როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა თავიდან ცხოვრება და რატომ ებრძვის მას ეშმაკი ამ დროს ყველაზე მეტად
დღეს ძალიან ბევრი ადამიანია სასოწარკვეთილებასა და უიმედობაში ჩავარდნილი, რადგან მათ არ იციან, რა არის სულიერი ცხოვრება, ცხონება. შესაბამისად, არ იციან, როგორ უნდა დაადგნენ სულიერი ცხოვრების გზას, როგორ უნდა დაიმკვიდრონ ცათა სასუფეველი. ამის შესახებ გვესაუბრება ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი მამა გურამი (გურამიშვილი).
– მამაო, რას გვეუბნება წმიდა წერილი ცათა სასუფევლის შესახებ?
– როდესაც ღმერთმა ადამიანი შექმნა, მას შთაბერა უკვდავი სული. შესაბამისად, ადამიანი შედგება ხორცისა და სულისგან. ხორციელი ცხოვრება დროებითია, ხოლო სულიერი – სამუდამო. ამიტომ, ადამიანმა ხორციელ ცხოვრებაშივე უნდა იზრუნოს სულიერ ფერისცვალებაზე, სულიერ განწმენდაზე, რათა დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი და ცხონდეს. თუ რა არის ცხონება, ამის გასარკვევად შეგვიძლია, გავიხსენოთ პირველი ადამიანები – ადამი და ევა. ისინი ცხოვრობდნენ სრულ ნეტარებაში – არ შიოდათ, არ სწყუროდათ, საერთოდ არ გააჩნდათ სირცხვილის გრძნობა. სამოთხე არის სრული ნეტარება, ცხონებაც სწორედ ეს არის. როდესაც ადამიანი ცხონებისკენ მიისწრაფის, მას სურს იცხოვროს ეკლესიურად, უფლის მცნებების დაცვით და დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი, იცხოვროს უფლის წიაღში, სადაც დაცული იქნება ყოველგვარი ხილული და უხილავი ბოროტებისგან. შესაბამისად, ადამიანი უნდა ისწრაფოდეს განწმენდისკენ, ცოდვებისგან გათავისუფლებისკენ. ეს არ არის მარტივი, მაგრამ უფალს მინდობილი ადამიანი ამას ყოველთვის მოახერხებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახარებაში წერია, უფლისკენ მიმავალი გზა ვიწრო და ეკლიანიაო. ადამიანს მხოლოდ დიდი შრომის შედეგად შეუძლია, დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი. ამისთვის კი საჭიროა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ლოცვა, მარხვა, აღსარების თქმა, სინანული, კეთილი საქმის კეთება, სიყვარული უფლისა და მოყვასის მიმართ, სულიერი განწმენდა და ფერისცვალება. ცხონება – ეს არის ყველაზე დიდი ნეტარება, რომლისკენაც ადამიანი მიისწრაფის. ეს არის გვირგვინი, რომელიც ადამიანმა საკუთარი ცხოვრების წესის მიხედვით უნდა დაიმსახუროს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული და მძიმეა, მაგრამ მთავარია, ყველაფერი ღირსეულად დავითმინოთ, ამის სურვილი გაგვაჩნდეს და ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება, თუმცა არსებობს, მეორე გზა, რომელიც უფრო ფართოა, მასზე გავლა ყველა ადამიანს არ შეუძლია და ამისთვის არაფრის დათმენა არ სჭირდება. ამ გზაზე ძალიან ბევრი ადამიანი გაივლის, ხოლო უფლისკენ სავალ ეკლიან და ვიწრო გზაზე გავლა, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, ვიწრო გზაზე იაროს, მაგრამ ამას ძალიან ცოტა აკეთებს. ადამიანის ცოდვილი ბუნებიდან გამომდინარე, ის უფრო იოლად მიიდრიკება ცოდვისა და ბოროტისკენ, ვიდრე სიკეთისკენ. შესაბამისად, ის ხშირად არჩევანს ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზე აკეთებს. სიკეთის კეთება უფრო ძნელია, ვიდრე ბოროტების.
– ანუ, ადამიანი, რომ სასუფეველში დაემკვიდროს, ამისთვის მხოლოდ მისი სურვილი არ კმარა?
– რა თქმა უნდა, ამისთვის მხოლოდ ადამიანის სურვილი არ კმარა. ქრისტიანმა საკუთარი თავი უნდა აიძულოს, რომ ხორციელ სიტკბოებაზე, სხვადასხვა გასართობ ადგილებში სიარულზე უარი თქვას. უნდა დათრგუნოს ვნებები, ბოროტი ფიქრები, მანკიერებები და საკუთარი თავი აიძულოს, რომ ბოროტების მაგივრად სიკეთე აკეთოს. დღეს წუთისოფელში ძალიან ბევრი საცდურია. რაც უფრო მეტად ვითარდება ტექნიკა, მრავალფეროვანი ხდება ცოდვები და ვნებები. მაგრამ, საწყისი ცოდვისა მაინც ამპარტავნებაა, რომელიც სხვადასხვა ცოდვას შობს. ამიტომ, ადამიანები უნდა ვიყოთ მომთმენები, კაცთმოყვარეები, უნდა ვისწავლოთ საკუთარ თვალში დირეს დანახვა, ურთიერთპატიება და მიტევება. არ უნდა ვატარებდეთ გულში ვინმეს მიმართ ბოღმასა და ბოროტებას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ რამდენ რამეს გვპატიობს უფალი, გვაძლევს იმის შანსს, თავიდან დავიწყოთ ცხოვრება და ყველა ბოროტება დავივიწყოთ. უპატიებლობა, უსიყვარულობა, ამპარტავნება ადამიანს საბოლოოდ აშორებს ღმერთს. ამიტომ ცხონების გზაზე სიარული და სწორი გადაწყვეტილების მიღების მიმადლების ნიჭი და უნარი, უფალს უნდა ვთხოვოთ. ადამიანს შეუძლია, არჩიოს უღირსი ცხოვრება და შესაბამისად, მისთვის ამქვეყნად იწყება ჯოჯოხეთი, ხოლო ვისთვისაც უფალი და ეკლესიური ცხოვრება უპირველესია, მისთვის დედამიწაზევე იწყება სასუფევლისკენ მიმავალი გზა.
– მაინც, როგორ უნდა დადგეს ადამიანი სულიერი ცხოვრების გზაზე?
– იმისთვის, რომ სულიერი ცხოვრების გზაზე დავდგეთ, ცხადად უნდა წარმოვიდგინოთ ორივე გზა – გზა სულიერი ცხოვრებისა, რომელსაც ცხონებისკენ მივყავართ და გზა ხორციელი ცხოვრებისა, რომელიც წარსაწყმედელში მიგვიძღვის და სულის სიღრმეში უნდა გადავწყვიტოთ სულიერ გზაზე შედგომა. პირველი ნაბიჯის გადადგმა იოლია, რადგან იოლია არჩევანის გაკეთება სიკვდილსა და სიცოცხლეს შორი. სიკვდილს შეგნებულად მხოლოდ უგუნური ადამიანი ირჩევს. ამიტომ, თუ გაცნობიერებული გაქვთ, რომ ხორციელი, საერო ცხოვრება სიკვდილია, ეკლესიური კი – სიცოცხლე, მაშინ უყოყმანოდ აირჩევთ ეკლესიურ ცხოვრებას. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ადამიანის შინაგანი, სულიერი მდგომარეობა იცვლება – ახალი თვალით შეხედავს იმას, რასაც ადრე აკეთებდა, გააოგნებს ადრინდელი ცხოვრება და დაინახავს, თუ რამდენ ცოდვას, უზნეობას, უწმიდურობას იტევდა ის და თავიდან დაიწყებს ცხოვრებას. ამ დროს ადამიანს საკუთარი წარსულის გამო იპყრობს სირცხვილის განცდა, გრძნობს მონანიების დაუოკებელ სურვილს. ეს კი პირველი ნაბიჯია ახალი ცხოვრების გზაზე, მაგრამ ამას აუცილებლად მოჰყვება ცდუნება. სირცხვილისა და ცოდვის შეცნობის განცდას, ადამიანი მიჰყავს ან სიცოცხლისკენ, ან სიკვდილისკენ. ამიტომ ადამიანს არ უნდა დაავიწყდეს, რომ მას სულიერი ცხოვრების პირველი ნაბიჯებიდან აჰყვება ბოროტის მანქანება, რომელიც ადამიანს სულიერი ცხოვრების ყველა საფეხურზე ელოდება და ცდილობს, ბოროტებად აქციოს. ამ ზღვარის შერჩევა ადამიანს არ შეუძლია, ეს ღვთის განგებით ხდება. ამიტომ თავდაჯერებულობა ყველაზე საშიში ცოდვაა, – მასში სხვა ცოდვები იმალება. მაცდური ცდილობს, ადამიანში კეთილი სინანული ბოროტი გულგატეხილობით შეცვალოს. ის ეუბნება ადამიანს უიმედო სიტყვებს, რომ გვიანაა შეცვალოს რამე – ამის ძალა არ შეგწევს, დაიღუპები, არ ღირს ახალი ცხოვრების დაწყება, ამიტომ, მაინც ვერაფერს შეცვლი. ამ დროს ადამიანმა ეს ფიქრები, აზრები, აუცილებლად, უნდა განდევნოს საკუთარი თავიდან. ისინი ეშმაკისგანაა. სულიერი ცხოვრება არ არის დამოკიდებული დროზე, ასაკზე, ცხოვრების თავიდან დაწყება ნებისმიერ დროს შეიძლება. ასაკს სულიერ ცხოვრებასთან მიმართებაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
– რის გაკეთებას მოითხოვს სულიერი ცხოვრება ადამიანისგან?
– სულიერი ცხოვრება მოითხოვს მთელი ცხოვრების გაეკლესიურებას. თუ მკვეთრ ზღვარს არ გაავლებთ თქვენს ცხოვრებასა და გარემოს შორის, წუთისოფელი აუცილებლად მოგერევათ და თავის მონად გაქცევთ. მონასტრული ცხოვრების შექმნა ერში, ის გაეკლესიურებაა, რომელიც აუცილებელია, სულიერი ცხოვრების გზაზე შემდგართათვის. მიუხედავად ამდენი საცდურისა, თქვენი ოთახი იმ სენაკად უნდა დარჩეს, სადაც ყველაფერი ლოცვისა და სიმშვიდის სულით არის გაჟღენთილი. თუ ბევრი საქმე გაქვთ, ეს მორჩილებად უნდა მიიღოთ, ოღონდ სული და გული არ უნდა ჩაატანოთ ბოლომდე. საერო ცხოვრება საკუთარი კანონებით იმართება, მას თავისი ფუნქცია აქვს. მას იღებთ, რადგან აუცილებელია თქვენი არსებობისთვის, მაგრამ შინაგანი და პირადი ცხოვრება ეკლესიურ საწყისებზე უნდა დააფუძნოთ. ეს არის შინაგანი მონასტერი, რომლის მოსპობა არავის შეუძლია, ის ადამიანის განუყოფელი ნაწილია. ეს არის გაეკლესიურება, რაც ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრების აუცილებელი პირობაა.