რომელი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის საშიში გაციება და გრიპი და როგორ დავიცვათ თავი ამ სეზონის რესპირატორული საფრთხისგან
ახლა ის დროა, როცა ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა დაიცვას თავი შესაძლო გაციებისგან. სტატისტიკურად, ყველაზე მწვავე რესპირატორული დაავადებებით დასნებოვნების საფრთხე, სწორედ ამ პერიოდშია ყველაზე მაღალი. ბევრი, სურდოსა და გრიპს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, მკურნალობას თავად ინიშნავს, ექიმის რეკომენდაციის გარეშე და შედეგად, ისე ართულებს დაავადებას, რომ შემდგომში სერიოზულ პრობლემას აწყდება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბატონი შოთა ცანავა ამბობს, ძალიან საშიშია ჩვეულებრივი გრიპისა და გაციების გართულება. ეს შესაძლოა, ადამიანის სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. რასაკვირველია, თუ ის მწვავედ განვითარდა, ორგანიზმში მიმდინარე სხვა დაავადების გამწვავებაც ახლავს თან და ამ დროს ადამიანმა კომპეტენტურ ექიმს უნდა მიმართოს.
თუ რა სიმპტომები ახასიათებს პირველივე გამოვლენისას რესპირატორულ დაავადებებს, როგორ დავაღწიოთ თავი გაციებასა და გრიპს და ავირიდოთ თავიდან შესაძლო გართულებები, ამის შესახებ რეკომენდაციებს და აუცილებლად გასათვალისწინებელ რჩევა-დარიგებებს, სწორედ ბატონი შოთა მოგვაწვდის.
– ბოლო დროს, საკმაოდ ბევრი ადამიანი უჩივის რესპირატორული დაავადებით დასნებოვნებას. როგორც კომპეტენტური სპეციალისტები ამბობენ, სწორედ ამ პერიოდშია მწვავე რესპირატორული დაავადების დიდი რისკი. ბატონო შოთა, რას გვირჩევთ, როგორ დავიზღვიოთ თავი ამ დაავადებისგან?
– მართალია, შემოდგომით მთელი რიგი დაავადებები იჩენს ხოლმე თავს. ამიტომ, საჭიროა, ადამიანმა ზუსტად იცოდეს, რომელ დაავადებას რა გამოვლინება აქვს, რა სიმპტომები ახასიათებს და საჭირო შემთხვევაში, რა უნდა იღონოს, სავალალო შედეგებისგან თავის დასაღწევად. საკმაოდ დიდი შანსია, ასეთი ცვალებადი ამინდების ფონზე, ადამიანი ადვილად გაცივდეს, დაავადდეს გრიპით და ასე შემდეგ. თუ არ იცი, რომელი დაავადება შეგეყარა, ისე მკურნალობას, უფრო სწორად თვითმკურნალობას, ნამდვილად, არ გირჩევთ. ახლა შედარებით დიდია გაციებისა და სურდოს შემთხვევები. უბრალო სურდოს და გრიპის, ასევე სხვა რესპირატორული დაავადებების გარჩევა, ძალიან რთულია. მათი კლინიკური გამოვლინებები თითქმის ერთნაირია. ერთი სიტყვით, უმრავლესობა ამ დაავადებისა, ერთმანეთს ჰგავს. თუმცა, გრიპი უფრო მწვავედ მიმდინარეობს, ვიდრე სხვა რესპირატორული დაავადება. გრიპის გამწვავება ძალიან საშიშია და ყველას ვურჩევ, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები და იმკურნალოს.
– რომელი ვირუსი იწვევს გრიპს და შეგვიძლია თუ არა გაციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე, მისგან თავის დაღწევა?
– გრიპს იწვევს გრიპის ვირუსები, რომელთა სხვადასხვა ვარიანტი არსებობს გარემოში. ის, რასაც გაციებას ან გრიპისმაგვარ დაავადებებს ვეძახით, შესაძლოა გამოწვეული იყოს, დაახლოებით, ორასზე მეტი სხვადასხვა ვირუსისგან, ან სულაც ბაქტერიების მიზეზიც იყოს. გრიპი, როგორც ვიცით, ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ლაპარაკის, ცემინების ან ხველების დროს დაავადებული ადამიანის გარშემო, დაახლოებით, ერთი მეტრის რადიუსში, ვირუსების დიდი რაოდენობა ვრცელდება. გრიპის გადადების საფრთხე მაშინაც დიდია, როცა დაავადებული ადამიანის საგნებს ეხებით ან მასთან ერთად ერთ ოთახში მუშაობთ. ავადმყოფობა გადამდებია ინკუბაციის პერიოდის ბოლოდან, მაქსიმუმს კი დაავადების პირველ ან მეორე დღეს აღწევს. მეოთხე-მეხუთე დღიდან კი, დაავადება გადამდები აღარ არის და საფრთხეც მინიმუმამდეა დაყვანილი. ყველაზე საშიშია მსუბუქი ფორმით დაავადებულ ადამიანებთან ურთიერთობა. ისინი არ აქცევენ დაავადებას სათანადო ყურადღებას და განაგრძობენ საზოგადოებაში აქტიურ ცხოვრებას – სამსახურში სიარულს, კონტაქტს მეგობრებთან და ახლობლებთან. ამით კი გარშემო მყოფებს დიდ საფრთხეს უქმნიან. ჩემი რჩევაა, მსუბუქი ფორმით სურდოთი და გრიპით დაავადების დროს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ და შეზღუდოთ ახლობლებთან, კოლეგებთან ურთიერთობა. ნურც საკუთარ თავს ჩააგდებთ საფრთხეში და ნურც სხვებს. ასევე, ხშირად, გაციების და სურდოს დროს, ადამიანები სამკურნალოდ ანტიბიოტიკებს თვითნებურად სვამენ. არადა, ასეთი მკურნალობა შედეგს არ იძლევა. ამ დროს სერიოზული მკურნალობის კურსის ჩატარებაა საჭირო, რომ არ გართულდეს და ერთი შეხედვით უსაფრთხო, ადვილად მოსარჩენმა დაავადებამ, ადამიანი სავალალო შედეგებამდე არ მიიყვანოს. რაც შეეხება თავდაცვას, რასაკვირველია, საკმაოდ რთულია ადამიანმა თავი დაიცვას გრიპისგან, მით უმეტეს, ამ სეზონზე. თუმცა, არსებობს მეთოდები, რომლებიც შესაძლო დაავადებისგან დაგიცავთ. თავდაცვისთვის, გირჩევთ, მოერიდოთ დაავადებულ ადამიანთან კონტაქტს, ხალხმრავალ ადგილებს. თუ ხვდებით, რომ საფრთხე გელით, ან თქვენს ახლოს დაავადებული ადამიანია, ატარეთ დოლბანდის ნიღაბი, დაალაგეთ ოთახი სველი წესით ყოველდღიურად, ხშირად გაანიავეთ და ხელებიც ხშირად დაიბანეთ.
– ბევრი, საშემოდგომო, სეზონური, რესპირატორული დაავადებისგან თავის დასაცავად, ყოველდღიურად ლიმონს, ნიორსა და ხახვს მიირთმევს. ამბობენ, ეს ორგანიზმის თავდაცვის უნარს აორმაგებს და შესაძლო საფრთხეებისგან თავის დასაღწევად კარგი საშუალებააო. საშიშ ბაქტერიებს ნიორი, ხახვი და ლიმონი მართლაც სპობს და გრიპის, სურდოსა და სხვა რესპირატორული, საშემოდგომო დაავადებებისგან რეალურად გვიცავს?
– ხალხურ მედიცინაში, გრიპის, სურდოს და სხვადასხვა რესპირატორული დაავადებებისგან თავის დასაცავად, ორგანიზმის გასაძლიერებლად და იმუნიტეტის ასამაღლებლად, ხახვი, ნიორი და ლიმონი კარგად ნაცადი საშუალებებია. თანაც, მათი მიღება, უსაფრთხოა (იცინის). დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სეზონზე, თუ რა მდგომარეობაშია ადამიანის ორგანიზმის საერთო იმუნიტეტი. ანუ, შეძლებს თუ არა ის დაიცვას საკუთარი პატრონი სეზონური საფრთხისგან. სხვათა შორის, კარგია ამ სეზონზე, ნივრის, ხახვისა და ლიმონის გარდა, თბილ-თბილი ბალახეული ნაყენების სმა. ასევე, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, უნდა მიიღოთ ასკორბინის მჟავა ანუ C ვიტამინი, ან ვიტამინების კომპლექსი. ეს ყოველივე მკვეთრად აამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს და შესაბამისად, დაგიცავთ შესაძლო გრიპის, სურდოსა და სხვა რესპირატორული დაავადებისგან. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს პერიოდი რთული გადასატანია სასუნთქი ორგანოებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ამიტომ, ისინი უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდნენ ამ სეზონზე თავს.
– ამბობენ, ამ დროს დიდი როლი ენიჭება საკვებ რაციონს და ამ სეზონზე ისე უნდა შევარჩიოთ საკვები, რომ დაავადებების მიმართ ბრძოლისუნარიანობა უფრო გააქტიურდესო. ამაზე რას იტყვით?
– რასაკვირველია, ეს სიმართლეა და საკვები რაციონი ისე უნდა შეადგინოთ, ჯანმრთელობისთვის სასიკეთო და მარგებელი იყოს. გეტყვით იმასაც, რომ ზამთრის დადგომამდე უნდა გადააწყოთ საკვები რაციონი ისე, რომ ცივ სეზონს ორგანიზმი მომზადებული და შესაბამისად, გაძლიერებული შეხვდეს. ასე რომ, სწორად შეარჩიეთ მენიუ და იკვებეთ ახალი ხილით, ბოსტნეულით, მიიღეთ ბევრი ვიტამინი, განსაკუთრებით ჭამეთ ხილი, რომელიც C ვიტამინს შეიცავს დიდი რაოდენობით. მაგალითად, ამ მხრივ კარგია კომშისა და ასკილის ახალმოხარშული წვენები, ასევე, ლიმონიანი ჩაი. შეამცირეთ ცხიმიანი ღორის და ძროხის ხორცის მიღება. თუ ხვდებით რომ ცივდებით, სასწრაფოდ გაიკეთეთ ინჰალაცია ან ყელში გამოივლეთ მარილიანი თბილი წყალი. თუ სიცხემ აგიწიათ და ის გაგრძელდა ერთი დღიდან სამ დღემდე, თვითმკურნალობას შეეშვით და დაუყოვნებლივ ეჩვენეთ ექიმს. თუ გრძნობთ ტკივილს ყელის, ფილტვების, მკერდის, ყურების არეში, გაქვთ ნახველი, გიჭირთ ყლაპვა და სუნთქვა, გახველებთ და გახიხინებთ, გეუფლებათ გულისრევის შეგრძნება, მაშინ ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ, გართულებული გრიპი, შესაძლოა, სხვადასხვა საშიში და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადების მიზეზიც კი გახდეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი ამ რეკომენდაციებს ყურადღებას არ აქცევს. ჰგონია, უბრალოდ გაციებულია, ეს დროებითია და სულ მალე ცხვირში გაჭედვაც, სიცხეც და ყელის ტკივილიც გაუვლის. დამერწმუნეთ, არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ გართულებულმა გრიპმა, შესაძლოა, ისეთი ფარული დაავადებების გააქტიურება გამოიწვიოს ორგანიზმში, რომელიც შემდგომში ადამიანის დაღუპვის მიზეზიც კი გახდეს. მე არ გაშინებთ, უბრალოდ, გაფრთხილებთ, რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს, ერთი შეხედვით ყველაზე გახშირებულმა და უსაფრთხო გაციებამ ნებისმიერი ჩვენგანი. იმ შემთხვევაში, თუ რასაკვირველია, მას უყურადღებოდ დატოვებთ, ან საკუთარი მეთოდებით შეეცდებით მკურნალობას რეკლამირებული პრეპარატებით და არაკომპეტენტური მეგობრების რჩევით მიღებული წამლებით. ახლა რთული პერიოდია, ადვილად ცივდება ადამიანი, გრიპის გადადების დიდი ალბათობაცაა და ამიტომ, გირჩევთ, კარგად გაითვალისწინოთ ზემოთქმული. არ დადოთ საკუთარი სიცოცხლე სასწორზე და ნურც ახლობელ ადამიანებს შეუქმნით პრობლემებს ამ მხრივ.