კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს მილიარდერ აბრაამ ნანიკაშვილს „აშდოდელ რომან აბრამოვიჩთან“



ისრაელში მოღვაწე ქართველ ებრაელთაგან ბევრმა მიაღწია განსაკუთრებულ წარმატებას ბიზნესსა და საზოგადოებრივ ასპარეზზე. ერთ-ერთი მათგანი ისრაელში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი აბრაამ ნანიკაშვილია. ამავე დროს, იგი ის იშვიათი გამონაკლისია მდიდარ ისრაელელებს შორის, რომელთა შესახებაც პრესისათვის ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.

ბოლო ინფორმაცია, რომელიც აბრაამ ნანიკაშვილის შესახებ პრესაში გავრცელდა, ის არის, რომ 2009 წლის 10 სექტემბერს, ებრაელი მილიონერები აბრაამ ნანიკაშვილი და ლევ ლევაევი, არ შეუშვეს ბულგარეთში, სადაც ისინი სასწაულმოქმედ ელიზარ იცხაკ პაპოს საფლავის მონახულებას აპირებდნენ.

ლევ ლევაევისგან განსხვავებით, რომელსაც ისრაელსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფოებში კარგად იცნობენ, ნანიკაშვილის გვარმა ისრაელის პრესაში ხმამაღლა პირველად 2005 წელს გაიჟღერა. ის პირველად სწორედ 2005 წელს მოხვდა ისრაელის პრესის მიერ გამოქვეყნებულ უმდიდრესი ისრაელელების რეიტინგში. მისი ქონება იმ პერიოდში თითქმის მილიარდ დოლარად (3,35 მილიარდი შეკელი) შეფასდა. მიუხედავად ამისა, იგი მასმედიისთვის დღემდე თითქმის „უცნობად” რჩება.

აბრაამ ნანიკაშვილი საქართველოში 1960 წელს დაიბადა. ის 10 წლის იყო, როცა მისმა ოჯახმა საბჭოთა კავშირიდან რეპატრიაცია გადაწყვიტა და საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ისტორიულ სამშობლოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ ნანიკაშვილმა საბანკო კლერკად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი ბედი სადაზღვევო სფეროშიც სცადა.

1990-იანი წლებიდან ნანიკაშვილმა ასევე ქართველ ებრაელ ეფრაიმ გურთან ერთად, რომელიც გარკვეული პერიოდი ქნესეტის დეპუტატიც იყო სხვადასხვა პარტიიდან, ნავთობის ექსპორტის სფეროში დაიწყო საქმიანობა. ისინი თავიდან საშუამავლო ბიზნესს მისდევდნენ, მოგვიანებით კი ნანიკაშვილმა მეწარმეობას მოჰკიდა ხელი. მათი ბიზნესი დსთ-ის ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპაში ნავთობის ექსპორტს მოიცავდა. მალევე ნანიკაშვილმა ჯეკი ბენ ზაკენსა და ყოფილ ფეხბურთელ ჰაიმ რევივოსთან დაიწყო თანამშრომლობა.

აბრაამ ნანიკაშვილი დღემდე ისრაელის ქალაქ აშდოდში ცხოვრობს, სადაც საქართველოდან წასულ ებრაელთა დიდი ნაწილი ბინადრობს. მას მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. ის დროის მნიშვნელოვან ნაწილს ლონდონსა და მოსკოვში ატარებს. ნანიკაშვილი აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა: არის ქართველ ებრაელთა საერთაშორისო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი. ის ისრაელის ქართველი ებრაელობის, მათ შორის, აშდოდის სათვისტომოს ერთ-ერთი მთავარი სპონსორია. აღსანიშნავია, რომ სწორედ აბრაამ ნანიკაშვილისა და მისი ოჯახის დაფინანსებით აშენდა აშდოდში ქართველი ებრაელების ახალი სინაგოგა.

წარმოშობით ებრაელი ქართველი ბიზნესმენი მოკრძალებითაც გამორჩეულია, ის არც პოლიტიკაში ერევა და ჟურნალისტებთან ურთიერთობასაც ერიდება.

ისრაელის პრესა წლების განმავლობაში აღნიშნავს, რომ მისი ქონების შესახებ მსჯელობა საკმაოდ ძნელია მოღვაწეობის სფეროს სიფართოვისა და თავად მფლობელის მხრიდან ამ თემაზე საუბრისგან თავის არიდების გამო. მისი აქტივების მასშტაბებზე დიდი ხნის განმავლობაში კაპიტალის ბაზრის საუკეთესო სპეციალისტებსაც კი არ ჰქონდათ წარმოდგენა. ბიზნესსაზოგადოებას მის „სამფლობელოზე” მხოლოდ მას შემდეგ შეექმნა მეტ-ნაკლები წარმოდგენა, რაც მისმა კომპანიამ „კიბუცის“ ტიპის ფირმის „ნიცბას” საპრივატიზაციო ტენდერში მიიღო მონაწილეობა.

მალევე გამოაშკარავდა, რომ რუსული ნავთობის ვაჭრობისას, შუამავლობითა და ისრაელში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებში მონაწილეობით, მან 2005 წლისათვის თითქმის მილიარდი დოლარი დააგროვა. თუმცა, როგორც ჩანს, ეკონომიკურმა კრიზისმა აბრაამ ნანიკაშვილის ქონებაზეც მოახდინა გარკვეული გავლენა: თუ 2005 წელს მისი ქონება მილიარდად იყო შეფასებული, 2009 წლის მონაცემებით მან მნიშვნელოვნად დაიხია უკან და ისრაელის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-15-დან 49-ე ადგილზე გადაინაცვლა. ისრაელის პრესის შეფასებით, დღესდღეობით მისი ქონება 450 მილიონ დოლარად (1,5 მილიარდი შეკელი) შეფასდა.

აბრაამ ნანიკაშვილის უახლოეს ბიზნესპარტნიორ ჯეკი ბენ ზაკენს, უკვე დიდი ხანია, ისრაელში „აშდოდელ რომან აბრამოვიჩსაც” ეძახიან. მას „ადგილობრივ ოლიგარქსაც“ უწოდებენ, რომელმაც ნულიდან დაიწყო და ამჟამად სოლიდური თანხის მფლობელია. ბოლო ხანს „აშდოდელი აბრამოვიჩი”, რომელიც ასაკითაც რომან აბრამოვიჩის ხნისაა, ფულს ძირითადად უძრავ ქონებაში აბანდებს. ამ საქმეს ის აშდოდელ მეგობრებსა და პარტნიორებთან, ჰაიმ რევივოსა და აბრაამ ნანიკაშვილთან ერთად ეწევა. „ბიზნესტრიომ” უკვე შეისყიდა აშდოდის საუკეთესო ადგილები. მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე აშენდა აშდოდის ცნობილი სავაჭრო ცენტრი „სტარს ცენტრი”. პარტნიორებმა ის დაახლოებით 170 მილიონ დოლარად (ნახევარ მილიარდი შეკელი) შეისყიდეს. „ბიზნესტრიომ” ასევე შეიძინა მიწის დიდი ნაკვეთი აშდოდის მერიასა და იუდ ალეფის რაიონს შორის, სადაც, გავრცელებული ხმებით, პრესტიჟული აპარტამენტები უნდა აშენდეს, რომელიც ძალიან ძვირად გაიყიდება.

1997 წელს აბრაამ ნანიკაშვილმა, ჯეკი ბენ ზაკენმა და ყოფილმა ცნობილმა ფეხბურთელმა ჰაიმ რევივომ კომპანია „ფილგარ ლტდ” ჩამოაყალიბეს. კომპანია თავიდანვე წარმატებით შეუდგა საქმიანობას და უძრავი ქონების ბიზნესი მთელი ისრაელის მასშტაბით დაიწყო. 2005 წელს მათ ფინანსური ჯგუფი „ფაინენშლ ლევერელს ლტდ” შეიძინეს და აქტიური მოღვაწეობა ისრაელის ფარგლებს გარეთაც – ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ტეხასში, ასევე, რუსეთსა და ყაზახეთში დაიწყეს. ბენ ზაკენი და რევივო უკვე წლებია, აშდოდის საფეხბურთო კლუბ „აშდოდის” მფლობელები არიან.

2008 წელს აბრაამ ნანიკაშვილს ისრაელის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენის, ლევ ლევაევის კუთვნილი საოფისე და სავაჭრო ცენტრების პოტენციურ მყიდველად ასახელებენ. ისრაელის პრესას, რომელსაც ნანიკაშვილის ყველა ნაბიჯი აინტერესებს, არ გამოჰპარვია, რომ ბოლო პერიოდში მას ხშირად ხედავენ ცნობილი პეტერბურგელი ბიზნესმენის, ასევე ქართველი ებრაელი მიხეილ მირილაშვილის კამპანიაში, რომელიც, თავის მხრივ, ლევ ლევაევის ახლო მეგობარია.

ისრაელის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ჯეკი ბენ ზაკენმა და აბრაამ ნანიკაშვილმა ბოლო ხანებში ნიუ-იორკშიც შეიძინეს უძრავი ქონება – მანჰეტენის მესამე ავენიუზე 165,5 მილიონ დოლარად იყიდეს შენობა, რომლის ღირებულებაც მანამდე 648 მილიონი დოლარიც კი იყო. ისინი ამ საქმეში დამატებით მილიონობით დოლარის ინვესტირებას გეგმავენ.

ისრაელის პრესის ცნობით, აბრაამ ნანიკაშვილმა და ბენ ზაკენის კომპანია „მანოფიმმა” ეილატის ავტობუსის სადგური შეიძინა 10 მილიონ დოლარად. ცნობილია, რომ ბიზნესპარტნიორები ავტოსადგურის დანგრევას და მის ადგილზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსის აგებას გეგმავენ. ამ მშენებლობაში ისინი 100 მილიონამდე დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებენ. ამ ეტაპზე ნანიკაშვილი და ბენ ზაკენი სამსართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე მუშაობენ, რომლის ფართობიც 30 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. ახალ კომპლექსში 400-მდე საცხოვრებელი აპარტამენტიც იქნება წარმოდგენილი. გეგმის მიხედვით, ავტოსადგურიც უნდა შენარჩუნდეს და ის ახალი კომპლექსის შემადგენელი ნაწილი გახდება. ეილატის სადგური წელიწადში 2 მილიონამდე მგზავრს ატარებდა. აქედან გამომდინარე, სამგზავრო ტერმინალისა და სავაჭრო ცენტრის შეერთება კლიენტთა რაოდენობას სერიოზულად გაზრდის. ახალი პროექტის განხორციელებას ისრაელის სამშენებლო ასოციაცია აპროტესტებს და, შესაძლოა, მშენებლობის პროცესი დროებით შეჩერდეს. სამშენებლო ასოციაციის მტკიცებით, კონკურსში მხოლოდ ერთი პროექტი იყო წარმოდგენილი და ეს კანონის დარღვევაა.

როგორც აღვნიშნეთ, ნანიკაშვილი და მისი პარტნიორები აშდოდის გარდა სხვა ქალაქებითაც არიან დაინტერესებულნი. ბოლო დროს მათ ინტერესებში ქალაქი ნაარიაც მოექცა – კომპანია „მანოფეი ფინანსმა” მიწის ორი ნაკვეთის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ ადმინისტრაციას 20 მილიონამდე დოლარი უნდა გადაუხადოს, რათა ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი სახლები აშენდეს.

აბრაამ ნანიკაშვილისა და ჯეკი ბენ ზაკენის განცხადებით, ნაარიას გარდა, უძრავი ბიზნესის წარმოებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი ქალაქი გერცლიაა. თავის მხრივ, ამ ქალაქების მუნიციპალიტეტებიც კმაყოფილებას გამოთქვამენ იმ გეგმებით, რომლებიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ახალი დასახლებების შექმნას გულისხმობს.

აბრაამ ნანიკაშვილი და მისი პარტნიორები უკანასკნელ ხანებში აქტიურად თანამშრომლობენ უცხოურ კომპანიებთანაც. 2008 წელს სინგაპურულმა ბანკმა ნანიკაშვილის კუთვნილი კომპანიის „ფაინენშლ ლევერელსის” აქციების ნაწილი შეისყიდა. ეს გარიგება 423 მილიონი დოლარი დაჯდა. სინგაპურული კომპანია ნანიკაშვილის დიდი ხნის ბიზნესპარტნიორს, შვეიცარიელ ბიზნესმენ მარკუს ვებერს ეკუთვნის.

აბრაამ ნანიკაშვილს გეგმაში აქვს არაერთი საინტერესო და ძვირად ღირებული პროექტის განხორციელება, თუმცა, ბიზნესმენისგან, რომელიც საკუთარი საქმის უხმაუროდ კეთებას არის შეჩვეული, მასმედიასთან მათზე ხმამაღლა და საჯაროდ ლაპარაკს მომავალშიც ნაკლებად მოელიან.

დავით ბახტაძე


скачать dle 11.3