რა ოცნება აუსრულდა ყაზახეთში მცხოვრებ ქალს და სად იპოვა შვილმა მამა, რომელსაც ყაზახეთიდან ჯუგაანში ეძებდა
30 წლის აისელ შოთას ასული ალმენევა ეძებდა შოთა თედეიშვილს (თედიაშვილს).
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჩვენ რუბრიკის მკითხველს 2010 წლის 4 ოქტომბრის ჟურნალ „თბილისელებში“ გავაცანით. სასწაულმა არ დააყოვნა და ერთი კვირის შემდეგ აისელის მამას, შოთა თედეიშვილს (სინამდვილეში – თედიაშვილს) მივაკვლიეთ. აღმოჩნდა, რომ ის უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში აღარ ცხოვრობს და შესაბამისად, აისელის მიერ, მამის საქართველოში ძებნა წარუმატებლად გაგრძელდებოდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა: მამა-შვილი ერთმანეთს ახლო მომავალში დაუკავშირდება.
– აისელ, თქვენ ასეთი მონდომებით ეძებდით მამას. მოგვიყევით, რას გრძნობთ ახლა, როდესაც ძებნამ შედეგი გამოიღო.
– ჩემს ცხოვრებაში მართლაც რომ დიდი სასწაული მოხდა: აღმოჩნდა, რომ მამა, რომელსაც საქართველოში ვეძებდი, რუსეთის ქალაქ მოზდოკში ცხოვრობს. საერთოდაც, მთელი ჩემი ცხოვრება სულ მესმოდა, რომ ძალიან ვგავარ ქართველს, ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი დაახლოებით 1978-1979 წლებში გაიცნეს. მათი შეხვედრა და გაცნობა ყაზახეთში მოხდა. მამაჩემი და დედაჩემი – ბაუზია ალმენევა ერთად ცხოვრობდნენ ყაზახეთში, ქალაქ სემიპალატინსკში, შემდგომ კი მამამ დედა საქართველოშიც კი წაიყვანა. 1980 წელს დავიბადე მე. როგორც ვიცი, ჩემს ბაბუას (მამის მხრიდან), არ მოსწონდა დედაჩემი და მას რძლად არასდროს ცნობდა. ამის გამო დედა დაბრუნდა თავის სამშობლოში და მას შემდეგ დედ-მამას ერთმანეთი არ უნახავს. მეც არასდროს მინახავს მამაჩემი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მამას ამჟამად უკვე სხვა ოჯახი აქვს და შვილებიც ჰყავს. მის შემდეგ 30 წელია გასული, მაგრამ მამის ნახვა მაინც ძალიან მინდოდა. თქვენგან გავიგე, რომ მასაც უნდა ჩემთან შეხვედრა და ურთიერთობა. იმედი მაქვს, ახლო მომავალში ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს – ან მე ჩავალ მოზდოკში, ან ის ჩამოვა ყაზახეთში. ბედნიერი ვარ, რომ ავისრულე ოცნება და მამა ვიპოვე. ყოველთვის მჯეროდა სასწაულების, მაგრამ თქვენი შრომის შემდეგ უფრო დავიჯერებ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.
– პირველი, ვინც თქვენი ისტორიის შესახებ გამომეხმაურა, მამათქვენის ნათესავი იყო. სწორედ მან მამცნო, რომ დიდი ხანია, შოთა საქართველოში აღარ ცხოვრობს. ოდესმე წარმოიდგენდით, რომ მამას სრულიად სხვა ქვეყანაში ნახავდით?
– ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მამა სხვაგან შეიძლებოდა მეძებნა, მთავარი კი მაინც ისტორიის დასასრულია – ის, რომ მამაჩემი ნაპოვნია. ახლა კი ჩემთვის მთავარი ისაა, როგორ შევხვდებით ერთმანეთს და რა რეაქცია ექნება მამაჩემის მეორე ოჯახს. მე მათი გაცნობაც ძალიან მინდა. ჩემი აზრით, ადამიანმა თავისი ფესვები არ უნდა დაკარგოს.
– ვინ გაიზიარა თქვენი სიხარული?
– ვინც კი გაიგო ჩემი ამბავი, ყველას ძალიან გაუხარდა. ჩემმა მეუღლემ განსაკუთრებით აღფრთოვანებით მიიღო ეს ამბავი, რადგან, სიმართლე გითხრათ, არ სჯეროდა, რომ მამას ვიპოვიდი. ამდენი წელი იყო გასული, ყველაფერი შეიძლებოდა, მომხდარიყო. დიდი მადლობა თქვენ და თქვენს რუბრიკას ასეთი სასწაულებისთვის. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მე მგულშემატკივრობდა.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.
ნატალია მახარაშვილი