სად მსაჯობდა კოჭლი არბიტრი, სად გატკეპნეს სტადიონი ასფალტის „კატოკით“ და სად შეცვალეს სტადიონის საფარი 48 საათში
საქართველო-ისრაელის მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, ეს მოედანი კი არა, ყანა იყო და ყანაში კიდევ ფეხბურთს არ თამაშობენო. მაშინ ბევრმა ქეცბაიას განცხადება ისე თარგმნა, თითქოს ის მატჩი რომ ვერ მოიგეს, მოედანს აბრალებდა. თუმცა, არც უმაგისობა იყო. რაღაზე უნდა ვისაუბროთ, როცა სტადიონის დირექციამ განაცხადა, ეს იმის ბრალია, რომ ორმოცი დღის განმავლობაში თბილისში წვიმა არ ყოფილაო.
წვიმის იმედად არ არიან ზესტაფონში და იმის მიუხედავად, რომ იმერეთში ერთ-ერთი ყველაზე კარგი გაზონი იყო ქვეყნის მასშტაბით, მისი შეცვლა გადაწყვიტეს. მალე „ზესტაფონს“ ევროპული სტანდარტების საფარი ექნება. ზოგადად, საქართველოში ნორმალური მოედნის საფარი და ტრიბუნებზე ინდივიდუალური სკამები ფუფუნებაა. მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ, „ბარსელონას“ საშინაო არენა „ნოუ კამპზე“, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია, მინდვრის საფარი 48 საათში შეცვალეს. სანამ მსოფლიო სტადიონებზე გადავალთ, ერთ საინტერესო ამბავსაც გიამბობთ – ორიოდე თვის წინ 1998 წელს დაბადებულ ბავშვებში ტურნირი ჩატარდა და შეჯიბრების ნახევარფინალში გარდაბნის გუნდი გავიდა. გარდაბნის მოედანზე მუხლამდე ბალახი იყო და იქ ბავშვები, უბრალოდ, არც კი გამოჩნდებოდნენ. ბალახი გასათიბი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სათიბი მოწყობილობა არ ჰქონდათ და... მოედანზე ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ასფალტის „კატოკი“ შეიყვანეს. საფარს გადაუარეს, ანუ ბალახი რამდენიმე საათით დატკეპნეს და ბავშვები ისე ათამაშეს. სრული სიამოვნებისთვის იმასაც გეტყვით, რომ ამ შეხვედრაზე კოჭლი არბიტრი მსაჯობდა, რომელიც მოედნის ცენტრში იდგა, გვერდითი მსაჯები საერთოდ არ ჰყავდათ, ცალ ფეხზე ტრიალებდა, რადგან სირბილი კი არა, სიარულიც უჭირდა და... ამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, თამაშგარე იყოო. თურმე, ეს თამაშგარე ცენტრიდან „შენიშნა“.
რაც შეეხება მსოფლიოს საუკეთესო სტადიონებს, ბევრს ჰგონია, რომ მსოფლიოს საუკეთესო სტადიონები საფეხბურთო კლუბებს ეკუთვნის, თუმცა, ნურას უკაცრავად, აი, როგორია ათი საუკეთესო სტადიონის სია.
1. „რუნგნადო მაი დეი სტედიუმი“ (ტევადობა 150 000) – გაგიკვირდებათ და, ეს სტადიონი სამხრეთ კორეაშია. ზემოდან ის ყვავილს ჰგავს და 150 ათას კაცს იტევს. თუმცა, 1995 წელს ამ არენაზე 190 ათასი კაცი შეიკრიბა, რესტლინგის ტურნირის სანახავად. არენა 1989 წელს აიგო და მას შემდეგ ბევრჯერ ითქვა, რომ მისი დაპატარავებაა აუცილებელი. თუმცა, ეს ისეთ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ხელისუფლება სახსრებს ვერ შოულობს.
2. „სოლტ ლეიკ სტედიუმი“ (120 000) – ეს არენა ინდოეთში, კალკუტას შტატშია და მართალია, ბოლომდე იშვიათად ივსება, ის მაინც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება.
3. „აცტეკა“ (115 000) – მექსიკაში მდებარე სტადიონი არა მარტო დიდია, არამედ ლეგენდარულიც. ამ სტადიონზე 1970 და 1986 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალები გაიმართა და სწორედ 1986 წელს იყო ეს არენა დიეგო მარადონასა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ბენეფისის მოწმე.
4. „მიჩიგან სტედიუმი“ (107 000) – ერთ-ერთი ყველაზე ძველი არენა 1927 წელს ააშენეს და მაშინ მხოლოდ 72 ათას გულშემატკივარს იტევდა. სტადიონს რეკონსტრუქცია 1975 წელს ჩაუტარდა და ტევადობა 107 ათასამდე გაიზარდა. ამ არენაზე, ძირითადად, ამერიკული ფეხბურთის მატჩები იმართება.
5. „ბევერ სტედიუმი“ (107 000) – მიჩიგანში მდებარე არენისგან ეს სტადიონი იმით განსხვავდება, რომ მასზე 219 ადგილით ნაკლებია. სამაგიეროდ, კომფორტითა და მინდვრის საფარით არ ჩამოუვარდება და აქაც მუდმივად ამერიკული ფეხბურთის მატჩები იმართება.
6. „ჟურნალისტა მარიო ფილიო“ (103 000) – ეს სტადიონი ბრაზილიაში მდებარეობს და მას გულშემატკივრები „მარაკანას“ სახელით უფრო იცნობენ. ამ არენას მსოფლიოს ყველა დროის რეკორდი ეკუთვნის. 1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე სტადიონზე 200 ათასი გულშემატკივარი მოვიდა. არადა, ოფიციალურად მაშინ „მარაკანა“ 145 ათას გულშემატკივარს იტევდა, ახლა კი, რეკონსტრუქციის შემდეგ, მისი ტევადობა 103 ათასამდე შემცირდა
7. „ოჰაიო სტედიუმი“ (102 000) – ეს სტადიონი 1922 წელს არის აგებული და გარდა იმისა, რომ აქ ამერიკული ფეხბურთის მატჩები იმართება, ცნობილი მომღერლები სოლო კონცერტებსაც მართავდნენ.
8. „ნეილანდ სტედიუმი“ (102 000) – შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამერიკული ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები სწორედ ამ არენაზე იმართება და რაც მთავარია, ეს სტადიონი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც შევსების პრობლემა არასდროს აქვს. აგერ უკვე მერამდენე წელია, მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა მუდმივი პრობლემაა და ამით გადამყიდველები ხეირობენ.
9. „ნაციონალ სტედიუმი“ (100 000) – ეს არენა მალაიზიის დედაქალაქიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და სპეციალურად იმისთვის ააგეს, რომ თავისუფალი ნების თამაშები გამართულიყო. სტადიონი 1998 წელს აშენდა და დღემდე ქვეყნის მთავარ სპორტულ კომპლექსად ითვლება.
10. „მელბურნ კრიკეტ სტედიუმი“ (100 000) – შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს სტადიონი 1953 წელს არის აშენებული და მას შემდეგ რეკონსტრუქცია სულ ორჯერ ჩაუტარდა. აქ ძირითადად კრიკეტის მატჩები იმართება და გულშემატკივარიც მას ბოლომდე ხშირად ავსებს.