ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გაფორმებული მაქვს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელშიც, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, დავის გადაწყვეტის ფორმად მითითებულ იქნა არბიტრაჟი. შესაბამისად, გამოტანილ იქნა საარბიტრაჯო გადაწყვეტილება, რომელსაც არ ვეთანხმები და მინდა გავასაჩივრო სასამართლოში. არის თუ არა შესაძლებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება და როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლოში უნდა შეიტანოთ სარჩელი არბიტრაჟის შეთანხმების ბათილად ცნობისა და გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. აღნიშნული საქმის დასრულების შემდგომ თქვენ გექნებათ ხელშეკრულების გასაჩივრების უფლება, ვინაიდან, ვიდრე ძალაშია საარბიტრაჟო შეთანხმება, ხელშეკრულების არსებით პირობებზე მსჯელობა სასამართლოში არ განისჯება.
კითხვა: მივლინებით წავედი უცხოეთში, ბინა სარგებლობის უფლებით დავუტოვე ახლო ნათესავს მინდობილობასთან ერთად. როდესაც დავბრუნდი საქართველოში, ჩემი ბინა გაყიდული დამხვდა. როგორც გაირკვა, ნათესავმა ყალბი დოკუმენტის საფუძველზე დაიკანონა ბინა საჯარო რეესტრში და შემდეგ გაყიდა. მინდა ბინის დაბრუნება და უნდა მივმართო სასამართლოს ბინის დაბრუნების მოთხოვნით. გთხოვთ, მაცნობოთ, შესაძლებელია თუ არა ბინის დაბრუნება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ბინა გაიყიდა თქვენთან შეუთანხმებლად, აღნიშნული ბინის დაბრუნება მიმაჩნია შეუძლებლად, რადგან ბინის ახალი შემძენი არის ბინის კეთილსინდისიერი მფლობელი. საჯარო რეესტრის არსებობა ათავისუფლებს პირს მომატებული პასუხისმგებლობისა და რისკისგან. მოცემულ შემთხვევაში, ის თქვენმა ნათესავმა აღრიცხა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ და სადავო ნივთი მიჰყიდა საჯარო რეესტრის საფუძველზე მას, ანუ მესამე პირს.
კითხვა: ვარ კანონიერ ქორწინებაში. ქორწინების პერიოდში შევიძინეთ ბინა, რომელიც არის ჩემი მეუღლის სახელზე. არის თუ არა საჭირო, საჯარო რეესტრში გავატარო ბინა ჩემს სახელზეც, რადგან, როგორც ჩემთვის ცნობილია, მეუღლეთა მიერ ერთად შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საკუთრების უფლება, იქნება ეს გარიგების საფუძველზე, თუ კანონით, საბოლოოდ წარმოშობილად ითვლება საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. ამიტომ, კანონის განაწესში, რომ „მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს საერთო ქონებას“ არ უნდა გავიგოთ მარტოოდენ სიტყვის აზრად. ამ შემთხვევაში საუბარია თანასაკუთრების საფუძველზე. თავად ეს საკუთრება კი გვექმნება ორივე მეუღლის სახელზე აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. არც კერძო ნება, რომლის შედეგია გარიგება და არც ნორმატიული ნება, რომლის შედეგია კანონი, თავისთავად არ არის საკმარისი გარემოება საკუთრების უფლების წარმოსაშობად.
კითხვა: ჩემ მიერ გაფორმებულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთ პუნქტად მივუთითე, არბიტრაჟით განხილვის წესი. მხარის მიერ შეტანილ იქნა საარბიტრაჟო პრეტენზია, შესაბამისად, არბიტრაჟმა განიხილა საქმე და გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. მსურს, გავასაჩივრო გადაწყვეტილება და მოვითხოვო მისი გაუქმება. გთხოვთ მაცნობოთ, შემიძლია თუ არა სადავო გადაწყვეტილების გაუქმება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს მხოლოდ და მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ კანონით“ მითითებული პროცესუალური საფუძვლებით. ხოლო, რაც შეეხება გადაწყვეტილების მატერიალური სამართლებრივი კუთხით გასაჩივრებას, შეუძლებელია, ანუ მატერიალური ნაწილით დაუშვებელია და სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე არბიტრაჟის შესახებ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უნდა თქვას უარი.
კითხვა: ვმუშაობ ერთ-ერთ კომპანიაში დისტრიბუტორად, მაქვს არანორმალური დღის გრაფიკი. კანონიერია თუ არა ეს?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა რეგულირდება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც მკაცრად არის განსაზღვრული როგორც თქვენი უფლებები, ასევე ვალდებულებები.
კითხვა: საქმეზე გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება და, შესაბამისად, ამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსასრულებლად მიჩნეულ იქნა სააღსრულებო ბიუროში. ამჟამად მხარეებს შორის მორიგება შედგა. როგორ მოვიქცეთ და არის თუ არა აღსრულების პერიოდში მორიგება დაშვებული?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მხარეთა შორის მორიგება მტკიცდება საქმეზე ნებისმიერ დროს, თუნდაც ეს იყოს აღსრულების ეტაპი. ასეთ შემთხვევაში, აღმასრულებელი, თანახმად მორიგების აქტის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონისა“, აგზავნის იმ სასამართლოში, რომელშიც გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. აღსრულების დროს, მორიგებისას არ უქმდება გადაწყვეტილება.
კითხვა: ჩემსა და ბინის მესაკუთრეს შორის გაფორმდა ბეს ხელშეკრულება, რომლითაც, მე ბინის ღირებულების, ფაქტობრივად, 90 პროცენტი გადავიხადე. მსურს თანხის უკან დაბრუნება. ვის უნდა მივმართო და რისი გაკეთება არის სამართლებრივად შესაძლებელი?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ბე არის მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებითი უზრუნველყოფა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად ბეს თანხა მიიჩნევა ფულად თანხად, რომელსაც ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებელია ბეს მიმცემი, ბე რჩება მეორე მხარეს და, თუ ვალდებულების დარღვევაზე პასუხისმგებელია ბეს მიმღები, ის ვალდებულია, ორმაგად დააბრუნოს ბეს თანხა. აღნიშნული წესები ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა. ეს არ ეხება არაჯეროვან შესრულებას.
კითხვა: 2008 წელს იანვარში ვაჩუქე ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება ჩემს შვილს, რომელიც ცხოვრობს მეზობლად. ამ დროის განმავლობაში მას ჩემთვის წამალიც არ უყიდია, ასევე არ მაძლევს საჭმლის ფულს და ხშირ შემთხვევაში ჩემი სიძე მისწორდება ფიზიკურად. მაქვს თუ არა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების უფლება?
პასუხი: ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოებათა შესახებ, რაც ჩუქების გაუქმების საშუალებას აძლევს. ჩუქების გაუქმებას იწვევს არა ყოველგვარი ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა, ხოლო თუ რა არის პირისთვის მძიმე შეურაცხყოფა, ამას განსაზღვრავს თავად სუბიექტი.
კითხვა: მე და ჩემი მეუღლე ქორწინებაში ვიმყოფებით 2007 წლიდან. 2008 წლის დეკემბერს ჩემი მეუღლე დააპატიმრეს და სასამართლომ მას მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მიუღებელია მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ამიტომ მინდა მასთან განქორწინება, მაგრამ ჩემი მეუღლე ამის წინააღმდეგია. გთხოვთ, ამიხსნათ, როგორ უნდა მოვიქცე და როგორ მოვახდინო მასთან განქორწინება?
პასუხი: თქვენ უნდა მიმართოთ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, განცხადებით განქორწინების შესახებ. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით განქორწინება ხდება იმ პირთან, რომელიც სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით, არანაკლებ სამი წლის ვადით.
ადვოკატი
ქეთი უტიაშვილი