ვისი ჩხუბი აღვიძებს დილაობით ჯარჯი ზვიადაურს და რატომ აქვთ მას და მის მეუღლეს მუდმივად „რანდევუ“
გარდა იმისა, რომ ჯარჯი ზვიადაური ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული სპორტსმენია, რომელსაც უკვე ყველა ჩემპიონატი აქვს მოგებული, ის ძალიან კარგი ადამიანი და, ასევე, კარგი მეუღლეც ყოფილა. სულ ახლახან, მსოფლიოს ჩემპიონი თავის მშვენიერ მეუღლესთან ერთად თბილისში იმყოფებოდა. მისი მეუღლე, ლიკა, საოცრად კარგი ადამიანია და მას ყოველთვის მხარში უდგას. მშვენიერი და მოსიყვარულე წყვილი განსაკუთრებულად ზრუნავს 5 წლის მარიამზე, რომელიც მშობლებს სიძნელეების გადალახვაში თავისებურად ეხმარება.
ჯარჯი ზვიადაური: მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ვიყავი საქართველოში, ბაკურიანში გავიარე მოსამზადებელი პერიოდი. ძიუდოში ასეთი წესია – სხვადასხვა ქვეყანაში გიწევს წასვლა, მომზადება. მე მერჩივნა, საქართველოში წამოვსულიყავი, რადგან აქ მყავს მეგობრები, ოჯახი.
ლიკა: სანამ სტუდენტი ვიყავი, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ შეიძლებოდა, სადმე გავყოლოდი. ახლა, როდესაც დავამთავრე სწავლა, მოვასწარით ესპანეთში, ბულგარეთში ერთად წასვლა. საბერძნეთში გვიან, ღამის 10-11 საათზე იწყებენ გართობას, მაგრამ ჩვენ მაინცდამაინც არ გვიყვარს ასეთი გართობა. „სინემაა“ ჩვენი ჰობი, ბავშვთან ერთად სეირნობა, „ლუნაპარკებში“ სიარული. ძალიან მიყვარს არქეოლოგიური გათხრების დათვალიერება. როდესაც ჯარჯი გავიცანი და აღმოვაჩინე, რომ მასაც ძალიან უყვარს ასეთი ადგილების ნახვა, გამიხარდა.
– შვიდი წელია, ერთად ხართ. ამ ხნის განმავლობაში ჯარჯიში კიდევ რა თვისებები აღმოაჩინე?
– ჯარჯის, თავის ასაკთან შედარებით, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ძალიან მაგარი მამაა – ყურადღებიანია, ცდილობს, მარიამს ყველაფერში ასიამოვნოს. ძირითადად, სახლიდან დიდი ხნით მიდის, ერთი ორი კვირით ჩამოდის და ამ პერიოდში სულ ერთად ვართ. მარიამს საერთოდ არ უბრაზდება, როცა ბავშვს რამეს ვეუბნები, შენიშვნას მაძლევს.
ჯარჯი: ემუქრება ხოლმე – ჩამოვიდეს მამაო.
– როგორი მეუღლეა?
ლიკა: ძალიან კარგი მეუღლეა. თავიდან, სანამ ორი ადამიანი კარგად გაიცნობს ერთმანეთს, გარკვეულწილად არ არის ნდობა, მაგრამ მერე, როცა დრო გადის და ცოლ-ქმარს შორის ნდობა მტკიცდება, იცი, როდესაც რაღაცას ამბობს, რას გულისხმობს და იმის უკან სხვა რამე არ იმალება. ამის შემდეგ უკვე ყველაფერი ნორმალურად მიდის.
ჯარჯი: ყოველთვის ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი.
ლიკა: ჩხუბის დრო არ გვაქვს, ჩამოდის მონატრებული და მერე ისევ მიდის.
ჯარჯი: ძიუდო ისეთი სპორტია, თუ სულ ერთ ნაკრებთან იქნები, ვერ დაიხვეწები კარგად, ყველანაირ მეტოქესთან, სხვადასხვა სტილში უნდა ივარჯიშო; ამიტომ, ხშირად მიწევს სხვა ქვეყნებში წასვლა.
– მესმის, გიყვარს შენი საქმე, მაგრამ, ასე ცხოვრება არ არის ძნელი?
ლიკა: ძნელია, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ისე აქვს სისხლში გამჯდარი, რომ ვეღარ დაანებებს თავს.
ჯარჯი: 2008 წელს, ოლიმპიადამდე ერთი თვე იყო დარჩენილი და სერიოზული ოპერაცია გავიკეთე, რომელსაც მეორე ტრავმა მოჰყვა, მერე ვირუსი დამემართა. ერთი წელი მქონდა ჩავარდნა, – მივდიოდი და წაგებული ვბრუნდებოდი. ლიკას ვეუბნებოდი, მორჩა, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი. 2004 წლიდან, ოთხი წლის განმავლობაში არ წამიგია და, უცებ ისე დავეცი, რომ სამეულშიც ვეღარ შევდიოდი, რაც ჩემთვის ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი ტრავმა იყო. მაგრამ ყველაფერი ოჯახის სითბომ გადამატანინა – ვარჯიშიდან სახლში რომ მივდიოდი, ბავშვის ხმა, ლიკუნას ღიმილი და მოფერება ხალისსა და იმედს მიბრუნებდა. ასე მგონია, როდესაც სპორტსმენს ოჯახი აქვს, ეს მისთვის დიდ რამეს ნიშნავს. მეუღლე რომ არ მყოლოდა, არ ვიცი, რას გავაკეთებდი.
ლიკა: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჯარჯი, ძალიან კარგი მეუღლეა, რადგან, როდესაც კარიერაში სიძნელეები ჰქონდა, მას თავისი უარყოფითი ემოციები სახლში არასდროს შემოუტანია. ამ ხნის განმავლობაში არასდროს მოგვსვლია ჩხუბი – ვცდილობდით, ყურადღება სხვა რამეზე გადაგვეტანა. ჯარჯის დაჟინებით იმიტომ ვეუბნებოდი, არ წამოხვიდე სპორტიდან-მეთქი, რომ, ვიცოდი, მას კიდევ ბევრი შეეძლო და ეს დაამტკიცა კიდეც. ახლა ყველაფერი მოგებული აქვს და მეორე წრეზე მიდის.
– ხალხი სპორტსმენს არ პატიობს წაგებას...
ჯარჯი: ჩემამდე ხშირად მოდიოდა ხმები – მორჩა, ჯარჯი ზვიადაური დაემშვიდობა სპორტსო. ადრე, შეჯიბრებაზე რომ ჩავდიოდი, მე ვიყავი ფავორიტი, ჩავარდნის პერიოდში კი ფავორიტად აღარ მთვლიდნენ. მახსოვს, იაპონიაში რომ ჩავედი, ოთხი იაპონელი ფავორიტის ფოტოებში არ მოვხვდი, არადა, ადრე რომ ჩავდიოდი, პირველს მე მიღებდნენ სურათებს, შინაგანად დავიწვი, მაგრამ ამან უფრო მეტი სტიმული მომცა.
– მსოფლიოს ჩემპიონატიღა გქონდა მოსაგები და ახლახან ესეც მოიგე.
– ყველაფერი მოგებული მქონდა, მხოლოდ ორი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი წავაგე. აპრილში ევროპის ჩემპიონატი იყო და იქ ავიღე მესამე ადგილი, მხოლოდ ორი კვირის ნავარჯიშები ვიყავი. რადგან მესამე ადგილი ავიღე, ვიფიქრე, რომ შემეძლო, დიდ სპორტში დავრჩენილიყავი. ყველას ისე უხაროდა, ჯარჯი რომ დაბრუნდა, თითქოს გაცოცხლდაო. ამ განწყობით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოვემზადე და, თან, ჩავთვალე, რომ ეს ჩემი ბოლო შანსი იყო. სხვათა შორის, სანამ ტრავმას მივიღებდი, შეჯიბრების წინ ყოველთვის ვწერდი ხოლმე ლიკუნას მესიჯს.
ლიკა: წინა ღამით ყოველთვის ვიცი, მეორე დღეს რას იზამს, რადგან ბევრი რამ მის ფსიქოლოგიურ განწყობაზეა დამოკიდებული. თუ ჯარჯი საკუთარ თავს ეტყვის, „მე შემიძლია! – რაღაც ეკეტება და, მორჩა, მოიგებს.
ჯარჯი: კენჭისყრის შედეგებს არ ვნახულობ, სანამ არ შევალ შეჯიბრებაზე. დილით მწვრთნელს რომ შევხედე, სახეზე ფერი არ ედო. გასვლის წინ ჩავხედე სიას და გავგიჟდი – ვინც ყველაზე ძლიერი მოჭიდავე იყო, ყველას მე ვხვდებოდი. მაგრამ ყველასთან გავიმარჯვე, ორ იაპონელს იაპონიაში მოვუგე. არ მჯეროდა, მსოფლიოს ჩემპიონი რომ გავხდი. ლიკა ასეთი გახარებული ოლიმპიადაზეც კი არ მინახავს. საბერძნეთშიც ისეთი გახარებული დამხვდა ხალხი, არ მეგონა, მსოფლიოს ჩემპიონატს ასეთი გამოხმაურება თუ ექნებოდა.
ლიკა: როცა ძალიან სერიოზული ტურნირია, ვიცი, რომ განიცდის და ამიტომ არ მივდივარ. როცა ტატამზე გადის, ფიქრობს, სადღაც ლიკა ზის და რაღაც ემართებაო. იმასაც კი განიცდის, ვინმე ხომ არ მაწუხებს, ამიტომ, ჯობია, სახლში ვიყო და ინტერნეტში ვუყურო.
ჯარჯი: ახლა ინტერნეტიც გამორთო, ტელეფონიც და ქუჩაში დადიოდა.
ლიკა: სპეციალურად ძალიან გვიან დავიძინე, რომ გვიან გამეღვიძა. ისეთ დროს გავიღვიძე, უკვე ნახევარფინალში რომ იყო. ცოტა ხანს შევხედე და ტატამები ცარიელი იყო, ისვენებდნენ. კანკალმა ამიტანა, ვერ ვაკონტროლებდი ხელებს, ტელევიზორი გამოვრთე და გავედი სახლიდან. ამ დროს მამაჩემმა დამირეკა – უკვე ფინალშია, სახლიდან გავდივარ, მეტი აღარ შემიძლიაო. ერთი საათის მერე, ჯონდომ, ჩვენმა მეჯვარემ დამირეკა და მითხრა: „ლიკუნა, გახია, გახიაო“ და ქუჩაში დავიწყე ხტუნაობა.
– როგორც ვიცი, საბერძნეთში ყველას ძალიან უყვარხარ.
ჯარჯი: როდესაც ოლიმპიადას იგებ, მეტი არაფერი აინტერესებთ, ლეგენდად რჩები. საქართველოში მეორე-მესამე ადგილებს კარგად არ უყურებენ, არადა, ჩვენთვის ეს იმხელა შრომაა... საბერძნეთში მეორის ფასიც იციან და მესამისაც.
– ბავშვზეც მომიყევით რამე, ვის ჰგავს?
– ეს არის ადამიანი, რომელთანაც არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ძალა არ მაქვს, თავი მაქვს დახრილი.
ლიკა: მსხვილი წარბები აქვს, სარკესთან დადგება, აიჩეჩავს და მეუბნება – დედიკო, მამიკოს ხომ ვგავარო. ჯარჯი ძალიან რომ მოგვენატრება, აიღებს ბალიშს, გადაკეცავს და ამბობს, მამიკოსავით ხომ მძინავსო.
ჯარჯი: ხასიათით დედას ჰგავს – სამართლიანი ბავშვია. რაც მთავარია, შემიძლია, სადმე წავიყვანო, არ შემარცხვენს. მეგობრებთან რომ მიმყავს, არ მაწუხებს. უბრალოდ, ყურადღება უყვარს – უნდა დაჯდე და უყურო, ხმას არ ამოიღებს. ხატვა უყვარს ძალიან.
ლიკა: ჯარჯივით მომთხოვნია, ოღონდ, თუ ყველაფერს აუხსნი, მაშინ დაგიჯერებს. შეიძლება ასჯერ გკითხოს, რატომო, მაგრამ, უნდა აუხსნა.
ჯარჯი: დილით ამათი ჩხუბი მაღვიძებს – არა, ეს ჩაიცვი, არა, ეს მინდაო. ვეხვეწები: ლიკა, ჩააცვი, რაც უნდა-მეთქი. მარისთვის აღარ ვყიდულობ ტანსაცმელს, მიმყავს და თვითონ არჩევს, ფერებს უხამებს – მამა, ეს ამას უხდებაო.
ლიკა: ჯარჯიმაც იცის რაღაცის აკვიატება, თუმცა, რომ დაუსაბუთებ, მერე ესმის. მაგრამ, თუ ეტყვი, ამას არ გავაკეთებო, შეტევაზე გადმოდის. ორივეს უნდა აუხსნა, დაუსაბუთო ყველაფერი და არ იქნება პრობლემა.
– როგორც მივხვდი, საკმაოდ ძნელია ძიუდოისტის მეუღლეობა.
– ძნელია. ისე ხშირად მიდის ხოლმე, სულ ვხუმრობთ, რომ ახალი შეყვარებულებივით ვართ. მისი ყოველი დაბრუნება, პირველი „რანდევუსავით“ არის. მარიამი რომ გავაჩინე, ჯარჯი ერთი კვირის შემდეგ ჩამოვიდა. თუმცა, ერთად ყოფნით, კარგი ურთიერთობით ვინაზღაურებთ დაკარგულ დროს. შეყვარებულები რომ ვიყავით, იმ პერიოდში წონაში იკლებდა, არაფერს ჭამდა და მირეკავდა ხოლმე: ლიკუნა, ამ დღეებში ძალიან აგრესიული ვიქნები დიეტის გამოო.