კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა რუსეთის ფინანსთა მინისტრის უშტატო ქართველი მრჩეველი წარმატებული ბანკირი

ოთარ მარღანია რუსეთის ბიზნესწრეებში კარგადაა ცნობილი. ის უკვე წლებია, საბანკო სექტორში მოღვაწეობს და საკმაო წარმატებითაც. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფინანსურ წრეებში საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა, მას პრესასთან ურთიერთობა დიდად არ ხიბლავს და პრესაში გაჟღერებული მისი ბიოგრაფიული ცნობებიც ძალზე მწირია: ოთარ ლეონტის ძე მარღანია დაიბადა 1959 წელს, საქართველოში. უმაღლესი განათლება ლენინგრადში მიიღო, სადაც 1985 წელს წარმატებით დაასრულა ჟდანოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ის იქვე შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1998 წლიდან იგი სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის ლექტორია. აღსანიშნავია, რომ მარღანია დაახლოებით 15 წლის განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა საბანკო ბიზნესში. მან პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში ეკონომიკურ საკითხებზე გამოსცა, წიგნი სახელწოდებით – „ევროპული მოდერნიზაცია“.

ოთარ მარღანია საბანკო სფეროთი 1999 წლიდან დაინტერესდა და საწყის ეტაპზე ბანკ „სანკტ-პეტერბურგის“ პრეზიდენტის მრჩევლად დაიწყო მუშაობა, 2000 წელს კი უკვე პეტერბურგის „პრომსტროიბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწეა. ამჟამად პეტერბურგის „პრომსტროიბანკს“ „ვი-თი-ბი სევერო-ზაპადი“ ჰქვია. 2002 წლიდან მარღანია ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. მას შემდეგ, რაც „პრომსტროიბანკი“ „ვი-თი-ბიმ“ შეისყიდა, ის ამ უკანასკნელის ვიცე-პრეზიდენტია საერთო საკითხებში.

თავისი მოღვაწეობის პერიოდში, ოთარ მარღანიას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურებთან. წლების განმავლობაში ის ფინანსთა მინისტრის – ალექსეი კუდრინის უშტატო მრჩეველი იყო. როგორც პრესა წერს, მარღანია რუსეთის ფინანსთა მინისტრთან ჯერ კიდევ ლენინგრადის პერიოდიდან, სტუდენტობის დროიდან მეგობრობს. სწორედ კუდრინი დაეხმარა მას რუსეთის საბანკო სექტორში თავბრუდამხვევი კარიერის გაკეთებაში.

2002 წლიდან ოთარ მარღანია „პრომსტროიბანკის“ სარევიზიო კომისიის წევრია, 2004 წლიდან. კი „ვნეშტორგბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი ხდება. სწორედ ის კურირებდა გარიგებას „ვნეშტორგბანკის“ მიერ პეტერბურგის „პრომსტროიბანკის“ შეძენის საკითხს, სადაც მანამდე დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. „ვნეშტორგბანკში“ მარღანია ბიზნესის განვითარების სპეციალურ პროექტებზე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა „ვნეშტორგბანკის“ საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის საქმეში და „ვნეშტორგბანკ დეველოპმენტში“. დღესდღეობით მარღანია „ვნეშტორგბანკის“ აქციონერი აღარ არის. როგორც ბიზნესწრეებში ამბობენ, იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის „ვოზროჟდენიაში“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დაკავება, რომ „ვნეშტორგბანკში“ ვიცეპრეზიდენტობა დათმო.

მარღანია 2006 წლიდან კომერციული ბანკ, „ვოზროჟდენიეს“ დირექტორთა საბჭოს წევრია; 2008 წლიდან ამ ბანკის დამოუკიდებელი დირექტორი გახდა კადრებისა და დაჯილდოების საკითხებში, 2010 წლის ივლისში კი მის საბანკო კარიერაში ახალი ეტაპი იწყება – ის ბანკ „ვოზროჟდენიეს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ პერიოდისთვის მარღანია ამავე ბანკის მეორე უმსხვილესი აქციონერი იყო. ქართველი ბიზნესმენის წილი ბანკ „ვოზროჟდენიეში“ 2010 წლის აპრილში ნახტომისებურად გაიზარდა – 9,39 პროცენტიდან 18,65 პროცენტამდე. ცნობილია, რომ „ვოზროჟდენიეს“ აქციებით მარღანიამ კომპანია შეიძინა „ბურლინგტონ თრეიდინგისგან“, რომელმაც საკუთარი წილი ბანკში 21,05 პროცენტიდან 12 პროცენტამდე შეამცირა. აქციების შესყიდვა მან მეორად ბაზარზე შეძლო. ის არ მალავს, რომ აქციების შეძენა ბანკის პრეზიდენტმა – დიმიტრი ორლოვმა ურჩია. „მას თხუთმეტი წელია, ვიცნობ და ბოლო ხუთი წელია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ამასთან, გარიგების ფორმა, კერძოდ, ეტაპობრივი გადახდა, ჩემთვის ძალიან მისაღები აღმოჩნდა“, – განუცხადა მან პრესას. როგორც ამბობენ, მარღანიამ კუთვნილი აქციების წილის გაზრდა 5 აპრილს, ანუ საკუთარ დაბადების დღეს დაუკავშირა. ექსპერტების გათვლებით, მას თავისი აქციების მოცულობის 9,26 პროცენტით გაზრდა 86 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. საბანკო ანალიტიკოსების აზრით, ამჟამად მისი კუთვნილი აქციების ღირებულება 100 მილიონ დოლარს უნდა აღემატებოდეს.

ოთარ მარღანიას „ვოზროჟდენიეს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა ამავე ბანკის მთავარი აქციონერისა და პრეზიდენტის, დიმიტრი ორლოვის რეკომენდაციით მოხდა, რომელიც „ვოზროჟდენიეს“ აქციების 35,5 პროცენტის მფლობელია. როგორც ორლოვი აცხადებს, მარღანიას უკვე დიდი ხანია, საუკეთესო მხრიდან იცნობს: „ოთარი კარგად იცნობს ჩვენს ბანკს და მოსწონს ის. ამიტომაც შეიძინა მან ჩვენი აქციები, რაც „ვოზროჟდენიესთვის“ საუკეთესო ინვესტიციაა და კარგის მეტს არაფერს მოუტანს“.

მას შემდეგ, რაც მარღანიამ „ვოზროჟდენიეში“ 2010 წელს აქციათა ახალი პაკეტი შეიძინა, მისმა და მამა-შვილი ორლოვების კუთვნილმა აქციებმა საკონტროლო პაკეტს გადააჭარბა.

საინტერესოა, რომ ორლოვიც საქართველოში, სოხუმშია დაბადებული 1943 წელს. იგი რუსეთის პრესისთვის საკმაოდ ცნობილი ფიგურაა. გარდა ამისა, ორლოვი რუსეთის ყველაზე წონიან ბანკირთა ტოპ-ოცეულში შედის. მან საბანკო სფეროში მოღვაწეობა მოსკოვში დაიწყო. ბანკ „ვოზროჟდენიეში“ მისი დაფუძნების დღიდან – 1991 წლიდან მუშაობდა. ამავე წელს აირჩიეს ის ბანკის პრეზიდენტად და ამ თანამდებობაზე შეუცვლელად მუშაობს დღემდე. რუსულ პრესაში გაჩნდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ორლოვი თანდათან ჩრდილში აპირებს გასვლას და სურს, თავისი ადგილი მარღანიას დაუთმოს. 2010 წლის მონაცემებით, ბანკ „ვოზროჟდენიეს“ აქტივების ღირებულება 165,14 მილიარდი რუბლია, კაპიტალი – 19,5 მილიარდი, საკრედიტო პორტფელი – 102,04 მილიარდი, მისი აქციების მფლობელთა რაოდენობა კი 9 ათასს აჭარბებს. „ვოზროჟდენიეს“ მეორენაირად „პოდმოსკოვიეს ბანკსაც“ უწოდებენ. „ვოზროჟდენიე“ ერთ-ერთი ის ბანკია, რომლის აქციებიც ბირჟაზე წარმატებით იყიდება.

მარღანია „ვოზროჟდენიეს“ აქციონერი 2007 წლის შემოდგომაზე გახდა. იმ პერიოდში მან ბანკის აქციების 0,22 პროცენტი შეიძინა. მომავალი წლისთვის მარღანიას წილი 1,28 პროცენტამდე გაიზარდა, 2009-ში კი – 9,39 პროცენტამდე.

ოთარ მარღანია 2000 წლამდე ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა. მას რუსულ პრესაში „მუდმივი მრჩევლის“ სახელიც კი შეარქვეს. მარღანიას მისვლა „ვნეშტორგბანკში“ შემთხვევითი არ ყოფილა. როგორც ამბობენ, ის პეტერბურგული ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თანამფლობელის, ვლადიმირ კოგანის მარჯვენა ხელი იყო.

რუსულ პრესაში რამდენიმე წლის წინათ ბევრს წერდნენ იმაზეც, რომ ოთარ მარღანიას წარმატებები საბანკო სისტემაში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ალექსეი კუდრინს აწყობდა და ეს მისი ხელის წაკვრის გარეშე არ მომხდარა. საქმე ის არის, რომ მარღანია კუდრინის მრჩევლად ითვლებოდა, მართალია, უშტატოდ, მაგრამ მაინც დიდი გავლენის მქონედ. თავად მინისტრი კუდრინი „ვნეშტორგბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, მარღანია კი „ვნეშტორგბანკში“ რამდენიმე პროექტის ხელმძღვანელი გახდა.

როდესაც 2009 წელს „ვოზროჟდენიეს“ აქციების დიდი ნაწილი მისმა მფლობელმა, დიმიტრი ორლოვმა, მისმა ვაჟმა ნიკოლაიმ და დიმიტრის ახლო მეგობარმა ოთარ მარღანიამ გაინაწილეს, იმ დროისთვის ქართველი ბიზნესმენი „ვნეშტორგბანკის“ ტოპ-მენეჯერი იყო. მარღანია აცხადებდა, რომ „ვოზროჟდენიეს“ აქციების შეძენა მის მიერ განხორციელებული საუკეთესო ინვესტიცია იყო. „ბანკ „ვოზროჟდენიეს“ უკვე რამდენიმე წელია, შიგნიდან ძალიან კარგად ვიცნობ. საუკეთესო მხრიდან ვიცნობ მის აქციებსა და აქციონერებსაც. რაც შეეხება ბანკის ხელმძღვანელობას, დიმიტრი ორლოვთან უკვე ათ წელიწადზე მეტია, ვმეგობრობ. ის არა მარტო უდიდესი პროფესიონალი, არამედ ფინანსურ ბაზარზე დაფასებული და ანგარიშგასაწევი პიროვნებაა“, – განაცხადა მარღანიამ. იგი, ამასთან, ირწმუნება, რომ „ვნეშტორგბანკის“ აქციონერი არასდროს ყოფილა და, შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტიც მასთან მიმართებაში იქ საქმიანობის პერიოდში გამორიცხულია. „ვნეშტორგბანკის“ მიერ კრედიტების გაცემასთან საერთო არაფერი მაქვს. ამიტომ, სახელმწიფო ბანკ „ვნეშტორგბანკისა“ და კომერციული ბანკის საქმიანობა ერთმანეთს არ კვეთს.

აღსანიშნავია, რომ, გარდა საბანკო სფეროსი, ოთარ მარღანიას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ალმასის ბაზარზეც, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესსფეროა. როგორც რუსული პრესა წერს, წლების წინ მარღანია ფედერალური სტრუქტურებისა და ამ სფეროში მოღვაწე წამყვანი რუსული კორპორაციის – „ალროსის“ ურთიერთობებს აგვარებდა. ეკონომიკური ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო ბანკ „ვნეშტორგბანკში“ მისი მთავარი საქმიანობა სწორედ ალმასის მწარმოებელ რუს მონოპოლისტთან ურთიერთობების მოწესრიგება იყო.

მარღანიას რუსულ პრესაში წლების განმავლობაში რუსეთის ალმასის ბაზრის „რუხ კარდინალადაც“ კი მოიხსენიებდნენ. როგორც წერდნენ, ალექსეი კუდრინის უშტატო მრჩევლად მუშაობის პერიოდში, ალმასის სფეროში არც ერთი საკადრო ცვლილება არ განხორციელებულა ოთარ მარღანიასთან შეუთანხმებლად.

რუსული პრესა წერს, რომ მარღანიამ თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა რუსულ ბიზნესში, თუმცა, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ის იმით იყო გამორჩეული პირი, რომ, გარკვეული სარგებლის არსებობის შემთხვევაში, ხელს უწყობდა ბიზნესმენებს ჩინოვნიკებთან ურთიერთობების დამყარებაში და საჭირო ადამიანის საჭირო ადგილზე დანიშვნაშიც არცთუ უმნიშვნელო მონაწილეობას იღებდა. მიუხედავად ამისა, ოცდამეერთე საუკუნეში მისი გავლენაც გაიზარდა და ის თანხაც, რომელსაც ფლობს.

ოთარ მარღანია საკუთარი საქმიანობის პერიოდში რამდენიმე ხმაურიან სკანდალშიც გაეხვია, რომელთა შორისაა მურმანსკის ოლქში მდებარე კომბინატ „აპატიტსა“ და „ალროსთან“ დაკავშირებული საქმეები, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი ბიზნესმენი დღესაც განაგრძობს წარმატებულ საქმიანობას. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მარღანია საქართველოშიც ფლობს გარკვეულ აქტივებს, თუმცა, დღემდე ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.


скачать dle 11.3