ექიმის რჩევები
კითხვა: ჩემს მეუღლეს საღამოობით ეწყება მუხლს ქვემოთ კუნთებისა და ტერფების ტკივილი. იქნებ გვირჩიოთ, რის ექიმს მივმართოთ კონსულტაციისთვის?
პასუხი: თუ ტკივილი წვივებისა და ტერფების არეში საღამოობით იწყება, უპირველესად უნდა ვიეჭვოთ ვენური უკმარისობა. ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ეს დაავადება სწორედ დღის მეორე ნახევარში ფეხების სიმძიმისა და წვივის კუნთებში ტკივილის შეგრძნებით იწყება. თქვენ უნდა მიმართოთ ანგიოლოგს დიაგნოზის დასაზუსტებლად და მკურნალობისთვის.
კითხვა: შეიძლება თუ არა, დიაბეტიანმა ფეხის ჭრილობა სპირტით დაიმუშაოს? თუ არა, მაშინ რა შეიძლება, გამოვიყენოთ ჭრილობის დასამუშავებლად?
პასუხი: სპირტით ჭრილობების დამუშავება დიაბეტიანებისთვის არ შეიძლება. თუ ჭრილობა სუფთაა, უნდა გამოვიყენოთ ფურაცილინის ხსნარი.
კითხვა: გადადის თუ არა B ჰეპატიტის ვირუსი სქესობრივი გზით და შეიძლება თუ არა ეს ვირუსი დედიდან ნაყოფზე გადავიდეს?
პასუხი: B ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტის დროს. ასევე, შეიძლება ვირუსი ორსულობისას დედიდან შვილზე გადავიდეს.
კითხვა: ძალიან ხშირად მტკივა მუცელი და მაწუხებს შებერილობა. კუჭ-ნაწლავის სპეციალისტმა მითხრა, რომ ამ მხრივ, ყველაფერი რიგზე მაქვს. ბოლო დროს ვამჩნევ, რომ მენსტრუალური ციკლი გამიხანგრძლივდა. შეიძლება თუ არა, მუცლის შებერვა მას უკავშირდებოდეს?
პასუხი: აუცილებლად გაესინჯეთ გინეკოლოგს. თუ მუცლის ტკივილი და შებერილობა გახანგრძლივებულ მენსტრუაციას ერთვის. შეიძლება, ენდომეტრიოზის არსებობა ვიეჭვოთ.
კითხვა: ცხვირის წვერზე, შიგნიდან მაქვს გამაგრებული ადგილი, რით ვიმკურნალო, ან ვის მივმართო?
პასუხი: ცხვირის ლორწოვანზე წვერის არეში, მუწუკის ქრონიკული არსებობა ქსოვილის რეგენერაციის დარღვევის ბრალია, თვით რეგენერაციის დარღვევას კი პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დაქვეითება იწვევს. ასეთი რამ ხდება შაქრიანი დიაბეტის, სისხლძარღვთა გადაგვარების დროს. გირჩევთ, მიმართოთ გამოცდილ თერაპევტს და ზოგადი გამოკვლევა ჩაიტაროთ.
კითხვა: როგორ განვსაზღვრო, არსებობს თუ არა ჩემს ორგანიზმში ძუძუს კიბოს განვითარების რისკი?
პასუხი: თუ ქალის ოჯახში არის ძუძუს კიბოსადმი მემკვიდრეობითი განწყობა, იგი ნაადრევად მომწიფდა სქესობრივად ან დაგვიანებით დაეწყო კლიმაქსი, თუ პირველად 30 წელს გადაცილებულმა იმშობიარა, უკვე 4 წელზე მეტია, იღებს პერორალურ კონტრაცეპტივებს, ასეთ შემთხვევაში ის რეგულარულად უნდა გაესინჯოს მამოლოგს, ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი მკერდის სიმსივნის განვითარების რისკფაქტორია.
კითხვა: ვარ 33 წლის გათხოვილი ქალი. ქმარმა გადამდო ტრიქომონა და სოკო. თუ შეიძლება გინეკოლოგის გარეშე, თავად ვიმკურნალო და როგორ?
პასუხი: გინეკოლოგის გარეშე ვერაფრით იმკურნალებთ. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. უთუოდ უნდა იმკურნალოს თქვენმა მეუღლემაც.
კითხვა: ვარ 25 წლის ქალიშვილი. ყოველთვის ნორმალური ტიპის თმა მქონდა, მაგრამ ბოლო 3 წელია, ცხიმიანი გამიხდა. გამიგონია, რომ ასეთი რამ შეიძლება კუჭ-ნაწლავის პათოლოგიის ბრალი იყოს. სახელდობრ, რომელი ორგანოს პათოლოგია იგულისხმება, არსებობს თუ არა სხვა მიზეზიც, რა სახის გამოკვლევები უნდა ჩავიტარო?
პასუხი: თუ მანამდე თმა ნორმალური ტიპის გქონდათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი ცვლილება კანის პათოლოგიის ბრალია. კანისა და თმის ჭარბი ცხიმიანობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს კუჭის მოქმედების რეგულირებას, სანაღვლე გზების პათოლოგიების აღმოფხვრას. კონსულტაციისთვის მიმართეთ დერმატოლოგსა და გასტროენტეროლოგს.
კითხვა: ხანდაზმული ქალი ვარ. 30 წელია, მაწუხებს წნევა. 5 წელია, დამემართა გულის არითმია. ექიმმა მირჩია, მიმეღო 20 აბი კორდარონი, თითო აბი – ყოველდღე. მითხრა, არითმია ხუთი თვე არ შეგაწუხებსო, მართლაც 7 თვე არ შევუწუხებივარ. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა იმავე კურსის გამეორება?
პასუხი: არტერიული ჰიპერტენზიითა და მით უმეტეს, არითმიით დაავადებულმა ხანდაზმულმა პირმა, 6 თვეში ერთხელ უნდა გაიაროს კონსულტაცია კარდიოლოგთან. ასე ბრმად მკურნალობის დანიშნვა არ იქნება მიზანშეწონილი.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია