რატომ მოხსნეს სტალინს დასაფლავების წინ სოციალისტური შრომის გმირის ვარსკვლავი
ერთი შედარება მოგვყავს: ლენინის უფროსი ძმა, ალექსანდრ ულიანოვი რუსეთის იმპერატორზე ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის დაიჭირეს და ჩამოახრჩეს, ლენინმა კი შემდეგ შური იძია რუსეთის მეფე ნიკოლოზ მეორეზე და მისი ოჯახის წევრებზე – ლენინის განკარგულებით, ყველანი ოქტომბრის გადატრიალების მოხდენისთანავე ამოჟლიტეს. ბოროტმა და უკეთურმა ხრუშჩოვმა კი თავისი მოღალატე ვაჟის დახვრეტისთვის შური იძია – ყველაფერი გააკეთა გარდაცვლილი სტალინის წინააღმდეგ.
ხრუშჩოვის მიერ მეოცე ყრილობაზე დაწყებული სტალინის კრიტიკა შემდგომ წლებშიც გაგრძელდა, მაგრამ, თანდათანობით დადგა პერიოდი, როდესაც სტალინის კრიტიკის მოყვარულთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, ხოლო, ვინც მიბაძვით მაინც განაგრძობდა კრიტიკულ გამოსვლებს, მათ სიტყვებში უკვე აღარ იგრძნობოდა ის ადრინდელი პათოსი და მკვეთრი აქტიურობა.
საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ხრუშჩოვსა და მის თავგამოდებულ თანამოაზრეებს კიდევ ჰქონდათ სტალინის სახელის მიმართ ინერციით თანდაყოლილი შიში და რიდი. მათზე განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა მავზოლეუმში სტალინის ცხედრის არსებობა. ამიტომ, ეს აკვიატებული შიში და მორიდება რომ გადაელახა, ხრუშჩოვმა განიზრახა, ბოლომდე გაეგრძელებინა შურისძიება და გამოეტანათ სტალინის ცხედარი მავზოლეუმიდან. ამ განზრახვის აღსრულების დღეც დადგა, როდესაც, 1961 წლის 17-30 ოქტომბერს მოსკოვში მიმდინარე სკკპ ოცდამეორე ყრილობის მუშაობის უკანასკნელ დღეს ხრუშჩოვმა სიტყვით გამოსვლის უფლება მისცა ლენინგრადის საოლქო კომიტეტის პირველ მდივანს – სპირიდონოვს. მან, ხრუშჩოვის წინასწარი დავალებით, წინადადება წამოაყენა, რომ მავზოლეუმიდან გამოეტანათ სტალინის ცხედარი და კრემლის კედელთან დაესაფლავებინათ.
ყრილობის სხდომის თავმჯდომარემ, ხრუშჩოვმა ეს წინადადება ღია კენჭისყრაზე დააყენა, რათა პროცედურით განემტკიცებინა ყრილობის დელეგატთა შორის ვითომდა არსებული ერთსულოვნება და სოლიდარობა, რომ ისინი ერთხმად უჭერდნენ მხარს სპირიდონოვის მოთხოვნას. შიშისა და ნერვიულობისგან აღელვებულმა ყრილობის დელეგატებმა ხრუშჩოვის განზრახვას ღია კენჭისყრით „ფრთები შეასხეს“ და წინადადება ერთსულოვნად მიიღეს. მაგრამ შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოების უმრავლესობა დაარწმუნა, რომ ყრილობის დელეგატთა ერთსულოვნება, თურმე, მოჩვენებითი ყოფილა, რაც დროთა განმავლობაში ნათლად და ღიად დადასტურდა.
ყრილობის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ხრუშჩოვმა ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომა ჩაატარა და შექმნა კომისია, რომელსაც დაავალა მავზოლეუმიდან სტალინის ცხედრის გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულების უზრუნველყოფა. კომისიის თავმჯდომარედ შვერნიკი დანიშნეს, ხოლო კომისიის წევრებად – საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი მჟავანაძე, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჯავახიშვილი, საკავშირო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე შელეპინი, პარტიის მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი დემიჩევი და მოსკოვის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე – დიგაი. სტალინის მავზოლეუმიდან გამოტანისა და მისი დასაფლავების უშუალო ოპერაციების ხელმძღვანელად ხრუშჩოვმა დანიშნა საკავშირო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მეცხრე სამმართველოს უფროსი, გენერალი ზახაროვი.
იმავე დღეს ხისგან დაამზადეს კუბო, რომელსაც გარშემო მჭიდროდ შემოახვიეს შავი და წითელი ფერის კრეპი, რომ კუბო „მდიდრულად“ გამოჩენილიყო.
კრემლის კედელთან საფლავის გასათხრელად კომენდატურიდან გამოყვეს ექვსი ჯარისკაცი, ხოლო მავზოლეუმიდან სარკოფაგის გამოსატანად სტალინის ცხედრის ლაბორატორიაში გადასატანად და შემდგომ, საფლავში მის ჩასასვენებლად გამოყვეს რვა ოფიცერი. იმისათვის, რომ ყველა აღნიშნული ოპერაცია შენიღბულიყო და ცნობისმოყვარეთათვის საიდუმლოდ დარჩენილიყო, მავზოლეუმის მარცხენა და მარჯვენა მხარეებს ფანერები ააფარეს, წითელ მოედანზე კი ყველა შესასვლელი გადაკეტეს. ყველაფერი გააკეთეს იმის იმიტაციისთვის, რომ თითქოსდა მავზოლეუმს არემონტებდნენ და ის დროებით დაკეტილი იყო.
ზუსტად 21 საათზე მავზოლეუმთან შეიკრიბნენ კომისიის წევრები, რომელთა შორის არ ჩანდა ვასილ მჟავანაძე. ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც გაზეთი „არგუმენტი ი ფაქტი“ (¹48, 2000 წლის 28 ნოემბერი) გვაუწყებს, 39 წლის წინანდელ ამბავს, თითქოსდა ვასილ მჟავანაძემ პროტესტის გამოხატვის ნიშნად იმავე დღეს დატოვა მოსკოვი და სასწრაფოდ თბილისში გადმოფრინდა. ეს ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა. არადა, ვასილ მჟავანაძის მხრიდან ასეთი ქმედება იქნებოდა პოლიტიკური დემარში და ხრუშჩოვის გადაწყვეტილებისადმი სკანდალური გამოწვევა, რაც გამოიწვევდა საბოლოო ჯამში ვასილ მჟავანაძის პოლიტიკური კარიერის დასასრულს. ამიტომ მჟავანაძემ უფრო გონივრული და თანაც, ეშმაკური, მაგრამ, თავისი ჯანმრთელობის საზიანოდ მიიღო გადაწყვეტილება: იმისთვის, რომ თავი დაეძვრინა ხრუშჩოვის კლანჭებისაგან და გამოსულიყო მდგომარეობიდან, ყრილობის დამთავრებისთანავე ის მივიდა სასტუმროში და ისედაც იმ ცივ და სუსხიან დღეს, აბაზანის ონკანიდან მოუშვა ცივი წყალი და მისი შხაპის ქვეშ იმდენ ხანს იდგა, სანამ მაგრად არ გაცივდა და გრიპი არ დაემართა. იმ ღამეს მას 40 გრადუსამდე სიცხე ჰქონდა და ასეთი „საპატიო მიზეზის“ გამო მისთვის ხელი არ უნდა ეხლოთ, რომ სუფთად გამოსულიყო სიტუაციიდან, ანუ, იმ ავად სახსენებელ ფარსში არ მიეღო მონაწილეობა. ასე და ამგვარად, ვასილ მჟავანაძემ თავისი ვაჟკაცური ქმედებით, ფაქტობრივად, პროტესტი გამოთქვა ხრუშჩოვის უსინდისო გადაწყვეტილების გამო.
კომისიის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ, რვა ოფიცერმა სტალინის სარკოფაგი პოსტამენტიდან აიღო და იქვე, სარდაფში მდებარე ლაბორატორიაში გადაიტანა. სარკოფაგს მინა მოხადეს და სტალინის ცხედარი ფრთხილად და ფაქიზად ჩაასვენეს კუბოში. გავრცელებული იყო აზრი, თითქოს სტალინი გენერალისიმუსის მუნდირის გარეშე დაასაფლავეს და ასე შემდეგ. სინამდვილეში კი მუნდირიდან ოქროს ღილები მოხსნეს და ისინი თითბირის ღილებით შეცვალეს. აგრეთვე, მოხსნეს სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავი. როგორც ცნობილია, მეორე უმაღლესი ჯილდოს – საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავს, სტალინი არასდროს ატარებდა და, ბუნებრივია, ის სარკოფაგში არც იქნებოდა. გენერალისიმუსის მუნდირიდან მოხსნილი სოციალისტური შრომის ოქროს ვარსკვლავი და ოქროს ღილები ჩააბარეს სპეციალური დაცვის ოთახში, სადაც კრემლის კედელთან ყველა დასაფლავებულის ჯილდოები ინახებოდა.
დრამა დასასრულს უახლოვდებოდა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ, როდესაც სტალინის ცხედარს კუბოს სახურავს აფარებდნენ, ნიკოლოზ შვერნიკმა და გივი ჯავახიშვილმა ქვითინი დაიწყეს. მათ გარდა არავინ ტიროდა. შემდეგ კუბო ასწიეს და ყველანი მავზოლეუმის გასასვლელისკენ დაიძრნენ. ოფიცრებმა ფანერით შემოღობილ საფლავში კუბო ფრთხილად ჩაუშვეს. ქრისტიანული ადათ-წესიდან გამომდინარე, ვიღაცამ საფლავს ერთი პეშვი მიწა მიაყარა. საფლავი მიწით ამოავსეს და მას ზემოდან თეთრი მარმარილოს თლილი ქვა დაახურეს, რომელზეც ამოკვეთილი იყო ლაკონური წარწერა – იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. 1879-1953“. ეს მარმარილოს ქვა საფლავის თავზე დიდხანს იდო, მანამ, სანამ, მის ნაცვლად სტალინის ბრინჯაოს ბიუსტს დადგამდნენ.
ამგვარად, მარტო დატოვეს და დააობლეს მავზოლეუმში ლენინი.
1961 წლის ოქტომბერში გამართულ სკკპ ოცდამეორე ყრილობაზე მიღებულ დადგენილებას თუ გადავხედავთ, შეიძლება, დავასკვნათ, რომ ის განსხვავებულ, მკვეთრად შეცვლილ პირობებში და დამამცირებელი ბაკქანალიის ფონზე იყო მიღებული.
ქვემოთ მოგვყავს დადგენილების მოკლე შინაარსი: „მავზოლეუმში ი. ბ. სტალინის საფლავისა და სარკოფაგის შემდგომი შენახვა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, რადგან სტალინის მიერ ლენინის ანდერძის სერიოზული დარღვევა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, პატიოსანი საბჭოთა ადამიანების მიმართ მასობრივი რეპრესიები და სხვა ქმედებები პიროვნების კულტის პერიოდში, შეუძლებელს ხდის მისი კუბოსა და ნეშტის ვ. ი. ლენინის მავზოლეუმში დატოვებას“.
ეს იყო ვანდალური დადგენილება, ამიტომ მასში მოყვანილი პოლიტიკური შეფასებები ბათილად უნდა იქნეს აღიარებული.
აი, რა თქვა მაო ძედუნმა 1965 წლის აპრილში: „მე თავს ვესხმი სკკპ მეოცე და ოცდამეორე ყრილობებს. მე არ ვეთანხმები ამ ყრილობების გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს იყო რაღაც პიროვნების კულტი“. ჩინეთის კომპარტიისა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გამძაფრდა ჩინეთში კულტურული რევოლუციის წლებში (1966-1976), საბჭოთა კავშირში სტალინის პიროვნების კულტის კრიტიკას მაო ისე იღებდა, როგორც საკუთარი კულტის ძირის გამოთხრას.
ხრუშჩოვის მიერ მიღებული ამდენი დამამცირებელი ბაკქანალიის შემდეგ ზუსტად სამი წელი გავიდა და, 1964 წლის ოქტომბერში გაიმართა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმი, სადაც განიხილეს ხრუშჩოვის ყველა თანამდებობიდან მოხსნისა და, შესაბამისად, მისი პენსიაზე გაშვების საკითხი. ხრუშჩოვის მოღვაწეობის აქტიური კრიტიკოსისა და ერთ-ერთი მთავარი ბრალმდებლის როლში ვასილ მჟავანაძე მოგვევლინა, რომელმაც პლენუმზე გამოსვლისას მრავალი დანაშაულებრივი ფაქტი მოიყვანა, რომლებიც მრავლად ჰქონდა დაშვებული ხრუშჩოვს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე.
ალბათ, ბევრს ახსოვს მისი ცინიკური და ღვარძლიანი გამონათქვამი: „ვაგონებს ჩამოვაყენებ“, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქართველები უნდა გაესახლებინა მშობლიური საქართველოდან. ქართველებს „ნიკიტუშკა დურაჩოკი“ სტალინის გამო საერთოდ ვერ იტანდა. ხრუშჩოვმა მთლიანად ააღორძინა აფხაზეთში სეპარატიზმი და ჩააგონებდა აფხაზებს აფხაზეთის გამოყოფას საქართველოსგან და რუსეთის ფედერაციაში გადასვლას, სახელდობრ, აფხაზეთი კრასნოდარის მხარის შემადგენლობაში უნდა შესულიყო. ასე იყო თუ ისე, ხრუშჩოვი პოლიტიკურ ლეშად აქციეს და ისტორიის სანაგვეზე მოისროლეს...
გარდაცვალების შემდეგ ხრუშჩოვს კრემლის კედელთან დასაფლავებაც კი არ აღირსეს, ის ნოვიდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალეს.
ხრუშჩოვს ზუსტად მიესადაგება უინსტონ ჩერჩილის ცნობილი სიტყვები: „ხრუშჩოვმა მკვდარ სტალინს დაუწყო ბრძოლა და ამ ბრძოლიდან ის დამარცხებული გამოვიდა“. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.