სიბრძნე მინიატურებში
ლოცვის სიღრმე
ერთი პენჯაბელი გოგონა მინდორში მიდიოდა. სწორედ ამ დროს ვიღაც მორწმუნე იქ გულმხურვალედ ლოცულობდა. რელიგიის კანონით, არავის ჰქონდა უფლება, ამ დროს მის გვერდით ჩაევლო. როცა სოფლელი გოგონა უკან ბრუნდებოდა, მორწმუნემ შერისხა:
– როგორ ტლანქად მოიქეცი, გოგონავ, ეს ხომ ცოდვაა – გვერდზე ჩამიარე მაშინ, როცა გულმხურვალედ ვლოცულობდი.
გოგონა შედგა, მორწმუნეს ჯიქურ შეხედა და ჰკითხა:
– რა გაქვთ მხედველობაში, როცა ამტკიცებთ, რომ გულმხურვალედ ლოცულობდით?
– რა, არ იცი, ეს რას ნიშნავს? – შეჰყვირა გაოცებულმა მორწმუნემ, – ილოცო, ეს ნიშნავს მხოლოდ ღმერთზე ფიქრობდე და სხვას ვერაფერს ამჩნევდე.
გოგონა შეეპასუხა:
– მაშ, როგორ შემამჩნიეთ, თუ მხოლოდ ღმერთზე ფიქრობდით?
– როცა ჩამიარე, ჩემს სატრფოზე ვფიქრობდი.
შეხედო ცას
ერთხელ, როდესაც ნახმანი ფანჯრიდან ბაზრის მოედანს გადაჰყურებდა, თავისი მიმდევარი, ხაიკელი დაინახა, რომელიც სადღაც მიიჩქაროდა. ნახმანმა დაუძახა მას და თავისთან მიიპატიჟა.
– მითხარი, ხაიკელ, – ჰკითხა ნახმანმა, – დღეს ცისთვის არ შეგიხედავს?
– არა, მოძღვარო?
– ქუჩები, ხაიკელ, ქუჩები თუ მოიარე დღეს დილით?
– დიახ, მოძღვარო!
– მომიყევი, რა ნახე!
– ხალხი... ცხენები... ოთხთვალები... ეტლები. ვაჭრები. გამუდმებით ხელებს რომ იქნევენ. გლეხები, რომლებიც ხმაურობენ და ილანძღებიან. კაცები, ქალები, რომლებიც წინ და უკან დარბიან... აი, რაც ვნახე.
– ეჰ, ხაიკელ, ხაიკელ, – თავი გადააქნია ნახმანმა, – ორმოცდაათი და ასი წლის შემდეგ აქ ისევ იქნება ასეთივე ქუჩა, როგორიც ახლაა, ბაზარიც – დაახლოებით ამის მსგავსი. სულ სხვა ეტლებით ივლიან სულ სხვა ვაჭრები და ისინიც ცხენებით ივაჭრებენ, მაგრამ არც მე და არც შენ აღარ ვიქნებით. ჰოდა, გეკითხები, რა აზრი აქვს ამ ფაციფუცს, თუკი იმის დრო ვერ მოგინახავს, რომ ცას შეხედო.
სისულელე და ყოვლისშემძლეობა
ერთხელ, როდესაც საი ბაბა ოკეანის ნაპირზე სეირნობდა, მასთან ახალგაზრდა ბიზნესმენი მივიდა და თხოვნით მიმართა:
– მეუფევ, შენ ისეთი ძალა გაქვს! რა იქნებოდა, ოკეანის ნაწილი ნავთობად გექცია?! მაშინ ინდოეთში ყველა გამდიდრდება და სიღატაკეს დაივიწყებს!
მეუფემ მიუგო:
– მე კი შემიძლია, წყალი ნავთობად ვაქციო, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება მეორე სულელი, რომელიც ოკეანეში ანთებულ ასანთს ჩააგდებს!
ერთხელ ორმა ქალმა სოლომონ მეფეს ბავშვი მიუყვანა. საბრალო ბავშვს არც ერთი ხელს არ უშვებდა და აქეთ-იქით ექაჩებოდა. ორივე ამტკიცებდა, რომ ბავშვი მისია და მეორე ქალი წართმევას უპირებს. სოლომონმა ორივეს მოუსმინა და თქვა:
– იმის გარკვევა, ბავშვი სინამდვილეში ვისია, ძნელია. ამიტომ ჩემს მცველებს ვუბრძანებ, ბავშვი შუაზე გაჭრან და ნახევარ-ნახევარი მოგცენ. მოგწონთ ეს გადაწყვეტილება?
– რადგან მისი გაჭრა გადაწყდა, გაჭერით, – თქვა ერთმა ქალმა, – ოღონდ მას არ დარჩეს...
– არა! – იყვირა მეორემ, – ბავშვი მაგას მიეცით... ოღონდ არ მოკლათ!
სოლომონ მეფემ მცველს ანიშნა:
– ბავშვი ამ ქალს მიეცით, ნამდვილი დედა ეს არის!