსმიმავალი გეგმები ჰქონდათ და მძლავრი მაფიოზური ტანდემის შექმნას აპირებდნენ. სწორედ სავინმა ურჩია რიბას ქურდული „სხოდკის“ შეკრება, რომ ცინცაძეზე ნადირობა გამოეცხადებინათ, რადგან მან ყველაზე უკეთ უწყოდა, რომ მთელი ქართულ-მაფიოზური სტრუქტურა ცინცაძის ორგანიზებული იყო და მისი განადგურების გარეშე ვერც ამ სტრუქტურას ჩაიგდებდა ხელში.
ლაპარაკი რომ დაასრულა, რიბამ კოლეგებს ტბილისსკიზე ნადირობის გამოცხადება მოსთხოვა და, საერთო ქურდული „სხოდკის“ გადაწყვეტილებით, ნოდარ ცინცაძეს, იგივე ტბილისსკის, ქურდებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს – ტბილისსკი „ბოზად“ გამოაცხადეს და მის მკვლელ არაქურდს კანონიერი ქურდის სტატუსს შეჰპირდნენ. „სხოდკის“ გადაწყვეტილებას 35 წლის ჟენია მარჩენკომ, მეტსახელად „სოლომაც“ დაუჭირა მხარი. სოლო, რომელსაც კანონიერი ქურდის სტატუსი ჰქონდა, წარმოშობით ბათუმიდან იყო და რიბას ნდობით სარგებლობდა. სინამდვილეში კი, ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტი იყო და მაშინდელი მინისტრის – ედუარდ შევარდნაძის პირად დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. „სხოდკიდან“ სოლო სახლში დაბრუნდა და ტანსაცმელი გამოიცვალა, პარიკი და მაკიაჟი გაიკეთა, სხვა სახელზე გამოწერილი პასპორტი აიღო და თბილისში გადაფრინდა. აეროპორტიდან კი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაემართა, შევარდნაძეს შეხვდა და ყველაფერი უამბო.
– ესე იგი, ცინცაძეს მეტკა აქვს დადებული, – თქვა შეფიქრიანებულმა შევარდნაძემ, – კარგი, წადი, მე თვითონ დაგიკავშირდები, – შევარდნაძემ სოლო გაისტუმრა, შემდეგ პოლკოვნიკი თურმანიძე იხმო:
– ნოდარ ცინცაძეს შეატყობინე, რომ ფრთხილად იყოს, რადგან მას მოსაკლავად დასდევენ, შენ კი ოპერაცია „აბლაბუდა“ დააჩქარე.
ოპერაცია „აბლაბუდა“
პოლკოვნიკი გივი თურმანიძე მინისტრის კაბინეტიდან გამოვიდა, ეზოში ჩავიდა, შავი ფერის სამსახურებრივ „ვოლგაში“ ჩაჯდა და წყნეთისკენ აიღო გეზი. პოლკოვნიკმა „ვოლგა“ ერთ-ერთი ორსართულიანი აგარაკის ეზოს წინ გააჩერა, შენობაში შევიდა და მეორე სართულზე ავიდა, სადაც მას საშუალო სიმაღლის, თმაგადაპარსული მამაკაცი შეეგება და ჰკითხა:
– ეტყობა, რაღაც მოხდა, ასე გაუფრთხილებლად რომ მეწვიე. რაშია საქმე?
– გენერალმა გამომგზავნა და შემოგითვალა, რომ ფეხი არსად მოიცვალო. მილიცია ხომ გეძებს და გეძებს, ახლა უკვე ქურდებიც ჩაერთნენ ამ საქმეში – სხოდკაზე სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანეს და ფრთხილად უნდა იყო.
– რიბა იხლაფორთებდა, – ჩაეცინა ნოდარს.
– რიბას ნატრაკი არ გაიშვა, – ხელი ჩაიქნია თურმანიძემ, – ამ საქმეში მთავარი გენერალი იური სავინია, სწორედ ის აგულიანებს მას და მფარველობს. სწორედ ამიტომ უნდა იყო ფრთხილად და, როგორც კი სავინს შევუსრულებთ, ჩვენი საქმეც წინ წაიწევს.
– საქმე კი წაიწევს წინ, მაგრამ, მე მაინც ვერ შევძლებ ლეგალურად ცხოვრებას და რამე უნდა მოვიფიქროთ. პაბეგში ვარ, თან, იმდენი ხალხი მყავს გადამტერებული, რომ, შეიძლება, ჩვენმა გაენერალმაც კი ვერ მიშველოს და, საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, გამორიცხული არაა, მანაც გამწიროს, – უთხრა ნოდარ ცინცაძემ პოლკოვნიკ თურმანიძეს, – მე კი სიკვდილი სულაც არ მინდა, თანაც, საქმესაც გამოვადგები.
– შენ ისე ლაპარაკობ, რომ რაღაც გექნება ჩაფიქრებული, – უთხრა ცინცაძეს თურმანიძემ, რომელიც ნოდარს ეთანხმებოდა და იცოდა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, ნოდარ ტბილისსკი მართლაც მოეშორებინათ თავიდან.
– სახე უნდა შევიცვალო, ვინაობა გამოვიცვალო და ახალი სტატუსით დავბრუნდე საქმეში – ერთადერთი გამოსავალი ესაა. თქვენც მშვიდად იქნებით, მეც და საქმე კი ამით მხოლოდ მოიგებს. მიდი, გივი, და ეს ყველაფერი გენერალს უთხარი. თუ დაგვთანხმდა, ხომ კარგი, არადა, ჩემი საქმე წასულია, – თქვა ცინცაძემ და სიგარეტი გააბოლა.
გივი თურმანიძე მალევე წავიდა და, წყნეთის კონსპირაციულ აგარაკზე, სადაც ნოდარ ცინცაძე იმალებოდა, სამი დღის შემდეგ დაბრუნდა, ტბილისსკი „ვოლგაში“ ჩაისვა და გრიმიორთან წაიყვანა, რომელმაც მას სახე შეუცვალა.
სამი თვის შემდეგ თემურ სესიაშვილის პასპორტითა და ინჟინრის დიპლომით, სახეშეცვლილი ნოდარ ცინცაძე მოსკოვში ჩავიდა, სოლნცევოს დაჯგუფებაში დაიწყო მოღვაწეობა და ექვსი თვის შემდეგ ერთ-ერთი მმართველი გახდა. ამის პარალელურად კი, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ერთობლივი ძალისხმევით ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელსაც „აბლაბუდა“ ეწოდა და რომლის შესახებაც ოფიციალურ საბჭოთა პრესაში არასდროს არაფერი დაწერილა. ოპერაციის შედეგად დაპატიმრებულ იქნა გენერალ-მაიორი სავინი, პოლკოვნიკები ლონგი და პარფიონოვი, აგრეთვე, ათი კანონიერი ქურდი და, მათ შორის, რიბაც...
როგორც დაუდასტურებელი წყაროები გვამცნობენ, ყველაფერ ამის უკან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე იდგა, რომელიც სულ რაღაც სამიოდე თვეში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დაინიშნა და თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა, რაშიც, იმავე წყაროების ცნობით, მნიშვნელოვანი წვლილი რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში მცხოვრებ ქართველებსაც მიუძღვით, რომლებსაც შევარდნაძე მანამდეც და შემდგომშიც მფარველობდა...