რომელი საკვები პროდუქტი უწყობს ხელს ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას
ნაღველკენჭოვანი დაავადება ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში კენჭების არსებობას გულისხმობს. მუცლის ღრუს ორგანოებს შორის, ის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა. ნაღვლის ბუშტის კენჭი ვითარდება ყველა ასაკში, თუმცა ბავშვებსა და მოზარდებში ის იშვიათია. ასაკის მატებასთან ერთად, დაავადების სიხშირეც მატულობს.
ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში კენჭის განვითარებაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს. მათ შორის მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის, განსაკუთრებით ცხიმოვანი ცვლის მოშლა, ნაღვლის შეგუბება, მისი ინფიცირება და სხვა მრავალი. ნაღვლის კენჭების ჩამოყალიბებაში ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას, ცხოვრების პირობებს და გენეტიკურ ფაქტორსაც. კენჭის გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის, ასევე, აღინიშნება: ასაკი, სიმსუქნე, მუცლის შებერილობა, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივად მიღება, ზოგიერთი სახის ოპერაციული ჩარევა კუჭსა და ნაწლავებზე, დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული ანთება, ღვიძლის ციროზი, უმოძრაო ცხოვრების წესი და ასე შემდეგ. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება კვების თავისებურებას. საკვები პროდუქტებიდან კენჭის გაჩენის ხელშეწყობად მიიჩნევა – ცხიმი, კვერცხის გული, ცხვრის ხორცი, საქონლის ტვინი, ღვიძლი, ყვავილოვანი კომბოსტო.
ნაღვლის ბუშტში კენჭის გაჩენას, ასევე ხელს უწყობს წონაში სწრაფი დაკლება და ხანგრძლივი შიმშილი. ამ დროს ნაღვლის ბუშტის შეკუმშვათა რაოდენობა მცირდება, რაც ნაღვლის შეგუბებას იწვევს. ეს უკანასკნელი კი კენჭის გაჩენის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია.
სხვათა შორის, ნაღვლის ბუშტში გაჩენილი კენჭი ყოველთვის არ იძლევა კლინიკურ გამოვლინებას. შესაძლოა, ადამიანს წლების განმავლობაში ჰქონდეს ნაღვლის ბუშტში კენჭი და არანაირი ჩივილი არ აღენიშნებოდეს. ავადმყოფთა მეორე ნახევარში კი ნაღველკენჭოვანი დაავადება აბსოლუტურად განსხვავებულ კლინიკურ სურათს იძლევა. კერძოდ, ზოგს აღენიშნება მარჯვენა ფერდის ქვეშ და მუცლის ზედა ნაწილში სიმძიმის შეგრძნება, გულძმარვა, გულისრევა, ბოყინი, მუცლის შებერვა, ფაღარათი. ეს მოვლენები დღითიდღე ძლიერდება, რაც დიეტის დარღვევასთან არის კავშირში. ავადმყოფთა ზოგი ნაწილი კი მუცლის ზედა არეში მუდმივად ყრუ ხასიათის ტკივილს, საერთო სისუსტეს, მოთენთილობას, პირის ღრუში მწარე გემოს უჩივის.
უმეტეს შემთხვევაში, ნაღველკენჭოვანი დაავადებისთვის დამახასიათებელია მარჯვენა ფერდქვეშა არეში ძლიერი შეტევითი ხასიათის ტკივილი. ნაღველკენჭოვანი ჭვალი შეიძლება, სრულიად უმიზეზოდ დაიწყოს ან მას წინ უძღოდეს დიეტის დარღვევა, ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლის მიღება, ფიზიკური გადატვირთვა, ფსიქოემოციური დაძაბულობა და ასე შემდეგ. ტკივილს, პირღებინება, მუცლის შებერვა ერთვის. ამ დროს ტკივილი მარჯვენა მხარეში, ბეჭში, ზოგჯერ გულის არეში გადაეცემა. გახშირებულია მაჯისცემა. ნაღველკენჭოვან დაავადებას ხშირად სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე გართულება ახასიათებს. ყველაზე ხშირი გართულება კი ნაღვლის ბუშტის ანთება ანუ ქოლეცისტიტია.
ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთება შესაძლოა, მუცლის ფარის ანთების მიზეზიც გახდეს. ნაღვლის ბუშტიდან მცირე ზომის კენჭი შეიძლება ნაღვლის სადინარში გადავარდეს, დაახშოს ის და ჩირქოვანი ანთებები გამოიწვიოს ღვიძლსა და თავად სადინარზე. შესაძლოა, კიბოც განვითარდეს.
კენჭების გაჩენის პროფილაქტიკა მის ხელშემწყობ დაავადებებთან ბრძოლაა. ამისთვის კი, უნდა მოერიდოთ მაღალკალორიულ და ცხიმიან საკვებს, მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება, იყოთ აქტიური, ჭამოთ ხშირად და მცირე ულუფებით.