როგორ გავანეიტრალოთ ჩვენკენ მომართული უარყოფითი ენერგიების ნაკადი და რატომ არის ის სახიფათო და წარუმატებლობის მომტანი
ბევრ ადამიანს მისტიკური ამბების არ სჯერა და როცა თავად შეექმნება ამ მხრივ პრობლემა, თავად დაეჯახება უცნაურ და ამოუცნობ რეალობას, მერე ინტერესდება მსგავსი რამეებით. ბევრი კი, ერიდება სახლში სტვენას, მაგიდაზე შეჯდომას, მარცხენა ფეხით ადგომას თუ სახლში – შესვლას, ჩაცმულ ტანსაცმელზე ღილის დაკერებას და ასე შემდეგ, მაგრამ, რომ ჰკითხოთ, რატომ იქცევა ასე, პასუხს ვერ გაგცემთ. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნატო ამბობს, ელემენტარული უძველესი, ეზოთერიკული რჩევები, ნებისმიერ ჩვენგანს, დღის განმავლობაში ეხმარება აარიდოს თავი უსიამოვნებებს, წარუმატებლობებს, წინაღობებს და სხვა.
თუ რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა ყველაზე ხშირად, რატომ უნდა შეასრულოს ზედმიწევნით უძველესი მისტიკური რჩევები და როგორ დავიცვათ თავი შესაძლო ყოველდღიური უსიამოვნებებისგან, ამასთან დაკავშირებით ქალბატონი ნატო ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით, ხოლო, გაითვალისწინებთ თუ არა, ეს უკვე თქვენი ნება და სურვილია.
ნატო: უმრავლესობა ყოველდღიურად, გაუთვითცნობიერებლად აკეთებს ბევრ ისეთ რამეს, რაც ოდითგანვე ემყარება ეზოთერულ ცოდნას. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მაგალითად, სასაფლაოსკენ ხელის გაშვერა არ შეიძლება, ასევე იკრძალება სახლში სტვენა, ჩაცმულ ტანსაცმელზე ღილის მიკერება ან გარღვეულის გაკერვა და ასე შემდეგ. ბევრიც იმას ამბობს, არ ვიცი, რა მჭირს, თითქოს თვალი მეცემა, ხელი მეცარება, წინ ვერ წავიწიე ცხოვრებაშიო. მე მათ გასაგონად ვიტყვი, მსგავს რამეებს ყურადღება მიაქციონ, მეტად დაფიქრდნენ საკუთარ ქცევებზე, გაითვალისწინონ ის, რაც წლებია, ხალხში დამკვიდრებულია და წინაპართა ნაცადი მეთოდები პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოიყენონ. რაც არ უნდა ვაჯეროთ საკუთარი თავი და ახლობლები ჯადო და თვალი არ არსებობსო, რეალობას ვერსად გავექცევით. თუ კარგად და საღი თვალით გადახედავთ გარშემო ფაქტებს, მიხვდებით, რომ ავი თვალიც და ჯადოც საუკუნეების განმავლობაში იყო აღიარებული და მისგან დაზარალებული, არაერთი ადამიანიც არსებობს თქვენ გარშემო. სხვათა შორის, ეს საკითხი წლების განმავლობაში აქტუალური იყო და ამას არც დღეს კარგავს. უბრალოდ, ტერმინოლოგია შეიცვალა და ჯადოს და ავი თვალის მაგივრად, ამბობენ ენერგეტიკული ზემოქმედების შედეგიო.
– ქალბატონო ნატო, როგორც ვიცი, თქვენ ენერგოთერაპევტიც ხართ.
– დიახ, ენერგოთერაპევტიც გახლავართ და ამ დარგში ცოდნა სულ რამდენიმე წლის წინ უცხოეთში გავიღრმავე. ადრე, მხოლოდ წინაპართა მეთოდებით ვცდილობდი ადამიანთა შველას, ახლა ამას თანამედროვე, კერძოდ, მეცნიერ-ეზოთერიკოსთა კვლევის შედეგების, აპრობირებული მეთოდებიც დავამატე. როგორც მოდა, ადამიანები და ურთიერთობები იცვლება და იხვეწება, ასევეა ეზოთერიკაც. ის დღითიდღე პრაქტიკული ხდება ადამიანის ყოველდღიურობაში და თუ მას თქვენს ცხოვრებას კარგად „მოარგებთ“, გაითვალისწინებთ ამ დარგში აპრობირებულ მეთოდებს, მაშინ მერწმუნეთ, ბედზე საწუწუნო არაფერი გექნებათ. პირადად მე, როგორც ენერგოთერაპევტს, მიმაჩნია, რომ ამ დაავადებას ენერგეტიკული ვირუსი იწვევს და ის ძალიან საშიში და სახიფათოა ნებისმიერი ჩვენგანისთვის.
– ენერგეტიკული ვირუსისგან ყველაზე მეტად ვინ არის დაცული?
– ამ დაავადებისგან ყველაზე უკეთ დაცულია ჯანმრთელი ენერგეტიკული გარსის მქონე ადამიანი. ასეთი გარსი კი ფიზიკური ჯანმრთელობის საწინდარია. ყველაზე ჯანმრთელი აურა იმ ადამიანს აქვს, ვინც არ სჩადის ბოროტებას, არ არის ძუნწი, არ ამოძრავებს სამაგიეროს გადახდის სურვილი, არ წუწუნებს ხშირად, არ სწყევლის გამუდმებით საკუთარ დაბადებას და სუფთა აზრები, ფიქრები, მიზნები, მოქმედებები ახასიათებს და ამოძრავებს.
– დამეთანხმებით, დღევანდელ ცხოვრებაში ბევრ წინაღობას აწყდები ადამიანი, თანაც ყოველივე იმის დაცვა, რაზეც თქვენ საუბრობთ, ცოტა რთულია. ამან რომ არ გაჭრას, მაშინ რა მოვიმოქმედოთ?
– მაგალითად, თუ ხვდებით, რომ ვინმეს თქვენი შურს ან თქვენს მიმართ რაიმე ცუდი განზრახვა ამოძრავებს, აიღეთ ახალმოწყვეტილი დაფნის ხის ტოტები, გადააწანით ერთმანეთს, შეკარით წითელი ძაფით და დაიდეთ ბალიშის ქვეშ. ყოველი დაძინების წინ, შეყავით ხელი ბალიშის ქვეშ. შეეხეთ დაფნის ტოტებს და ფოთლებს და იფიქრეთ იმაზე, რომ არავის ცუდს არ უსურვებთ, გინდათ, თქვენს გარშემო ყველა კარგად იყოს, რომ, რასაც ხელს მოჰკიდებთ ყველა საქმე გამოგივათ, და ხვალინდელი დღე უკეთესი და წარმატებული იქნება. როდესაც ხელით ეხებით დაფნის ტოტებს, ამ დროს მავნე ენერგეტიკული ზემოქმედებისგან თავისუფლდებით.
– ეზოტერიკოსები იმასაც ამბობენ, ყველაზე კარგი დაცვა ენერგეტიკული მავნე ძალებისგან, ჩვეულებრივ მარილსაც შესწევსო. ეს სიმართლეა?
– მართალია, უბრალო სუფრის მარილს უდიდესი ენერგეტიკული მაჩვენებლები აქვს და თუ მას სასიკეთო ენერგიებით დამუხტავთ, მაშინ უდავოდ დაგეხმარებათ ცხოვრების სასიკეთოდ წარმართვაში, ჯადოს და ავი თვალის ზემოქმედების აცილება-განეიტრალებაში. ასევე, მუხის ხეც უდიდესი ენერგეტიკული ველის მატარებელია. აიღეთ ერთი მუჭა მარილი, ჩაყარეთ თქვენივე ხელით შეკერილ პატარა ნაჭრის ტომსიკაში და ჩამოკიდეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში მუხის ხის ტოტზე. უმჯობესია, მუხა დაახლოებით 30-40 წლის იყოს. მუხის ტოტზე ჩამოკიდებული მარილიანი ტომსიკა, დადებითი ენერგიით დაიმუხტება. შემდეგ, ეს ტომსიკა ატარეთ ჩანთით ან დაიდეთ ბალიშის ქვეშ. უფრო სწორად, თუ კარიერული უიღბლობა გაწუხებთ, მაშინ, მუხის ენერგიით დამუხტული მარილი ჩანთით ატარეთ. თუ პირად ცხოვრებაში გაქვთ პრობლემები, მაშინ ბალიშის ქვეშ დაიდეთ და იძინეთ მშვიდად, მომავლის იმედით. ასევე, კარგია ენერგეტიკული აბაზანების მიღება.
– ენერგეტიკული აბაზანებით როგორ უნდა „იმკურნალოს“ ადამიანმა?
– ძალიან მარტივად. მანამდე კი გეტყვით, რომ ენერგეტიკული წყლის გამოყენება სხვადასხვანაირად შეიძლება. სასურველია, თუ დილით ასეთი წყლით დაიბანთ ხელ-პირს, ასევე შეგიძლიათ ის დალიოთ, სულ რაღაც 3-4 წვეთი დილის საუზმის შემდეგ. ეს პროცედურა ავი თვალისგან დასაცავად უტყუარი მეთოდია და ის სულ რაღაც ერთი თვის განმავლობაში, ისეთ შედეგს მოგცემთ, რომელსაც თავადვე შეამჩნევთ. ენერგეტიკულად დამუხტული წყალი კი ასე უნდა მიიღოთ: აიღეთ მუხაზე დაკიდებული ტომსიკიდან ერთი ჩაის კოვზი მარილი და გახსენით ერთ ჩაის ჭიქა წყალში. ოღონდ ეს წყალი, აუცილებლად ახალ მთვარეზე, დილით უნდა აიღოთ ონკანიდან. რაც შეეხება ავი თვალისა და ჯადოს ზემოქმედებისგან დამცავ ენერგეტიკულად დამუხტულ წყლის აბაზანებს, ის ასე უნდა მოამზადოთ: ერთი წყლის პროცედურისთვის, აიღეთ ერთი სუფრის კოვზი მუხის ენერგიით დამუხტული მარილი, გააზავეთ წყლით სავსე აბაზანაში და დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში ჩაწექით ამ წყალში. დახუჭეთ თვალები და მოდუნდით. ეს აბაზანები დღეგამოშვებით ჩაიტარეთ, ერთი თვის განმავლობაში და თავად მიხვდებით, როგორ შვებას მოგგვრით – აგავსებთ სასიცოცხლო ენერგეტიკით. თან, დარწმუნებული იყავით, რომ დამუხტული წყლის აბაზანის შემდეგ, ვერანაირი მავნე ზემოქმედება ვერ მოახდენს თქვენზე გავლენას.
– რაც შეეხება აკრძალვებს, რომელსაც ცრურწმენებს ეძახიან?
– ასეთი უამრავია, მაგრამ მე ისეთზე გავამახვილებ ყურადღებას, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით. მაგალითად, როცა სადმე მიდიხართ და ტანსაცმელზე ღილი აგწყდებათ, რას აკეთებთ? ეჭვი მეპარება, გაიხადოთ ტანსაცმელი და ისე დააკეროთ მასზე ღილი. არადა, თუ ჩაცმულ სამოსზე დაიწყებთ კერვას, უახლოეს მომავალში პირად ცხოვრებაში კარგს არაფერს ელოდეთ. სახლში უსაქმურობის თუ საქმის კეთების დროს სტვენა გიყვართ, ამას გიკრძალავთ, რადგან კარიერაში წინსვლა ნამდვილად არ გექნებათ, ამაზე ნურც იოცნებებთ. სტვენამ ფულის გადინება და ფინანსური კრიზისიც იცის. ამაზე დაფიქრდით და აკონტროლეთ საკუთარი პირის აპარატი (იცინის). ხოლო, თუ კარიერასა და პირად ცხოვრებაში კეთილდღეობა, ბედნიერება და იღბალი გინდათ, ეცადეთ, ყოველ დილით მარჯვენა ფეხზე ადგეთ, სახლიდან მარცხენა ფეხით გახვიდეთ და მარჯვენათი კი გადააბიჯოთ ზღურბლს. ასე, წარუმატებლობა გარეთ გაგაქვთ, წარმატება კი – შემოგაქვთ.