ქუჩები საღეჭი რეზინებისა და კედლები – წარწერების გარეშე
ამერიკის შეერთებული შტატების მაღაზიებში გასაყიდად გამოიტანეს ბრიტანელი სწავლულების გამოგონილი საღეჭი რეზინები, რომლებიც 24 საათში იშლება, ადვილად ირეცხება და არ აბინძურებს ქალაქის ქუჩებს.
პროდუქტი, რომლის სახელწოდებაა „რევ 7“, როგორც გემოთი, ასევე ხელის შეხებით, ჩვეულებრივ საღეჭ რეზინს ჰგავს, მაგრამ მათგან განსხვავებით წყალში იხსნება. ქუჩის ქვაფენილზე დავარდნისას არ ეწებება ასფალტს, ადვილად ქრება ჩვეულებრივი დასუფთავებისას. იშლება მინერალურ ნივთიერებად და მარილებად, რომლებიც, თავის მხრივ, ჩვეულებრივ ბიოლოგიურ ხრწნას ექვემდებარება.
ბრიტანელი სწავლულების გამოგონება დიდ პრაქტიკულ სარგებელს მოიტანს – ხელისუფლება ქიმიკატებზე, რომლებიც ქუჩაზე მიწებებული საღეჭი რეზინის მოცილებისთვის გამოიყენება, დაზოგავს 150 მილიონ ფუნტ სტერლინგს წელიწადში.
მომავალში სწავლულები მუშაობას გააგრძელებენ ისეთი ნივთიერებების გამოგონებაზე, რომლებითაც კედლებს შეღებავენ. ამ საღებავით დაფარულ კედლებზე კი შეუძლებელი იქნება ნებისმიერი საშუალებით რამის დაწერა. კვლევებს უძღვება ბრიტანული უნივერსიტეტის პროფესორი ტერი კოსგროუვი.