თმის მოვლა თავის კანის მოვლით იწყება
ჯანმრთელი და ლამაზი თმა ყველა ადამიანის ოცნებაა, ამ ოცნების ასრულება კი თქვენს ხელთაა, მთავარია, არ დაგეზაროთ. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ის არის, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თავის კანს. გახსოვდეთ, მასაც ისევე სჭირდება დატენიანება, როგორც სახის კანსა და სხეულს. დატენიანება არის არა მხოლოდ პირველი, არამედ უმთავრესი პროცედურა, რაც სისტემატურად უნდა ჩაატაროთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ, როგორც შინ დამზადებული საშუალებებით (ხილის, ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების ნიღბებით, მცენარეული ნაყენების კომპრესებით), ისე სპეციალური შამპუნებით.
თავის კანის დატენიანება შეგიძლიათ, ასევე, შემდეგი მეთოდით: საღამოობით მონაცვლეობით შეიზილეთ თმის ძირებში ნუშის ზეთი, აბუსალათინის ზეთი და A, D და E ვიტამინების ნაზავი, ჩამოიბანეთ მუხის ქერქის ან კაკლის უღლების ნახარშით, ბოლოს კი შეიზილეთ გვირილის ან ჭინჭრის ნაყენი, გაიჩერეთ 2 საათის განმავლობაში და ჩამოიბანეთ ძმარგარეული თბილი წყლით. თუ თმას იღებავთ, უმჯობესია, გამოიყენოთ ბუნებრივი საღებავები: ინა („ხნა“), „გამა“, კაკლის წენგო და ხმარებიდან ამოიღეთ ფენი, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა.
თავის კანის დატენიანებას ხელს შეუწყობთ, თუ დღის განმავლობაში მიიღებთ მინიმუმ 2 ლიტრ წყალს.
ნებისმიერი ზეთის ან მცენარეული ნაყენის შეზელისას გაიკეთეთ მასაჟი – ეს ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ზრდის კანში ჟანგბადის რაოდენობას და აჩქარებს უჯრედების აღდგენის პროცესს.
თავის კანის გამოშრობას ხელს უწყობს მკაცრი დიეტები, რადგან არასწორად შერჩეული და დროში გახანგრძლივებული დიეტა ამცირებს ორგანიზმში ვიტამინების, მინერალებისა და პროტეინების რაოდენობას, ეს კი უარყოფითად მოქმედებს თავის კანზე და, შესაბამისად, აქვეითებს თმის ხარისხს. ამიტომ, თუ თქვენთვის აუცილებელია საკვების მკაცრი შეზღუდვა, სასურველია, ბალანსირებულ დიეტაზე შეაჩეროთ არჩევანი.
თუთია – ეს უნივერსალური მინერალია, ამიტომ, ნუ დაივიწყებთ მის არსებობას. მით უმეტეს, რომ ის მთავარ როლს ასრულებს თქვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებში და სრულყოფაში ეხმარება არა მარტო სხეულს, არამედ თავის კანსაც, აქედან გამომდინარე – თმასაც.