რატომ დაშორდა საქმროს პარლამენტის თავმჯდომარის სახლში მცხოვრები ამერიკელი მასწავლებელი და რამდენ ხანს აპირებს ის თბილისში დარჩენას
ამერიკელი მასწავლებლები საქართველოს ინგლისურის დონის ასამაღლებლად ეწვივნენ. გაფორმდა ერთწლიანი კონტრაქტები და ისინი, უბრალოდ, ქართულ ოჯახებში გადანაწილდნენ. ერთ-ერთ მასწავლებელს, დენიელ ბეიკერს კი ძალიან გაუმართლა, ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ოჯახში მოხვდა, რაც გარანტირებულად ნიშნავს კომფორტულ ათთვიან ცხოვრებას.
დენიელ ბეიკერი: მე ვარ დენიელ ბეიკერი, ოცდაორი წლის. დავიბადე ჯექსონში, ფლორიდას შტატში. თუმცა, იმის გამო, რომ ჩემი მშობლები მაშინ დაშორდნენ ერთმანეთს, როცა ჯერ კიდევ ორი წლის ვიყავი, დედასთან ერთად სამხრეთ დაკოტაში მომიწია საცხოვრებლად გადასვლა. იქ გავატარე მთელი ცხოვრება. ყოველთვის მინდოდა, მასწავლებელი ვყოფილიყავი. ბავშვები ნამდვილად მიყვარს. თუმცა, ეს არ ყოფილა იმის მიზეზი, რამაც მასწავლებლობა გადამაწყვეტინა. გადაწყვეტილების მიღებაში ისიც დამეხმარა, რომ ჩემი ბებიაც და ბაბუაც მასწავლებლები არიან. ბებია ინგლისურს ასწავლის პატარებს, ბაბუა კი ორკესტრის მასწავლებელია – საორკესტრო ინსტრუმენტებზე დაკვრას ასწავლის. ბაბუა საოცრად მუსიკალურია, რასაც ჩემზე ვერ ვიტყვი. ინსპირაცია მათგან მივიღე. ეს არის პროფესია, სადაც შედეგს ძალიან მალე, თვალნათლივ ხედავ.
– როგორ მოხვდი საქართველოში, რის მიხედვით შეარჩიეს მასწავლებლები?
– სულ ვეძებდი და მინდოდა, ისეთი რაღაც მეპოვა, რაც ჩემს გამოცდილებას კიდევ უფრო გაამდიდრებდა. მექნებოდა მოგზაურობის, ახალი ქვეყნის გაცნობის საშუალება. გავიგე, რომ მასწავლებლები საქართველოში წამოსვლას აპირებდნენ და ჩემს მეგობრებთან ერთად მივედი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამოვედით.
– იცოდი რამე საქართველოზე?
– სიმართლე გითხრათ, არა. ქვეყნის ისტორიის მხოლოდ რაღაც ნაწილი ვიცოდი. გეოგრაფიაც ყოველთვის მაინტერესებდა და საქართველოს ადგილმდებარეობაც ვიცოდი.
– ალბათ, მხოლოდ ის იცოდი, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.
– სულ რაღაც, მცირე დეტალები თქვენი ისტორიისა. ის, რაც წესით უნდა იცოდე, როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაში სამოგზაუროდ მიდიხარ. ანუ, როგორია მათი სამზარეულო, ენა, ამ ყველაფერზე წარმოდგენაც არ მქონდა. ამიტომაც, ეს ყველაფერი იყო შოკი და ეს შოკი დღემდე გრძელდება (იცინის). ჩემი აქ ყოფნის პირველი შთაბეჭდილებები ჩამოსვლისთანავე არ მიმიღია. ჩამოფრენიდან დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისში ვიყავით ტრენინგებზე. ეს ნიშნავს, რომ ინგლისურენოვანი გარემო იყო და ძალიან არ დავძაბულვართ. საქართველოსთან შეხება ერთი კვირის შემდეგ გვქონდა. მახსოვს, ჩემ ოთახში, იმ სახლში, სადაც თავიდან დავრჩი, საწოლზე ვიჯექი, ფანჯრიდან ვიყურებოდი და ტირილი მინდოდა. მაგრამ, ამის ნაცვლად ჩემს მეგობრებს დავურეკე (იცინის). ფანჯრიდან ვიყურებოდი და მხოლოდ ყურძნებს ვხედავდი. არ ვიცი, რამ იმოქმედა, მაგრამ ძალიან მომინდა უკან წასვლა. როგორც ჩანს ჩემი ძაღლი მომენატრა ძალიან.
– ძაღლი?
– კი. მთელი ოჯახიც, მაგრამ ჩემი ძაღლი განსაკუთრებით. თუმცა, ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მალე გამიარა ნერვიულობამ.
– უკან დასახევი გზა არ გაქვს და იმიტომ.
– (იცინის) არა. ახლა მივხვდი, რომ არაჩვეულებრივ ქვეყანაში მოვხვდი, რომელსაც ასე მარტივად არ დავტოვებ.
– გაგიმართლა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახში მოხვდი.
– ნამდვილად. ყველა ჩემი მეგობარი იგივეს მეუბნება. თუმცა, მიუხედავად ამისა, შოკი მაინც მაქვს. ჩემი მეგობრების უმრავლესობა სოფლებში დაასახლეს. მე პარლამენტის თავმჯდომარის არაჩვეულებრივ ოჯახში ვარ. მაქვს საოცარი საძინებელი, შხაპის ოთახი, მოდის წყალი, არ გვაქვს შუქის და გათბობის პრობლემა...
– მათ არ აქვთ ეს ყველაფერი?
– ზოგიერთს არ აქვს. განსაკუთრებით აბაზანის და ცხელი წყლის პრობლემაა. ამიტომ, მართლა არ ვწუწუნებ, გადასარევ პირობებში ვარ, კომფორტთან დაკავშირებით არანაირი საკითხი არ მაწუხებს. ისე, ერთი პატარა პრობლემა მაქვს, კბილების საწმენდ ძაფს ვერ ვყიდულობ ვერც ერთ მარკეტში. თითქმის ყველაფერს ერთ დიდ სუპერმარკეტში ვყიდულობდი, აქ კი ეს შეუძლებელია. ისე, ასეთ საკითხებში, დევიდის და მაკას შვილი – კატო მეხმარება. ისეთი ყოჩაღი გოგოა, ღმერთო, არც კი ვიცი, მის გარეშე რას გავაკეთებდი (იცინის).
– იცი, რომ მაკა მოდის კვირეულის ორგანიზატორია?
– კი, ვიცი. არც კი მჯერა ისე გამიმართლა (იცინის). დევიდი არის პარლამენტის თავმჯდომარე, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ცენტრში ხარ. ყველა იმ მნიშვნელოვანი ამბის საქმის კურსში ვარ, რაც კი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება. რაც შეეხება სოციალურ ცხოვრებას, ეს ყველაფერი – მაკაა (იცინის). არა! იღბლიანი ვარ, წარმოუდგენლად, იღბლიანი. სხვათა შორის, ჩემი ოჯახის წევრებსაც ძალიან გაუკვირდათ. თავიდან ჩვენი სკოლის დირექტორის, ქეთი ჩოხელის დეიდის, ნინას სახლში ვცხოვრობდი. ნინა საოცარი ქალბატონია. მართალია, ერთი სიტყვაც არ იცის ინგლისურად, ისევე როგორც მე – ქართულად, იმ დროისთვის მაინც, მაგრამ გადასარევად ვუგებდით ერთმანეთს და ვერთობოდით. მენატრება, გადასარევი ქალბატონი იყო. მაგრამ მიხარია, რომ საცხოვრებლად გადავედი ოჯახში, სადაც ბავშვები არიან. ეს მართლა მინდოდა. პატარა ნიტა, ქართულს მასწავლის, მე კი – ინგლისურს. კატო ძალიან ჭკვიანი გოგოა, გაოცებული ვარ ისეთი სხარტი გონება აქვს. საერთოდ, საქართველოში ძალიან ჭკვიანი ბავშვები არიან...
– და სავსე ენერგიით.
– კი, მაგრამ მათი ენერგია ხელს არაფერში მიშლის. ეს იცი, რაში გამოიხატება? როცა გაკვეთილზე ყველას ხელი აქვს აწეული და ყვირიან – მასწ! მასწ! თუ გაკვეთილების შემდეგ ჩხუბობენ და ერთმანეთს ურტყამენ, ეს უკვე ჩემი პრობლემა არ არის. ერთ-ორ ჩხუბს შევესწარი და მართლა გაოგნებული ვუყურებდი. ივნისის ბოლომდე გვაქვს კონტრაქტზე ხელი მოწერილი, მაგრამ იმედი მაქვს, გავახანგრძლივებთ და კიდევ რამდენიმე წლით დავრჩები აქ.
– სოფელში მცხოვრები შენი მეგობრები რას ფიქრობენ ამაზე?
– ჩემი მეგობრები სოფლებიდან თბილისში ჩამოიყვანეს ალერგიებისა და ასთმის გამო. ძალიან ცუდად იყვნენ და იძულებული გახდნენ წამოსულიყვნენ. მაგრამ, ერთი ადამიანი არ მინახავს, რომელიც იტყოდა, ოჯახი არ მომეწონაო. შოკირებული ვარ, როგორი სტუმართმოყვარეები ხართ. ასეთ ადამიანებს ამერიკაში ვერ იპოვით. კარგად თუ მოძებნი, შეიძლება, ერთ-ორს წააწყდე. ღიად გიღებენ თავიანთ ქვეყანაში, სახლებში კარს და უხარიათ შენი აქ ყოფნა.
– იცი, ჩვენი ძველი ტრადიციის შესახებ? თუ რომელიმე უცხო სოფელში შემოგაღამდა, შეგიძლია უბრალოდ დაიძახო – მასპინძელო, და ღამის გათენება სთხოვო. სტუმარს გარეთ არავინ დატოვებს, სტუმარი ღვთისაა.
– ო, ნამდვილად არ ვიცოდი ამ ტრადიციის შესახებ. რა მაგარია! საქართველოს სოფლებში მოგზაურობას ვაპირებთ და მგონი, ეს გამომადგება. ბაღდადში მივდივართ ამ შაბათ-კვირას, ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და მისი ოჯახი სუფრას აკეთებს. გრძელი „უიქენდი” იქნება. ღმერთო, როგორ მიყვარს თქვენი კერძები. ვგიჟდები. როდესაც მეგობრებთან ერთად რესტორანში მივდივარ, ყველა „ქლაბ სენდვიჩს” ან რაღაც მსგავსს უკვეთავს, მე კი ვიძახი – ლობიანი მომიტანეთ, გთხოვთ. ლობიანზე გადავირიე. ვეგეტარიანელი ვარ, მაგრამ აქ ხორცი გავსინჯე, უბრალოდ, შეუძლებელი იყო არ გამესინჯა. ვჭამე მწვადი, ხინკალი, თითქმის ყველაფერი ხორცით (იცინის). უგემრიელესი იყო, გაგიჟებული ვიყავი. ყველამ მითხრა, რომ ხორცი ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მეც გავსინჯე.
– ალბათ, „ბოიფრენდი“ გყავდა, რომელსაც აქ წამოსვლის გამო დაშორდი.
– საიდან იცით? აა, უბრალოდ მკითხეთ?! (იცინის) ახლა უკვე იცით! დანიშნული ვიყავი, როდესაც აქ ჩამოვედი. ალბათ, მივხვდი, რომ ის არ მიყვარდა ისე ძლიერად და ამიტომაც დავშორდი.
– როგორ, მესიჯი მისწერე?
– არა, სკაიპის დახმარებით გავარკვიეთ ეს ამბავი (იცინის). მართლა არაჩვეულებრივი ბიჭია, ორი წელი ერთად ვიყავით. მაგრამ, ნამდვილად არ ვიცი, ვარ თუ არა მზად იმისთვის, მთელი ცხოვრება ერთ ადამიანთან გავატარო. არასდროს თქვა არასდროს, მაგრამ ჩემი ცხოვრების ამ პერიოდში ვფიქრობ, კიდევ ძალიან დიდხანს არ დავბრუნდები ამერიკაში. მინდა ვიმოგზაურო, სხვადასხვა ქვეყანაში ვიცხოვრო, ვასწავლო. თუ ოდესმე, თუნდაც ათი წლის შემდეგ, ამერიკაში ჩავალ და ის ისეთივე არაჩვეულებრივი ბიჭი იქნება, როგორც მთელი ეს ორი წელი, მერე შეიძლება, დავქორწინდეთ კიდეც.
– ის დაგელოდება, დარწმუნებული ვარ.
– არა. პირიქით. მინდა, რომ იპოვოს ადამიანი, ვის გვერდითაც ბედნიერი იქნება. ჩემს თავსაც იგივეს ვუსურვებ, ვიპოვო მამაკაცი, რომელიც გამაბედნიერებს.
– ქართველ ბიჭებზე რას იტყვი.
– ოო... (იცინის) ყველა ქართველი, არა მხოლოდ კაცები, ქალებიც წარმოუდგენლად ლამაზები ხართ. გულწრფელად ვამბობ. ამდენ ლამაზ ადამიანს ამერიკაში ვერ ნახავთ. თუმცა, რამდენიმე ფაქტს წავაწყდი, როდესაც ქართველი ბიჭები, რბილად რომ ვთქვათ, უზრდელად მოიქცნენ. შეიძლება, მათი საქციელის მიზეზი ის იყო, რომ საშინლად მთვრალები იყვნენ. არ არის სასიამოვნო, როდესაც აბსოლუტურად გონდაკარგული, მთვრალი ბიჭი შენს ფეხებთან იჩოქებს და გთხოვს, ცოლად გაჰყვე...
– გაცნობის დღეს?
– კი. ხელის თხოვნის რამდენიმე პრეცედენტი უკვე იყო.
– შენ იცი, რომ ამას უზრდელობას არ ვუწოდებთ საქართველოში? ეს ქართული „სიგიჟეა“, ყოველთვის ასე გამოხატავდნენ ქალის მიმართ სიმპათიას.
– ვიტყოდი ცოტა საშიშად. მაგრამ, ზოგადად ძალიან ბევრ არაჩვეულებრივ ბიჭს შევხვდი აქ ყოფნის დროს. მაგრამ, მზად ვარ თუ არა ახლა იმისთვის, „ბოიფრენდი“, საქმრო ან ქმარი მყავდეს, არ ვიცი. მგონია, რომ არა. ძალიან ადრეა. ცოტა მეტი უნდა ვიმოგზაურო და მერე მოვიფიქრებ.
ახლა „ჰელოუინისთვის“ ვემზადებით, კოსტიუმებს ჩავიცვამთ და ტკბილეულს შევჭამთ. რატომ არ უნდა მოგწონდეს ეს?! პატარა წვეულებას მოვიწყობთ.