კოსმოსურმა ტურისტულმა ხომალდმა დამოუკიდებელი ფრენა შეასრულა
ტურისტულმა კოსმოსურმა ხომალდმა, „სფეისშიფ თუმ“, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ სერ რიჩარდ ბრონსონის ხელმძღვანელობით შექმნა, კვირას პირველი დამოუკიდებელი ფრენა განახორციელა. ხომალდმა, რომელსაც ორი პილოტი მართავდა, ძრავების ჩაურთველად იფრინა 11 წუთი და აეროდრომზე დაეშვა. გამოცდა 25 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კომერციული ფრენების ფედერაციის შემსრულებელი დირექტორის ჯონ გედმარკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლანდელი ფრენა კიდევ ერთი ეტაპია კოსმოსური ბარიერის გადალახვის გზაზე კერძო პირებისა და მკვლევრებისთვის.
სანამ ღია კოსმოსში გავიდოდეს, ხომალდი კიდევ რამდენიმე ფრენას შეასრულებს ატმოსფეროში. შემდეგი ეტაპი უნდა გახდეს ფრენა რაკეტული ძრავას გამოყენებით. ტურისტული ფრენები 2011 წლამდე გაგრძელდება, ხოლო 2012 წლიდან, კომპანიის გეგმების მიხედვით, კომერციული ფრენები დაიწყება.
დაახლოებით 370 მოყვარულმა-ასტრონავტმა უკვე გადაუხადა კომპანიას 50 მილიონ დოლარამდე თავისი მომავალი გაფრენისთვის კოსმოსში. ტურისტს, რომელიც ისურვებს, იფრინოს კოსმოსში 3 საათის განმავლობაში, მოგზაურობა 200 ათასი დოლარი დაუჯდება.
მათ შორის, ვინც უკვე გადაიხადა კოსმოსში გასაფრენი ბილეთის საფასური, არიან: ავტომრბოლელი მიხაელ შუმახერი და მისი კოლეგა ნიკი ლაუდა, ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი, დიზაინერი ფილიპ სტარკი. ზოგიერთი წყარო კი დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერსაც ასახელებს.