როდის არის მომგებიანი ცოლისთვის, არ შეიმჩნიოს ქმრის ღალატი
რადგან ეს თემა მარადიულია, ჩვენც ხშირად გვიწევს მასზე ლაპარაკი. საუბრობენ ჩვენი რესპონდენტები და მათი სათქმელი ნაცნობიც არის და განსხვავებულიც. ყველა შემთხვევა მაინც ინდივიდუალურია, ადამიანის ინდივიდუალიზმიდან გამომდინარე. ვერავინ იტყვის დანამდვილებით, ვინ რჩება მოგებული – ის, ვინც ითმენს და ელის თუ ის, ვისთვისაც ღალატი უპატიებელი დანაშაულია – ფაქტი, რომელიც მთლიანად ანგრევს ურთიერთობას. ამბობენ, როცა გიყვარს, ყველაფერს აპატიებო... მაგრამ ზოგიერთს სწორედ დიდი სიყვარული უშლის ხელს, რომ აპატიოს. ერთი სიტყვით ცოლქმრული ღალატი არაერთხელ გამხდარა განსჯის თემა და კიდევ ბევრჯერ გახდება.
მარიამი (38 წლის): ალბათ, ახალს ვერაფერს ვიტყვი. ვისთვის არ უღალატიათო, იქნებ, ვინმეს გაეცინოს კიდეც ჩემს განცდებზე, მაგრამ მე არ ვიყავი ღალატისთვის მზად. თუმცა, რა სისულელეს ვამბობ, როგორ შეიძლება, ამისთვის რომელიმე ადამიანი მზად იყოს. გნებავთ – ქალი, გნებავთ – კაცი. ღალატი ყოველთვის მოულოდნელია, იმიტომ რომ საშინლად დამანგრევლად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, მის ფსიქიკაზე. ყოველთვის, როცა მსგავს ამბებს ისმენ, მაშინვე ფიქრობ – არა, მე ეს არ დამემართება. ასეთი რაღაც მე არ მომივაო და ცდილობ, ფიქრიც კი არ დაუშვა. არადა, ეს აუცილებელია, საჭიროა.
– რა არის აუცილებელი?
– ფიქრი ღალატზე. ამას სერიოზულად ვამბობ. როგორი მოსიყვარულე მეუღლეც არ უნდა გყავდეს, როგორი ბედნიერიც არ უნდა იყო მასთან, მაინც უნდა იფიქრო ღალატზე და წარმოიდგინო, რა იქნება, ეს რომ მოხდეს. დაახლოებით ის ვარიანტია, რომ იტყვიან ხოლმე, ანდერძი კაცს არ კლავსო. არც ღალატზე ფიქრით მოგივა რამე. სამაგიეროდ, ფსიქიკას გამოაწრთობ და მეტ-ნაკლებად მოამზადებ სერიოზული დარტყმისთვის. ვინ არის დაზღვეული, რომ ასეთი რაღაც არ დაემართება. არც ერთი კაცის ნდობა არ შეიძლება ბოლომდე და იმიტომ არა, რომ ისინი საზიზღარი არსებები არიან. მე არ ვარ ამ თეორიის მომხრე. ასე ხელაღებით, მთელს მოდგმას ვერ გავლანძღავ. ქალებიც არიან მოღალატეები და არცთუ ცოტანი. უბრალოდ, უფრო ხშირად კაცების ღალატზე ლაპარაკობენ. მართლა ვერ ვხვდები, რატომ.
– კაცის ღალატი უფრო აქტუალურია?
– არ მგონია. აქ სხვა რამეშია საქმე. ჯერ ერთი, ქალები უკეთ მალავენ ღალატს და უფრო მაგარ რაღაცას გეტყვით, კაცები გაცილებით ხშირად პატიობენ ღალატს ცოლებს, ვიდრე ცოლები – ქმრებს. ცოტა დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მე მაქვს ამის დამადასტურებელი არგუმენტი. ჯერ ერთი, მამაკაცებს ისე „უტყდებათ“ ცოლისგან ღალატი, რომ ურჩევნიათ, უმალ თვითონვე დაივიწყონ, ვიდრე სხვამაც გაიგოს. მეორე არგუმენტია ის, რომ ქალს უფრო ოსტატურად შეუძლია თამაში, ვიდრე კაცს. მგონი, დამეთანხმებით.
– უკეთესად თამაშში რა იგულისხმება?
– ყველაფერი. თუნდაც ის, რომ აპატიე. მოდი, ვიყოთ გულახდილები და ვაღიაროთ, შეიძლება, ისეთი რაღაცის დავიწყება, რასაც ღალატი ჰქვია? შეიძლება, ამის მერე ცხოვრება ისე განაგრძო, თითქოს არაფერი მომხდარიყოს? მე მგონია, რომ ეს შეუძლებელია. გულის სიღრმეში მაინც რჩება „რაღაც“ და ეს „რაღაც“ უკვე აღარ მოგცემს დამშვიდების საშუალებას. ძალიან ძნელია, მაგრამ რომ არ აპატიო და ხელის ერთი მოსმით დაანგრიო ის, რაც შენთვის ყველაზე ახლობელი და ძვირფასია, კიდევ უფრო ძნელია. მე ამ ყველაფერს საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით. უკვე გამოვიარე ჯოჯოხეთი და ვამბობ, იქამდე უნდა მეფიქრა ღალატზე, სანამ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებოდი. რთულია, შეეგუო რეალობას, მაგრამ იმის დაჟინება, რომ შენ ეს არავითარ შემთხვევაში არ დაგემართება, დიდი შეცდომაა. ისიც ტყუილია, რომ, თუ კაცი საყვარელს გაიჩენს, მას მაშინვე შეეტყობა. ინდივიდუალურია. ზოგს ეტყობა, ზოგს – არა, მისი ხასიათიდან გამომდინარე. ერთი ფსიქოლოგის რჩევა წავიკითხე, თუ ქმარი გიმალავთ, სხვა ქალთან თავის ურთიერთობას, უნდა გიხაროდეთ, ესე იგი, მისთვის ძვირფასი ხართ და თქვენი დაკარგვა არ უნდაო. დიდი შეღავათია, ვერაფერს იტყვი. ჩემთვის დღემდე აუხსნელი ფენომენია ის, რომ კაცს შეუძლია, ორად გაყოფილმა იცხოვროს, თანაც მუდმივ სტრესში. მე რომ ჩემი ქმრის სახე მახსენდება, გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მეცოდება.
– სტრესი და რაღაცის შიში გარკვეული დოზით ადრენალინს შეიცავს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამით სიამოვნებას იღებენ.
– არ მესმის მე იმ ადამიანების. რას ნიშნავს, სტრესით სიამოვნების მიღება, ვერ ვიგებ.
– ბევრს ალპინისტებისაც არ ესმის.
– ვხვდები, რასაც გულისხმობთ, მაგრამ მგონი, არც ისე წარმატებული შედარებაა. თუმცა, შეიძლება, მართალიც ბრძანდებით. ფაქტია, რომ მე ვერ ვიცხოვრებდი ასე. საერთოდ ვერ ვიტან ტყუილს და როცა რაღაცას ვმალავ, საშინლად ვნერვიულობ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ქმარი არ ნერვიულობდა, განსაკუთრებით იმის მერე, რაც ჩემთვის ყველაფერი გაირკვა. ახლაც ვერ გამოვდივარ იმ შოკიდან. არაფერი მიმანიშნებდა მოახლოებულ უბედურებას. რა ვქნა, მე უბედურებად მივიჩნევ იმას, რასაც შენსა და შენს საყვარელ ადამიანს შორის მესამე პირის ჩადგომა ჰქვია.
– გასაგებია, მაგრამ ის ხომ თავისით არ დგება მოსიყვარულე წყვილს შორის?! ანუ, დანაშაულის მთელი სიმძიმე მარტო მას არ ეკისრება.
– რა თქმა უნდა, დამნაშავე ისიც არის, ვინც იმ მესამეს ამის უფლებას აძლევს, მაგრამ ყველა ადამიანი არ არის ერთნაირი. ზოგი პიროვნულად სუსტია და ვერ უძლებს საცდურს, მით უმეტეს, როცა საუბარი მამაკაცზე გვაქვს.
– ვფიქრობ, პიროვნული სიძლიერე სქესზეა დამოკიდებული.
– ჰო, მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ მამაკაცები უფრო არიან მიდრეკილები პოლიგამიისკენ, ანუ, მათი შეცდენა უფრო ადვილია. ქალს უნდა და აკეთებს, გონებას რთავს ამაში. კაცმა, შესაძლოა, ისე გიღალატოს, სპონტანურად.
– მე მაგის არ მჯერა, მაგრამ არ გეკამათებით.
– ჰო. არ ვიცი. თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ მე ჩემი ქმრის გამართლებას ვცდილობ და ასეც არის. რაღაცნაირად უნდა „გამოვაძვრინო“ ამ სიტუაციიდან, რომ მასთან ერთად ცხოვრების გაგრძელება შევძლო. იმ დღეს, როცა მისი ღალატის ამბავი გამაგებინეს, თითქმის იდეალური დილა გვქონდა. თბილი, ძალიან ინტიმური. კარგი საუზმით. გულითადი საუბრით და სიყვარულით სავსე დამშვიდობებით. ჩემი ქმარი წავიდა და ზუსტად ორ საათში ტელეფონმა დარეკა.
– დაგირეკეს და გითხრეს, თქვენს ქმარს საყვარელი ჰყავსო?
– დიახ. დამირეკეს. მაგრამ მითხრეს: მე ის ვარ, ვინც შენს ქმარს მართლა უყვარს. ახლაც ჩემთან არის. აბაზანაში შხაპს იღებს და მღერისო. თუ არ გჯერათ, მისამართს გეტყვით და მობრძანდითო. ჯერ ხუმრობა მეგონა, ვიღაცის ბოროტი ხუმრობა. ვიფიქრე, ეტყობა, ჩემმა ქმარმა რომელიმე სტუდენტს ნიშანი არ დაუწერა და ისიც ასე ცდილობს, სამაგიერო გადაუხადოს-მეთქი.
– თქვენი მეუღლე ლექტორია?
– ვთქვათ ასე, ერთ-ერთ კერძო სასწავლებელში პრაქტიკული მეცადინეობების კურსი მიჰყავს. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ არ დავიჯერე და სამაგიეროს გადახდის ვერსიაზე შევჩერდი. თუმცა, მთელი დღე აფორიაქებული ვიყავი. ვერც სამსახურში მოვისვენე და ადრე წამოვედი. ჯერ ვიფიქრე, ქმარს არაფერს ვეტყვი, ნერვებს არ მოვუშლი და ამ ზარის შესახებ დავივიწყებ-მეთქი. მაგრამ, ვერ შევძელი, ვერ მოვერიე და ვერ ვაჯობე საკუთარ თავს. ისეთი ვნებათაღელვა ბობოქრობდა ჩემში, რომ არ გამომივიდა სიმშვიდის შენარჩუნება. ყურებში ისევ მესმოდა იმ გოგოს პრეტენზიული, მოზეიმე ტონი. როგორია, თან ქმარს გართმევს, თან გაგრძნობინებს, რომ ის არის გამარჯვებული. საშინელი გრძნობაა და აუტანლად მტკივნეული. რკინის უნდა იყო, რომ ეს მოითმინო. წარმოიდგინეთ, ადამიანმა რომ გაგძარცვოს, ყველაზე ძვირფასი რაღაც რომ წაგართვას და შენი დაპატიმრება მოითხოვოს. სულ ვფიქრობ, რისი დამტკიცება უნდათ იმ ქალებს თავიანთი სითავხედით, როცა სხვას ქმარს ართმევენ და მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივდივარ: მათ შურთ სხვისი ბედნიერების და აქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი. ამ „ყაჩაღობით“ ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ძალიან მაგარი ქალები არიან და შეუძლიათ, ნებისმიერი მამაკაცი თავის ფეხებთან დააჩოქონ. ამისთანას, კაცმა რომ უარი უთხრას, შეიძლება, გაგიჟდეს. საშინელი შურისძიება ჩაიფიქროს და განახორციელოს კიდეც. ყველა დანაშაული ხომ დაკომპლექსებული, გაბოროტებული ადამიანებისგან მოდის. ბედნიერი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, მიზანდასახული ადამიანი ბოროტი ვერ იქნება, გამორიცხულია. მოკლედ, ჩემი ქმარი რომ მოვიდა და დავინახე, მაშინვე დამავიწყდა საკუთარი თავისადმი მიცემული დაპირება, რომ არაფერს ვეტყოდი და მოვუყევი, რაც მოხდა. სახეზე ფერი ისე შეეცვალა, მაშინვე მივხვდი, იმ გოგომ სიმართლე თქვა. საკუთარ თავს არ გამოვუტყდი, თორემ, უცხო ადამიანმა რა იცოდა, ჩემი ქმრის ჩვევების შესახებ. ყველა მამაკაცი ხომ არ ღიღინებს შხაპის ქვეშ.
– გამოტყდა ღალატში?
– არა. მაგრამ ქალური ინტუიცია იშვიათად ცდება. რად მინდოდა მისი დასტური. ისედაც გასაგები იყო ყველაფერი. იმ წუთში რა ემოციაც მოვიდა, იყო დაუძლეველი სურვილი სკანდალის მოწყობისა. მინდოდა, მეყვირა, მეკივლა, იძულებული გამეხადა ჩემი ქმარი, ეთქვა, იმ ქალის ვინაობა და მასთანაც მივვარდნილიყავი. ერთი სიტყვით, ბუნებრივი რეაქცია იქნებოდა, თუკი ამას გავაკეთებდი.
– მაგრამ, ეს იქნებოდა გულიდან წამოსული ბუნებრივი რეაქცია.
– დიახ. გეთანხმებით. მთლიანად ემოციით, გრძნობით ნაკარნახევი. კიდევ კარგი, რომ რაღაც მომენტში თავი შევიკავე. როგორ მოვახერხე ეს, ახლაც არ ვიცი. ეტყობა, უხილავი შინაგანი მექანიზმი ჩამერთო და იმან დამამუხრუჭა. ბოლო მომენტში მივხვდი, რომ ჯობდა, მეთამაშა, რომ დავიჯერე მისი სიტყვები.
– ანუ, ის, რომ ყველაფერი უარყო?
– დიახ. უარყო. ვიღაცამ ბოროტად იხუმრა. ეტყობა, ძალიან შურთ ჩვენი ბედნიერებისო. დაივიწყე და მაგაზე აღარ იფიქრო. თუ კიდევ გაგრძელდება ასეთი ზარები, გავარკვევ, ვინ რეკავს და საშინელებას დავმართებ. ოღონდ, შენ არ ინერვიულოო. მაგრამ, უნდა გენახათ, რა სახით მეუბნებოდა ამ ყველაფერს, მკვდარივით იყო გაფითრებული და თვალს მარიდებდა. ცოტათი შემეცოდა კიდეც, ვეღარ გავუძელი და სააბაზანოში გავედი. ვიჯექი უნიტაზზე და ჩუმად ვქვითინებდი. არ მინდოდა, ჩემს ქმარს გაეგო, რომ ვტიროდი.
– იმიტომ, რომ რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეთ?
– დიახ. გადავწყვიტე, რომ იმ ვიღაც ქალს, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა, არ მივცემდი უფლებას, ყველაფერი გაენადგურებინა. არ დავუთმობდი ქმარს, არაფრის დიდებით, მაგრამ ისტერიკით, სკანდალით ამას ვერ შევძლებდი. ამიტომ, ვამჯობინე, არ შემემჩნია ქმრის ღალატი.
– ასეთი ადვილია, არ შეიმჩნიო ღალატი?
– ვინ გითხრათ, რომ ადვილია. ძალიან ძნელია. უკიდურესად ძნელი, მაგრამ როცა იცი, რისთვის იბრძვი, თითქოს ძალა გემატება. მართალია, ჩემმა ქმარმა მიღალატა, მაგრამ მას ოჯახის დანგრევა არ უნდოდა. ამას მივხვდი.
– იმით მიხვდით, რომ მოგატყუათ?
– თუნდაც. არ მითხრა, დიახ, მე სხვა ქალი მყავს და ახლა იმასთან მივდივარო. ხომ შეიძლებოდა, ასეც მომხდარიყო. რა არის, იცით? როცა გიყვარს ქმარი და გეძვირფასება ის წლები, ერთად რომ გაგიტარებიათ, თავმოყვარეობაზე ლაპარაკი გადაჭარბებულად მიმაჩნია. უნდა აპატიო და თან, არც შეიმჩნიო, რომ აპატიე. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი არჩევანი გავაკეთე. მაგრამ გულხელდაკრეფილი არ დავმჯდარვარ, ერთია, როცა გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებ, მეორე – როცა ფხიზლად აკონტროლებ სიტუაციას. მანამდე ჩემს ქმარს თვალდახუჭული ვენდობოდი, ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში. ეს ნდობა რომ გაქრა, ამაზე აღარც არის ლაპარაკი. ეჭვით ცხოვრებაც ძალიან ძნელია. მაგრამ ამასაც გავუძელი. იმაზე ძლიერი გამოვდექი, ვიდრე მეგონა. გავიგე, ვისთან მღალატობდა ჩემი ძვირფასი მეუღლე. ოღონდ, არ მკითხოთ, როგორ გავიგე. ეს მთელი ისტორიაა. დავინახე კიდეც. სერიოზულად ვიმუშავე ამ მიმართულებით. ერთი ახლობელი დამეხმარა. არ უკითხავს, რატომ ვიყავი დაინტერესებული და რისთვის მჭირდებოდა ეს ინფორმაციები. ყველაფერი გავიგე და გავარკვიე. მისი სტუდენტი აღმოჩნდა, ერთი თავზეხელაღებული გოგო, ლაწირაკი, რომლისთვისაც ჩემს ქმართან რომანი პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ამ საშუალებით ცდილობდა, „უმაღლესი განათლების“ მიღებას და კარიერის გაკეთებას. სამ თვეზე მეტხანს მყავდა მაქსიმალურ კონტროლზე აყვანილი ორივე. ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. ერთხელ ჩემმა ქმარმა წაიყვანა მანქანით სადღაც, მეორედ მასთან სახლში მივიდა. ვკვდებოდი, ისე ვნერვიულობდი და ხმას არ ვიღებდი. მხოლოდ თვალყურს ვადევნებდი.
– თქვენი მეუღლე როგორ იქცეოდა ამ ხნის განმავლობაში?
– ძალიან ჩვეულებრივად. ვითომ საერთოდ არაფერი მომხდარა და ის სატელეფონო ზარი არც ყოფილა. მეც აღარაფერი მიკითხავს. ერთი შეხედვით, ძალიან შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით. დაძაბული ველოდი ამ ყველაფრის კულმინაციას. ვგრძნობდი, რომ რაღაც კიდევ მოხდებოდა.
– ისევ ხომ არ დაგირეკეს?
– არა. ზარი აღარ ყოფილა, მაგრამ ჩემმა ქმარმა ვეღარ გაუძლო. ნერვებმა უმტყუნა და მითხრა, გიღალატეო. მაგრამ, უკვე ყველაფერი მორჩა. იმ ქალთან აღარაფერი მაკავშირებს და ახლა შენზეა, მაპატიებ თუ არა. მიყვარხარ. არ ვიცი, იმასთან საერთოდ რა მინდოდა. ძალიან ვნანობ. არ მინდა, შენი დაკარგვა. ოღონდ უნდა დამიჯერო და მენდოო.
– არ უთხარით, რომ იცოდით ყველაფერი?
– არა. რა საჭირო იყო. თქვენ გგონიათ, რადგან დავიჯერე, რომ „იმასთან“ ყველაფერი მორჩა, მშვიდად ვიქნები და ნდობაც დამიბრუნდება? არანაირად. სად არის გარანტია, რომ ისევ არ დაუბრუნდება? ამიტომ, ვერ მოვდუნდები და ვერ დავუშვებ იგივე შეცდომებს. ისე გავუკონტროლებ ყველა ნაბიჯს, აზრზეც ვერ მოვა.
– ანუ, სულ ასეთ დაძაბულ რეჟიმში იცხოვრებთ?
– ჰო. რას ვიზამ. მაგრამ ჩემი ქმარი ამად მიღირს. შეიძლება, ცოტა სასაცილოდ ჟღერს, დღეს ქმრის სიყვარული მოდაში აღარ არის, მაგრამ მე მაინც მიყვარს და მის გარეშე ცხოვრებას, ასე მირჩევნია. მინდა, ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი ქმარი იმისკენ აღარ გაიხედავს; რომ მართლა გულწრფელი იყო, როცა მეუბნებოდა, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარო.