სურათით არაფერი გამოვა
ეკატერინა მიხაილოვა ის ქალია, ვინც 2009 წელს ბულგარეთის სილამაზის კონკურსი მოიგო და ახლა ტელეწამყვანად მუშაობს. როგორც ჩვენში, ტელეწამყვანების ინტერვიუები ბულგარეთშიც ხშირად იბეჭდება და ერთ-ერთ ინტერვიუში ეკატერინა გამოტყდა, რომ მისთვის მამაკაცის იდეალი „ფორმულა 1-ში“ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერია.
„ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე ის იყო, როდესაც მიხაელს ინტერვიუ ჩამოვართვი. იგი ძალიან დახვეწილი მამაკაცია და დარწმუნებული ვარ, მასზე დაყრდნობა შეიძლება. როცა ცუდად ვარ და ტირილს ვიწყებ, მის სურათებს ვათვალიერებ და ვწყნარდები. იგი ჩემთვის მამაკაცის იდეალია“, – განაცხადა მიხაილოვამ.
ტირილის რა გითხრათ, მაგრამ თუ ეკატერინას გულში სხვა რამეც უდევს, მარტო სურათით არაფერი გამოვა. აი, თუ ქალი ივარგებს და შუმახერს მორიგ ინტერვიუზე მიაკითხავს...