კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: ცნობილია, რომ ეთერზეთები აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიური საშუალებების სახლში დამზადების დროსაც. როგორ უნდა გავარჩიო შეძენის დროს ნამდვილი ეთერზეთი სინთეტიკურისგან?
პასუხი: ნატურალური და სინთეტიკური ეთერზეთების განსხვავება არც ისე რთულია. შეძენის წინ დააწვეთეთ ეთერზეთი ქაღალდზე (თუნდაც რვეულის ფურცელზე). ნამდვილი ეთერზეთი ძალიან მოკლე ხანში მთლიანად აორთქლდება, სინთეტიკური კი ცხიმიან ლაქას დატოვებს. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ ფასს. ძალიან იაფიანი ეთერზეთის ყიდვას არ გირჩევთ. საუკეთესო შემთხვევაში, ის ნატურალურია, მაგრამ გაზავებულია მცენარეულ ზეთში, უარეს შემთხვევაში კი – სინთეტიკურია. სუნის მიხედვით ვერ გაარჩევთ, რადგან სურნელი სინთეტიკურსაც ისეთივე აქვს, მაგრამ, არ გააჩნია არანაირი სამკურნალო ეფექტი.
კითხვა: ძალიან ვენდობი მცენარეულ კოსმეტიკას და ვცდილობ, ზოგიერთი პრეპარატი სახლში თვითონ დავამზადო (ტონიკი, ლოსიონი და ასე შემდეგ). არაერთ წიგნში წავიკითხე, რომ ყოველ მცენარეს მოსაკრეფად განსაზღვრული თვე, დღე და საათი აქვს. რა მოხდება, ეს მითითება რომ დავარღვიო, ნუთუ ასეთი მნიშვნელობა აქვს ყოველივე ამას?
პასუხი: მითითებულ ვადებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ სხვადასხვა დროს მოკრეფილ მუხის ფოთლებს ან ქერქს აბსოლუტურად განსხვავებული დანიშნულებით გამოიყენებენ.
კითხვა: გამოიყენება თუ არა ბანანი კოსმეტიკაში და შეიძლება თუ არა ბანანისგან სახის გამწმენდის დამზადება სახლის პირობებში?
პასუხი: უკვე მრავალი წელია, ბანანისგან კოსმეტიკურ საშუალებებს ამზადებენ. თავის დროზე ივ სენ-ლორანი ასეულობით ტონა ბანანს ყიდულობდა კრემების, ლოსიონებისა და ნიღბების დასამზადებლად. ცხადია, კანისთვის უფრო სასარგებლოა ცოცხალი ბანანის გამოყენება. ბანანის ნიღაბი ძალიან სასარგებლოა როგორც სახისა და ხელებისთვის, ასევე თმისთვისაც – ის კვებავს და ამაგრებს თმის ძირებს, ატენიანებს თავის კანს და თმას საოცარ ბზინვარებას სძენს.
1 ცალი ბანანისგან გააკეთეთ პიურე. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, გაურიეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, თუ მშრალი ან ნორმალური – 1 ჩაის კოვზი რძე. მიღებული მასა შეიზილეთ თმის ძირებში, წაისვით სახეზე, ყელსა და ხელებზე. ნიღაბი გაიჩერეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და სახესა და ხელებზე წაისვით თქვენი კანის შესაბამისი მკვებავი.
კითხვა: ამას წინათ საფირმო მაღაზიაში შევიძინე კრემი მგრძნობიარე კანისთვის. რომ წავისვი, შევამჩნიე, რომ სხვა კრემებთან შედარებით აშკარად მკვრივი კონსისტენციისაა. თარიღს დავხედე და შენახვის ვადა გასული არ აქვს. რისი ბრალი უნდა იყოს ეს, უხარისხო პროდუქტი ხომ არ ვიყიდე?
პასუხი: ნუ ნერვიულობთ, მით უმეტეს, თუ კრემი საფირმო მაღაზიაში შეიძინეთ. იცოდეთ, რომ, როგორც წესი, მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი კრემი, სხვა კრემებთან შედარებით, აუცილებლად უფრო მკვრივი კონსისტენციის უნდა იყოს. სწორედ ამ სიმკვრივის წყალობით, ის შესანიშნავად აღადგენს კანის სტრუქტურას, ქმნის დამცავ ბარიერს, რის შედეგადაც ქვეითდება კანის მგრძნობელობა.
კითხვა: როგორი შემადგენლობის უნდა იყოს დღის კრემი?
პასუხი დღის კრემში აუცილებლად უნდა შედიოდეს მზისგან დამცავი ფილტრი და არ უნდა შედიოდეს საღებავები, სურნელოვანი ესენციები და ლანოლინი. დანარჩენი კომპონენტები თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული.
კითხვა: ამ სეზონზე მაკიაჟისთვის რომელი ფერებია უფრო აქტუალური?
პასუხი: წელს, შემოდგომის სეზონისთვის, აქტუალურია ორი ვარიანტი: მათ, ვისაც არ უყვართ მკვეთრი მაკიაჟი, ვურჩევთ, პასტელის თბილი და მკრთალი ფერები გამოიყენოს, ხოლო უფრო აქტიურ, „ბობოქარ“ ქალბატონებს, შეუძლიათ, მათთვის საყვარელი მუქი, „მყვირალა“ მაკიაჟი გაიკეთონ, ოღონდ, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან ზომიერების დაცვა ყველაფერში საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სახე ვულგარულ იერს შეიძენს.